суббота, 28 апреля 2018 г.

თბილისელი აშუღები

აი, ამ აშუღების სახელები თუ ფსევდონიმები შემორჩა ისტორიას:

ბეჩარა
განჯისკარელი ანტონ
გივიშვილი დავით
ევანგულა
იეთიმ გურჯი
სათარა
საიათნოვა
სკანდაროვა
ფერშანგიშვილი სტეფანე
ქეშიშ დარდიმანდი (იოსებ ამირიძე)
შამჩი-მელქო
ჰაზირა

1. შამჩი-მელქო
ვიკიპედიაში „ჩამჩი-მელქო“ წერია, რაც არასწორია, სხვა წყაროებში გაუსწორებიათ და „შამჩი“-ს წერენ...
ჯერ „მელქო“-ზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა:
არაბულ „მ-ლ-ქ“ ძირზე დაყრდნობილი სიტყვაა და კავკასიაში ფრიად გავრცელებული სახელების და გვარების სათავეა: მელიქიშვილი, მელიქია, მელიქიძე, მელქისედეკი, მელიქსეთბეგი, მელიქიანი, მელიქ-ზადე, მალიკოვი (რუსულში)... „ვიფხისტყაოსანშიც“ კი არის მელიქ-სურხავი (ზღვათა სამეფოს მეფე)...
არაბულში ეს „მ-ლ-ქ“ ძირი მართვას, გამგებლობას მფლობელობას და რაღაც ასეთს ნიშნავს... მერე სხვადასხვა ენაში სახელებად იქცა და პირველადი მნიშვნელობა დაკარგა...
„შამჩი“ ორი ელემენტისგან შედგება: შამ + ჩი... პირველი მათგანი არის „სანთელი“ (არაბ. شمع ), ხოლო „ჩი“ (چی) სპარსული ბოლოსართია (არაბულში ასო-ბგერა „ჩ“ არ არსებობს) და აწარმოებს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანს, ანუ „შამჩი“ არის „მესანთლე“,
ეს „შამ“ კიდევ გვაქვს მეფე თეიმურაზის პოემის სახელში: „შამიფარვანიანი“, ანუ სანთელი და ფარვანა.
რაც შეეხება „ჩი“-ს... 
- გავიხსენოთ „ჩარ+ჩი“, ანუ კაცი, ვინც რაღაც „ჩარ“-ის საშუალებით მოიპოვებს საარსებო საზრდოს.
- თბილისელი სომხები მეზურნეს „ზურნაჩი“-ს ეძახიან.
- ფეხბურთის ძველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, ერთ მშვენიერ დღეს ბაქოს „ნეფტიანიკ“-ს ნეფთჩი რომ დაარქვეს და ვერ გაგვეგო, რაში იყო საქმე... ნეფთ+ჩი = მენავთობეს.
- საინტერესოა სიტყვა „ფინაჩი“, რაც თავისი ხელობის ცუდ მცოდნეს ჰქვია... აშკარაა, რომ აქაც „ჩი“ ბოლოსართია... ხოლო „ფინა“ უნდა იყოს არაბული „фана“ (فنا), რაც წარმავლობას, ხრწნადობას, გაფუჭებას აღნიშნავს... ესე იგი „ფინა+ჩი“ არის ის, ვინც კი არ აკეთებს, არამედ აფუჭებს... მე ასე მგონია....

ბოლოს შამჩი-მელქოს ერთი მაჯამური ლექსის ფრაგმენტს გთავაზობთ, ბევრი სიტყვა უცნობია, მაგრამ იმ ეპოქაში ბესიკთან თუ საიათნოვასთან მსგავსი კონსტრუქციების შექმნა მიღებული იყო.
ბევრის ფიქრით დღენი ჩემნი უსაცილოდ მან დალია,
ჯოჯოხეთი ნურვინ გიყვარსთ, ეს იცოდეთ - მანდ ალია,
ფერად-ფერადი საცმელი, დიბა-სტავრა, მანდალია,
სააქაოს ვინცა სცოდავს, დივანაა, მანდალია...
ომარ, მაჰმუდ და მურთაზალ, ვგონებ იყოს მანდ ალია,
ვინც სათაელის წილშია, ნიშნადა აქვს მანდალია,
უკვდავებისა სასმელიც ღირსა იქმნა, მან დალია,
შ ა მ ჩ ი   მ ე ლ ქ ო ს იამება, თუ შეასმევთ მა ჩინითა.

