ცოტა ნაადრევი ძილისპირული
(მიტომ ვწერ, რომ არ დამავიწყდეს)
...სანამ ბათუმელი პოლიტიკოსები ბობოქრობენ და ჟურნალისტების წინააღმდეგ მუშაობის დაწყებას გეგმავენ, მე ორი "პატარა" აღმოჩენის შესახებ დავწერ ორიოდე სიტყვას:
1. ვერლიბრის სათავეებში მავანნი უოლტ უიტმენს რომ ხედავენ, ეს არ უნდა იყოს სწორი, რადგან ჯალალ ედ-დინ რუმის ინგლისურენოვანი თარგმანები სხვა არაფერია, თუ არა ვერლიბრი, რადგან მთარგმნელები ვერ ახერხებდნენ მისი პოეტიკის თარგმნას; რიტმი, რითმა, ალიტერაციები... ეს ინგლისურში პირწმინდად იგნორირებულია, მათ გარეშე კი ლექსის შინაარსი სრულიად პროზაული ჩანს, ოღნდ აზრი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე ხტის ერთი საკითხიდან მეორეზე, არანაირი შინაარსობლივი (მით უმეტეს - სიუჟეტური) კავშირი არ არის... ერთი სიტყვით, გეცნოთ, ალბათ, "პოეზიის" სახესხვაობა.
2. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ნაირგვარი სიმბოლიზმ-იმპრესიონიზმ-დადაიზმ-ფუტურიზმები ბობოქრობდნენ (...ბათუმელი პოლიტიკოსებივით!), იმახანად ძალიან პოპულარული იყო ბელგიელი დრამატურგის მორის მეტერლინკის პიესა "ლურჯი ფრინველი"... მერე ფილმიც გადაიღეს ჰოლივუდში - ელიზაბეტ ტეილორი თამაშობდა.... ჰოდა... ინებეთ ეს "ლურჯი ფრინველი":
وان مرغ آبی را بگو مستان سلامت میکنند
ეს არის 534-ე ყაზალში "მორღ-ე აბი"... ეს სხვა არაფერია თუ არა "ცისფერი, ლურჯი ფრინველი" და ეს სიტყვები შეგნებულად წერია ცალ-ცალკე ( مرغ آبی ), თორემ ერთად რომ დაეწერათ ( مرغآبی ) "იხვი" გამოვიდოდა...
რაც შეეხება სიმბოლიზმ-იმპრესიონიზმ-დადაიზმ-ფუტურიზმების ბობოქრობას... მთელ მათს მიმდინარეობებს ყველა ქვეყანაში თავისი მრავალათასიანი "არტისტებით" და მათივე "ვაზელინებით" ერთი ჯალალ ედ-დინ რუმი აჯობებდა სიმბოლისტ-იმპრესიონისტ-დადაისტ-ფუტურისტობაში... 1979 წელს გაცემულ ჩემს ლურჯ დიპლომს გეფიცებით, რომ არ გატყუებთ!
P.S. ისე კი, იხვი რომ აფრინდება ხოლმე ცაში, ხანდახან ლურჯად ჩანს, ხოლო ბატი - თეთრად.
Комментариев нет:
Отправить комментарий