11 სექტემბრის მონოლოგი საპანაშვიდო და თეატრალური ნაწილებით
პირველი მოქმედება - დატირება
დონატას ბანიონისი გარდაიცვალა...
ეს სახელი არაფერს ეტყვის მას, ვისაც საბჭოური წარსულის მქონე ქვეყნები, და მათ შორის ლიტვა, მხოლოდ იმიტომ ჰყავს ათვალწუნებული, რომ იქ ერთხანს "წითელი მოძალადეების რეჟიმი" ბატონობდა ... მათი ნებაა! პირადად მე და ჩემი თაობის მრავალ წარმომადგენელს კი ბანიონისის მსგავსმა პიროვნებებმა ბევრი საფიქრალი გაგვიჩინეს და სწორედ ესაა ხელოვანის დანიშნულებაც - გონებრივი საზრდო მისცეს ადამიანს და არა "მუვით" და "ექშენით" გააბრუოს იგი!
ბანიონისს უთქვამს:
"ხელოვნება უნდა ეძებდეს მარადიულს და არა ახალს"-ო...
მეორე მოქმედება - სცენა
...ჰოდა, (გავდივარ ავანსცენაზე, რამპის ჩირაღნებს ვაპყრობ მზერას) შესაბამისი პათეტიკით განვაგრძობ მონოლოგს და "სიყვარულის მეცნიერებათა მარადიულ პროფესორს" (ასეთი შეფასება ამოვიკითხე სადღაც!..), სინიორ ფრანჩესკოს 76-ე სონეტს ვკითხულობ (შთაგონებით!)...გოდებათა ციკლიდან... ამგვარი ემოციები კი, როგორც ჩანს, მარადიული და უსაზღვროა, რადგან პეტრარკამდე ასიოდე წლით ადრე ჩვენი რუსთველიც ასეთივე მკვნესარეს გვიხატავდა სატრფოს მაძიებელ ტარიელს და ჯალალ ედ-დინ რუმიც... დაუსრულებელი ოხვრით დაეძებდა ზეცაში "სატრფოს"... არადა, იმასაც ამბობენ, პეტრარკაც ზეცაში რომ დაეძებდა გარდაცვლილ ლაურას, ესეც მისტიკააო და მან თავად შეთხზაო ასეთი არსება წარმოსახვით... სინამდვილეში იგი დაფნის გვირგვინისკენ ისწრაფვოდა და "ლაურა" სხვა არაფერია, თუ არა ეს "დაფნა" (ლათინურად "Laurus")...
ოდეს სიმშვიდეს განმაშორა ტრფობამ ცდუნებით,
უნუგეშოდ ვარ მის დილეგში გამომწყვდეული.
კარის გასაღებს სადღაც მალავს მტერი წყეული
და ვცხოვრობ მე ჩემს არსებასთან ვერდაბრუნებით.
ვერ ვიფიქრებდი, რაც მელოდა, მე რუდუნებით
სიმშვიდისათვის რადგან ჯაფა მაქვს გაწეული,
აწ კი, დღე არა, მაქვს ვაების ათასწლეული
და ვეღარსად ვფლობ ძველ სილაღეს ზნით და ბუნებით.
ტრფობის კირთებით ნამდვილ ტუსაღს ვგავარ ამიერ
და იმ კაეშანს აირეკლავს თვალი წამიერ,
რომელსაც გული ვერ გასწვდა და ვერ მოერია.
ჩემს ფერმკრთალ სახეს აწ ვინც ნახავს, არ ეგონება
რომ მიდგას სული... იტყვის ასე: “ჩემი გონება
მკარნახობს, ამ კაცს რომ დიდი დღე არ უწერია”.
(ჩაის ხომ არ მიირთმევთ მონოლოგის დასასრულს?)