დღეს ჩვენს დიდ კალათბურთელზე, ზურაბ საკანდელიძეზე არსებულ ინფორმაციას მივყევი ინტერნეტში და ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ:
ბატონი ზურაბი იყო კალათბურთელი, რომელსაც ჰქონდა მოპოვებული სამივე უმაღლესი ტიტული ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონისა.. მისი თამაში მინახავს სპორტის სასახლეში, 1968-74 წლებში... ისე კი, 1963 წლიდან დაიწყო „დინამოში“ თამაში, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი...
ახლა მთავარ სათქმელს გეტყვით:
რუსებს 2017 წელს გადაუღიათ მხატვრული ფილმი «Движе́ние вверх», რაც 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალს ეხება; ამ დრამატულ მატჩში სსრკ-მ დაამარცხა აშშ და პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. თავად ფილმი დიდი არაფერია, ტიპიური ახლანდელი „მუვი“ გახლავთ, რასაც საბჭოური კინოხელოვნების იდეოლოგიური გადმონაშთებიც ემატება, მაგრამ მაინც საინტერესოა სანახავად, თუნდაც იმიტომ, რომ ხსენებულ მატჩში თამაშობდნენ: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია და ქართული კალათბურთის აღზრდილი სერგეი კოვალენკო (მან თბილისის „ქარიშხალაში“ დაიწყო თამაში და მერე კიევის „სტროიტელში“ წაიყვანეს).
ამ ფილმს ტრიუმფით მოუვლია რუსეთის ეკრანები და ყველა დროის მაღალშემოსავლიანი ბლოკბასტერი ყოფილა დღეს... ის უყიდია ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკასაც კი თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ნაკრებში ერთადერთი იქაური კალათბურთელი - მოდესტას პაულაუსკასი - თამაშობდა... ჩვენთან კი, მგონი, ამ ფილმის შესახებ არავინ არაფერი იცის... ვიმეორებ - ფილმი ბევრი არაფერია, მაგრამ იქ ორი დიდი ქართველი კალათბურთელის ამბებიც არის მოთხრობილი და ამან მაინც უნდა დაგვაინტერესოს...
...1972 წლის კალათბურთელთა ტურნირის ფინალურ მატჩში სამი წამი იყო დარჩენილი, როცა საბჭოთა კავშირმა მოახერხა ბურთის ჩაგდება და ერთი ქულით მოუგო აშშ-ს... მანამდე კი... ეს სამწამიანი ფინალი სამჯერ გადაათამაშებინეს, რადგან კაცი, ვისაც წამზომის ჩართვა-გამორთვის ღილაკი ებარა, შეგნებულად ძალიან ჩქარობდა და ადრე თიშავდა ღილაკს, რათა აშშ-ს მოეგო... ბოლოს თავად ამერიკელი კაცი ჩაერია საქმეში, ადამიანი, ვისაც იმ ეპოქის კალათბურთის წესებისა და სამართიანობის დაცვა ევალებოდა და სამი წამი ზუსტად დაიცვა, რამაც საბჭოთა კავშირის ნაკრებს საშუალება მისცა, რომ გადამწყვეტი ბურთი ჩაეგდო კალათში... ეს ყველაფერი მე იმ 1972 წლის ზაფხულშივე მშვენივრად ვიცოდი, რადგან ვუყურე ტელერეპორტაჟს მიუნჰენიდან, თუმცა არ ვიცოდი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი - დროის ხსენებული ღილაკის კონტროლი თურმე ებარა, იცით, ვის?! - იოზეფ ბლატერს.. (ეს არ არის ჭორი, რადგან მე თავად ვუსმინე ახლა გომელსკის შვილს, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ხსენებულ მატჩს მიუნჰენში). ჰოდა, ეს (ბლატერი) ის კაცია, რომელიც იმ დღეს კალათბურთის სამყაროდან წავიდა და გადაბარგდა ფეხბურთში... სადაც გახდა ფიფა-ს პრეზიდენტი 1998-2015 წლებში, საიდანაც დაითხოვეს, რადგან კორუფციული მაქინაციების ქსელი გააბა და პირველ რიგში ამბობენ იმას - მისი უშუალო „ღვაწლია“, რომ 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა არა ინგლისში, არამედ რუსეთში... 2022 წელს კი ყატარში უნდა ჩატარდეს... ქვეყანაში, სადაც უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს იმდენი ქალაქი, რომ 32 გუნდის მატჩებს უმასპინძლოს..
ჰოდა, ამ იოზეფ ბლატერის „ღვაწლთა“ გამო საქართველო კარგავდა ორ ოლიმპიურ ჩემპიონს - ზურაბ საკანდელიძეს და მიხეილ ქორქიას... ქართულმა ფეხბურთმა კი რაც დაკარგა იმით, რომ ახლა ფეხბურთი სპორტი კი არა, ბიზნესია, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ...
სპორტული გადაცემა თქვენი თხოვნით, მეგობებო, დამთავრებულია.
რეპორტაჟს უძღვებოდა ქართული სპორტის სტაჟიანი გულშემატკივარი („ქომაგი“ არ თქვათ, რადგან არაქართული სიტყვაა და „დამხმარეს, ხელშემწყობს“ ნიშნავს).
Комментариев нет:
Отправить комментарий