четверг, 1 февраля 2018 г.

ნარიყალა

დაღესტნის ქალაქ დერბენტთან (დარუბანდ-თან... სპარსული დარ+ბანდ - კარის შემკვრელი ან შეკრული კარი) არის უძველესი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ჰქვია „ნარინ-ყალა“ (Нарын-Кала); ცხადია, ეს იგივე სახელია, რაც ჩვენი „ნარიყალა“...
ზოგადი აზრი ქართულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში არის ასეთი (ციტატა): „ნარიყალა–ციხე“ არა მარტო თბილისის ციხესიმაგრეს, არამედ გორის, სურამის, ანანურის, ბორჯომის, გრემისა და სხვა ციხეებსაც ჰქონდა. „ნარიყალა“ „ნარინ–ყალისაგან“ უნდა იყოს წარმომდგარი და „უმცროსს“, „მცირე“ („ნარინ“ მონგოლური სიტყვაა და უმცროსს შეესატყვისება) ციხეს უნდა ნიშნავდეს. „მცირე“, ანუ „ნარიყალ–ციხე“ განსხვავდებოდა ციხე–სიმაგრის „დედა–ციხისაგან“, ანუ თავადი (მთავარი) ციხისაგან“
....აი, ეჭვი, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა: თუ ეს „პატარა, უმცროსი ციხეა“, მასზე დიდი და უფროსი დედა-ციხე სად იყო თბილისში და რატომ არაფერი დარჩა იმ თავადი (მთავარი) ციხისგან? ისიც საეჭვოა, რომ ნარიყალის სიახლოვეს რამე სხვა ციხე ყოფილიყო.... იქ უბრალოდ სხვა არანაირი ციხის ადგილი არ არის და იმ (სტრატეგიულ) ამაღლებულ ბორცვზე ორი ციხის არსებობა სრულიად გაუმართლებელია...
არის ვარიანტი, რომ ამ ადგილზე იყო სხვა ციხე და მას ერქცა „შურის ციხე“, მაგრამ. როგორც ირკვევა, ეს სახელი კურიოზულად შეიქმნა: თბილისის ციხე-სიმაგრის ციტადელის ეს სახელწოდება ვახუშტი ბაგრატიონმა შემოიღი იმის გამო, რომ მან ლეონტი მროველის ცნობა - „აღაშენა ერისთავმან სპარსთმან ტფილისის კართა შორის ციხედ მცხეთისა“ - წაიკითხა „...შურის ციხედ მცხეთისა“. აქედან მის მიერ მოცემული სახელწოდება: „შურის ციხე“. (ანუ კართა შორის ციხე წაიკითხა შურის ციხედ.... ალბათ, მის ხელნაწრში „ო“ ცუდად იკითხებოდა).
ასე რომ, გარდა ნარიყალისა, იქ არანაირი სხვა (დიდი) ციხე არ შეიძლება ყოფილიყო...
* * *
დერბენტის ციტადელის სახელის ეტიმოლოგია რამდენიმე ვარიანტად იყოფა:
1. Нарын-Кала переводится как «Солнечная крепость». გაურვეველია ეს Солнечная საიდან გაჩნდა და რომელ ენაში უკავშირდება „ნარინ“ მზეს... სავარაუდოდ, აქ „მზის“ გამოჩენა რაღაც სიდიადის მეტაფორას ჰგავს... ციტადელს თუ დახედავთ (იხილეთ ფოტო) სიდიადე ნამდვილად ჩანს. ეს ერთგვარად „ჩინეთის დიდი კედლის“ სპარსული ანალოგი იყო და მათს დიდ იმპერიას ჩრდილოელი ბარბაროსების თავდასხმისაგან იცავდა.
2. Вторая легенда более романтичная. Персидский шах назвал крепость в честь своей жены Нарын – в переводе «нежная». Нарын რომ სპარსულად „ნაზი“ იყოს, ეს არსად მსმენია... თუმცა სახელი „ნარინე“ ნამდვილად არსებობს სპარსულ და სომხურ სინამდვილეში.
3. Другие источники утверждают, что Нарын означает «маленькая». კიდევ ერთხელ დახედეთ ფოტოს და დარწმუნდებით, რომ ამ ციტადელს „პატარა“ ნამდვილად არ ეთქმის.... ან სად უნდა ყოფილიყო მის სიახლოვეს უფრო „დიდი“ ციხე... ამ ციტადელის კედლები გადაჭიმულია კასპიის ზღვამდე.
4. В некоторых преданиях рассказывается, что на территории крепости росло много померанца – нарынч – и сначала цитадель именовалась Нарынч-Кала, а впоследствии последняя буква утратилась. ეს ვარიანტი ნამდვილად უადგილოა, რადგან ზოგადი სახელი ციხისა „ნარინ“ თუ რაღაც მცენარის ადგილობრივი სახელიდან (нарынч) წარმოიშვა, მაშ, მთელი კავკასიის მასშტაბით რატომ ერქვა ეს სახელი ციხეებს?!
„კალა/ყალა“ რომ ციხეს ნიშნავს, ეს სადავო არ არის, მით უმეტეს, რომ არსებობს ქალაქი „მახაჩ-ყალა“, თუმცა გაურკვეველია, რას ნიშნავს „მახაჩ“, ასეთ განმარტებას კი პირადად მე არ ვენდობი: Махач - сокращенная форма имени Магомед.
* * *
როგორც ჩანს, „ნარიყალა“-ს სახელთან დაკავშირებით კვლევა ძველი ან საშუალო სპარსულის (ფალაურის) მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, რადგან ამ სახელის მქონე ციხეები კავკასიაში არაბების და მონღოლების გამოჩენამდე არსებობდა, ანუ: მეშვიდე საუკუნემდე, როცა ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტად სპარსული ზეგავლენა იგრძნობოდა არა ერთი და ორი საუკუნის განმავლობაში...