სხვათა შორის, ამ შამჩი-მელქოს აქვე, ჩემის სახლის ახლოს უცხოვრია... 

четверг, 29 марта 2018 г.

მისი უდიდებულესობა - ღვინო!


ანუ „ღვინო“, როგორც ხალხთა დიდი მიგრაციის თანამიმდევრობის განმსაზღვრელი ცნება
ადრე გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ნამდვილად ქართული სიტყვების ამოსაცნობი ერთი უტყუარი ხერხი არსებობს და ეს თანხმოვანთა ქართულ წყვილებში უნდა ვეძიოთ, ანუ: ცხ, წყ, თხ, ძღ ძირებზე ბევრი ქართული სიტყვაა „დაშენებული“ და ეს სიტყვები რამდენიმეჯერ ჩამოვთვალეთ კიდეც... ასეთივე ნამდვილად ქართული წყვილია „ღვ“ და შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბევრი სიტყვა: ღვია, ღველფი, ღვედი, ღვანჭი, ლეღვი, ღვარი, დაღვრა, ნაღველი, ღვიძილი, ღვიძლი, მღვიმე, ღვეზელი და ასე შემდეგ... და, რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა - ღვინო.
ამჟამად თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს სიტყვა მთელ მსოფლიოში ქართული ენიდან გავრცელდა: ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu.
როგორც ნახეთ, ზემოთხსენებული ინდო-ევროპული ენები „ღვინის“ დასახელებაში ინარჩუნებენ თანხმოვან „ნ“-ს, ხოლო „ღ“ (თავისი სპეციფიური „კავკასიურობის“ გამო) დაკარგულია და მას მხოლოდ სომხურში ვხვდებით - „გინი“ (ადრე უნდა ყოფილიყო „ღინი“)... ისიც მიგეხსენებათ, რომ ინდო-ევროპელთა მიგრაცია დაიწყო ინდოეთიდან და გავრცელდა დასავლეთისკენ და იქ მათ ჯერ შეავიწროვეს და მერე თითქმის მთლიანად მოსპეს ისეთი კულტურა, რასაც ხეთურს უწოდებენ და რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის გარშემო არსებობდა; ხეთების შთამომავლებად უნდა მივიჩნიოთ ბასკები (სავარაუდოდ, საფრანგეთის „გასკონია“ თავისი დ'არტანიანებით სხვა არაფერია, თუ არა „ბასკონია“), კორსიკელები, სარდები და ჩვენ... ამავე კულტურას მიეკუთვნებოდნენ, ვთქვათ, კართაგენელები, რომლებიც ჯერ რომის იმპერიამ გაანადგურა და შემდეგ არაბთა სახალიფომ საერთოდ აღგავა პირისაგან მიწისა (იგულისხმება თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე ოდესღაც მცხოვრები ხალხი)...
არსებობს ასეთი აზრი, რომ ჩვენს ენაში ეს სიტყვა შეიქმნა ასეთი სახელზმნიდან გამომდინარე - „ღვივილი“, რასაც თანამედროვე ენაში „გაღვივება“ ჩაენაცვლა და ეს ღვინოდ წოდებული სითხის დუღილს, თუ შეიძლება ასე ითქვას - ამოღვივებას უკავშირიდება... ივანე ჯავახიშვილი სიტყვა „ვენახ“-ს ასევე ღვინოსთან აკავშირებდა და ასე განმარტავდა: ვენახი = ღვინის + ხე პირადად მე მჯერა, რომ ზემოხსენებული ეტიმოლოგია სინამდვილეს შეესაბამება და თუ თქვენც გჯერათ, მაშინ ერთ საინტერესო დაკვირვებას მოგახსენებთ:
რაც შეეხება იმ ინდოევროპელების შთამომავლებს, რომელბიც კაცკასიამდე არ მოვიდნენ და დარჩნენ თანამედროვე ირანის, პაკისტანის, ავღანეთის თუ შუა აზიის ტერიტორიაზე, ისინი არ იცნობენ სიტყვა „ღვინო“-ს... თითქოს ინდოევროპელთა მიგრაციაში ამ სიტყვამ სადემარკაციო ხაზი გაავლო და მის აღმოსავლეთით მდებარე ხალხებმა ამ ნეტარხსენებულ სითხეს დაარვეს - ნაბიზ, მეი, ბადე, მოლ, შარაბ.... „ღვინომდე“ კი ვერ მოვიდნენ და შეიძლება ითქვას, ვერ ამაღლდნენ მის დიდებამდე...
ჰოდა, სომხები ის ინდოევროპელები არიან, რომლებმაც, როგორც ჩანს, პირველებმა მოაღწიეს კავკასიამდე, აქ დარჩნენ და ჩვენი სიტყვა „ღვინო“ აქციეს „გინი“-დ... სხვა ინდოევროპელებმა განაგრძეს მიგრაცია ევროპისკენ, დაიკავეს იქაური კელტების, გალების, ეტრუსკების, იტალიკების თუ სხვა აბორიგენთა ტეროტორიები და ჩვენი „ღვინო“ vinum, wein, wine, вино-ს სახით ხელს... უფრო სწორად, ენას გააყოლეს.
აი, ამის თქმა მინდოდა...

четверг, 1 февраля 2018 г.

ნარიყალა

დაღესტნის ქალაქ დერბენტთან (დარუბანდ-თან... სპარსული დარ+ბანდ - კარის შემკვრელი ან შეკრული კარი) არის უძველესი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ჰქვია „ნარინ-ყალა“ (Нарын-Кала); ცხადია, ეს იგივე სახელია, რაც ჩვენი „ნარიყალა“...
ზოგადი აზრი ქართულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში არის ასეთი (ციტატა): „ნარიყალა–ციხე“ არა მარტო თბილისის ციხესიმაგრეს, არამედ გორის, სურამის, ანანურის, ბორჯომის, გრემისა და სხვა ციხეებსაც ჰქონდა. „ნარიყალა“ „ნარინ–ყალისაგან“ უნდა იყოს წარმომდგარი და „უმცროსს“, „მცირე“ („ნარინ“ მონგოლური სიტყვაა და უმცროსს შეესატყვისება) ციხეს უნდა ნიშნავდეს. „მცირე“, ანუ „ნარიყალ–ციხე“ განსხვავდებოდა ციხე–სიმაგრის „დედა–ციხისაგან“, ანუ თავადი (მთავარი) ციხისაგან“
....აი, ეჭვი, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა: თუ ეს „პატარა, უმცროსი ციხეა“, მასზე დიდი და უფროსი დედა-ციხე სად იყო თბილისში და რატომ არაფერი დარჩა იმ თავადი (მთავარი) ციხისგან? ისიც საეჭვოა, რომ ნარიყალის სიახლოვეს რამე სხვა ციხე ყოფილიყო.... იქ უბრალოდ სხვა არანაირი ციხის ადგილი არ არის და იმ (სტრატეგიულ) ამაღლებულ ბორცვზე ორი ციხის არსებობა სრულიად გაუმართლებელია...
არის ვარიანტი, რომ ამ ადგილზე იყო სხვა ციხე და მას ერქცა „შურის ციხე“, მაგრამ. როგორც ირკვევა, ეს სახელი კურიოზულად შეიქმნა: თბილისის ციხე-სიმაგრის ციტადელის ეს სახელწოდება ვახუშტი ბაგრატიონმა შემოიღი იმის გამო, რომ მან ლეონტი მროველის ცნობა - „აღაშენა ერისთავმან სპარსთმან ტფილისის კართა შორის ციხედ მცხეთისა“ - წაიკითხა „...შურის ციხედ მცხეთისა“. აქედან მის მიერ მოცემული სახელწოდება: „შურის ციხე“. (ანუ კართა შორის ციხე წაიკითხა შურის ციხედ.... ალბათ, მის ხელნაწრში „ო“ ცუდად იკითხებოდა).
ასე რომ, გარდა ნარიყალისა, იქ არანაირი სხვა (დიდი) ციხე არ შეიძლება ყოფილიყო...
* * *
დერბენტის ციტადელის სახელის ეტიმოლოგია რამდენიმე ვარიანტად იყოფა:
1. Нарын-Кала переводится как «Солнечная крепость». გაურვეველია ეს Солнечная საიდან გაჩნდა და რომელ ენაში უკავშირდება „ნარინ“ მზეს... სავარაუდოდ, აქ „მზის“ გამოჩენა რაღაც სიდიადის მეტაფორას ჰგავს... ციტადელს თუ დახედავთ (იხილეთ ფოტო) სიდიადე ნამდვილად ჩანს. ეს ერთგვარად „ჩინეთის დიდი კედლის“ სპარსული ანალოგი იყო და მათს დიდ იმპერიას ჩრდილოელი ბარბაროსების თავდასხმისაგან იცავდა.
2. Вторая легенда более романтичная. Персидский шах назвал крепость в честь своей жены Нарын – в переводе «нежная». Нарын რომ სპარსულად „ნაზი“ იყოს, ეს არსად მსმენია... თუმცა სახელი „ნარინე“ ნამდვილად არსებობს სპარსულ და სომხურ სინამდვილეში.
3. Другие источники утверждают, что Нарын означает «маленькая». კიდევ ერთხელ დახედეთ ფოტოს და დარწმუნდებით, რომ ამ ციტადელს „პატარა“ ნამდვილად არ ეთქმის.... ან სად უნდა ყოფილიყო მის სიახლოვეს უფრო „დიდი“ ციხე... ამ ციტადელის კედლები გადაჭიმულია კასპიის ზღვამდე.
4. В некоторых преданиях рассказывается, что на территории крепости росло много померанца – нарынч – и сначала цитадель именовалась Нарынч-Кала, а впоследствии последняя буква утратилась. ეს ვარიანტი ნამდვილად უადგილოა, რადგან ზოგადი სახელი ციხისა „ნარინ“ თუ რაღაც მცენარის ადგილობრივი სახელიდან (нарынч) წარმოიშვა, მაშ, მთელი კავკასიის მასშტაბით რატომ ერქვა ეს სახელი ციხეებს?!
„კალა/ყალა“ რომ ციხეს ნიშნავს, ეს სადავო არ არის, მით უმეტეს, რომ არსებობს ქალაქი „მახაჩ-ყალა“, თუმცა გაურკვეველია, რას ნიშნავს „მახაჩ“, ასეთ განმარტებას კი პირადად მე არ ვენდობი: Махач - сокращенная форма имени Магомед.
* * *
როგორც ჩანს, „ნარიყალა“-ს სახელთან დაკავშირებით კვლევა ძველი ან საშუალო სპარსულის (ფალაურის) მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, რადგან ამ სახელის მქონე ციხეები კავკასიაში არაბების და მონღოლების გამოჩენამდე არსებობდა, ანუ: მეშვიდე საუკუნემდე, როცა ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტად სპარსული ზეგავლენა იგრძნობოდა არა ერთი და ორი საუკუნის განმავლობაში...



пятница, 19 января 2018 г.

ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი

ამასწინათ ერთმა პიროვნებამ მითხრა, ფიროსმანს ერთი ელერდაშვილი ჰყავსო დახატული.... დაუჯერებელი არაფერია, მით უმეტეს, რომ პაპაჩემს, ნიკა ზაქარიას ძე ელერდაშვილს გასული საუკუნის დასაწყისში ღვინის დუქანი ჰქონია... ბებიაჩემისგან (კაწია პაწიას ეძახდნენ დაქალები) ვიცი, ადგილიც მაჩვენა ერთხელ და, ფიროსმანი არა, მაგრამ იეთიმ გურჯი ნამდვილად ახსენა,როცა მითხრა - პაპაშენთან დადიოდაო დუქანში...
დღეს ჩავიარე ამ ადგილზე და იმ სარდაფში, სადაც პაპაჩემს ღვინის დუქანი ჰქონია, ახლა სილამაზის ლაბორატორია გაუხსნიათ.... სამებისკენ მიმავალი აღმართის დასაწყისში, ვარდების მოედანთან, მარჯვენა მხარეს....
მოვძებნე ფიროსმანის ნახატები და ეს პორტრეტი შევარჩიე შესადარებლად.... აბა, ნახეთ:
- ულვაში ჰგავს?
- ჰგავს!
- ტუჩ-ნიკაპი ჰგავს?
- ჰგავს!
- ესე იგი ჰგავს!...

среда, 25 октября 2017 г.

დინოზავრული მაჯამა

  • ...მართვის ახალი მოწმობა ავიღე (შეცდომაა: ახალი მართვის მოწმობა... „პრავა“ ხომ შეცდომაა და შეცდომა); მეგონა, თითოორალი ასეთი „დინოზავრიღა“ იქნებოდა, ვისაც 1997 წელს აღებული (გამოცვლილი) მოწმობ ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ დიდი რიგი დამხვდა.... ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ იცვლება ავტომობილის მართვის ყველა მოწმობა, რაც 2006 წლამდეა გაცემული. ჰოდა, იჩქარეთ, ვადა 1 იანვრამდეა.
  • ....გამოცვლის პროცესი ათიოდე წუთს გაგრძელდა, გოგონამ იქვე გადამიღო ფოტო და იქვე დაბეჭდა ახალი საბუთი, მხოლოდ მაშინ შეკრთა ოდნავ, როცა ვუთხარი, რომ პირველი მოწმობა 1973 წელს ავიღე, წამიერად გამოაპარა ჩემკენ მზერა - მართლა ტირანოზავრი ხომ არ არისო ეს სუბიექტი?! 
  • ...ასეა თუ ისე, როგორც მაიაკოვსკი იტყოდა: Читайте,завидуйте, я водитель грузинского автопарка.... 2032 წლამდე მაქვს უფლება, ვმართო ავტომობილები და თუ მართლა მივაღწიე იქამდე, მაშინ კი ნამდვილად ჩამთვლიან შოფერ-ბრონტოზავრად ....
  • ...და სანამ რუსთავიდან თბილისში მოვდიოდი, ეს მაჯამა შემომერითმა:
ახლევინა ამ ცხოვრებამ ბევრჯერ თავი დამართ ვის,
მიზეზები ვისაც მისცა ხშირად ბნედის დამართვის,
(ჩემზე ვამბობ) დღეს მაქვს გრძნობა ლამის დროშად ამართვის,
რადგან მომცეს კვლავ მოწმობა მე მძღოლობის და მართვის

пятница, 22 сентября 2017 г.

ამბავი-ხაბარი-ნიუსი

...„შენ უნდა გეცვას კაბა-ხაბარდა“ ანუ გონზე მოდი, ხიდზე გადი...

