воскресенье, 27 апреля 2014 г.

28 აპრილის ძილისპირული მონოლოგი

...ახლა დავაკვირდი, რომ ჩემი წიგნებიდან მხოლოდ სპარსულ-ქართული ლექსიკონია ჰარდქავერი...
ჩემი ცხოვრება ახლაა ჰარდი -
ხაიამს ერგო რბილი ქავერი...
დამისხით ღვინო - ჩავიკლა დარდი -
გინდ რქაწითელი, გინდა ჩხავერი.
ისე არ მოვკვდები, ერთი ჰარდქავერი ხაიამი არ დავბეჭდო (მთელი ცხოვრება წინაა), მანამდე კი რბილი გარკანი ექნება მესამე გამოცემას, რომელშიც 136 A-4 ფორმატის (დიდი) გვერდია, სადაც განთავსებულია 404 რობაი 4 ენაზე (სპარსულად, ქართულად, რუსულად, ინგლისურად) და 1 მაისს მექნება უკვე დაბეჭდილი და გაწკრიალებული ხაიამის დღისთვის, რომელიც 21 მაისს 18 საათზე გაიმართება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ძილისპირულის ბოლოში არის ბმული).
ნეტავ "გაწკრიალებული" როგორაა ინგლისურად? ამ სიტყვასაც ელის, ალბათ, "ბრიტანული ეგზეკუცია" და მსურს მზად ვიყო! მანამდე კი "გოგია უიშვილის" შესავალში რომაა დიალოგი, ის გამახსენდა:
"- იი ეკუცია კიდევ ჩამოუყენებიათ სოფელში! დღეს ნაცვალმა ჩამოირბინა და გამოაცხადა: კომლმა თითო თუმანი უნდა შემოიტანოს ეკუციის ხარჯათ. შეშა, თივა, სიმინდი კიდევ სხვააო! - გულგატეხილის კილოთი უთხრა მარინემ თავის ქმარს, გოგიას, როცა ეს უკანასკნელი სამუშაოდან საღამოს შინ დაბრუნდა.
- კიდევ ეკუცია!.. ხომ არ გადირიე, დედაკაცო. კიდევ ეკუცია რომ ჩამოგვიყენონ, ფუტი გაგვიცივდება! - სთქვა გოგიამ და სახეზე დაღრეჯილობა დაეტყო".
მეც ასეთივე დაღრეჯილობა მეტყობა ხოლმე სახეზე, სრულიად უსარგებლოდ და უადგილოდ ნახმარ არაქართულ სიტყვებს რომ ვხვდები ქართული ასოებით დაწერილ წინადადებებში.
ძილი ნებისა!
ორშაბათიც გათენდება, აბა, რას იზამს?!

четверг, 17 апреля 2014 г.

ჯარი და საჯარო და "პუბლიჩკა"

...დღეს კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა ჩემი წარსულიდან, ჩვენს მთავარ ბიბლიოთეკასთან რომ ვიპროწიალე მანქანით და გასაჩერებელი ადგილი რომ ვერ ვნახე და სათოფეზე რომ გავშორდი იქაურობას...

ჩემი ძმები ჩემზე ბევრად უფროსები იყვნენ და როცა მე ახლადგონზემოგებული სამყაროს გაკვირვებული ვუმზერდი, ერთი მათგანი "ჯარში" წაიყვანეს, მეორე კი სტუდენტი გახდა და სახლში მოსვლას რომ აგვიანებდა, დედაჩემი იტყოდა ხოლმე - ალბათ, "საჯაროშიაო"... ეს "საჯარო" მაშინ მეგონა დაწესებულება. სადაც "სა-ჯარ-ოდ" ამზადებდნენ ბიჭებს და მერე მიჰყავდათ "ჯარში"... მთელ იმ ჩვენს უბანშიც და დანარჩენი საქართველოს ყველა უბნებშიც, ალბათ, ერთი-ორმა კაცმა თუ იცოდა - რა კავშირია ჯარსა და საჯაროს (ბიბლიოთეკას) შორის... (ბოლოში მოგახსენებთ განმარტებას).