пятница, 19 января 2018 г.

ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი

ამასწინათ ერთმა პიროვნებამ მითხრა, ფიროსმანს ერთი ელერდაშვილი ჰყავსო დახატული.... დაუჯერებელი არაფერია, მით უმეტეს, რომ პაპაჩემს, ნიკა ზაქარიას ძე ელერდაშვილს გასული საუკუნის დასაწყისში ღვინის დუქანი ჰქონია... ბებიაჩემისგან (კაწია პაწიას ეძახდნენ დაქალები) ვიცი, ადგილიც მაჩვენა ერთხელ და, ფიროსმანი არა, მაგრამ იეთიმ გურჯი ნამდვილად ახსენა,როცა მითხრა - პაპაშენთან დადიოდაო დუქანში...
დღეს ჩავიარე ამ ადგილზე და იმ სარდაფში, სადაც პაპაჩემს ღვინის დუქანი ჰქონია, ახლა სილამაზის ლაბორატორია გაუხსნიათ.... სამებისკენ მიმავალი აღმართის დასაწყისში, ვარდების მოედანთან, მარჯვენა მხარეს....
მოვძებნე ფიროსმანის ნახატები და ეს პორტრეტი შევარჩიე შესადარებლად.... აბა, ნახეთ:
- ულვაში ჰგავს?
- ჰგავს!
- ტუჩ-ნიკაპი ჰგავს?
- ჰგავს!
- ესე იგი ჰგავს!...

среда, 25 октября 2017 г.

