დღეს დაახლოებით ნახევარი საათი ვიმგზავრე ე.წ. „მარშრუტკით“; ალბათ, ჩემს იქ ასვლამდეც ლაპარაკობდა, მაგრამ ნახევარი საათი, სანამ ბოლო გაჩერებამდე არ მივედით, ერთი ქალი ბოლომდე აწეული ხმით ჭორაობდა მობილურზე. ათიოდე თემის გამხილვა მოასწრო: სამსახურში საჭმლის მომზადება, ფეხსაცმელზე „ბანტიკის“ ქონის სიყვარული, ერთი ზოლიანი ჯემპრის მობეზრება, დედამთილის თემასაც გაჰკრა და, რა თქმა უნდა, „სელფისაც“ შეეხო, თუმცა, როგორც იგი ამბობდა - სელფს... (ეს ბოლოკიდური „-ი“ რომ ფუძისეულია Selfie ეს დღეს აღარავის აღელვებს):
(ციტატა): - თანამშრომლები მეუბნებიან - ქალბატონო ლალიკო ადრე რამდენ სელფებს დებდით („ფეისბუქში“ - ალ.ელ.) და ახლა რატომ არ გვანებივრებთო?!
იგი ისეთი „ქალბატონი ლალიკო“ ჩანდა, რომ დღეში ხუთ-ექვს სელფის ნამდვილად გადაიღებდა და სალაიქო-საკომენტოდ გამოფენდა, მაგრამ საინტერესო ის არის, რაც მისი საუბრიდან გაირკვა - იგი „სელფის“ ზოგადად ფოტოგამოსახულებს უწოდებდა და არც კი ჰქონდა იმის მინიშნება, რომ ეს არის ავტო-ფოტო-პორტრეტი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამედროვეც ზუსტად ამ მნიშვნელობით ახსენებს ხსენებულ სიტყვას - როგორც ზოგადად ფოტოსურათს.
გასაკვირი არაფერია... მსგავსი კურიოზებია ბევრია ყველა ენაში.
უბრალოდ ის აზრი მომივიდა, რომ დღეს-ხვალ „სელფი“ განდევნის არაბულ სიტყვას - „სურათი“, რომელმაც ანალოგიური ტრანსფორმაცია განიცადა ქართულში და დაერქვა ზოგადად გამოსახულებას, საწყის ენაში კი ადამიანის „სახეს“ ნიშნავს...
სავარაუდოდ ახლო მომავალში ჩვენი შთამომავლები იტყვიან - ლუვრში ვიყავი და ლეონარდო და ვინჩის სელფი ვნახეო...
იმედია, მათთვის „ვიზალიბერალიზაცია“ ისტორიაში ამოკითხული ქაჯობა იქნება და მადრიდსაც ეწვევიან ველასკესის სელფების სანახავად...
ასეთია ჩემი პროგნოზი!
Комментариев нет:
Отправить комментарий