понедельник, 31 августа 2015 г.

2015 წლის ზაფხულის უკანასკნელი მონოლოგი

ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული და, როგორც ჩანს, ამ პოლიტიკური "თოქ-შოუ-ებ-ის" დასრულების დროც ადრე თუ გვიან უნდა დამდგარიყო... ან თუნდაც დასრულების დასაწყისი... რამდენიმე წლის წინ მეც ვუსმენდი და ვუყურებდი ამგვარ გადაცემებს ყველა არხზე, მერე თანდათან დაიკარგა ინტერესი და ახლა საერთოდ არ ვიცი - რა გადაცემებს ხურავენ და რატომ არის ეს საგანგაშო ქვეყნის მომავლისთვის... ალბათ, ასეა მაყურებელთა, დიდი თუ არა, გარკვეული ნაწილი მაინც... ისეთი ადამიანების დრო დასრულდა, როგორსაც ლეო ანთაძე თამაშობს იმ ცნობილ სერიალში; ასეთი ამიანების შექმნა პოლიტიკოსთა მიერ ბედნიერენა იყო თუ უბედურება, სხვა პრობლემაა, მაგრამ მათი "მოქმედების ვადა" რომ ამოუწურა, ფაქტია.
გრიგოლიას ეპოქა ქართულ ტელევიზიებში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მას ამის გამო მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, დიდხანს ანებივრებდა მას მაყურებელი ყურადღებით...  ზოგადად კი იმის თქმაც შემიძლია, რომ მხატვრულ ნაწარმოებებში ნათქვამი "თავისუფალი სიტყვა" ბევრად უფრო მომგებიანია და "ტყვია ტყვიაში მოსახვედრია"; ასე მაგალითად (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა) "დაქალების" დუდუმ, როგორც პერსონაჟმა, ბევრად უფრო დიდი და დამაფიქრებელი "თოქ-შოუ" მოგვიწყო ვიდრე .. "ქართული ტელეჟურნალისტიკის" მთელმა არმიამ (თუნდაც "ჰამ-ქარმა") ერთად 25 წლის განმავლობაში...
მხატვრული სახეებით აზროვნებას მიაწექით (დანო და ძმანო!), რადგან ბევრად უფრო "კრეაწიულია".
* * *

აქვე ერთი ლინგვისტური ჩანართი რომ არ გავაკეთო, არ შემიძლია: ეს ანტირუსული საზოგადოება რატომ არუსულებს ინგლისურ სიტყვებს?! სწორედ რუსები ამბობენ ასე: კრეაწივი, პროძюსერი, სწюარტი... და .. თუ მომიძებნით და მიმითითებთ ამ სიტყვებში სად და როდის წარმოთქვამენ თავად ინგლისელ-ამერიკელები ისეთ ბგერებს, როგორიცაა ", , ю" მადლობელი ვიქნები.

среда, 26 августа 2015 г.

სათამაშო

გუშინ მეტეხის უბანში ჩავიარე... ყოველ 20 მეტრში Hotel-Hotel წერია და აშენებულია ლამაზ, კარგად მოვლილი სასტუმროები... გარედან თვალს ახარებს, შიგნით, არ ვიცი, რა ხდება... ღმერთმა ქნას, სულ ტურისტებით იყოს დახუნძლული, ჩემმა მზემ თუ მეწყინოს და რამე ცუდი ვიფიქრო! მერე ერთ ნაცნობ სადარბაზოში შევედი, სადაც კედლები ისევ ძველებურადაა დაბზარული და კიბეებიც უფრო მეტად ჩამოზნექილ-ჩამობრეცილია და ძლივს "შვებით ამოვისუნთქე", ნაცნობი ადგილები ხელუხლებელი რომ დამხვდა... იქ ერთი ჩემი ძმაკაცი შალიკო ცხოვრობდა, რომელიც "დიდი ხანია, სადღაც გადასახლდაო" - მითხრეს მეზობლებმა. ჰოდა, გამოვედი გარეთ და ტურისტულ უბნად ქცეული გარემოს შემხედვარეს, ცნობილი "ტურა-ასპირანტურისა" არ იყოს, ეს სიტყვები წამომცდა:
სადაც ყვარობდა შალიკოს მაშო,
იქ ტურისტული დგას სათამაშო.
* * *
ეს ექიმები მეუბნებიან - "ისეირნე და ისეირნეო" და აჰა შენ სეირნობა! - გული მომკლავს თუ ნერვების შლა, რა მნიშვნელობა აქვს?!

