ანუ რა აქვთ საერთო ქართულ «ხიზანს», რუსულ «хозяйн»-ს და
სპარსულ «შემოდგომას» (خزان)
- სიტყვები ადამიანებივით მოგზაურობენ და, ცნობილი ანდაზისა არ იყოს, სადაც ჩადიან, «იქაურ ქუდს იხურავენ»; ხშირ შემთხვევაში კი იმდენად იცვლიან ფორმას და შინაარსს, რომ სრულიად კარგავენ კავშირს თავის წარმომავლობასთან და იმ ენის წესებით და კანონებით აგრძელებენ ცხოვრებას, სადაც მკვიდრდებიან...
- აბა, რა შეიძლება იყოს საერთო ქართულ «ხიზანს» და რუსულ «хозяйн»-ს შორის?! შინაარსობლივად ამ სიტყვებში დიამტერალური სხვაობაც კი არსებობს, რადგან ერთი მათგანი არის მფლობელი (хозяйн, ძველ თბილისში ახლაც ამბობენ - «ხაზეინი»-ო), მეორე კი სხვის სამფლობელოს შეფარებული ადამიანი – «ხიზანი», თუმცა რომ დავაკვირდებით, ჟღერადობით ნამდვილად ჰგვანან ერთმანთს, რაგან სამ ერთგვარ თანხმოვანს ეფუძნებიან (ხ-ზ-ნ) და სწორედ ამ თანხმოვნებშია საქმე, რადგან არაბული ენიდან გამოემგზავრნენ ეს სიტყვები (და კიდევ სხვებიც, რომლებსაც ახლავე ვნახავთ).
- არაბულ ენაში ხსენებული სამი თანხმოვანი (ხ-ზ-ნ) ქმნის სიტყვას «ხაზან» (خَزَن), რასაც შემდეგ მნიშვნელობები აქვს: 1) დაგროვება, მარაგის შექმნა. 2) შენახვა, საწყობში განთავსება... ეს „ხ-ზ-ნ“ ქმნის ბევრ ვარიანტს თავად არაბულში და, მგონი, უკვე გასაგებია, რატომ მოდის იქიდან ქართული «ხაზინა» (სალარო, საჭურჭლე, სახელმწიფო ქონება) და «ხიზანი» (ის, ვინც სხვამ უნდა შეინახოს, შეიფაროს)... ამ სამ თანხმოვანთან უკვე «хозяйн»-ის კავშირიც გასაგებია, თუმცა უცნაური ის არის, რომ რუსებმა ოდნავ სახე უცვალეს პირველ ხმოვანს და მიიღეს казна და казначей (ხაზინადარი = ხაზინა+დარ= ხაზინის მქონე)... სავარაუდოდ, მათ «хозяйн» ერთი რომელიმე ენიდან წაიღეს (თუნდაც ქართულიდან), «казна» კი სხვა ენიდან (თურქულიდან, მონღოლურიდან და ა.შ.)
- და ბოლოს – სპარსული «შემოდგომა» რაღა შუაშია?
- შუაშიც არის და თავშიც – შემოდგომა ხომ სწორდ ის დროა წელიწადისა, როცა ყველაფერი გროვდება და ერთად იყრის თავს და რაც მერე (ჩინოვნიკურ-ჟურნალისტური ენით რომ თქვათ) შენახვის განხორციელებას ექვემდებარება... ჰოდა, ამიტომაც ჰქვია სპარსულად «ხაზან».
- P.S. სომხურ და თურქულ ენებს აღარ გადავწვდი, თორემ ამ «ხ-ზ-ნ»-ს იქაური ქუდებითაც მრავალს მოვძებნიდი...
Комментариев нет:
Отправить комментарий