воскресенье, 15 июня 2014 г.

Боря! Саблю!!!

შარშანწინ ირანში რომ ვიყავი, იქ რუსი აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი ბორის ნორიკი გავიცანი (პეტერბურგელი რუსი - სპარსული გვარით... ფოტოზე თავზე მადგას, "რუსეთი" აწერია); მასთან ერთად ვცხოვრობდი სასტუმროში და 3-4 დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დავმეგობრებულიყავით... მერე მეორე (თეირანული!) ინფარქტი რომ მეწვია და სასწრაფოდ საავადმყოფოში რომ გამაქანეს, ბორია გვერდიდან არ მომცილებია, მეოთხე სართულიდან ქვემოთ საკაცით ჩამომიყვანა, საავადმყოფოში თავზე მადგა და ექიმებთან ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხს არკვევდა, სანამ ჩვენები მოვიდოდნენ საქართველოს საელჩოდან (ნიკო ნახუცრიშვილი და თეა შურღაია) და მიპატრონებდნენ...
...წუხელის რუმის იგავების თარგმნასთან დაკავშირებით მასალებს ვეძებდი... საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამ იგავებში ბევრი აზრობრივ-ენობრივი სირთულეა არასპარსელითვისაც და სპარსელისთვისაც კი.... ვთქვათ, დავით გურამიშვილის ფრაზა განა ყველა ქართველს ესმის სწორად? - "ჰგავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია"... თუ ჭკვიანია, ბრიყვი როგორღაა?! სანამ არ განმარტავ, რომ ბრიყვში გაუნათლებელი იგულისხმება, ვერც ქართველი და ვერც სხვა ვერ ჩაწვდება ამ აფორიზმის არსს... ისე კი, ახლა წარმოვიდგინე და დავით გურამიშვილს სუფიზმის ეპოქაში და გარემოში რომ ეცხოვრა, მიმიქარავს ბევრი ოსტატი ამგვარი პოეზიისა, რასაც ჯალალ ედ-დინ რუმი მამათავრობდა, ჩვენი დავითი პირველობას არავის დაუთმობდა... ავცდით საუბრის თემას და დავუბრუნდეთ: ჰოდა, ვეძებ მასალებს და განსაკუთრებით ისეთებს, სადაც იქნება რუსული პწკარედი... პწკარედი მთარგმნელისთვის ისეთივე "წამალია", როგორც ნარგიზა - "ნატვრის ხეში" გაშტერებული ბიჭისთვის; ეს სიტყვა Подстрочник რომ არ ჩამეწერა, ვერც ვიპოვიდი ამას - რუმის პოემის პირველი წიგნი რუსული პწკარედული თარგმანით, კომენტარით და ყოველი ფრაზის ლინგვისტური ანალიზით... ავტორებს შორის კი ჩემი ძმაკაცი ბორია ვიპოვე და თითქოს ცა გაიხსნა... აქაც მომევლინა მხსნელად და მშველელად!
ჰოდა, Боря! Саблю!!! - ახლა დავცხოთ სუფისტების ნაჩალნიკებს, როგორც დავცხეთ ინფარქტს თეირანში!






Комментариев нет:

Отправить комментарий