пятница, 21 августа 2015 г.

როგორ იქმნებოდა ქართული სახელები

აქვე, "ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებულ წერილებში არის გამოკვლევა "ნესტანდარეჯანის" შესახებ, სადაც წერია, რომ ეს სამნაწილიანი სპარსული სახელია (ნესთ ანდარ-ე ჯაჰან); შემიძლია ბატონი ზურაბ ჭუმბურიძის მოსაზრებითაც დავადასტურო ხსენებული ფაქტი:
"ნესტან - ნესტან-დარეჯან-ის პირველი ნაწილია, ქცეული ცალკე სახელად. ნესტან-დარეჯან მომდინარეობს სპარსული გამოთქმისაგან: ნესთ ანდარე ჯაჰან - " სწორუპოვარი ", უფრო ზუსტად: " არ არის ქვეყნად (მისი ტოლი) ". ეს სახელი ჰქვია " ვეფხისტყაოსნის "  მთავარ გმირ ქალს. სრული (კომპოზიტური) ფორმა, გარდა " ვეფხისტყაოსნისა ", დადასტურებულია ისტორიულ ძეგლებში (იხ.საქართველოს სიძველენი, III, 140). ამჟამად როგორც ნესტანი, ისე დარეჯანი გვხვდება ცალ-ცალკე სახელებად"
ყველაფერი სწორი და მისაღებია, გარდა ერთისა: გაუგებარია ეს განმარტება - "სწორუპოვარი" - საიდან გაჩნდა, თუმცა ეს ამჯერად ჩვენთვის არ არის საინტერესო.

ანუ: თუ "ნესტანი" და "დარეჯანი" რუსთველის ეპოქის შემდეგ, დიდი ხნის მოგვიანებით, სავარაუდოდ ვინმე გადამწერის მიერ უმიზნოდ ხმარებული დეფისის შედეგად გაჩნდა, მაშინ რა ვუყოთ ისეთ ნაწარმოებს, სადაც "დარეჯანი" სრულიად დამოუკიდებლად გვხვდება და "ნესტანის" ხსენება საერთოდ არ არის?
სრულიად ლოგიკური კითხვაა და გულისხმობს ჩვენს საგმირო-საფალავნო რომანს - "ამირანდარეჯანიანს" (რომლის მსგავსებმა სადღაც ესპანეთში მავანი დონ კიხოტი გადარიეს სამი-ოთხი საუკუნის შემდეგ).

ბატონი ზურაბი "დარეჯანის" შესახებ წერს: "დარეჯან - წარმოადგენს მეორე ნაწილს სახელისა ნესტან-დარეჯან ("სწორუპოვარი"). მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს " მფლობელს ".
ვისაც "ამირანდარეჯანიანი" არ წაუკითხავს, შესაძლოა (ლეილმაჯნუნიანის, ვისრამიანის და მისთანების მსგავსად), ეს რომანი "ამირანის" და "დარეჯანის" სატრფიალო თავგადასავალი ეგონოს და ვერც დაემდურებით, რადგან ყველამ იცის, რომ ჩვენს მამაკაცებს ოდითგანვე ერქვათ "ამირანი" და "დარეჯანიც", რომ პოპულარული სახელი იყო საქართველოში, ესეც ცხადია.
"ამირანდარეჯანიანის" გაცნობისას კი ასეთ ინფორმაციას ვიღებთ მთავარი გმირის შესახებ: “მე − ამირან დარეჯანის ძე და ყმა ჩემი სავარსამის ძე, ბადრი იამანის ძე და ყმა მისი ინდო ჭაბუკი, ნოსარ ნისრელი და ყმა მისი ალი დილამი. ოდეს ქაჯნი დავჴოცენით და ზღვათა მეფისა ასული გამოვიყვანეთ, ამას ადგილსა მოვედით და ყოველი არაბეთი ზედა მოგვიჴდა”. ამ პატარა ამონარიდში "ვეფხისტყაოსნის" თემატიკა (ქაჯების დახოცვა და ასულის გამოხსნა) და გეოგრაფიული სივრეცე (არაბეთი) რომ ჩანს, ეს სხვა კვლევა-ძიებას ითხოვს, ამჯერად მხოლოდ საკუთარ სახელებზე შევჩერდეთ:
მაშ, გაირკვა, რომ ამირანი დარეჯანის მიჯნური კი არა, მისი ძე ყოფილა!... თუმცა მთელ ნაწარმოებში სხვაგან არსად "დარეჯანი", როგორც პერსონაჟი, არ ფიგურირებს და მისი "დედობაც"  არსად ჩანს...

