გასული ზაფხულის მოგზაურობათაგან ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა იყო - ჯორდანო ბრუნოს ძეგლის მონახულება რომში... ეს გახლავთ კამპო დეი ფიორი (Campo de' Fiori) - "ყვავილების ველი/მდელო", სადაც დაწვეს სინიორ ჯორდანო 1600 წლის 17 თებერვალას, ხოლო 1889 წლის 9 ივნისს ძეგლი დაუდგეს იქ, სადაც დაწვეს... მსგავსი ცინიზმი (მე სხვა სახელს ვერ ვარქმევ) ჟან დ'არკს და კიდევ ბევრ სხვას არგუნა ისტორიამ (თუნდაც ის, რომ შიმშლით და მარტოობით ხოცავდნენ გენიოსებს, შემდეგ კი მათი რეაბილიტირებით მავანნი კეთილდღეობას იქმნიდნენ და კვლავაც იქმნიან); აღარ მივყვები პუბლიცისტურ-ფილოსოფიურ მსჯელობას... გენიოსების განადგურების ხარჯზე ორმაგად "ქულების" დაწერა (ჯერ მიწასთან გასწორება და მერე განდიდება) თითქმის კანონზომიერებაა ამ წუთისოფლისა... რომში კიდევ ერთმა "კანონზომიერებამ" გამაოცა, ასე ვთქვათ - ყოფითმა:
კამპო დეი ფიორეზე, ჯორდანო ბრუნოს ირგვლივ ათასგვარი წვრილმანით თუ მსხვილმანით მოვაჭრეთა დახლები იყო გაშლილი (ხილი და ბოსტნეული და ათასგვარი ჯინჯილები ტურისტებისთვის და ა.შ. ...ხალხი იქ ჯორდანოს სანახავად მიდის და "კარგი ვაჭრობაც" ამით არის გარანტირებული); დიდი სიმაღლის ძეგლი თითქმის არ ჩანდა შორიდან, იქ მოვაჭრენი კი ფრიად და ფრიად შავგვრემანი ადამიანები იყვნენ, ერთი-ორ მათგანს გავესაუბრე კიდეც და ისინი აზიის მავანი დიდი და მრავალრიცხოვანი ქვეყნებიდან აღმოჩნდნენ რომში სამუშაოს საძებნელად ჩასულები... კიდევ კარგი აღმოსავლეთმცოდნების ფაკულტეტზე შეძენილი ლინგვისტური ცოდნიდან ცოტა რამ მახსოვდა და გავიგე - ვინ საიდან იყო და რატომ ჰქონდათ ასეთი მუქი კანი, თორემ შეიძლება უცებ წარმომედგინა, რომ საბრალო ჯორდანოს წვის შედეგად ადენილი კვამლი ჯერაც მოქმედებს იმ "კამპოზე" და მიტომაც იყვნენ ასე "გამურულები" მისი ძეგლის გარშემო მოფუსფუსე ადამიანები...