(ორი ციტატიდან გამოტანილი დასკვნა)
ციტატა პროფესორ გურამ ჩიქოვანის სტატიიდან - „ავთანდილის ეტიმოლოგიისათვის“
ჩემი აზრით, ავთანდილი ნამდვილად შედგება ორი წევრისაგან (avtan - dil). პირველი (avtan) უნდა მომდინარეობდეს არაბული სიტყვიდან afdal (افضل) - „საუკეთესო“, „უკეთესი“, „უპირატესი“, „უშესანიშნავესი“, „სწორუპოვარი“, „უბადლო“, „უებრო“. მეორე წევრი, ვფიქრობ, არის სპარსულ/არაბული din (دین) - „რელიგია“, „სარწმუნოება“. შედგენილი სახელი მნიშვნელობაა „უშესანიშნავესი, უბადლო, უებრო რელიგიისა, რელიგიათა შორის“. იგი მიღებულია შემდეგნაირად:
afdalu-d-din / afdal ad-din > afdal-din > avtandil (ავთანდილ)
პროფესორი დავით კობიძე თავის წერილში სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი პოეტის ხაყანი შარვანელის შესახებ წერს: (ციტატა) „ხაყანი XII საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი მშობლიური კუთხის შარვანის გვერდით ყვაოდა საქართველო, თამარ მეფის კარს შესანიშნავი პოეტების პლეადა ამშვენებდა; მათ შორის ყველაზე მეტად „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის რუსთველის სახელი ბრწყინავდა. ყოვლად შეუძლებელია ხაყანის იმდროინდელი დიდი ქართული ლიტერატურული შემოქმედების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ჩვენს დრომდე შემონახულა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსთველის სახელი მის სიცოცხლეშივე გამხდარა სამშობლოს საზღვრებს. ზოგიერთი უცხოელი მოღვაწე თურმე საქართველოში ჩამოდიოდა პოეტის სანახავად და მის გასაცნობად. ასე, მაგალითად, ერაყიდან ჩამოსულა ერაყულ-ქურთული პოეზიის დიდი წარმომადგენელი, XII საუკუნის პოეტი აჰმედ მალა ჯაზირი, გაუცნია რუსთველი და ხაყანისთანაც ხანგრძლივი მეგობრობა ჰქონია.
თუ შევაჯერებთ ამ ორ ციტატას ერთმანეთთან, მივიღებთ იმას, რომ რუსთველი იცნობდა და მეგობრობდა პოეტ ხაყანისთან (1120-1199 წწ), რომელსაც სახელად ერქვა აფდალ ედ-დინ (afdal ad-din) და არ არის გამორიცხული, რომ მან ამ სახელიდან შეთხზა ქართული „ავთანდილი“, რადგან „ვეფხისტყაოსნის“ დაწერამდე სახელი ავთანდილი არ არსებობდა ქართულ სინამდვილეში.
* * *
ახლა ორიოდე სიტყვა თავად აფზალ ედ-დინ ხაყანის შესახებ: მან ნამდვილად იცოდა ქართული ენა და ამას მოწმობს ერთი რობაი, სადაც ფიგურირებს ქართული სიტყვა „მოი“ (მოდი), პოეტი ასე ამბობს: ერთი ლამაზმანის ტრფობამ საქართველოში დამასახლა და მას იმდენჯერ ვუთხარი „მოი, მოი“, რომ ენა თმასავით გამიწვრილდა, თმები კი ენასავით ამეტყველდნენო; აქ არის სიტყვათა თამაში: „მოი/მუი“ სპარსულად „თმას“ ნიშნავს.
ეს რობაი ასე ვთარგმნე ქართულად, რაღაც აზრი და განწყობა შენარჩუნებულია:
რადგან არ მიყვარს არავინ თმადალალ ლამაზმანსავით,
მე საქართველოს მკვიდრი და ქართველი გავხდი მასავით;
„მოი“ - იმდენჯერ აღმომხდა მავედრებელი ხმასავით,
თმამ ენა ამოიდგა და ენა გაწვრილდა თმასავით.