ახლა ჩემი შვილიშვილი მიჰყავთ გასასეირნებლად და მეც გამახსენდა, 5-6 წლის რომ ვიყავი და ე.წ. „პარადზე“ რომ მივყავდით ხოლმე ეზოს ბავშვები ვინმე უფროსს, ვისაც არ ეზარებოდა (...მგონი, მორიგეობაც ჰქონდათ დაწესებული საშვიდნოემბროდ და სამაისოდ).
ჰოდა, დავეშვებოდით ავლაბრიდან ე.წ. „ციციანოვზე“, მერე გადავჭრიდით მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდს და კოლმეურნეობის მოედნის იქით აღარ გვიშვებდნენ, თითქოს ტერორისტები ვიყავით ეს საწყალი ავლაბრელი ბავშვები და ამხანაგ ვასილ მჟავანაძეს და მის „ცკ-ტკ- სასტავს“ რამე ბომბს ვესროდით... ერთი სიტყვით იქვე, ხიდის მიდამოებში ე.წ. „ციგანკებისგან“ ბუშტებს, დროშებს და რეზინზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ბურთებს გვიყიდიდნენ და გამოვბრუნდებოდით ისევ ავლაბრისკენ... გზადაგზა ვინმეს შეიძლება დაეყვირა: „გაუმარჯოს ერთი მაისი, ავოეეეე“ (ეს საფირმო ავლაბრული შეძახილი იყო).
ასე მონოლოგებს, როგორც წესი, ასე ამთავრებენ ხოლმე - ეჰ, მაინც კარგი იყო ის დრო!...
...და რით იყო კარგი?!
ის ანეკდოტი გამახსენდა: ორი ასაკოვანი კაცი რომ იხსენებს წარსულს:
- გახსოვს, ლიფტში რომ გავიჭედეთ?
- მახსოვს, რავა არ მახსოვს!
- ეჰ, ის დრო ჯობდა!
რითი ჯობდა?! - ამ კითხვას, შეგიძლიათ, თქვენ უპასუხოთ კომენტარებში.
P.S. ზემოთმოტანილი ანეკდოტური დიალოგი ნამდვიად არ გამართულა ავლაბარში, რადგან ჩვენ მაშინ ლიფტიანი სახლები არ გვქონდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий