вторник, 9 июля 2013 г.

ძალად ჟურნალისტის მოვალეობა

ამასწინათ ჩემს შვილს გადავუგზავნე ჩემი ბოლო ნამუშევარი (რუდაქის ლექსების თარგმანები თავის ლექსიკონით) და ასე მითხრა - შენ ისევ "გაზეტჩიკი" ხარ და ყველაფერს საგაზეთო თვალით უყურებო... წიგნს სხვნაირი დაკაბადონება უნდაო...
ვაჰ, ასეთი ვარ და რა ვქნა?!
ჰოდა, რაკი ვერ ვიშლი "ძალად ჟურნალისტობას", შევუდგები ჩემს უშუალო მოვალეობას და გიამბობთ იმას, რაც ვნახე და გავიგე და მიმაჩნია, რომ ეს თქვენთვის საინტერესო იქნება:
კალიფორნიის უდაბნოში თურმე ბინადრობს რაღაც ხოჭო, რომელიც რაწამს დადებს კვერცხებს თავის ბუდეში, მაშინვე ტოვებს ღვთის ანაბარა საკუთარ შთამომავლობას და გარბის ახალი "მსუბუქი ყოფაქცევის" გასაიმასქნებლად... ეს საცოდავი ჭუპრები კი გამოიჩეკებიან, დაიწყებენ ძახილს - დეეეეეეედა.... გვშია..... დედიკოოოოო... დედი-ჯაააააააააან... მაგრამ ვერ მოგართვი! - დედიკო ამ დროს პლაჟზე ახალ შეყვარებულთან ერთად გორაობს.... ჰოდა, აქ იწყება საოცრება, ჭუპრები ამოძრავდებიან და ერთად, ასიოდე ერთეული, იწყებენ სვლას ზემოთ, შეარჩევენ რომელიმე ბალახის ღეროს და მის წვეროზე ერთ გუნდად შეიკვრებიან ისე, რომ შორიდან გადაფურჩქნილი ყვავილი გეგონება... ამასობაში სადღაც მამრი კრაზანა დათარეშობს და დაეძებს მდედრს და უცებ დაინახავს - ვაი, რა ლამაზი ყვავილია! - დაასკუპდება ზედ საკონდიტრო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ამასობაში ის "აფერისტი" ჭუპრები, რამდენნიც მოახერხებენ, მიეკვრებიან კრაზანას ტანზე... ეს უკანასკნელი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული სხვა მხარეს გაფრინდება და იქ ბოლოსდაბოლოს მიაგნებს თავის "ერთჯერად სატრფოს" და სანამ ისინი (დედალ-მამალი კრაზანები) საქმით იქნებიან დაკავებულნი, ხოჭოს ობოლი ჭუპრები მამრიდან მდედრის ტანზე გადაინაცვლებენ და ერთმანეთს მიულოცავენ ვოიაჟის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებას.... მეორე ეტაპს კი ისინი მდედრის სხეულით განახორციელებენ და ასე მოხვდებიან კრაზანების ბუდეში, სადაც თავზე საყრელი სასმელ-საჭმელი დახვდებათ, რაც კრაზანამ თავისი შთამომავლობისთვის გაამზადა...

ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე ტელეარხზე Viasat-Nature (კალიფორნიაში ნამდვილად არ ვყოფილვარ). 

Комментариев нет:

Отправить комментарий