ფრიად გასაკვირია, რომ ამირანს "დედის ძედ" მოიხსენიებენ... რატომ? სავარაუდო პასუხები ასეთია: მისი მამის სახელი უცნობი იყო ავტორისთვის... თამარის ეპოქაში ქალის პრივილეგირებულობა ამ რომანშიც ჩანს და ასე შემდეგ...
საქმე იმაშია, რომ ხსენებულ "ამირანს" არც ამირანი ერქვა სახელად და არც ვინმე "დარეჯანის" შვილი ყოფილა. ამ კომპოზიტსაც (ამირანდარეჯანიანი) ახლავე სპარსულ-არაბული ენებით აგიხსნით, ოღონდ მე ნუ დამემდურებით, რადგან ამგვარი ახსნა ჩემამდე ბევრად ადრე დიდმა მეცნიერებმა განახორციელეს, მე კი ეს 1974 წლიდან ვიცი, როცა პირველ კურსზე საკურსო ნაშრომი დავწერე "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში" ბატონ ელგუჯა ხინთიბიძესთან... ჩემს "საკურსოს" ასე ერქვა - "ამირანდარეჯანიანის პერსონაჟები"... ჰოდა, სრულიად მოულოდნელად 41 წლის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ხსენებულ თემას... (ნეტავი შემენახა ის "საკურსო", უფრო გამიადვილდებოდა ახლა წყაროთა დასახელება... სამწუხაროდ, ინტერნეტში საინტერესო ვერაფერი ვნახე "ამირანდარეჯანიანის" შესახებ, ბიბლიოთეკაში სიარულის დრო და საშალება კი არ მაქვს).

