вторник, 17 ноября 2015 г.

დაგვიანებული მონოლოგი

(17 ნოემბერი, 2015 წელი)

...მესამე დღეა, გურჩენკოზე შექმნილ სერიალს ვუყურებ... 10 სერია ვნახე, კიდევ აქვს გაგრძელება და ველოდები, როდის აჩვენებენ კინოთეატრ "YouTube"-ში... თავად სერიალი კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ბევრ საინტერესო ფაქტებზეა იქ საუბარი და პირადად ჩემთვის ზუსტი პასუხი გასცა იმ კითხვას, რაც დიდი ხანია, დავიწყებული მაქვს, მაგრამ მაინც მიღრღნის ხოლმე ხანდახან გონებას ეჭვით და გაურკვევლობით.

ფილმში არის ასეთი ეპიზოდი: "Карнавальная ночь"-ის (56-ში გადაიღეს) ფანტასტიური წარმატების შემდეგ, ჯერ კიდევ სტუდენტ გურჩენკოს ათასი თვალი დაუწყებს დევნა-თვალთვალს და მათ შორის КГБ-ც და საბოლოო ჯამში დაიბარებენ მას და შესთავაზებენ აგენტობას, ანუ გურჩენკოს უნდა მიეტანა ინფორმაცია იქ თავისი გარემომცველი წრის შესახებ... როგორც ირკვევა, იმ წრეში ძალიან ბევრი ჯაშუშობდა ისე, რომ ერთმანეთის ენატანიობის შესახებ არაფერი იცოდნენ და ასე აბეზღებდნენ ერთმანეთს... გურჩენკო აგენტობაზე უარს იტყვის და ის თანამშრომელი "სუკისა" დაჰპირდება, რომ ცხოვრებას გაუმწარებდა და ვეღარ მიიღებდა როლებს... ასეც მოხდა, 70-იან წლებამდე პრაქტიკულად დავიწყებული იყო ეს უნიჭერესი ქალი და, უმუშევრობით გაწამებული, შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა...

(ბევრი უნდა დავწერო, ნერვები ამეშალა)
ჩემი ცხოვრება ამ დიდი მსახიობთან რა მოსატანია, მაგრამ მსგავსი რამ თურმე მეც შემემთხვა და აქამდე არ მჯეროდა, რომ მეც დამმართეს იგივე: 

