8-9 მაისის ნაძალადევი ძილისპირული
(ჩუმად მონოლოგის გარეშე ვაპირებდი გაპარვას საწოლისკენ, მაგრამ მავანთა შეფასებებმა მაიძულეს, ევროვოზიისკენ გამეჭყიტა ცალი თვალით და მომესმინა ორივე ყურით)
"ვბალე(ი)შიკობ.... უბალე(ი)შიკე...." - ახლაც გაიგონებთ ამ სიტყვას ჩვენს სტადიონებზე.... რუსულის არმცოდნეებს ვეტყვი (ასეთები კი უკვე მრავლად არიან), რომ ეს არის წმინდა რუსული სიტყვა და მისი ძირი გახლავთ "боль" (ტკივილი), ხოლო "болельщик" არის ის, ვინც ტკივილს განიცდის (ეცემა... ხოხავს... და ა.შ.) რაიმეს მიმართ და ჩვენ, როცა გადმოვაქართულეთ, დავაკონკრეტეთ, რომ მავანს მავანისთვის ან რამისთვის შესტკივა გული და მივიღეთ "გულშემატკივარი"... მანამდე უფრო ხშირად იხმარებოდა სიტყვა "ქომაგი", რაც არის სპარსული და ნიშნავს "დახმარებას, შეწევნას, ხელის შეშველებას..." და ა.შ. ცხადია, ეს ერთეულებმა იცოდნენ საქართველოში, მაგრამ გუმანით ხვდებოდნენ, ალბათ, რომ რაღაც აღმოსავლური წარმოშობისაა და ამიტომ ამჯობინეს "გულშემატკივარი", რაც ენაში დამკვიდრდა და ძალიანაც კარგი, რომ დამკვიდრდა, მაგრამ მისგან ნაწარმოები პირიანი ზმნები, როგორიცაა - უგულშემატკივრე, ვგულშემატკივრობ - ჯერ ერთი, რომ წარმოსათქმელად უხერხულია და მეორეც ძალიან უაზროდ გამოიყურება... ეს იგივეა, რომ გვეთარგმნა, ვთქვათ, кинолюбитель და მიგვეღო და მივიღეთ კიდეც - კინომოყვარული - და მერე ამ სიტყვისთვის ისეთივე "დათვური სამსახური" გაგვეწია, რაც "გულშემატკივარს" დავმართეთ, ანუ: უკინომოყვარულე, ვკინომოყვარულობ და ა.შ. ან კიდევ, კი არ გვეთარგმნა, ჩვენი მშობლიური კომპოზიტი აგვეღო, ვთქვათ - თავგადაკლული - ახლა ნახეთ, რას მივიღებთ: უთავგადაკლულე... ვთავგადაკლულობ და ა.შ. ეს ორი უკანასკნელი არაფრით არის ნაკლები უკვე ხსენებულ მოწოდებაზე - უგულშემატკივრეთ ქართველებს ევროვიზიაზე... მართალი გითხრათ, ეს გამოსვლა რომ ვნახე, გული ნამდვილად მეტკინა, გულშემატკივრობისა კი რა მოგახსენოთ....
ასე რომ, სანამ ამ ხელოვნურ ფრაზებს, ხელოვნურ სახეებს და ხელოვნურ (ყალბ! არაგულწრფელ!) მუსიკას თავს არ დავანებებთ, არაფერი გვეშველება და თუ მაინცადამაინც არც რუსული "ბალე(ი)შიკობა" მოგვწონს (არც უნდა მოგვწონდეს) და არც სპარსული "ქომაგობაა" ჩვენთვის მისაღები, თქვით, თქვე კაიხალხო - მხარი დაუჭირეთ!... რას იტეხთ ენას ამ "უგულშემატკივრეთ-უთავგადაკლულეთ"-ი?!
ძილი ნებისა! მაგრამ ამ მუსიკის შემდეგ როგორი "ნება" იქნება ძილში, საკითხავი, აი, ეს არის?!
Комментариев нет:
Отправить комментарий