ერთსაც დავწერ და წავალ იქ, საიდანაც დილით ბრუნდებიან...
გამიჩნდა სურვილი, რომ ახლანდელი მცირე ასაკის და მომავალი თაობებისთვის აღვწერო ის პროცესი, თუ როგორ იქმნებოდა ჩვენს ბავშვობაში ფოტოსურათები...
ჯერ ვყიდულობდი ფოტოფირს, რომელიც იყო დახვეული და ჩადებული ე.წ. ვერცხლის ქაღალდSი და ზემოდან სქელი შავი სინათლეგაუმტარი ქაღალდიც ჰქონდა. როგორც წესი, ვყიდულობდა 65 მგრძნობიარობის ფირს, ეს საშუალო და ოპტიმალური იყო, არსებობდა ასევე 32 და 130 მგრძნობიარობის.
ფირი ბევრგან იყიდებოდა და შორს წასვლა არ მჭირდებოდა, წავიღებდი, ჩავჯდებოდი სიბნელეში ან ხელეbს შევყოფდი რამდენიმე საბნის ქვეშ და იქ ფირს ჩავახვევდი ე.წ. კასეტაში ისე, რომ საგანგებოდ გამოჭრილი წვერი გარეთ დარჩენოდა... ფირი შედგებოდა 36 კადრისგან და როცა დატენილ კასეტას აპარატში ჩავდებდი და ერთ საკონტროლო გადახვევას გავაკეთებდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ფირი კასეტიდან გამოდის და მეორე მხარის "კატუშკას" ეხვევა, კადრების აღმრიცხველ რგოლს ნულზე დავაყენებდი... კარგია! წავედით სკოლაში, აპარატი ჩანთაში დავმალეთ და გაკვეთილების შემდეგ გადავუღებ ჩემს კლასელებს... (კარგი ბავშვები არიან, თქვენც მოგეწონებათ).
ფოტოგადაღების საუკეთესო დრო 12–დან 2–3 საათამდე იყო, როცა მზე ზენიტშია და მაქსიმალური სინათლე იფრქვევა, თუმცა იდეალური პირობებისთვის საჭიროა ღრუბლებიც, რათა მზის სხივები თანაბრად გაიფანტოს და სინათლისა და ჩრდილების მეტ–ნაკლები განფენილობა იყოს .... ერთი სიტყვით, გადავიღებდი 36 კადრს და წავიდოდი მარჯანიშვილის მოედანზე, სადაც სპეციალური ფოტომაღაზია იყო... ერთი ასეთი მაღაზია ვაჟა–ფშაველაზეც იყო, მაგრამ იქ ძალიან იშვიათად დავდიოდი... საჭირო იყო ორი წამალი – Проявитель და Фиксаж...
აპარატს ჰქონდა უკან გადახვევის საშუალება და გადაღებულ ფოტოფირს ისევ კასეტაში ვაბრუნებდი... მერე დავამზადებდი წამლებს... ჯერ Проявитель – ნელთბილ წყალში იხსნებოდა თავიდან პატარა პაკეტი და მერე მთლიანი ფხვნილი... აჭანჭყარება და მაგის ჯანი... ასევე Фиксаж – ოღონდ პატარა პაკეტი ძირითადი ფხვნილის შემდეგ უნდა ჩამეყარა ხსნარში...
წავედით ისევ სიბნელეში ან ხელები საბნების ქვეშ – ფოტოფირი "ბაჩოკში" უნდა ჩავახვიოთ, სადაც მერე ჩავასხამთ ჯერ Проявитель–ს, დავაცლით 5–7 წუთს, მერე გადმოვასხამთ წამალს (არ გადაღვაროთ, სურათების დასაბეჭდად დაგვჭირდება), მერე კარგად გავავლებდით წყალში "ბაჩოკის" გაუხსნელად და ბოლოს Фиксаж – 15–20 წუთი და.... გადმოვღვრიდით წყალს (ამასაც ვინახავთ ბოთლში ფოტოქაღალდების დასაბეჭდად) და გულისფანცქალით ვათვალიერებთ ნეგატივის სახით გამჟღავნებულ ფოტოფირს და გამოცდილება გვკარნახობს, თუ რომელი კადრიდან როგორი სურათი დაიბეჭდება....
რომ დაღამდება, ჩავიკეტებით სამზარეულოში, ავანთებთ წითელ სინათლეს და დავიწყებთ ბეჭდვას... თუ გაინტერესებთ, გიამბობთ ქაღალდზე გადატანის პროცესსაც...
* * *
ერთი კახელი კაცი დასავლეთში ჩავიდა და ხეზე გასული ყურძენი იზაბელა (ადესა) დაინახა... ადგილობრივებმა უამბეს, რომ ამას არც გაფუქრჩქვნა სჭირდება, არც გასხვლა და არც შეწამლვა... მხოლოდ დაკრიფავ და დაწურავო...
– მერე–და მაგის ღვინოს რა ნამუსითა სვამთ, უშრომელად რომ წურავთო?! – გაიკვირვა კახელმა...
მეც ასეთი აზრები მიჩნდება, დღევანდელ ფოტოებს რომ ვუყურებ... ეკრანზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий