вторник, 22 сентября 2015 г.

დილის მონოლოგი

...ერთ-ერთი პირველი იგავ-არაკი, რაც სპარსული ენის შესწავლისას წავიკითხეთ პირველ კურსზე, ასეთი იყო: ერთ უსინათლო კაცს მხარზე დოქი ჰქონდა შემოდგმული, ხელში სანთელი ეჭირა და ღამით ბაზარში მიიკვლევდა გზას. გამვლელმა ჰკითხა: "შენ ხომ უსინათლო ხარ, მაინც ვერაფერს ხედავ და ეგ სანთელი რად გინდაო?!" მან უპასუხა (گفت) : "ეს სანთელი ჩემთვის კი არა, სხვებისთვისაა, რომ არ დამეჯახონო".
მეტი არაა ჩემი მტერი, ეს ჩემი იგავური ნათქვამი გაიგონ იმ მძღოლებმა, რომელთა მსხვერპლი კინაღამ ორჯერ გავხდი სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ მაინც... ის ხომ გაიგებს, ვინც იმისთვის ცხოვრობს, რომ "სხვებს გაუნათოს გზა".
ექიმების რჩევით და მოთხოვნით ბოლო დროს სულ ფეხით დავდივარ; შევისწავლე ახლომახლო უბნების და ქუჩების ყველა გადასასვლელი და პატიოსნად ვდგები ხოლმე ქუჩის ნაპირზე, სანამ ვინმე გაჩერდება და მომცემს გადასვლის საშუალებას, მაგრამ... უკვე ორჯერ მოხდა ასეთი შემთხვევა და სანამ მესამეჯერ ვინმეს იქით გავუსტუმრებივარ, საიდანაც აღარავინ მოდის (...ალბათ, იქ უკეთესი ცხოვრებაა და მირომ არ ბრუნდებიან), მინდა, რომ თქვენც გაგაფრთხილოთ: თუ ორმოცდაათიდან ერთმა პატიოსანმა მძღლმა მანქანა გააჩერა და დაგითმოთ უფლება გზის გადაკვეთისა, ფრთხილად იყავით! - ამ მძღოლის უკან რომ მძღოლი მოდის, ის ჩათვლის, რომ მის წინ მიმავალი მძღოლი "ვერ არის თავის გონზე" და ზედ გადასასვლელზე დიდი სიჩქარით აუვლის გვერდს, იქ კი შეიძლება თქვენ გადადიოდეთ...

ფრთხილად გადადით გზაზე! იქ ისეთები დაბორიალობენ მანქანით, ვინც ძალიან ჩქარობს, რომ როგორმე "ევროპაში და ნატოში" შესვლა სხვებს დაასწროს, თქვენ კი, შეიძლება, მარადიულ სინათლეში ან სიბნელეში გაგისტუმრონ (გააჩნია, როგორ ცხოვრობდით აქ - პატიოსნად იხდიდით, თუ - არა, სინათლის გადასახადს)...

...რა ვიცი, ამბობენ - ჯოჯოხეთში უფრო საინტერესო საზოგადოება იკრიბებაო და ამით ვინუგეშებ ხოლმე თავს, რადგან სხვა რომელიმე სივრცეში ნამდვილად ვერ მოვხვდები ჩემი "ჰაზრების" შემხედვარე.
დილა მშვიდობისა! 

Комментариев нет:

Отправить комментарий