четверг, 23 января 2020 г.

მთაწმინდობა

  • მთაწმინდობა, ანუ წმიდა დავითობა ძველ თბილისში იდღესასწაულებოდა აღდგომის მეშვიდე კვირის ხუთშაბათ დღეს.
  • მთაწმინდა ძველ თბილისს დასავლეთიდან ემიჯნებოდა და იგი ქალაქის თითქმის ყოველი მხრიდან ჩანდა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა მას. 
  • სახელწოდება ამ ადგილმა იერუსალიმში არსებული წმიდა მთის სახელის გავლენით მიიღო. 
  • VII საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად გამოემგზავრა ცამეტი ასურელი მამა-ბერი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე თითოეულმა მათგანმა სამოღვაწეოდ ქვეყნის სხვადასხვა კუთხე აირჩია. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თბილისის გარეუბანში, მთაზე დასახლდა, ბერი დავითი იყო. 

  • 1540 წელს წმიდა დავითის სამყოფელის, სენაკისა თუ ეკლესიის ადგილზე ბერად შემდგარი დავით და ნიკოლოზ გაბაშვილები აგებენ ეკლესიას, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. დღევანდელი ეკლესია XIX საუკუნისაა.
  • როგორც თითქმის ყველა საეკლესიო დღესასწაულზე, მამადავითობაზეც მლოცველი ქალები ჭარბობდნენ მამაკაცებს. დილაადრიან იწყებოდა მთაწმიდისაკენ მლოცველთა სვლა. შორიდან მაყურებელს მთის ფერდობზე შეფენილი მლოცველნი რაღაც მოძრავი ჯაჭვი ეგონებოდა. 
  • დიდი ეკლესიის (XIX ს.) სამხრეთით მდგარი პატარა ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში აიგო. ქალაქის ერთ-ერთი ძველი მკვიდირების პლატონ ბერიძისა და ანეტა დართალაშვილის გადმოცემით, ეკლესიის საშენი მასალა — აგური, თურმე მთის ძირას ეწყო და ყოველ მლოცველს, ეკლესიაში ასვლისას, თან უნდა აეტანა რამდენიმე აგური. აი, ასე აშენებულა წმიდა დავითის პატარა ეკლესია. 
  • მთაწმინდაზე ასულ მლოცველებს, სანამ ეკლესიაში შევიდოდნენ, ჯერ ეკლესიისათვის უნდა შემოევლოთ სამჯერ და თან ძაფი შემოეხვიათ მისთვის. ეს იყო ეკლესიისადმი თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულება. 
  • აქ მოსულ მლოცველებს კიდევ ერთი ჩვევა ჰქონიათ. იმის გასაგებად, შეუსრულდებოდა თუ არა ჩანაფიქრი, ოცნება, სურვილი, შეისმინა თუ არა ღმერთმა მათი თხოვნა, ეკლესიის დასავლეთ კედელში გარედან ჩადგმულ რკინის კარს კენჭს ჩამოუსვამდნენ, უფრო ზუსტად, მიადებდნენ. თუ სურვილს შესრულება ელოდა, კენჭი უნდა გაჩერებულიყო, კარს მიკროდა. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მლოცველები კლდიდან ჩამოშლილი თუ დაძრული ქვის ხმაურს. ყოველივე ეს კარგის მაუწყებლად ითვლებოდა
  • მთაწმინდის ეკლესიაში არსებობდა ბავშვის შეწირვის წესი. მშობელი, რომელსაც ხშირად უკვდებოდა შვილები, რამდენიმე ხნით წმიდა დავითის ეკლესიას შესწირავდა შვილს. „შეწირული ბავშვი“ რამდენიმე ხნით, დათქმული დროის განმავლობაში, თმაგაუკრეჭავი დადიოდა. ტანზე თეთრი ტანსაცმელი უნდა სცმოდა გაუხდელად. ბოლოს, როცა დრო მოვიდოდა, ფეხშიშველა ბავშვს მთაწმიდის ეკლესიაში მიიყვანდნენ. იქ მღვდელი თმას შესჭრიდა, ფერად ტანსაცმელს ჩააცვამდა და ლოცვა-კურთხევით დაამთავრებდა ამ რიტუალს. შემდეგ იკვლებოდა საკლავი ცხვარი ან ხარი.
  • მამადავითობას, მთაწმინდობის დღეს, ლოცვა-წირვის შემდეგ იწყებოდა დიდი სეირნობა, ისმოდა დუდუკის და დაირის ხმა, სადღაც მღეროდა ბრმა საზანდარი. იქვე წრე შეეკრათ და ორი ფალავანი ჭიდაობდა. 
  • დღესასწაული დაღამებამდე გრძელდებოდა. 
  • ივნისის თვე არ იყო მდიდარი არც საეკლესიო და არც სახალხო დღესასწაულებით. ამ თვეში მხოლოდ კათოლიკები აღნიშნავდნენ წმინდა სულის მოფენის დღეს. იგი შემდეგნაირად აღინიშნებოდა: კათოლიკურ ეკლესიაში ლიტურგიის — წირვის შემდეგ მლოცველთა პროცესია მიემართებოდა სოლოლაკის უბანში მდებარე კათოლიკური სასაფლაოსაკენ (გუდოვიჩის ქუჩის გავლით, დღევანდელი ჭონქაძის ქუჩა). მრევლის მსვლელობას მოთავეობდა ეკლესიის მოძღვარი, რომელსაც მიჰქონდა გავალაკს — საჩრდილობელს (ბალდახინს) მოფარებული ქრისტეს წმინდა ნაწილები მგალობელთა და მუსიკის თანხლებით. ამ სადღესასწაულო პროცესიაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისში მოსახლე ყველა ეროვნების კათოლიკები: ქართველები, პოლონელები, სომხები, გერმანელები, რუსები... 
  • პროცესიას წინ მიუძღოდნენ ორრიგად ჩამწკრივებული, თეთრტანსაცმლიანი გოგონები და ყმაწვილები, რომლებსაც ხელში ყვავილებით სავსე კალათები ეჭირათ. ბავშვები გზადაგზა კალათიდან იღებდნენ ყვავილებს და ქუჩაში აბნევდნენ. 
  • სასაფლაოზე იდგმებოდა ოთხი ტრაპეზი - ტახტი ოთხი სახარების (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) წასაკითხად. თითოეული სახარება იკითხებოდა სხვადასხვა ენაზე — ქართულად, ლათინურად, პოლონურად, სომხურად. ოთხ ენაზე სახარების კითხვა სიმბოლური მნიშვნელობისა იყო და ასახავდა სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში მოსიარულე მქადაგებელ იესო ქრისტეს. წმიდა სულის მოფენის დღესვე მოხდა სასწაული — იესოს მოწაფეებმა — მოციქულებმა მოულოდნელად ერთმანეთისათვის გაუგებარ სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. 
  • გზადაგზა ყვავილების მობნევაც სიმბოლურად სულისა და მადლის მოფენას გამოხატავდა.
  • თეიმურაზ ბერიძე, „ძველი თბილისის სურათები“


Комментариев нет:

Отправить комментарий