суббота, 26 сентября 2015 г.

Кетевана Константинович

ქეთევანების დღესთან დაკავშირებით ანუ ამბავი იმისა, 
თუ როგორ გადაიქცა ქალბატონი ქეთევან მაღალაშვილი კაცად (?!)
და კიდევ ანუ
რატომ არ შეიძლება სიტყვების უაზროდ შემოკლება 
ენციკლოპედიებში
(გაზ. "ფანტაზია" #263, 2002 წელი)

ჩვენს უნივერსალურ ენციკლოპედიაზე მუშაობისას თანდათანობით გამოიკვეთა ის აზრი, რომ სიტყვათა შემოკლება არ არის გამართლებული ქმედება, რადგან, გარდა გაღიზიანებისა, მრავალი შეცდომის სათავეც ხდება.
სიტყვათა შემოკლებით განსაკუთრებით გამოირჩევა ძველი საცნობარო ლიტერატურა, რაც გარკვეულწილად გამართლებული იყო იმდროინდელი პოლიგრაფიული (არაკომპიუტერული) მეთოდებისა და საშუალებების გათვალისწინებით. დღეს კი ყველაფერი ძალზედ სწრაფად და ადვილად სრულდება კომპიუტერის მეშვეობით და "შემოკლებებს" აზრი დაეკარგა.
ასე მოიქცნენ რუსული კომპიუტერული ენციკლოპედიის შემდგენლებიც, რომლებაც საბაზოდ ენციკლოპედიური ლექსიკონი (წიგნი) აიღეს, სიტყვები გაშალეს და სწორედ აქ მოხდა კურიოზი, რაც ჩვენთვის ძალზედ გულდასაწყვეტია და რაც უკვე ვაცნობეთ ხსენებული კომპიუტერული ენციკლოპედიის რედაქციას.
1990 წელს გამოცემულ "Советский Энциклопедический Словарь"-ში წერია ასე:
МАГАЛАШВИЛИ Кетевана Конст. (1894-1973), сов. живописец, нар. худ. Груз. СССР (1961). Портреты («Я. Николадзе», 1922) отличаются тонкостью психологических характеристик
როგორც ხედავთ, აქ ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ქეთევანი Кетевана გახდა და გაურკვეველია, ეს პიროვნება ქალია თუ კაცი; სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დემოკრატიულ-კომპიუტერული ეპოქის ენციკლოპედისტები "იძულებულნი" გახდნენ ტრანსსექსუალური ოპერაცია ჩაეტარებინათ, თუმცა კი, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი бдительность გამოამჟღავნეს და "საბჭოთა მხატვრის" ნაცვლად "ქართველი მხატვარი" დაწერეს, ასევე შეიცვლა Груз. СССР საქართველოდ.
ასე და ამრიგად, დღეს Большая Энциклопедия Кирилли и Мефодия 2000 ასეთ ინფორმაციას იძლევა:
МАГАЛАШВИЛИ Кетевана Константинович (1894-1973), грузинский живописец, народный художник Грузии (1961). Портреты («Я. Николадзе», 1922) отличаются тонкостью психологических характеристик.
ჩვენ, რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს შეგნებული ანტიქართული ქმედებაა (...მიტინგზე ხომ არ ვართ?!).
ეს უბრალად საწყენი ფაქტია, რაც იმედია, შემდეგ გამოცემაში შესწორდება.
...მთავარი "დამნაშავენი" კი ძველი პოლიგრაფისტები არიან, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მხოლოდ "Кетевана"-ა საკმარისი იმისათვის, რომ მკითხველმა ქალი და კაცი ერთმანეთში გაარჩიოს, ახლებმა კი ქალბატონი ქეთევანი Константинович-ად მოიხსენიეს.

вторник, 22 сентября 2015 г.

