воскресенье, 30 сентября 2018 г.

ამბავი ქალისა და კაბისა

ანუ საკითხი იმისა, თუ როგორი „დისტანცია“ უნდა იყოს დაცული დედანსა და თარგმანს შორის (თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პრობლემა „სიშორე-სიახლოვისა“ ისეთივე გადაუჭრელია, როგორ კვერცხისა და ქათმის ამბავი... ვწერ ბევრს, რადგან მოლოდინის რეჟიმში ვარ და გამყავს დრო)
1. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია (ანუ ვითარება, როცა თარგმანი მაქსიმალურად ახლოსაა დედანთან).
ერთი არცთუ ახალგაზრდა, მშვენივრად დამრგვალებული ფორმების ქალბატონი მოდების ჩვენებას დაესწრო და იქ იხილა ერთი კაბა, რომელიც ძალიან მოეწონა და რომლის დემონსტრირებასაც 40-45 კილოგრამიანი მოდელი გოგონა ახდენდა... მოეწონა და თავის პირად მკერავს შეუკვეთა (იმ ლამაზად დამრგვალებულმა ქალბატონმა), რომ მისთვის შეკეროს ზუსტად ისეთი კაბა, რაც პოდიუმზე მონარნარე გოგონას ეცვა... მკერავმა პირნათლად შეასრულა დავალება და შეკერა ზუსტად ისეთი კაბა - ზომითაც, ფორმითაც და შინაარსითაც... როდესაც დამკვეთმა ქალბატომა ეს კაბა მიიღო და რის ვაივაგლახით ჩაიცვა (გამოიყენა ნაირგვარი კორსეტები და მისთანა საშუალებანი) და წავიდა წვეულებაზე (...ახლა რომ ივენთს უწოდებენ... ვთქვათ, მეგობარი პოეტის წიგნის პრეზენტაციაზე), მას, საბრალოს, მთლად ჩაშხამდა ეს ივენთი, რადგან ვერც გულიანად გაიცინა (კაბა უჭერდა სხეულაზე), ვერც ტრადიციული მქუხარე ტაში დაცხო (ხელებს ვერ ამოძრავებდა), ა-ლა-ფურშეტი ხომ მთლად საწამებელი აღმოჩნდა მისთვის... მეგობრები აღტაცებულნი იყვნენ კაბის უზუსტესი სიახლოვით პოდიუმის დეედანთან, მაგრამ ჩვენს ნაცნობ ქალბატონს ერთი სული ჰქონდა, ეს კაბა მოეშორებინა სხეულიდან და ივენთის ბოლოს, ერთი უხერხული მოძრაობისას მთლად ნაკერებზე რომ დაირღვა (კაბა... რასაკვირველია!) და ქალბატონის მშვენიერი მრგვლოვანი ნაწილების სრული პიარ-კამპანია რომ მოახდინა, რაც ზოგმა წინასწარ ჩანიშნულ პროექტადაც კი მიიჩნია, დამსწრე საზოგადოების გენდერულად დიფერენცირებულმა ნაწილმა სრული „აღტაცება“ გამოხატა, ოღონდ, ცხადია, არა კაბის, არამედ სხვა „კომპონენტების“ ხილვის გამო....

2. ახლა ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
ქალბატონმა (რომლის გვარი არ ვიცი და ვერც დავასახელებ) თავის მკერავს ასეთი შეკვეთა მისცა: შეკერეო ზუსტად ისეთი მოდელის (თარგის, ფასონის...) კაბა ყველა ზიზილ-პიპილების დაცვით, მაგრამ ზომა ჩემი შესაფერი იყოსო, რომ არსად არაფერი მიჭერდეს და მბორკავდესო... მკერავმა პირნათლად შეასრულა დავალება, „სიზუსტე“ დაიცვა შინაარსში, ფორმა კი დამკვეთის სხეულის ზომებს მოარგო... ჩაიცვა ქალბატონმა ეს კაბა და წავიდა მორიგ პრეზენტაციაზე (მადლობა ღმერთს, ჩვენთან კვირაში მინიმუმ ცხრა წიგნის პრეზენტაცია იმართება, განსაკუთრებით - შემოდგომაზე).
უნდა მოგახსენოთ, რომ ამჯერად ჩვენი მეგობარი ქალბატონი მშვენივრად გაერთო, მისი სხეული ფიზიკურად მშვენივრად გრძნობდა თავის არსებობას, მაგრამ პრეზენტაციიდან დაბრუნებულს რაღაც სევდა გამოჰყვა, წყენაც კი... რადგან საზოგადოების გენდერულად დიფერენცირებული იგივე ნაწილი კვლავაც დაჟინებით უმზერდა მის მშვენივრად ჩადუნდულებულ სხეულს, რამეთუ კაბის შინაარსში იყო ისეთი დეტალები, მრავალი ჩაჭრილ-ამოჭრილი ადგილებით, რაც გათვალისწინებული იყო იმ 40-45 კილოგრამიანი მოდელის სხეულის ნაწილების წარმოჩენაზე, რომელი ნაწილებიც ასეთ მოდელებს მხოლოდ ვირტუალურად აქვთ, რეალურად კი არის „ნული“... აი, ჩვენს ქალბატონს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ნაწილები ნულზე და ყველა ნორმაზე ბევრად მეტი ჰქონდა, თუმცა, როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა - „ლამაზი არისო საცქერლად...“

