დიდი აგენტი და ჯაშუში და ჭორიკანა და ბემურაზი ვინმე ყოფილა ეს გუგული დეიდა... გუშინ ერთ ინგლისურ წიგნს ვეძებდი მის "ქუჩაბანდებში", აქაურობა - ანუ "ფეისბუქი" - საერთოდ გათიშული მქონდა, რადგან ძალიან ჩამითრია ძებნამ, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე, რადგან ის წიგნი მხოლოდ ე.წ. ფასიან საიტებზე იდო და ჩვენ რომ ვართ მიჩვეული მუქთა კომპიუტერულ სიამეებს ("ეგრე არ არისო, ძმაოო" - მითხრეს და...) ხელცარიელი გამომისტუმრეს უკან იმ ქუჩაბანდებიდან...
და დღეს, აქვე, მარჯვენა მხარეს, სადაც ნაირნაირი რეკლამები "იჩითება" ხოლმე "ფეისბუქში", ზუსტად ის წიგნი დევს და საკმაოდ მრგვალი (და ცოტა მეტი) ფასი ადევს მავანი სავაჭრო საიტის შემოთავაზებით... ცხადია, იმან ამას უთხრა, რომ მე იმას ვეძებდი და კიდევ ერთხელ დამიდეს აქ საცდუნებლად, მაგრამ.... ჰა-ჰა! დღეს "გავაიასნე" საკითხი, გადავბარგდი სპარსულენოვან ინტერნეტში და ისეთი რამ ვიპოვე, რომ აღარც რუსული და ინგლისური წყაროები მინდა და აღარც გუგული დეიდა მთელი თავისი სააგენტურო ქსელით... ოღონდ ეგ არის - სინანულის გრძნობა გამიჩნდა:
- რატომ იყო "რევოლუციამდელი" ბავშვი გონებაჩლუნგი?
- იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერი და ინტერნეტი!
25-30 წლის წინ რომ მქონოდა ეს საშუალებები, ხომ მექნებოდა უკვე გაკეთებული ყველაფერი ის, რის კეთებაც ახლა დავიწყე და სულ იმის შიში მაქვს - მოვასწრებ თუ არა?!
Комментариев нет:
Отправить комментарий