დინოზავრული მაჯამა

  • ...მართვის ახალი მოწმობა ავიღე (შეცდომაა: ახალი მართვის მოწმობა... „პრავა“ ხომ შეცდომაა და შეცდომა); მეგონა, თითოორალი ასეთი „დინოზავრიღა“ იქნებოდა, ვისაც 1997 წელს აღებული (გამოცვლილი) მოწმობ ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ დიდი რიგი დამხვდა.... ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ იცვლება ავტომობილის მართვის ყველა მოწმობა, რაც 2006 წლამდეა გაცემული. ჰოდა, იჩქარეთ, ვადა 1 იანვრამდეა.
  • ....გამოცვლის პროცესი ათიოდე წუთს გაგრძელდა, გოგონამ იქვე გადამიღო ფოტო და იქვე დაბეჭდა ახალი საბუთი, მხოლოდ მაშინ შეკრთა ოდნავ, როცა ვუთხარი, რომ პირველი მოწმობა 1973 წელს ავიღე, წამიერად გამოაპარა ჩემკენ მზერა - მართლა ტირანოზავრი ხომ არ არისო ეს სუბიექტი?! 
  • ...ასეა თუ ისე, როგორც მაიაკოვსკი იტყოდა: Читайте,завидуйте, я водитель грузинского автопарка.... 2032 წლამდე მაქვს უფლება, ვმართო ავტომობილები და თუ მართლა მივაღწიე იქამდე, მაშინ კი ნამდვილად ჩამთვლიან შოფერ-ბრონტოზავრად ....
  • ...და სანამ რუსთავიდან თბილისში მოვდიოდი, ეს მაჯამა შემომერითმა:
ახლევინა ამ ცხოვრებამ ბევრჯერ თავი დამართ ვის,
მიზეზები ვისაც მისცა ხშირად ბნედის დამართვის,
(ჩემზე ვამბობ) დღეს მაქვს გრძნობა ლამის დროშად ამართვის,
რადგან მომცეს კვლავ მოწმობა მე მძღოლობის და მართვის

пятница, 22 сентября 2017 г.

ამბავი-ხაბარი-ნიუსი

...„შენ უნდა გეცვას კაბა-ხაბარდა“ ანუ გონზე მოდი, ხიდზე გადი...

ამ ჩვენს ძველ თბილისში თითქმის ყველამ იცოდა ერთმანეთის ენა... ამას მეც შევესწარი, რადგან ჩვენს უბანშიც დიდი ეროვნული სიჭრელე იყო და მეზობლები იმ ენაზე ვსაუბრობდით, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები და გასაგები იყო: ქართული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ოსურიც კი ვიცოდი ნაწილობრივ, რადგან  ჩვენი ოჯახის ოს მეზობლებთან ერთი სიფრიფანა კედელი გვყოფდა და დედაჩემი როცა ბაზარში თუ აბანოში მიდიოდა, მე მათთან მტოვებდა და ოსურ გარემოში ვატარებდი ხოლმე გარკვეულ დროს (გააჩნია, რამდენი ნაცნობი შეხვდებოდა დედაჩემს და რამდენ ამბავ-ხაბარ-ნიუსს განიხილავდნენ ისინი სადმე სირაჯხანაზე)...
ერთი სიტყვით, ვიცოდით ენები და ეს ამ სიტყვამ გამახსენა - „ხაბარ“.