დილის მონოლოგი

...ერთ-ერთი პირველი იგავ-არაკი, რაც სპარსული ენის შესწავლისას წავიკითხეთ პირველ კურსზე, ასეთი იყო: ერთ უსინათლო კაცს მხარზე დოქი ჰქონდა შემოდგმული, ხელში სანთელი ეჭირა და ღამით ბაზარში მიიკვლევდა გზას. გამვლელმა ჰკითხა: "შენ ხომ უსინათლო ხარ, მაინც ვერაფერს ხედავ და ეგ სანთელი რად გინდაო?!" მან უპასუხა (گفت) : "ეს სანთელი ჩემთვის კი არა, სხვებისთვისაა, რომ არ დამეჯახონო".
მეტი არაა ჩემი მტერი, ეს ჩემი იგავური ნათქვამი გაიგონ იმ მძღოლებმა, რომელთა მსხვერპლი კინაღამ ორჯერ გავხდი სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ მაინც... ის ხომ გაიგებს, ვინც იმისთვის ცხოვრობს, რომ "სხვებს გაუნათოს გზა".
ექიმების რჩევით და მოთხოვნით ბოლო დროს სულ ფეხით დავდივარ; შევისწავლე ახლომახლო უბნების და ქუჩების ყველა გადასასვლელი და პატიოსნად ვდგები ხოლმე ქუჩის ნაპირზე, სანამ ვინმე გაჩერდება და მომცემს გადასვლის საშუალებას, მაგრამ... უკვე ორჯერ მოხდა ასეთი შემთხვევა და სანამ მესამეჯერ ვინმეს იქით გავუსტუმრებივარ, საიდანაც აღარავინ მოდის (...ალბათ, იქ უკეთესი ცხოვრებაა და მირომ არ ბრუნდებიან), მინდა, რომ თქვენც გაგაფრთხილოთ: თუ ორმოცდაათიდან ერთმა პატიოსანმა მძღლმა მანქანა გააჩერა და დაგითმოთ უფლება გზის გადაკვეთისა, ფრთხილად იყავით! - ამ მძღოლის უკან რომ მძღოლი მოდის, ის ჩათვლის, რომ მის წინ მიმავალი მძღოლი "ვერ არის თავის გონზე" და ზედ გადასასვლელზე დიდი სიჩქარით აუვლის გვერდს, იქ კი შეიძლება თქვენ გადადიოდეთ...

ფრთხილად გადადით გზაზე! იქ ისეთები დაბორიალობენ მანქანით, ვინც ძალიან ჩქარობს, რომ როგორმე "ევროპაში და ნატოში" შესვლა სხვებს დაასწროს, თქვენ კი, შეიძლება, მარადიულ სინათლეში ან სიბნელეში გაგისტუმრონ (გააჩნია, როგორ ცხოვრობდით აქ - პატიოსნად იხდიდით, თუ - არა, სინათლის გადასახადს)...

...რა ვიცი, ამბობენ - ჯოჯოხეთში უფრო საინტერესო საზოგადოება იკრიბებაო და ამით ვინუგეშებ ხოლმე თავს, რადგან სხვა რომელიმე სივრცეში ნამდვილად ვერ მოვხვდები ჩემი "ჰაზრების" შემხედვარე.
დილა მშვიდობისა! 

пятница, 18 сентября 2015 г.

გაუშვი-დაიჭირე... იყიდე – გაყიდე... რა, – ქარვასლაა?

რა ხდება ამ ქვეყანაში?
მეც ყველაფერს ვადევნებ თვალ-ყურს და გაოგნებული ვარ არსებული ვითარებით, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმეს (პოლიტიკური) მხარდამჭერი ვარ, მაგრამ რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია, ამიტომ ისევ ჩემს საფიქრალზე გადავერთვები ხოლმე... აი, "ქარვასლა" ვახსენე და გამახსენდა ამ სიტყვის წარმომავლობა...