იმხანად, სადღაც 1962-63 წლებში ჩვენს უბანში დიდი ოთხსართულიანი რუსული სკოლა ააშენეს (98-ე... ეს სკოლა იქ იდგა, სადაც ახლა სამების ტაძრის დიდი კიბეებია); ჰოდა, ჩვენი უბნის გოგო-ბიჭები - ქართველი, სომეხი თუ რუსი - ყველა იმ სკოლაში მიაბარეს, ალბათ, სიახლის და სიახლოვის გამო... მე კი, რა თქმა უნდა, ქართულ 77-ე სკოლაში გამამწესეს, მაგრამ უბნელი ძმაკაცები თუ დაქალები, ყველანი რუსულად მოჟღურტულენი მყავდა... ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ცოტა მოზრდილებმა განაცხადეს - Мы вчера в публичку ходили-ო და მეც ერთი სული მქონდა - გამეგო, თუ რა არის ეს "პუბლიჩკა". ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, ანუ არდადეგების დროს, როცა ჩემს სკოლაში არ დავდიოდი და დილიდან საღამომდე 98-ე სკოლელებთან ძირითადად რუსულად ან სომხურად ვლაპარაკობდი, ჩამკიდეს მათ ხელი, დავეშვით დაღმართზე, მტკვრისკენ, გადავჭერით ბარათაშვილის ხიდი (ჩვენ მაინც "მუხრანის ხიდს" ვეძახდით) და მივედით "პუბლიჩკის" მოსწავლეთა დარბაზებამდე, მეც ჩამწერეს იქ და ჩემს თვალწინ გადაიშალნენ მთელი თბილისის (პარადოქსია, მაგრამ ფაქტია!) ძირითადად არაქართული სკოლების "კრასოტულიჩკები"! ახლა ამ თემის გაშლა-გასაჯაროების დრო და ადგილი რომ არ არის, ამიტომაც ისევ ძირითად სათქმელს - ლინგვისტურ კურიოზს მივხედავ და "კრასოტულიჩკებზე" სხვა დროს ვილაპარაკოთ... ჰოდა, დავბრუნდით უბანში, მივედი სახლში და ოჯახის წევრებმა დამიცაცხანეს (ყველაზე პატარა ვიყავი და აღზრდის თეორიას და პრაქტიკას - მეთოდიკასაც! - ყველა ჩემთან გადიოდა).
- სად იყავიო?!
- პუბლიჩკაში-მეთქი! - ამაყად განვაცხადე.
ჩემმა ძმამ გაიცინა და "რა გაცინებს-მეთქი?!" - მგონი, მეწყინა.
- ეგა, შე შტერო, საჯაროაო...
- რა საჯარო, რის ჯარი... ბიბლიოთეკაში ვიყავი და წიგნები წავიკითხე-მეთქი - თავი ვიმართლე... აბა, ხომ არ ვეტყოდი, რომ სხვაუბნელ "კრასოტულიჩკებს" ვათვალიერებდი გაცნობის იმედით...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოგახსენებთ, რომ იმ დროიდან მოყოლებული, თითქმის ათი წლის განმავლობაში დღე არ გამიცდენია, რომ იქ არ მივსულიყავი... ჩემი მეორე "უნივერსიტეტი" იქ იყო!...
* * *
ახლა კი დადგა დრო, ავხსნა, თუ რა კავშირია ამ ცნებებს - "ჯარსა" და "საჯაროს" შორის.
"ჯარ" (چار) არაბული სიტყვაა და ასეთი მნიშვნელობები აქვს: 1) ქუჩის გამყიდველების ხმამაღალი ძახილი. 2) ბრძანების, განკარგულების სახალხოდ გამოცხადება საომარ ლაშქარში გაწვევის შესახებ ანუ ჯარში წაყვანა, მობილიზაცია. 3) (چار زدن یا کشیدن) ძახილი, გასაჯაროება... ყველასთვის ხელმისაწვდომად ქცევა.

აი, ამის თქმა მინდოდა და ვთქვი... გავიხსენე, რა, ძველი ამბები....

четверг, 10 апреля 2014 г.

ვაიმე - ვხოხავ!

