1990-91 წლებამდე ფეხბურთის აქტიური (თანაც ძალიან აქტიური!) გულშემატკივარი ვიყავი და ვიცოდი ყველაფერი იმდროინდელი ფეხბურთელების შესახებ, რის საშუალებასაც იძლეოდა მაშინდელი პრესა და ტელევიზია... მერე ბევრი მიზეზის გამო და მათ შორის 1990 წლის უღიმღამო მსოფლიო ჩემპიონატის (1994 მთლად უარესი იყო); საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის შეწყვეტის და მისგან გამომდინარე შესაბამისი შედეგების გამო, საქმე ისე წავიდა, რომ დღეს საერთოდ აღარ ვუყურებ არანაირ ფეხბურთს... ახლა მეტყვიან - ასეთ თამაშებს ვხედავთო - ბარსა-მარსები და რეალ-მეალებიო.... მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, სამწუხაროდ, თუმცა 1994 წლის შემდეგ იყო ერთი ან ორი ჩემპიონატი ან თამაში, რამაც ძველებური სიამოვნება მომანიჭა...
და აი, გუშინწინ ისეთი რამ ვიპოვე, რამაც საშინელი და შემზარავი ძალით მაგრძნობინა ისეთი ცნების (...ლამის დამანგრეველი და სტიქიური) ძალა, რასაც ნოსტალგია ჰქვია....
1966 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების სრული ჩანაწერები დევს you tube-ზე, არის აგრეთვე ზოგი მატჩი სრულად, სადაც თამაშობენ ხურცილავა, მეტრეველი, სტრელცოვი, ვორონინი, ასათიანი, კავაზაშვილი, საბო, სერებრიანიკოვი..... რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთებზე: პელე-ბეკენბაუერი-ზეელერი-რიველინო-მაცოლა...... ოეეეეეეეეეეეეეეეეეე! (ანუ - ასე შემდეგ... ).
ბუნდოვნად მახსოვდა ეს თამაშები, ახლა კი ისეთი სიცხადით დავინახე ყველა ის გატაცება წარსულისა, რამაც ჩემი ბავშვობის და სიჭაბუკის მთელი გასართობი დრო შეავსო, რომ, როგორც "პრადვინუტები" ამბობენ, შოკში ვარ!...
...წავედი მე ახლა, სსრკ-ავსტრიის მატჩს უნდა ვუყურო, 1967 წლის ივნისია, მე 11 წლის ვარ და სულ არ მაინტერესებს, ხვალინდელი გაკვეთილები ნასწავლი მაქვს თუ არა...
Комментариев нет:
Отправить комментарий