ამ ჩვენს ძველ თბილისში თითქმის ყველამ იცოდა ერთმანეთის ენა... ამას მეც შევესწარი, რადგან ჩვენს უბანშიც დიდი ეროვნული სიჭრელე იყო და მეზობლები იმ ენაზე ვსაუბრობდით, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები და გასაგები იყო: ქართული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ოსურიც კი ვიცოდი ნაწილობრივ, რადგან  ჩვენი ოჯახის ოს მეზობლებთან ერთი სიფრიფანა კედელი გვყოფდა და დედაჩემი როცა ბაზარში თუ აბანოში მიდიოდა, მე მათთან მტოვებდა და ოსურ გარემოში ვატარებდი ხოლმე გარკვეულ დროს (გააჩნია, რამდენი ნაცნობი შეხვდებოდა დედაჩემს და რამდენ ამბავ-ხაბარ-ნიუსს განიხილავდნენ ისინი სადმე სირაჯხანაზე)...
ერთი სიტყვით, ვიცოდით ენები და ეს ამ სიტყვამ გამახსენა - „ხაბარ“.

გამოთქმა „ამბავი-ხაბარი“ ყველას გაუგონია, სომხური „ინჩ ხაბარა?“ (რა ამბავია? რა ხდება?) და აზერბაიჯანული „ხაბარლარ“ (ამბები) ასევე ბევრმა იცის თბილისშიც და მის გარეთაც; მაგალითად, ქუთათურ ჟურნალისტებს 1909 წელს ადგილობრივ გაზეთში ასეთი წერილიც კი გამოუქვეყნებიათ: „ქუთაისის ამბავ- ხაბარი („ჩვენი აზრი“, 1909 წ., № 28).
რაში დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს ამ სიტყვის შემოტანა და დამკვიდრება, ძნელი სათქმელია, თუმცა პასუხი დღევანდელი ქართველების მეტყველებაში დევს და საკითხში გასარკვევად რიტორიკულ კითხვას ვსვამ: რაში სჭირდებათ დღეს ქართველებს ინგლისური „ნიუსის“ თქმა?!
* * *
ითვლება, რომ „ხაბარ“ სომხური სიტყვაა, მაგრამ ეს არ არის მართალი; „ხაბარ“ არაბულია (خبر) და იქიდან შევიდა სპარსულშიც, თურქულშიც, სომხურშიც და ქართულშიც...
ამ სიტყვიდანაა ნაწარმოები არაბულ-სპარსული კომპიზიტი - „ხაბარ+დარ“ ( خبردار ), რაც ყურადღებისკენ მოწოდებას ნიშნავს (ამბავი იქონიე! გონზე მოდი! სმენა იყოს და გაგონება!... atention... внимание...); ასევე ნიშნავს რაიმე ამბის მცოდნეს, ინფორმაციის მქონეს, რასაც ეს „-დარ“ („დაშთან“ ზმნის აწმყოს ფუძე) ბოლოსართი გამოხატავს და სხვა გაქართულებულ სიტყვებშიც გვაქვს: მიზან+დარი (მიზნის მქონე), ალამ+დარი (ალამის მქონე, მედროშე) და ა.შ.
* * *
სიტყვა „ხაბარდა“ ასევე ერქვა ქალის სამოსელსაც („კაბა, რომელსაც განივრად იჭერდა შიგ დატანებული ფოლადის სარტყლები“... სიმღერასაც გაგახსენებთ: „შენ უნდა გეცვას კაბა-ხაბარდა და დადიოდე რუსთაველზედა“...)
„ხაბარდას“, როგორც კაბას, არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ზემოთ ხსენებულ სპარსულ კომპოზიტთან („ხაბარდა“ - ყურადღება!) და სამოსელის მნიშვნელობითაც არ დასტურდება აქვე ჩემს მაგიდაზე განთავსებულ არაბულ, სპარსულ. თურქულ და სომხურ ლექსიკონებში... არადა, აღმოსავლური „ჟღერადობა“ აქვს... ვვარაუდობ, რომ ეს სიტყვა არის ქსოვილის აღმნიშვნელი ფრანგული სიტყვის gabardine (გაბარდინ) გაქართულებული ვარიანტი; ასეთები გაგვიქართულებია?! სიტყვა „ზუსტი“ ხომ გგონიათ ქართული? არადა, მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე არავინ იტყოდა ასე: „სპექტაკლი დაიწყება ზუსტად რვა საათზე“, აფიშებზე ეწერა - „სწორედ რვა საათზე“-ო... ჰოდა, როგორც ჩემი მასწავლებელი ჯემშიდ გიუნაშვილი ამბობდა  ხშირად ლექციაზე, ეს „ზუსტი“ სხვა არაფერია, თუ არა ფრანგული juste და თუნდაც ინგლისური just... ჰოდა, gabardine-ს ვითომ რატომ ვერ აქცევდნენ „ხაბარდ“-ად , ჭკუა დაუშლიდათ თუ ქართული ენის ნორმების დამდგენი კომისია?! ან ახლა რომ ამბობენ ჩვენი კომენტატორები - შერმადინმა პუსტოვოის დაუბლოქშოთა-ო. ვინმე გამოთქვამს აღშფოთებას? (ნეტავ, მართლა ისე „დაებლოქშოთებინა“, რომ არ წაგვეგო უკრაინასთან!...)

