ის საწყალი სოლომონი სიტყვა "ჯღანმა" რომ დატანჯა და ვერაფრით რომ ვერ ამოაგდო თავისი გვარიდან, ხომ გახსოვთ? - ასევე იქცევა ბევრი (ზოგი) ჩვენგანი, როცა გულდაგულ მალავს ან ცდილობს რამენაირად შეალამაზოს და შეაშეღავათოს თავისი ცხოვრების "არაპრესტიჟული" ატრიბუტები, ვთქვათ: საცხოვრებელი ადგილი, წარმოშობა, გვარი, სანათესაო და ა.შ.
ერთი ამბავი მახსენდება, ჩემზე ბევრად უფროსი კაცი სადღაც 70-იან წლებში (არაპრესტიჟულ უბანში დაბადებულ-გაზრდილი) ვითომ ხუმრობდა ხოლმე: სამსახურიდან ვაკის გავლით მოვდივარო სახლში, რომ თანამშრომლებმა დაინახონ, ვაკეში მიმავალ ტრანსპორტში ავდივარო... ის მართლა ასე იქცეოდა თავისი თანამშრომლებისთვის, ჩვენთან კი, არაპრესტიჟულებთან, ასე ვთქვათ, შაყირობდა და საკუთარ თავს ძალიან ენა-და-გონ-მოსწრებულად წარმოაჩენდა და ცალკე "იქ" იწერდა ქულებს და ცალკე "აქ"...
ახლახან შევნიშნე კიდევ - ერთმა პიროვნებამ ფოტოს ასეთი კომენტარი დაურთო: "აგარაკზე ვარო"... და უთითებდა იმ "არაპრესტიჟულ" რეგიონს, სადაც დაიბადა, გაიზარდა, მამა-პაპა იქ მიაბარა მიწას და შვილებსაც "ჰაერის გამოსაცვლელად" იქ აგზავნის ხოლმე ზაფხულობით... მაგრამ ეთაკილება, რომ თქვას - ეს ჩემი მშობლიური სოფელია - "აგარაკი" უფრო შეღავათიანია... ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სხვაგანაც აქვს აგარაკი და ამა თუ იმ "არაპრესტიჟულობასთან" მხოლოდ სააგარაკო "პრიორიტეტები" აკავშირებს...
ახლა ყავა უნდა დავლიო და, თუ გნებავთ, შემომიერთდით... ჰო, ყავაზე გამახსენდა კიდევ - ჩვენს ეზოში ერთ-ერთმა ჩვენიანმა პირველად რომ მოადუღა და დიდიან-პატარიანად ყველა ერთმანეთს რომ ვუყურებდით და არ ვიცოდით, როგორ უნდა დაგველია - თეფზე დაგვესხა, როგორც ჩაი, თუ პირდაპირ მიგვედო ჭიქაზე ტუჩები მათი დაწვის საფრთხით... ეს იმ შორეულ 60-იან წლებში მოხდა და თუ კიდევ გამახსენდა, ამ ამბავსაც დავწერ ისე... "სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად".
Комментариев нет:
Отправить комментарий