ახლა დიდი ხნის სურვილს (ოცნებასაც კი!) ვისრულებ და ჩემი ძველი პუბლიკაციების აღდგენა-დახარისხებას ვეწევი ერთის მხრივ "საჯარო ბიბლიოთეკის" (მე მაინც ასე მოვიხსენიებ ხოლმე) თხოვნით და მეორეს მხრივ იმისთვის, რომ მომავალში, თუ ისურვეს ჩემმა შვილიშვილებმა, იმ თითქმის 20-წლიანი საგაზეთო ნაშრომების გაცნობა, რაც მე დამიგროვდა და რაც 2011 წელს შეწყდა, მათ ამ სურვილის შესრულება გავუადვილო....

2000 წლის გამოცემებში ვარ ახლა ჩაფლული და წავაწყდი იმ რუბრიკის დასაწყისს, რაც ქართულ ენაში შემოსული უცხოური ლექსიკის მიმოხილვას ეხებოდა... მაშინ ჩემს "სადიპლომო პროფესიას", ირანისტიკას სრულიად დაშორებილი ვიყავი, კომპიუტერულ-პოლიგრაფიულ სფეროში ვიყავი უგზოუკვლოდ ჩაფლული და საკუთარ თავს ყოფილ ირანისტად ვთვლიდი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ჭია მაინც არ მასვენებდა...

* * *
ჩარფუზანა - მართალია, ეს სიტყვა არცთუ ისე ხშირად იხმარება ჩვენს ენაში და განმარტებით ლექსიკონშიც კი არ არის დაფიქსირებული, მაგრამ ის შეგვხვდა სერგეი მიხალკოვის ერთი იგავის ქართულ თარგმანში, სადაც ერთი გახარებული კურდღელი თავისი დადებითი ემოციის რელიზაციას `ჩარფუზანას დაცხობით~ აპირებს. ვიმეორებთ, ეს სიტყვაა არაა დიდად გავრცელებული ჩვენს ენაში, მაგრამ მეტად ნიშანდობლივია, რადგან მისი სამივე ნაწილი (ჩარ+ფუ+ზან) სხვადსხვა სახით სხვა `ქართულ~ სიტყვებშიცაა დაფიქსირებული.
`ჩარ~ - ნარდის ნებისმიერმა მოთამაშემ იცის, რომ `ოთხია~.
`ფა~ - სპარსულად ფეხს ნიშნავს (აქ გვაქვს სახეცვლილი `ფუ~) და ეს სიტყვა სხვაგანაცაა დაფიქსირებული (`ფიანდაზი~ - ორიგინალში არის `ფაიანდაზ~ - ფეხქვეშ გასაგები).
`ზან~ - ზმნური წარმონაქმნია და დარტყმას ნიშნავს (იგივე `ზარბა-ზან~ - ძალით დამრტყმელი).
ასე რომ `ჩარფუზანა~ სხვა არაფერია თუ არა ოთხი ფეხის დაცხობა.

აქანდაზი - აქ ქართულის მცოდნისათვის ყველაფერი გასაგებია, ამ საგნის ფორმაცა და დანიშნულებაც ნათელია, მაგრამ მის სპარსულობაში დიდხანს გვეპარებოდა ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ ეს `ანდაზ~ (ისევ ის `ფიანდაზი~ გაიხსენეთ) აშკარად სპარსულია და გადამყრელ-გადამშლელს ნიშნავს. `აქ~ არ არის ის ადგილის მიმანიშნებელი სიტყვა რაც ყველამ ვიცით... მაშ, რა არის და რის გადაყრაზეა ლაპარაკი? რა თქმა უნდა ნაგვის, მაგრამ რა შუაშია `აქ~?
...და თურმე საქმე იმაში გახლავთ, რომ ესაა სპარსული სიტყვის `ხაქ~-ის ნარჩენი, რაც მიწასაც ნიშნავს და მტვერსაც და, როგორც ჩანს, `ხაქ+ანდაზი~ სპარსელთათვის უპირატესად მიწის სამუშაოებში იყო გამოსაყენებლი, თუმცა, ალბათ, ის ისევე გამოიყენებოდა ნაგვის გადასაყრელად, როგორც ჩვენი ნიჩაბი (`ლაფათკა~) საჭირო შემთხვევაში.