ამირ ანდარ-ე ჯეჰან - "ამირა (მეფე, ბატონი, მბრძანებელი....) ქვეყნიერებისა" - ასე იშიფრება რომანის სათაური...
სიტყვა "ჯეჰან" გვხვდება სხვა გაქართულებულ სახელშიც (...რაც ბატონი ზურაბ ჭუმბურიძის წიგნში ვერ ვნახეთ) - იგულისხმება "ჯანგირ-ი", რაც ასევე კომპოზიტური სიტყვაა: ჯეჰან-გირ, ანუ "ქვეყნის მპყრობელი"... მსგავსი სიტყვებია: უნა-გირ  - უნას/ჰუნეს ანუ ცხენის დამჭერი, ქაფ-ქ(გ)ირ - ქაფის დამჭერი, ჯიბ-გირ - ჯიბის დამჭერი და ა.შ. "ჯანგირ" არის ფუძე ისეთი გვარისა, როგორიცაა "ჯანგირაშვილი".
კიდევ ერთხელ:
1. ამირ - ამირა, მბრძანებელი
2. ანდარ-ე - შინა, -ში
3. ჯეჰან - ქვეყნიერება.
აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ "ჰ", როგორც წესი იკარგება ქართულში შემოსვლისას და ამიტომაც მივიღეთ "ჯეჰან"-იდან "ჯან"... ხოლო სხვა "ჯან", რომელიც ქალაქურ მიმართვაში გვხვდება - სულიკო-ჯან, გოგია-ჯან, მანანა-ჯან... - ნიშნავს "სულს"... მაგალითად: ჯამ(ნ)ბაზი - სულთან მოთამაშე.
მავანმა გადამწერმა კი ამ სამი ელემენტისგან მიიღო ორი (ამირან-დარეჯან... კიდევ კარგი, რომ დეფისი აქაც არ ჩასვა), ნაწარმოების მთავარ გმირს უწოდა ამირან დარეჯანის ძე  და სრულიად უსაფუძვლოდ დააბრალა არარსებულ ქალბატონ დარეჯანს ამირანის დედობა...
მთელ ნაწარმოებში ვერ შევძლეით დათვლა (არც იყო ამის საჭიროება), მაგრამ მის ერთ-მეოთხედ ნაწილში დაახლოებით 200-ჯერ გვხვდება სრული ფორმა "ამირან დარეჯანის ძე" და მხოლოდ 25-ჯერ ცალკე "ამირან/ამირანი", ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ამბის სპარსულ პირველწყაროში ყველაგან ეწერა სრული ფორმა - ამირ ანდარ-ე ჯეჰან - და გადამწერ-გამქართულებელიც, მას შემდეგ რაც შექმნა "ამირანსა" და "დარეჯანს" შორის დედა-შვილობა, ძირითადად იყენებს სრულ ფორმას... ან, შესაძლოა, ყველგან ეს სრული ფორმა ეწერა და მომდევნო საუკუნეების გადამწერებს დაეზარათ ბევრი წერა და მთელი ნაწარმოების დაახლოებით ერთ-მერვედში მხოლოდ "ამირანი" დატოვეს.
* * *
გადამწერთა მიერ შქემნილი კურიოზები ცნობილია რუსულ ლიტერატურაშიც, მაგალითად იური ტინიანოვმა ხსენებულ მოვლენას მთელი მოთხრობაც მიუძღვნა - "Поручик Киже", რასაც ასეთი ისტორიული ფაქტი დაედო საფუძვლად: Придворный писарь, оформляя документ об очередном производстве офицеров русской армии, слово "прапорщики же" написал с переносом. Причем на новой строчке он повторил слог "ки" и начал с большой буквы, а частицу "же" присоединил к слову. -Получилось "прапорщик Киже". Своей ошибки писарь не заметил, и бумага легла на императорский стол. Так появилась "персона секретная, фигуры не имеющая".
* * *
კარგია ეს თუ ცუდი, არ ვიცი - მე მხოლოდ ფაქტებს ვასახელებ, მაგრამ "ამირანდარეჯანიანის" გადამწერ-გამქართულებელმა კიდევ ერთი  ქართული სახელი რომ შექმნა, ფაქტია. ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე წერს:
"დარისპან (სპარსული) " კარი ისპაანისა ". აქედანაა გვარი დარისპანაშვილი, სოფლის სახელი დარისპარაული (დარისპან-ა-ულ-ი)".
ეს სახელი გავრცელდა "ამირანდარეჯანიანის" შემდეგი პერსონაჟის წარმომავლობის გაქართულების შემდეგ: "სეფედავლე დარისპანის ძე", თუმცა არანაირი "დარისპანი", როგორც მამა სეფედავლესი, არასოდეს არსებულა ბუნებაში... ეს სახელიც შემდეგნაირად იშლება: "სეფაჰდოულე დარ-ე ესფაჰან" და დაახლოებით ამას ნიშნავს - ისფაჰანის/ისპაანის კარის დაცვის (ჯარის) უფროსი... შესაძლოა, "დავლე/დოულეს" სხვა განმარტებებიც არსებობდეს, მაგრამ ამჯერად სპარსული ენის წიაღში არ დავიწყებ ძრომიალს, "სეფაჰ" კი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი "სპა" და აქედან მიღებული "სპასალარი, სპასპეტი" და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვით, საწყალ დარისპანს (ქართულ ლიტერატურაში) ოთხი გასათხოვარი ქალის პრობლემაზე კიდევ ვიღაც არარსებული "სეფედავლეს" მამობა თუ მამობილობაც დაერთო და როგორ უძლებს ამდენ გასაჭირს საწყალი ბერიკაცის გული, ერთობ გასაკვირია?!

P.S. ...ხოლო “ამირანი” რომ ქართული მითოლოგიის პირმშოა და სახელიც რომ ქართული წარმოშობისაა, ესეც ცხადია და არანაირ დაეჭვებას არ ვაპირებ, თუმცა კარგი იქნებოდა იმის ცოდნაც - საიდან გაჩნდა ეს სახელი... ყველაფერს ხომ რაღაც მიზეზი და საფუძველი აქვს.