P.S. მაპატიეთ, ბევრი ვილაპარაკე... რაღაც ამბის (ხაბარის და ნიუსის) მოლოდინში ვარ და დრო მოვკალი.
ამბავის (არც ესაა ქართული), ხაბარის და ნიუსის ნაცვლად რას ამბობდნენ ქართველები? მე მგონი - „ცნობას“

среда, 20 сентября 2017 г.

ბარაქა, გოგი! (...წადი, შენი....)

რუსული ბარბარიზმების შესაბამისი ქართული სიტყვების ძებნისას ზოგჯერ კურიოზის წინაშე ვდგებით ხოლმე... ასე მაგალითად, ორიოდე საიტზე წერია, რომ „ნოვოსელია“ (новоселье) რუსულია და მის სანაცვლოდ „მუმბარაქი“ უნდა ვთქვათ, რადგან ეს უკანასკნელი ძირძველი ქართული სიტყვააო... ვეძებე ეს „მუმბარაქი“ და ვერც სულხან-საბასთან და ვერც არნოლდ ჩიქობავასთან ვერ ვიპოვე... საინტერესოა, საიდან აიღეს? არადა, აშკარად სადღაც არის დაფიქსირებული (ვიპოვი, გამოჩნდება), საიტის შემქმნელები თავად ვერ მოიგონებდნენ, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ჭეშმარიტად ძირძველი არაბული სიტყვა გახლავთ და ჟღერს ასე: მობარრაქ... (მეორე „მ“, ალბათ, კეთილხმოვანების მიზნით ჩაამატეს ჩვენმა წინაპრებმა და ისე შემოიტანეს ქართულში).
„მობარრაქ“ ( مبارک ) არაბულ-რუსულ ლექსიკონში ასეა განმარტებული: благословенный, благополучный, удачный, счастливый... და ამ სიტყვით ულოცავენ ერთმანეთს რაიმე ბედნიერებას და უსურვებენ სიკეთეს (ირანელებიც... მაგალითად „ნოურუზ მობარრაქ“ - გილოცავთ ახალ წელს!) 
ეს „მობარრაქ“ ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი სიტყვის - „ბარაქა“ - მონათესავე სიტყვაა და „ბ-რ-ქ“ ფუძეზეა დაშენებული...
ერთი სიტყვით, „ნოვოსელიას“ უარყოფა და „მუმბარაქის“ აღდგენა ენაში იგივეა, რომ ვაის გაეყარო და ვუის შეეყარო...
ჰოდა, სანამ ვინმე „პრადვინუტს“ ინგლისური „ჰაუსვორმინგი“ (housewarming) შემოუტანია, თავს ძალა დავატანოთ და ვთქვათ „ახალმოსახლეობა“... ძნელია?!