ანუ „ღვინო“, როგორც ხალხთა დიდი მიგრაციის თანამიმდევრობის განმსაზღვრელი ცნება
ადრე გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ნამდვილად ქართული სიტყვების ამოსაცნობი ერთი უტყუარი ხერხი არსებობს და ეს თანხმოვანთა ქართულ წყვილებში უნდა ვეძიოთ, ანუ: ცხ, წყ, თხ, ძღ ძირებზე ბევრი ქართული სიტყვაა „დაშენებული“ და ეს სიტყვები რამდენიმეჯერ ჩამოვთვალეთ კიდეც... ასეთივე ნამდვილად ქართული წყვილია „ღვ“ და შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბევრი სიტყვა: ღვია, ღველფი, ღვედი, ღვანჭი, ლეღვი, ღვარი, დაღვრა, ნაღველი, ღვიძილი, ღვიძლი, მღვიმე, ღვეზელი და ასე შემდეგ... და, რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა - ღვინო.
ამჟამად თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს სიტყვა მთელ მსოფლიოში ქართული ენიდან გავრცელდა:
ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu.
როგორც ნახეთ, ზემოთხსენებული ინდო-ევროპული ენები „ღვინის“ დასახელებაში ინარჩუნებენ თანხმოვან „ნ“-ს, ხოლო „ღ“ (თავისი სპეციფიური „კავკასიურობის“ გამო) დაკარგულია და მას მხოლოდ სომხურში ვხვდებით - „გინი“ (ადრე უნდა ყოფილიყო „ღინი“)... ისიც მიგეხსენებათ, რომ ინდო-ევროპელთა მიგრაცია დაიწყო ინდოეთიდან და გავრცელდა დასავლეთისკენ და იქ მათ ჯერ შეავიწროვეს და მერე თითქმის მთლიანად მოსპეს ისეთი კულტურა, რასაც ხეთურს უწოდებენ და რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის გარშემო არსებობდა; ხეთების შთამომავლებად უნდა მივიჩნიოთ ბასკები (სავარაუდოდ, საფრანგეთის „გასკონია“ თავისი დ'არტანიანებით სხვა არაფერია, თუ არა „ბასკონია“), კორსიკელები, სარდები და ჩვენ... ამავე კულტურას მიეკუთვნებოდნენ, ვთქვათ, კართაგენელები, რომლებიც ჯერ რომის იმპერიამ გაანადგურა და შემდეგ არაბთა სახალიფომ საერთოდ აღგავა პირისაგან მიწისა (იგულისხმება თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე ოდესღაც მცხოვრები ხალხი)...
არსებობს ასეთი აზრი, რომ ჩვენს ენაში ეს სიტყვა შეიქმნა ასეთი სახელზმნიდან გამომდინარე - „ღვივილი“, რასაც თანამედროვე ენაში „გაღვივება“ ჩაენაცვლა და ეს ღვინოდ წოდებული სითხის დუღილს, თუ შეიძლება ასე ითქვას - ამოღვივებას უკავშირიდება...
ივანე ჯავახიშვილი სიტყვა „ვენახ“-ს ასევე ღვინოსთან აკავშირებდა და ასე განმარტავდა: ვენახი = ღვინის + ხე
პირადად მე მჯერა, რომ ზემოხსენებული ეტიმოლოგია სინამდვილეს შეესაბამება და თუ თქვენც გჯერათ, მაშინ ერთ საინტერესო დაკვირვებას მოგახსენებთ:
რაც შეეხება იმ ინდოევროპელების შთამომავლებს, რომელბიც კაცკასიამდე არ მოვიდნენ და დარჩნენ თანამედროვე ირანის, პაკისტანის, ავღანეთის თუ შუა აზიის ტერიტორიაზე, ისინი არ იცნობენ სიტყვა „ღვინო“-ს... თითქოს ინდოევროპელთა მიგრაციაში ამ სიტყვამ სადემარკაციო ხაზი გაავლო და მის აღმოსავლეთით მდებარე ხალხებმა ამ ნეტარხსენებულ სითხეს დაარვეს - ნაბიზ, მეი, ბადე, მოლ, შარაბ.... „ღვინომდე“ კი ვერ მოვიდნენ და შეიძლება ითქვას, ვერ ამაღლდნენ მის დიდებამდე...
ჰოდა, სომხები ის ინდოევროპელები არიან, რომლებმაც, როგორც ჩანს, პირველებმა მოაღწიეს კავკასიამდე, აქ დარჩნენ და ჩვენი სიტყვა „ღვინო“ აქციეს „გინი“-დ... სხვა ინდოევროპელებმა განაგრძეს მიგრაცია ევროპისკენ, დაიკავეს იქაური კელტების, გალების, ეტრუსკების, იტალიკების თუ სხვა აბორიგენთა ტეროტორიები და ჩვენი „ღვინო“ vinum, wein, wine, вино-ს სახით ხელს... უფრო სწორად, ენას გააყოლეს.
აი, ამის თქმა მინდოდა...