1.
...დღეს ჩემი ერთი ფრენდის მოსაზრება წავიკითხე იმის თაობაზე, რომ მოსწავლეს "შეცდომა" უნახავს მურმან ლებანიძის ცნობილ ლექსში:
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო....
მართალია, აქ აზრობრივად უნდა იყოს - ოდესღაც დიდი ყოფილა... ჰოდა, ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ ბატონმა მურმანმა ლექსის მუსიკალურობის შესანარჩუნებლად თავი აარიდა ამ "ღან"-იან სიტყვას და ამიტომაც დაწერა - ოდესმე დიდი ყოფილა-ო...
თავად განსაჯეთ - ეს "ღ" ერთგვარად ამუხრუჭებს აზრის (...და ჰარმონიის) დინებას იმ მთავარ ფრაზამდე (დიდი ყოფილა საქართველო), რის თქმაც პოეტმა მოისურვა:
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო....
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აშკარად ვიგრძენი ეს "მუხრუჭი", თუმცა კიდევ ერთი რამის თქმა მინდა ამ "ოდესმე"-ს შესახებ.
2.
ზოგადად იმის დიდი წინააღმდეგი ვარ, როცა მავანი კრიტიკოსები (ლიტ.მცოდნეები და ლიტ.ექსპერტები) "ხედავენ" ნაწარმოებში იმას, რაც ავტორს არ უთქვამს და დიდი შემართებით სურთ დაგვარწმუნონ იმაში, რომ პოეტმა თუ მწერალმა იგულისხმა ესა თუ ის მისტიკურ-რელიგიური თუ თუნდაც ყოფითი მოვლენა (ცნება... ფაქტი... ამბავი...); შემხვედრია ისეთი გამოკვლევები, სადაც მკვლევარი 10-20-30-ჯერ მეტს წერს იმაზე, რაც ავტორს უწერია... ერთი სიტყვით, არ მჯერა ასეთი "ექსპერტებისა".
...და ეს დიდი შესავალი იმიტომ დავწერე, რომ მოგახსენოთ - ბატონმა მურმანმა ეს იგულისხმა, თუ არა, არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ, მხოლოდ ჩემი ვარაუდია ეს და თუ არ მოგეწონებათ, არ დაიჯეროთ არაფერი, რასაც ვიტყვი...
იქნებ ეს "ოდესმე" სრულიად შეგნებულად დაიწერა, რათა მკითხველმა ქვეცნობიერად ასეც წაიკითხოს ლექსი?! (შესწორებები შევიტანე მე და ბოდიშს ვიხდი ბატონი მურმანის ხსოვნის წინაშე, მის ტექსტში ჩარევის გამო).
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი იქნება საქართველო.
იქნება დავით-მეფე-აღმაშენებელი,
იქნება ოპიზარი-გასაშტერებელი;
იქნება მოდრეკილი, იქნება ცურტაველი,
რასაც კვლავ მოჰყვება შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი იქნება საქართველო.
იქნება ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
იქნება ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
* * *
(ოდესმე იქნება! - ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ჩვენ ყველას გვაქვს).
საინტერესო მიდგომაა.
ОтветитьУдалить