понедельник, 20 октября 2014 г.

20 ოქტომბრის ფიქრები

დიდი აგენტი და ჯაშუში და ჭორიკანა და ბემურაზი ვინმე ყოფილა ეს გუგული დეიდა... გუშინ ერთ ინგლისურ წიგნს ვეძებდი მის "ქუჩაბანდებში", აქაურობა - ანუ "ფეისბუქი" - საერთოდ გათიშული მქონდა, რადგან ძალიან ჩამითრია ძებნამ, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე, რადგან ის წიგნი მხოლოდ ე.წ. ფასიან საიტებზე იდო და ჩვენ რომ ვართ მიჩვეული მუქთა კომპიუტერულ სიამეებს  ("ეგრე არ არისო, ძმაოო" - მითხრეს და...) ხელცარიელი გამომისტუმრეს უკან იმ ქუჩაბანდებიდან...
და დღეს, აქვე, მარჯვენა მხარეს, სადაც ნაირნაირი რეკლამები "იჩითება" ხოლმე "ფეისბუქში", ზუსტად ის წიგნი დევს და საკმაოდ მრგვალი (და ცოტა მეტი) ფასი ადევს მავანი სავაჭრო საიტის შემოთავაზებით... ცხადია, იმან ამას უთხრა, რომ მე იმას ვეძებდი და კიდევ ერთხელ დამიდეს აქ საცდუნებლად, მაგრამ.... ჰა-ჰა! დღეს "გავაიასნე" საკითხი, გადავბარგდი სპარსულენოვან ინტერნეტში და ისეთი რამ ვიპოვე, რომ აღარც რუსული და ინგლისური წყაროები მინდა და აღარც გუგული დეიდა მთელი თავისი სააგენტურო ქსელით... ოღონდ ეგ არის - სინანულის გრძნობა გამიჩნდა:
- რატომ იყო "რევოლუციამდელი" ბავშვი გონებაჩლუნგი?
- იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერი და ინტერნეტი!
25-30 წლის წინ რომ მქონოდა ეს საშუალებები, ხომ მექნებოდა უკვე გაკეთებული ყველაფერი ის, რის კეთებაც ახლა დავიწყე და სულ იმის შიში მაქვს - მოვასწრებ თუ არა?!

пятница, 10 октября 2014 г.

სირაჯხანა

სირაჯხანა სირაჯების ბუდეა?

...ძველებს ახსოვთ ეს სიმღერა (გაგრძელებაც ვიცი - "ორთაჭალა - კიტრები და მწვანილი" და ა.შ.)

გავრცელებული აზრით, ეს სიტყვა სირაჯ (+ "ხანა" - სახლი) ღვინის სარდაფს ნიშნავს და იმასაც მიუთითებენ ხოლმე, რომ ეს სპარსული სიტყვიდან "სირაჯ/სირაჩ" მოდისო... მეც ასე ვიცოდი და ვიცი და მეტსაც გეტყვით, მთელი ბავშვობა ამ აღმართზე ჯერ დავრბოდი და მერე ავდი-ჩავდიოდი და მთელი ჩვენი უბანიც და თბილისის აღმოსავლეთი ნაწილიც ამ სიტყვით იცნობდა - სირაჯხანა (ახლა - ღვინის აღმართი.... ვითომ რატომ "აღმართი" და არა დაღმართი... ავლაბრის მოსახლეობისთვის ეს სწორედაც, რომ დაღმართი იყო და არის). ამ აღმართ-დაღმართზე არსებული ღვინით მოვაჭრე ერთი-ორი მაღაზია მეც ძალიან კარგად მახსოვს და, მგონი, ახლაც არის (დიდი ხანია, აღარ ჩამივლია იქით), თუმცა ამ აღმართზე ბავშვობიდან მახსოვს, რომ უფრო მეტი ე.წ. რკინა-კავეულის და ნაირგვარი საყოფაცხოვრებო რკინის ნაკეთობების სავაჭრო ადგილები და მეთუნე-მეთუნუქეების სახელოსნოებიც იყო, ქუჩის ორივე მხარეს (ე.წ. "ფეჩს"/ღუმელს და მის რამე-რუმეებს სულ იქ ვყიდულობდით, ჩემი ძველი მეზობლები დამეთანხმებიან)... ახლა მტკვრის მხარეს მდებარე შენობები დაანგრიეს, მხოლოდ კლდის მხარე დარჩა... ერთი სიტყვით, ღვინო და მეღვინე ახსენდება უმალ ძველ თბილისელს, რაწამს ამ სიტყვას - "სირაჯ/ჩ-ხანას" გაიგონებს... მე კი რატომღაც ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, რადგან იმ აღმართ-დაღმართზე, როგორც ვთქვი, უფრო მეტი რკინის ჯინჯილები და ზანზალაკები იყიდებოდა, ვიდრე ღვინო (სადღაც 60-იან წლებზე ვლაპარაკობ).
* * *
"ხანა" რომ სპარსულია, ეს ცხადია (ჩაიხანა, ყავახანა, ქარხანა და ა.შ.) და "სახლს" ნიშნავს... "სირაჯ" უფრო არაბულ სიტყვას ჰგავს, თუმცა ეს არ არის მთავარი, მე მის მნიშვნელობას ვეძებდი შესაბამის ლექსიკონებში (პოლიგრაფიულშიც და ელექტრონულშიც) და ვერსად წავაწყდი მის კავშირს "ღვინოსთან"... ყველგან გარკვევით წერია, რომ ეს არის "მეუნაგირე, უნაგირების კეთების ოსტატი... უნაგირების გამყიდველი...", სირაჯხანა კი უნაგირების სახელოსნოს, სავაჭრო ადგილს და მისთანას ნიშნავს... 

არაბულ-სპარსულად სიტყვა "ღვინის" რამდენიმე ვარიანტი არსებობს: მეი, შარაბ, მოლ, ბადე (აქედან არის ჩვენი "ბადაგი"), უფრო ძველი - ნაბიზ... მეტაფორული - თალხვაშ და ა.შ. ლამის მთელი კლასიკური სპარსული პოეზია მაქვს უკვე გადაქოთქოთებული და "სირაჯ" არსად შემხვედრია ღვინის მნიშვნელობით... 

თუ ვინმე ჩემი კოლეგა აღმოსავლეთმცოდნე მიმითითებს სიტყვას, რომელიც "სირაჯ"-თან არის კავშირში და რამენაირად "ღვინოსაც" აღნიშნავს, დიდად მადლობელი დავრჩები.

(ფოტოზე - ძველი სირაჩხანა ავლაბრიდან ქვემოთ, მტკვრისკენ).