...მართალია, თავს ავლაბრელად ვთვლი, რადგან სკოლაც იქ დავამთავრე და ყველა ნათესავი და ბავშვობის უმეტესი მეგობრები კვლავაც იქ ცხოვრობენ, მაგრამ იმდროინდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, ჩუღურეთელი უნდა მერქვას, რადგან სწორედ ჩვენს ქუჩაზე გადიოდა საზღვარი 26 კომისრის რაიონთან და მე აქეთ, ავლაბრიდან დასავლეთისკენ ვცხოვრობდი, ჩუღურეთის საზღვარზე (მაშინ ოქტომბრის რაიონი კი იყო, მაგრამ ხალხი მაინც ჩუღურეთს ეძახდა).
ძველ წიგნებში წერია, რომ მე-17 საუკუნის ბოლოდან ჩვენი ქუჩა, რომელიც ურიცკის სახელობის იყო კომუნისტობისას და ახლანდელი პრეზიდენტის სასახლესთან იწყება და არსენალის გვირაბს ებჯინება, მოიხსენიებოდა, როგორც "ზემო გზა" და ეს გზა ავლაბარს დიდუბესთან აერთებდა; აი, ამ ქუჩის მარცხენა მხარეს, სამების ეკლესიის პირდაპირ, არის დიდი, ღრმა ხევი, რომელიც მტკვრამდე ჩადის, სწორედ ამ ხევის ფერდობებზე, რკინიგზის გადმოღმა იყო დასახლება, რომელიც ისტორიულ დოკუმენტებში მე-17 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი სოფელ "ჩუღურეთის" სახელით, მაგრამ ის მანამდეც არსებობდა და თამარის ეპოქის თბილისში შემომავალი ერთ-ერთი კარიბჭე და საბაჟო სწორედ იქ იყო.
ოფიციალური ინფორმაციით სოფელი ჩუღურეთი 1820 წელს გახდა თბილისის სრულუფლებიანი ნაწილი, მანამდე კი სოფელი იყო ხევში...
დიახ, "ჩუღურ" ღრმა ხევს ნიშნავს თურქულად და მთელი ჩემი ბავშვობა ამ ხევის გარდიგარდმო ხეტიალს "შეეწირა"... (იქ იყო წყალსაქაჩი სადგური, რომელსაც "წყაროს" ვეძახდით და სადაც ბეტონის მცირე აუზი იყო და ჩვენთვის ის, მალიბუს თუ არა, ბულგარეთის ოქროს ქვიშებზე უკეთესი პლაჟი ნამდვილად იყო). "ჩუღურ/ჩოღორ" რომ ხევი და უსწორმასწორო ადგილია, ეს ფაქტი სხვა სიტყვაშიც შემოგვრჩა - ოღრო-ჩოღრო...
ეს ყველაფერი ამასწინათ ბატონ საიდ მულიანის (მულიაშვილს), ფერეიდნელ ქართველს, ისფაჰანის უნივერსიტეტის პროფესორს ვუამბე და ვაჩვენე "ჩუღურეთად" წოდებული უბანი, რადგან იგი წარმოშობით ფერეიდანში მდებარე სოფელ "ჩუღურეთიდან/ჩუღრუთიდან" გახლავთ და ჩვენს საუბარში ასეთი ჰიპოთეზა წარმოიშვა - გარეკახელების (ახლანდელი საგარეჯოს რაიონი) გარდა, შაჰ-აბასის მიერ ირანში გადასახლებულთა შორის იყვნენ, აგრეთვე, სოფელ ჩუღურეთიდან გადასახლებული ქართველებიც; საქმე იმაშია, რომ სიტყვა "ჩუღურ" სპარსულში არ არსებობს და ფერეიდანში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, რომ არა იქ ჩასახლებული ქართველების სურვილი, შეენარჩუნებინათ მშობლიური სოფლის სახელი (....ისევე როგორც მარტყოფი).
ასეა თუ ისე, ჩუღურეთი თბილისს შეუერთდა, ოღონდ უკვე არაქართული მოსახლეობით. მე იქ ვიცხოვრე 30 წელი და ვიცი, რომ იმ ხევში არაქართული მოსახლეობის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი არაქართველია და, როგორც ჩანს, ამასაც თავისი გამართლება აქვს: თუ ჩვენს ჰიპოთეზას დავუჯერებთ, მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ჩუღურეთი ქართველებისგან მთლიანად დაიცალა და მომდევნო ათწლეულებში იქ დასახლდნენ სხვა ეროვნების ადამიანები, ძირითადად სომხები, ქურთები და იეზიდები და საკმაოდ მრავალფეროვანი ინდუსტრიული ქსელიც შექმნეს (ციტატა): "1823 წლის საქართველოს სტატისტიკური აღწერის შედეგად ჩუღურეთში იყო: ათი აგურის ქარხანა, ოთხი სამეურნეო ქარხანა, რვა სამღებრო, სამი სამჭედლო, ერთი საპნის ქარხანა, ერთი სადალაქო, ორი დუქანი, ორი გაჯის ქარხანა, ლუდსახარში, ერთი თონე"...
ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ჩუღურეთიც ორი ნაწილისგან შედგება: ავლაბრის მხარეს უფრო სომხები ცხოვრობენ, ხოლო ბუხაიძის ქუჩიდან დაახლოებით საბჭოს მოედნამდე (არ ვიცი, ახლა რა ჰქვია) - ქურთების და იეზიდების სიმრავლე შეინიშნება... კარგად მახსოვს, ერთხელ სამხედრო კომისარიატში გამომიძახეს (მარჯანიშვილის ქუჩაზე, კორტებთან) და იქ აღმოჩნდა, რომ სამედიცინო კომისიის გასავლელ ოთახში ორმოცდაათამდე წვევამდელი ვიყავით და მათ შორის მხოლოდ მე აღმოვჩნდი ქართველი, რაც უყურადღებოდ არ დარჩენია ერთ რუს ოფიცერს, როგორც საინტერესო ფაქტი.
საერთოდ კი, ჩვენი თბილისური ფესვები გუთნის ქუჩას უკავშირდება (სასტუმრო "მეტეხის" უკან), იქიდან მამაჩემი ომის შემდეგ გადასახლდა ჩუღურეთში თავის ცოლ-შვილთან ერთად... გუთნის ქუჩაზე და იქ მცხოვრებ იეთიმ გურჯიზე კი სხვა დროს ვილაპარაკოთ...
Комментариев нет:
Отправить комментарий