გამოთქმა „ამბავი-ხაბარი“ ყველას გაუგონია, სომხური „ინჩ ხაბარა?“ (რა ამბავია? რა ხდება?) და აზერბაიჯანული „ხაბარლარ“ (ამბები) ასევე ბევრმა იცის თბილისშიც და მის გარეთაც; მაგალითად, ქუთათურ ჟურნალისტებს 1909 წელს ადგილობრივ გაზეთში ასეთი წერილიც კი გამოუქვეყნებიათ: „ქუთაისის ამბავ- ხაბარი („ჩვენი აზრი“, 1909 წ., № 28).
რაში დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს ამ სიტყვის შემოტანა და დამკვიდრება, ძნელი სათქმელია, თუმცა პასუხი დღევანდელი ქართველების მეტყველებაში დევს და საკითხში გასარკვევად რიტორიკულ კითხვას ვსვამ: რაში სჭირდებათ დღეს ქართველებს ინგლისური „ნიუსის“ თქმა?!
* * *
ითვლება, რომ „ხაბარ“ სომხური სიტყვაა, მაგრამ ეს არ არის მართალი; „ხაბარ“ არაბულია (خبر) და იქიდან შევიდა სპარსულშიც, თურქულშიც, სომხურშიც და ქართულშიც...
ამ სიტყვიდანაა ნაწარმოები არაბულ-სპარსული კომპიზიტი - „ხაბარ+დარ“ ( خبردار ), რაც ყურადღებისკენ მოწოდებას ნიშნავს (ამბავი იქონიე! გონზე მოდი! სმენა იყოს და გაგონება!... atention... внимание...); ასევე ნიშნავს რაიმე ამბის მცოდნეს, ინფორმაციის მქონეს, რასაც ეს „-დარ“ („დაშთან“ ზმნის აწმყოს ფუძე) ბოლოსართი გამოხატავს და სხვა გაქართულებულ სიტყვებშიც გვაქვს: მიზან+დარი (მიზნის მქონე), ალამ+დარი (ალამის მქონე, მედროშე) და ა.შ.
* * *
სიტყვა „ხაბარდა“ ასევე ერქვა ქალის სამოსელსაც („კაბა, რომელსაც განივრად იჭერდა შიგ დატანებული ფოლადის სარტყლები“... სიმღერასაც გაგახსენებთ: „შენ უნდა გეცვას კაბა-ხაბარდა და დადიოდე რუსთაველზედა“...)
„ხაბარდას“, როგორც კაბას, არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ზემოთ ხსენებულ სპარსულ კომპოზიტთან („ხაბარდა“ - ყურადღება!) და სამოსელის მნიშვნელობითაც არ დასტურდება აქვე ჩემს მაგიდაზე განთავსებულ არაბულ, სპარსულ. თურქულ და სომხურ ლექსიკონებში... არადა, აღმოსავლური „ჟღერადობა“ აქვს... ვვარაუდობ, რომ ეს სიტყვა არის ქსოვილის აღმნიშვნელი ფრანგული სიტყვის gabardine (გაბარდინ) გაქართულებული ვარიანტი; ასეთები გაგვიქართულებია?! სიტყვა „ზუსტი“ ხომ გგონიათ ქართული? არადა, მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე არავინ იტყოდა ასე: „სპექტაკლი დაიწყება ზუსტად რვა საათზე“, აფიშებზე ეწერა - „სწორედ რვა საათზე“-ო... ჰოდა, როგორც ჩემი მასწავლებელი ჯემშიდ გიუნაშვილი ამბობდა  ხშირად ლექციაზე, ეს „ზუსტი“ სხვა არაფერია, თუ არა ფრანგული juste და თუნდაც ინგლისური just... ჰოდა, gabardine-ს ვითომ რატომ ვერ აქცევდნენ „ხაბარდ“-ად , ჭკუა დაუშლიდათ თუ ქართული ენის ნორმების დამდგენი კომისია?! ან ახლა რომ ამბობენ ჩვენი კომენტატორები - შერმადინმა პუსტოვოის დაუბლოქშოთა-ო. ვინმე გამოთქვამს აღშფოთებას? (ნეტავ, მართლა ისე „დაებლოქშოთებინა“, რომ არ წაგვეგო უკრაინასთან!...)

P.S. მაპატიეთ, ბევრი ვილაპარაკე... რაღაც ამბის (ხაბარის და ნიუსის) მოლოდინში ვარ და დრო მოვკალი.
ამბავის (არც ესაა ქართული), ხაბარის და ნიუსის ნაცვლად რას ამბობდნენ ქართველები? მე მგონი - „ცნობას“

среда, 20 сентября 2017 г.

ბარაქა, გოგი! (...წადი, შენი....)

რუსული ბარბარიზმების შესაბამისი ქართული სიტყვების ძებნისას ზოგჯერ კურიოზის წინაშე ვდგებით ხოლმე... ასე მაგალითად, ორიოდე საიტზე წერია, რომ „ნოვოსელია“ (новоселье) რუსულია და მის სანაცვლოდ „მუმბარაქი“ უნდა ვთქვათ, რადგან ეს უკანასკნელი ძირძველი ქართული სიტყვააო... ვეძებე ეს „მუმბარაქი“ და ვერც სულხან-საბასთან და ვერც არნოლდ ჩიქობავასთან ვერ ვიპოვე... საინტერესოა, საიდან აიღეს? არადა, აშკარად სადღაც არის დაფიქსირებული (ვიპოვი, გამოჩნდება), საიტის შემქმნელები თავად ვერ მოიგონებდნენ, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ჭეშმარიტად ძირძველი არაბული სიტყვა გახლავთ და ჟღერს ასე: მობარრაქ... (მეორე „მ“, ალბათ, კეთილხმოვანების მიზნით ჩაამატეს ჩვენმა წინაპრებმა და ისე შემოიტანეს ქართულში).
„მობარრაქ“ ( مبارک ) არაბულ-რუსულ ლექსიკონში ასეა განმარტებული: благословенный, благополучный, удачный, счастливый... და ამ სიტყვით ულოცავენ ერთმანეთს რაიმე ბედნიერებას და უსურვებენ სიკეთეს (ირანელებიც... მაგალითად „ნოურუზ მობარრაქ“ - გილოცავთ ახალ წელს!) 
ეს „მობარრაქ“ ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი სიტყვის - „ბარაქა“ - მონათესავე სიტყვაა და „ბ-რ-ქ“ ფუძეზეა დაშენებული...
ერთი სიტყვით, „ნოვოსელიას“ უარყოფა და „მუმბარაქის“ აღდგენა ენაში იგივეა, რომ ვაის გაეყარო და ვუის შეეყარო...
ჰოდა, სანამ ვინმე „პრადვინუტს“ ინგლისური „ჰაუსვორმინგი“ (housewarming) შემოუტანია, თავს ძალა დავატანოთ და ვთქვათ „ახალმოსახლეობა“... ძნელია?!