ბანოვანი - აქ უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა ერთი ერთი მრავლობითი ფორმის სიტყვა მეორე ენაში მხოლობითად გადადის. `ბანუ~ სპარსულად `ქალს, ქალბატონს~ ნიშნავს `ან~ მრავლობითის მაწარმოებელია. შუაში `ვ~ კეთილხმოვანებისათვისაა ჩართული (ეს მოვლენა ახასიათებს თუნდაც ფრანგულ ენას). ასე რომ სპარსული `ქალბატონები~ (ბანუ-ვ-ან) ერთი ქართველი ქალი გახდა....
...გაუგებარი მხოლოდ ისაა, თუ რაში დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს ამ სიტყვების შემოტანა?!

вторник, 15 сентября 2015 г.

ღობის აქეთ-იქით

...ახლა ვნახე ერთი თეატრის სპექტაკლი; მისი რეჟისორი ძალიან დიდი ხანია, რაც ვაღიარე დიდ რეჟისორად და ერთ-ერთ საუკეთესოდ ქართულ თეატრში, მის ადრინდელ ნამუშევრებს ვაღმერთებდი და შემეძლო ბევრჯერ მენახა... სპექტაკლში მონაწილე სამი ძირითადი მსახიობი (და ერთი განსაკუთრებით) უდიდესი ნიჭის და შემოქმედებითი ენერგიის არტისტად მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე... ხომ ააცილა ინგამ შვიდიდან შვიდი ტყვია და ხომ ვერ გაიტანა ერთხელ ჩელებაძემ გოლი ორი მეტრიდან სრულიად ცარიელ კარში (თანაც "არარატთან" ერევანში) ... ჰოდა, ალბათ, ასე ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც...
სპექტაკლს ვუყურე და მხოლოდ ნახევარ საათს გავუძელი: რეჟისორი იგივე, მსახიობები - ისევ ისინი, მაგრამ სპექტაკლი - საშინელება! შემიძლია, დავასახელო კონკრეტულად, რაც არ მომეწონა, მაგრამ ამით უნებლიედ გავამჟღავნებ სპექტაკლის და მის შემქმნელთა ვინაობას...
არის ასეთი გამოთქმა - "თავში აუვარდაო"... ჰოდა, რა დროს თავში ავარდნაა, ქართული თეატრების დარბაზები ერთი-მესამედითაც აღარ ივსება... შექმენით რაღაც ახალი, თანამედროვე კი არა, ახალი!
ცნობილი რუსი კომენტატორის, ნიკოლაი ოზეროვის ერთი შეძახილის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, მივიღებთ ამას - Такой театр нам не нужен! - ძველებს ეხსომებათ, რომ ოზეროვმა Хоккей იგულისხმა, მაგრამ მაინც...
* * *
ამ შუაღამისას რა დროს სპეტაკლების ყურებაა, მაგრამ წამძლია თეატრისადმი არსებულმა ძველმა ინტერესმა და ცნობისმოყვარეობამ ("სიყვარულს" ვეღარ ვამბობ) და თუ მაინცადამაინც მოისურვეთ რამე ძველი კარგი სპექტაკლის ნახვა კომპიუტერთან, შეგიძლიათ ეს საიტი იხილოთ (ლუარსაბის თქმისა არ იყოს, "ყველა-ყველა და..." საბჭოთა ეპოქამ თეატრი მაინც შექმნა მაღალი დონის).
...ოღონდ არ დამიწყოთ ახლა - სპექტაკლი თეატრში უნდა ნახო და არა მონიტორზეო... ერთი კახური ანდაზისა არ იყოს - ვირი ღობის იქითაც ვირია და ღობის აქეთაც.