79-ში დავამთავრე უნივერსიტეტი და 81-ის თებერვლამდე სამჯერ დამიბარეს  КГБ-ში - ჩვენი თანამშრომელი უნდა გახდეო... მე რომ უარს ვეუბნებოდა მათთვის მიუღებელი სხვადასხვა მიზეზის გამო, მერე დედაჩემთან მოვიდნენ და დაუწყეს "ლამაზი პერსპექტივით" მოხიბლვა და დედაჩემიც დამხვდა ერთხელ საყვედურებით - მეტი რა გინდა?! ამაზე უკეთეს რას ნახავო?! - და ა.შ. მართალია, მე არავინ დამმუქრებია, მაგრამ ორი წლის განმავლობაში მაინც ვერ ვიშოვე სამსახური... ზოგი ჭირი მარგებელია და 81-ში ავღანეთში წამიყვანეს თარჯიმნად და ორი წლის განმავლობაში აღარავინ მომკარებია (მხოლოდ იმას მაძალებდნენ იქაური რუსის "პოლკოვნიკები", რომ პარტიის წევრი გავმხდარიყავი, რაზედაც ასევე უარი ვუთხარი)... 
...83-ში საქართველოში რომ დავბრუნდი, ისევ გამომეცხადა ვიღაც ცანცარა რუსი (შესაბამის ქვეყანაში გაგზავნის და იქ "სამოთხისებური" ცხოვრების პერსპექტივით) და მასაც რომ ვუთხარი უარი, დაიწყო ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი: ყველგან უარი მითხრეს სამსახურზე, არც ჩემი ენის ცოდნა აინტერესებდათ, არც თარგმნის უნარი და ა.შ. ერთ ინსტიტუტში ძალიან კარგად მიმიღეს, ერთ კვირაში მოდი და მოიტანეო საბუთები, მაგრამ რომ მივედი, უარი მითხრეს - გადავიფიქრეთო (ერთი კვირის განმავლობაში, ალბათ, მიიღეს პასუხი "იმ ორგანოდან")... ერთმა კაცმა, რომელსაც, მორალურად მაინც, ევალებოდა ჩემი დასაქმება, საერთოდ ზურგი მაქცია... (ოციოდე წლის შემდეგ კი მითხრა - სადა ხარ, სად დაიკარგეო?!); მთარგმნელთა კოლეგიაში - ორიოდე წლის წინ მითხრა ერთმა ჩემმა კოლეგა-ირანისტმა - თურმე მას, როგორც ირანისტს, დაავალეს, რომ ჩემს თარგმანებზე ცუდი რეცენზია დაეწერა (რაზედაც მან უარი განაცხადა), მაგრამ სამაგიეროდ სხვას დააწერინეს თურმე და ორწლიანი ლოდინის შემდეგ, რომლის განმავლობაში, იმ იმედით, რომ ამიყვანდნენ შტატში, ვთარგმნე და ჩავაბარე შესაბამის განყოფილებას პრაქტიკულად მთელი კლასიკური სპარსული (ტაჯიკური) პოეზიის პწკარედიც, რომელიც სხვებს უნდა გაელექსათ, მაგრამ მითხრეს - რომ თავისუფალი შტატი არ აქვთ და ვერ მიმიღებენ. არადა, ამ დროს იმ კოლეგიაში ორასამდე თანამშრომელი იყო, რომელთაგან მხოლოდ ათიოდე კაცი აკეთებდა საქმეს, ეს ერთმა იქ მომუშავე ძალიან ცნობილმა პიროვნებამ მითხრა, რომელიც ერთადერთი გულშემატკივარი იყო ჩემი (სხვათა შორის, "ცისფერი მთები" ზუსტად იმ შენობაშია გადაღებული და იქ არსებულ რეალობას ასახავს და ხანდახან მგონია, რომ ჩემ შესახებაა შექმნილი ეს ფილმი). ერთი სიტყვით, 1989 წლის აპრილამდე ყველგან უარს მეუბნებოდნენ და "ცხრა აპრილის" მოვლენების შემდეგ, რომლის შედეგად ბევრმა დაყარა პარტიული მანდატები (როგორც ჩანს, კიდევ სხვა "მანდატებიც")  იმ მოტივით, რომ - "რას ლაპარაკობ, კომპარტიაში ძალით მიმიღეს, რა მინდოდა ამ პირსისხლიან კომუნისტებთანო"... - ასე თუ ისე მეც მეშველა.
1989 წლის სექტემბერში ერთ სკოლაში მიმიღეს მასწავლებლად, მერე ჩემს მშობლიური სკოლაში გადავედე და როცა კუპონით მიღებული ხელფასით, ერთი კოლოფი სიგარეტის გარდა, არაფრის ყიდვა არ შემეძლო, წავედი და პოლიგრაფიულ საქმეში ჩავერთე, კომპიუტერიც გამოჩნდა, გაზეთის, ჟურნალის თუ წიგნის კეთებაც ვისწავლე, მერე ჩემი გაზეთი "ფანტაზია" შევქმენი და ამით ვიარსებე 2011 წლამდე... ამ საქმეში ჩემთვის ხელი არავის შეუშლია, რადგან (...როგორც გურჩენკოს მსგავსი მსახიობები იყო თითებზე ჩამოსათვლელი) ჩემი მსგავსი "კროსვორდისტიც" თითოოროლა იყო მაშინ (ახლა არ ვიცი, ჩამოვშორდი უკვე კროს-სამყაროს) და აღარც ის სახელმწიფო არსებობდა თავისი "бдительный" მოქალაქეებით... ახლობლები დამცინოდნენ - Такие кроссвордисты на улице не валяются-ო, კიევში კი 2006 წელს ერთ რედაქციაში ერთხელ მითხრეს - Вы король кроссворда-ო და не только грузинского-ო!

აი, ასე "გასცა პასუხი" ფილმმა გურჩენკოს შესახებ ჩემს კითხვას - "შესაბამისმა ორგანოებმა" დაბლოკეს თურმე ჩემი ცხოვრება და ამიტომაც ვიყავი უმუშევარი თითქმის ათი წელი (...როგორც ასეთ შემთხვევაში ხდებოდა - კი ვმუშაობდი, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის მქონე საქვაბეებში და მისთანებში, რადგან ჩემი გონებრივ-ინტელექტუალური პარამეტრები დიდ საშიშროებას წარმოადგენდა (თურმე!) СССР-КПСС-ისათვის, რომლებმაც 70-წლიანი "Карнавальная ночь" გაუმართეს დედამიწის ერთი-მეექვსედზე მცხოვრებ ადამიანებს.