...1979 წელს მოსკოვში "ტორპედოს" სტადიონზე ადგილობრივი გუნდის და ერევნის "არარატის" თამაშს დავესწარი (სხვათა შორის, 2-3 დღის შემდეგ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთელი გუნდი დაიღუპა ავიაკატასტროფაში... მათი თვითმფრინავი ყირიმიდან მომავალ ბავშვებით სავსე თვითმფრინავს შეეჯახა ჰაერში... მაშინ ამაზე, როგორც სჩვეოდათ კომუნისტებს, ოფიციალური პრესა და ტელევიზია არაფერს ამბობდა... ხალხში კი ვრცელდებოდა ინფორმაცია); ჰოდა, ვიყავი მოსკოვში, სტადიონზე, რომელიც არცთუ დიდია, მგონი, 30 ათასამდე მაყურებელს იტევდა და რაც მე იქ ვნახე, არასოდეს დამავიწყდება: ხალხი პრაქტიკულად არ უყურებდა თამაშს, წამოღებული ჰქონდათ სასმელი და ტრიბუნებზე ისხდნენ, სვამდნენ და უაზროდ ღრიალებდნენ... იყო გინება და ლამაზ-ლამაზი სიტყვების ორომტრიალი და ასე შემდეგ... იმავე წლებში, თბილისის "დინამოს" მატჩებზე, ჩვენს სტადიონზე ისეთი სიჩუმე იდგა (არადა, სტადიონი გატენილი იყო - 80 ათასი), რომ, როგორც ვხუმრობდით ხოლმე, თავი საბალეტო სპექტაკლზე გეგონებოდა... იქნება-და არცა გჯერათ?! ისმოდა მხოლოდ ბურთზე ფეხის დარტყმის ხმა, ფეხბურთელების შეძახილები და დაძაბულ მომენტებში სტადიონის ერთიანი ამოოხვრა და ისევ დუმილი - არიქა, მავანი ფეხბურთელის რამე ფინტი არ გამოგვეპაროსო... სხვათა შორის, იმ წლებში მე "დუბლების" თამაშებზეც დავდიოდი და მინიმუმ 30 ათასი ასეთ მატჩებსაც ესწრებოდა...
რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?
იმიტომ, რომ წარსული და ახალგაზრდობა და საბჭოთა კავშირი და 37-მანეთიანი ბილეთები კი არა, კარგი ლამაზი ქართული ფეხბურთი და "დინამოს" სტადიონის მოგუდული განცდები მომენატრა... წავალ, ჩავრთავ ახლა ძველ თამაშებს და ვუყურებ, 1981-82 წლების სეზონის თამაში მაქვს მთლიანად: "ბასტია" - "დინამო" თბილისი (თანაც ჩაი დავლიოთ ორშაბათის დასრულების აღსანიშნავად)...
10 მარტი, 2014 წელი