მე კი აქვე დაგემშვიდობებით და გადავალ პარალელურ სამყაროში რამოდენიმე საათით.

http://www.adme.ru/svoboda-kultura/999-spektaklej-onlajn-750710/

пятница, 4 сентября 2015 г.

ორიოდე სიტყვა "სელფის" შესახებ

ვაჰ, როგორ დავიღალე ამ ქალის სელფ(ი)ებისგან!...

თუმცა სულ სხვა რამის თქმა მინდოდა, ქალი არაფერ შუაშია, ხსენებულ ფრაზაში შეიძლება კაციც ჩაგვეწერა
selfie-ში (ისევე, როგორც ტაქსი-ში) "ი" ფუძისეულია და ასე უნდა ითქვას და დაიწეროს: სელფიში კარგად გამოვედი, სელფის ხშირად იღებს და ა.შ. თუმცა საეჭვოა, რომ ვინმემ ეს წესი დაიცვას, ჩვენ ხომ ეს "ი" სახელობითი ბრუნვის ნიშანი გვგონია და ამიტომაც ვამბობთ ხოლმე - ტაქსში ჩავჯექი - და ა.შ.
* * *
საერთოდ კი ამ სიტყვას - selfie - 2002 წლამდე თვით აკადემიური ლექსიკონებიც არ იცნობდნენ და, როგორც პატივცემული ვიკიპედია წერს, პირველად დაფიქსირდა ავსტრალიელთა ინტერნეტ-ფორუმზე 2002 წლის 13 სექტემბერს... ცხადია, სიტყვა შეიქმნა self-იდან, ჩვენც შეგვეძლო შეგვექმნა ასეთი ხელოვნური სიტყვა, მაგალითად - "თვითუნა, სათვისო" და მისთანები, მაგრამ სანამ "ყელფანდურა-ჰაერმდღვების" მსგავს "შედევრს" შევქმნი, ჯობია გავჩუმდე და "სელფის", როგორც მოვლენის, მცირე ისტორია მოგახსენოთ.
იმავე (პატივცემულ!) ვიკიპედიაში წერია - Великая княжна Анастасия Николаевна в возрасте 13 лет была одним из первых подростков, которая могла сделать свою собственную фотографию с помощью зеркала, чтобы отправить другу в 1914 году. В письме, которое сопровождало фотографию, она писала: «Я сделала эту картину смотря в зеркало. Это было очень сложно, так как мои руки дрожали»... აქვე არის სტენლი კუბრიკის მიერ სარკის საშალებით გადაღებული ავტო-ფოტო (ასე დავარქვათ); ეს ფოტო ამოვჭერი და გვერდით 1972 წელს გადაღებული ჩემი ავტო-ფოტო მივამონტაჟე, რომელიც სარკის გარეშეა გადაღებული... თუ დააკვირდებით, კუბრიკის აპარატს არ აქვს ერთი მოწყობილობა, რაც მისგან მოგვიანებით საშუალებას აძლევდა საბჭოთა ფოტოაპარატების მფლობელებს უსარკოდ მიეღოთ საკუთარი ფოტო... დავაყენებდი ხოლმე აპარატზე საჭირო პარამეტრებს, გადავწევდი ერთ პატარა სახელურს, რომელიც 7-8 წამის შემდეგ ავტომატურად აჩხაკუნებდა და მე ამ წამების განმავლობაში, გავრბოდი და ვდგებოდი საჭირო ადგილზე ავტო-ფოტოს მისაღებად...
დღეს კი, როგორც წერენ, "სელფი" ფსიქიური აშლილობა-მოშლილობის ერთ-ერთი გამოვლინებაა...
აი, ამის თქმა მომინდა 4 სექტემბერს და მიტომ დავწერე ამხელა თხზულება!