3. მესამე სიტუაცია (ბევრს აღარ ვილაპარაკებ)
ჩვენი იგავური ნარატივით გაწამებულმა პერსონაჟმა მკერავს მკაცრი გაფრთხილება მისცა: დაეცვა მისი ზომისა და ფორმის შესაბამისი პარამეტრები, კაბის შინაარსში კი ისეთი ცვლილებები შეეტანა, რაც მისი სხეულის აგებულების შესაბამისი იქნებოდა და არავის გააღიზიანებდა... ანუ მკერავს ოქროს შუალედი უნდა დაეცვა: პოდიუმზე ნანახი კაბის ასოციაციაც უნდა შექმნოდა მჭვრეტელს (გენდერულად დიფერენცირებულ ორივე ნაწილს) და ის შთაბეჭდილებაც უნდა დარჩენილიყო, რომ კაბა მხოლოდ და ზუსტად ჩვენი მშვენიერი ქალბატონის სხეულზე იყო ორიენტირებული. ...და მივიღეთ ჰარმონია, რაც ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა.

მორალი: 
რად გინდა კაბა, თუნდ იყოს ჭრელი,
თუ შენს სხეულს არ გამოადგება.

четверг, 13 сентября 2018 г.

დაფიქსირებული წამები

კარგად მახსოვს, 1968 წლის სექტემბერის დასაწყისში, მეექვსე კლასელი რომ გავხდი, ჩემმა უფროსმა ძმა ფოტოაპარატი ФЭД-3 მიყიდა (სხვათა შორის, ეს ФЭД არის აბრევიატურა - Феликс Эдмундович Дзержинский); ჰოდა, იმ დღიდან ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა, სავარაუდო პროფესიაც დაისახა (...რაც ვერ ავისრულე) და, რაც მთავარია, ჩემი მშობლების, ნათესავების, მეზობლების, თანაკლასელების, თანაკურსელების თუ მასწავლებლების ცხოვრების ამსახველი წამებიც დავაფიქსირე...
მაშინ ერთი ფოტოს ქაღალდამდე მიტანას (ანუ დაბეჭდვას) რამდენიმე პროცესის ჩატარება სჭირდებოდა: ფირის ჩატვირთვა აპარატში, ფოტოების გადაღება (პარამეტრების დაყენებას, განათების მიხედვით, ცოდნა სჭირდებოდა, ახლანდელივით ავტომატურად კი არ ხდებოდა), მერე გასამჟღავნებელი წამლების დამზადება, ფირის ე.წ. „ბაჩოკში“ ჩახვევა და გამჟღავნება... დასაბეჭდი წამლების დამზადება, ოთახის ჩაბნელება, ქაღალდზე დაბეჭდვა... მერე გამოსახულებიანი ქაღალდების მინაზე მიწებება, რომ პრიალა გამოსულიყო... ჰო, დამავიწყდა - შვიდი ნომერი ავტობუსით ავლაბრიდან მარჯანიშვილის მოედანზე წასვლა და საჭირო ფოტოწამლების და ქაღალდების იქ ყიდვა... Проявитель და Фиксаж ერთად ორმოცდაათამდე კაპიკი, ფოტოქაღალდი (20 ცალი) - ოცდაათი კაპიკი, ავტობუსით იქით-აქეთ მგზავრობა - 10 კაპიკი... ერთ მანეთში ეტეოდა მთელი ეს „ფილოსოფია“
ახლაც საწერ მაგიდაში მიდევს ეს ფოტოაპარატი, ბავშვებმა მოშალეს, მაგრამ მაინც ვინახავ... ამ დღეებში 50 წლიანი მეგობრობის იუბილე გვაქვს და ამიტომაც გავაკეთე ფოტოკოლაჟი, რაც 1968-1984 წლებში ერთად შევქმენით ჩვენ: მე და Феликс Эдмундович Дзержинский-მ...