пятница, 9 октября 2015 г.

ვითომ ხვალ საკონტროლო წერა მაქვს

(სკოლაში სწავლისას არ ვწერდი ხოლმე წინასწარ თემებს და ახლა გამოვასწორებ ჩემს "დანაშაულს" და რომ მივალ "ცად" ჩემს მასწავლებელთან, გავახარებ)

არ ვიცი, მავანი მეცნიერნი რატომ ცდილობენ, რომ ყველა დიდ და მნიშვნელოვან (კლასიკურ!) ნაწარმოებში მისტიური, ღვთიური, ასტრალური და მისი მსგავსი საწყისები დააფიქსირონ და შემდეგ მკითხველს აუწყონ, რომ ისინი ჩაწვდნენ ამ არაამქვეყნიურობას და დაინახეს ის, რაც ავტორმა არ თქვა...
არადა, იბადება სრულიად ლოგიკური კითხვა - რატომ არ თქვა ავტორმა - ვინმე უშლიდა თუ არ შეეძლო?
მაგალითად, დავით გურამიშვილის "ზუბოვკის" შესახებ ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
მავანნი დიდის გულმოდგინებით ამტკიცებენ, რომ გზად მიმავალ პოეტს არაამქვეყნიური არსება მოევლინა და მასში მისტიური ხილვები წარმოშვა... საიდან ასკვნიან? პოეტს უწერია ეს? - არა. არ შეეძლო დაეწერა? - რა თქმა უნდა, შეეძლო; გურამიშვილი მთელ "დავითიანში" თვალნათლივ და ცხადად წარმოაჩენს თავის რელიგიურ ხედვებს (როგორც ახლა იტყვიან) და რაღა ამ ლექსში შეიკავა თავი?! ან იქნებ სალექსო ზომას და რითმას ვერ მოარგებდა თავის სათქმელს და ამიტომაც გამოიყენა ასეთი მეტაფორები: "ზუბოვკა" და "ქალი"?! დავითმა რომ ჩვეულებრივი უკრაინელი ქალი ნახა და მასთან გაბაასებაში ტიპიური ქალური რეაგირების მომსწრე შეიქნა, კარგად ჩანს ამ სტრიქონებში:
ასე მითხრა: «ჩამომეხსენ, გამეცალე, მარი,
არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა მყავს კარგი მყვარი...

მითხრა: «შენგნით ნუმცა მსმია სიტყვა მაგის მეტი».
აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი...

მერმე ტკბილად დამიყოვა, კიდეც გამიცინა;
ასე მითხრა: «აქ ნუ ვსხედვართ, გვნახოს არავინა...

ხედავთ აქ რაიმე მისტიურ-ასტრალურ-არამქვეყნიურს?!
როგორც ჩანს, მავანი მეცნიერნი ამ სიტყვებმა ააცდინა ჩვეულებრივ ყოფით აღქმას:

დამპირდა, თქვა: «კიდევ მოვალ», აწ მე იმას ველი:
მისთვის ვსტირი, ცრემლითა მაქვს უბე, კალთა სველი.
სიკვდილის დროს მე მის მეტი არავინ მყავს მშველი,
მან გამიღოს სამყოფისა კარი შესასვლელი...

აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?
ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.
ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!...

ღრმა მოხუცებულობის ჟამს გაახსენდა მარტოობით გაწამებულ დავით გურამიშვილს ის ქალი, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა ("კულავ სადმე ამოივლი, მე დაგხვდები წინა"), არ მიეცა ამის საშუალება, გავიდა მას შემდეგ დიდი ხანი და მისმა მსურველმა პოეტმა (...გული მისთვის ხურსა) ივარაუდა, რომ ის ქალი გარდაიცვალა და ცაში ავიდა და ამიტომაც სთხოვს - მეც მანდ წამიყვანეო...
ვიმეორებ ჩემს კითხვას - რა არის ამაში მისტიურ-ასტრალურ-არაამქვეყნიური?!
* * *
იცხოვრეთ, პატივცემულებო ჩვეულებრივი, ამქვეყნიური ხედვებით... კაცობრიობამ იმდენი რელიგია და მისტიციზმი შექმნა, რომ პოეტების სატრფიალო გრძნობების დამატებას არცერთი მათგანი არ საჭიროებს და ვეღარც ვეღარავის გააკვირვებთ თქვენი კვლევის სიღრმისეული და ალეგორიული მეთოდებით....

აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ, ვინც უკრაინაში ყოფილა და ამ ქვეყნის ქალაქელებთან ერთად სოფლის მცხოვრებნიც უნახავს, დამეთანხმება, რომ ზოგი მართლა ისეთი ქალი იარება იქ გზებზე, რომ კაცები ისე გაოგნებულნი მისდევენ ხოლმე, როგორც იმ ცნობილ ნაწარმოებშია - ნილსი რომ ჯადოსნურ სალამურს მოიმარჯვებს და მთელი ქალაქის ვირთხებს შლეიფად მოიკიდებს.