11 აპრილი, 2014 წელი

ე.წ. "ცხოვრების ამერიკული წესი", რომელიც ჩვენთან მკვიდრდება და, როგორც ჩანს, ზოგ სფეროში საკმაო ცხოველმყოფელობითაც დამკვიდრდა უკვე, ითვალისწინებს.... უფრო სწორად - სულდგმულობს მხოლოდ შემდეგი ცნებებით: შოკი, სკანდალი, სენსაცია, არაჩვეულებრივი ამბავი  და ა.შ. ანუ: ეს არის საშუალება იმ ადამიანთა ყურადღების მიპყრობისა, ვისაც ნაკლებად აღელვებს ამა თუ იმ მოვლენის შინაარსობლივი, სიღრმისეული, მიბინდული მხარეები და სამყაროს, ასე ვთქვათ, ჭრელა-ჭრულა ფერებით აღიქვამენ...
პარადოქსი სწორედ ამაშია:
ცხოვრების საბჭოური წესი ქადაგებდა მასობრიობას, მთელი ხალხისთვის გასაგები და მისაღები ფაქტებით მანიპულირებას და იმავდროულად ზღუდავდა, პრაქტიკულად კრძალავდა კიდეც ისეთი საკითხების გაჟღერება-გასაჯაროებას, რაც მასობრივ ინტერესს, მღელვარებას და შფოთს გამოიწვევდა... ამას ჰქონდა თავისი ქვეცნობიერი მიზეზი: კომუნისტებს ეშინოდათ ხალხისა ისევე, როგორც ყველა ხელისუფლებას, რომელიც რევოლუციის შედეგად ექცევა საზოგადოების სათავეში... შედეგად კი ვიღებდით იმას, რომ თუნდაც ლიტერატურასა და ხელოვნებაში იქმნებოდა ისეთი ნაწარმოებები, რაც მასას არ ესმოდა და შესაბამისად განკუთვნილი იყო აუდიტორიის მცირერიცხოვანი ნაწილისთვის... ეს კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია - ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლი - , მაგრამ ასეთი მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება სინამდვილისადმი რომ არსებობდა, ფაქტია და ისტორიაში ჩანს...
ამერიკა იქმს პირიქით:
საზოგადოება დაქუცმაცებულია ათას პარტიად და დაჯგუფებად, ყველას თავისი ცნობიერება უყალიბდება და ეს აძნელებს ინტელექტუალური პროდუქციის დიდი ტირაჟით რეალიზებას, არადა, საქონელი უნდა გაიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების "წარმატებული" ნაწილი ვერც თავად იარსებებს და ვერც სხვას დაასაქმებს დიდსულოვნად... ესე იგი რა არის საჭირო? - ვთქვათ, დედის მიმართ აღგზნებული ვნებების სახალხოდ დემონსტრირება...  წარსულში აკრძალული ინტიმური მხარეების გაშიშვლება და იმ წარსულის გაკიცხვა და გაშარჟება ნებისმიერი ხერხებით და საშუალებებით... სინამდვილის ასახვლის ნაცვლად რაღაც შეთხზული სამყაროსკენ ლტოლვა და ასე შემდეგ.... ერთი სიტყვით, ძალაშია შემდეგი ფორმულები:
- ვაიმე - დავეცი!
- ვაიმე - ვხოხავ!...
- ეს ყველამ უნდა ნახოს!...

მაშასადამე ეს კარგია ანუ  ერთად უნდა დავეცეთ და ვიხოხოთ!

დილა მშვიდობისა! წარმატებულ დღეს გისურვებთ!
წავედი საქმეებზე....

пятница, 4 апреля 2014 г.

4 აპრილის ავტო-საგზაო საგა

(ვარაუდით და სინანულით)

...გააჩერა უზარმაზარი ჯიპი მეორე რიგში, ჩაგვკეტა სამი მანქანა და არც-კი დაფიქრებულა იმაზე, რომ რომელიმე ჩვენთაგანს, შეიძლება, გასვლა დასჭირდეს... არც გამოუხედავს ჩვენსკენ, რომ მზერით მაინც ეთქვა - სულ ცოტახნით გავაჩერე და მალე მოვალო და გაფარფატდა მაღაზიისკენ... ისეთი ნაზი და ნარნარი არსება იყო, რომელსაც პალტოსაც ვერ ანდობ ღილის დასაკერებლად - ემანდ ნემსი არ იჩხვილიტოს თითში და "ვავა" არ მოუვიდესო... ვიდექი და ველოდი, სანამ ინებებდა შოპინგის დასრულებას და ამასობაში თავად მის უზარმაზარ ჯიპს წინ ასეთივე "ძროხა" ჩაუდგა და მეორე ფარფატა არსებაც მაღაზიაში შევიდა (ნემსის და პალტოს ღილის იგავი ამ მეორე პეპელასთანაც ძალაში რჩება)... ეს უკვე მთლად კატასტროფა იყო ჩემთვის, რადგან ორმა ძროხამ ჩამკეტა ჩემს კანონიერად მოხაზულ სადგომში... ვიდექი და ველოდი, უსაზღვრო იყო ჩემი მოლოდინიც და უსაზღვრო ზღვად იდგა ბოღმაც ჩემს გულში... სად იყო, სად არა... პირველი ჯიპოსანი გამოვიდა მაღაზიიდან და რომ დაინახა, თავადაც ჩაკეტილი იყო და ვერ გავიდოდა, ისეთი ლანძღვა-გინება ატეხა, რომ კაცი მისი "ვავასთვის", ნემსს კი არა, ნაჯახსაც აღარ დაინანებდა, რომ როგორმე დაედუმებინა მისი ბილწი ენა... 

(ვარაუდი)
როგორც ჩანს, ახლა მოდაშია - რაც უფრო უხამსი სიტყვებით შეამკობ საკუთარ მეტყველებას, მით უფრო თანამედროვე და "სერთიფიცირებული" მოქალაქე იქნები, პახოდუ - პრადვინუტიც... 

(სინანული)
მე კიდევ ნემსის და პალტოს და ღილის იგავებით ვცხოვრობ... ძველი ვარ, ძველ დროს დავიბადე და რა ჩემი ბრალია?!