среда, 30 августа 2017 г.

ჩვენი უბედურების სათავეებთან

ანუ „ეს რა გიქნეს, ჩემო სავლე“ (ჩემო პავლე, ჩემო გოგი, ჩემო გელა და ა,.შ.)

1973 წელს ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა ლექსი „გელა“...  ამ ერთ „პატარა პოეტურ“ ქმნილებაში ჩანს მთელი ის აბსურდი, რაშიც მოუხდა რამდენიმე თაობას ცხოვრება და რის შედეგებსაც დღემდე „ვიმკით“...

1. უხეში გრამატიკული შეცდომები.
იმ წელს (1973-ს ვგულისხმობ) მე თავად ვიყავი აბიტურიენტი და ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას; ჰოდა, მისაღებ გამოცდებზე რომ დამეწერა ასე: „ვარდების კონა შეჰკრა“ და „ამაყად ასწია თავი“, მკაცრი დეიდები და ბიძიები ერთ ნიშანს აუცილებლად დამაკლებდნენ, რადგან „ჰ“ (შე-ჰ-კრა) და „ს“ (ა-ს-წია) მოცემულ სიტყვებში სრულიად ზედმეტია და ქართული ზმნის აგებულების უცოდინარობაზე მეტყველებს. დამაკლებდნენ ნიშანს, სტუდენტი ვერ გავხდებოდი და თავს მიკრავდნენ საბჭოთა ჯარში... სადმე ვორკუტისკენ ან ნიჟნი ტაგილისკენ...  .

2. ახლა პოეტურ ლაფსუსებს მივხედოთ:
„გელამ-ძეგლთან“ და „ღიმი-ბილიკს“ უსუსტესი და ალოგიკური სარითმო წყვილებია... ასეთი სარითმო წყვილების არსებობა იგივეა, მავანი „კრეაწიული პიროვნება“  საბალეტო სპექტაკლის რეჟისორად რომ დაენიშნათ და მას რუსი გედების ცეკვაში ხორუმის ელემენტები შეეტანა, რადგან ორივე შემთხვევაში მოცეკვავეები თითქმის ერთგვარად ამოძრავებენ ფეხებს... ზოგს დღესაც ჰგონია, რომ მხოლოდ ხმოვნების თანხვედრა სრულიად საკმარისია სარითმო ერთეულების შესაქმნელად... ასეთ „პოეტებს“ არაფერი ეშველებათ და ვერაფერს გაიგებენ, რადგან ელემენტარული პოეტური სმენა არ აქვთ, რასაც ბუნება აძლევს ადამიანს...

3. იდეური და თემატური სიყალბე
მოცემული „გელა“ არის უზნეო და კონიუნქტურული სიყალბის სრული დემონსტრირება... მე არ ვიცი, „პატარა გელებს“ 40-50-იან წლებში მართლა მიჰქონდათ, თუ არა, ვარდების კონები გმირების ძეგლებთან, მაგრამ 70-იან წლებში ისეთი „გელები“ ნამდვილად არ არსებობდნენ, რომლებიც სკოლაში მისვლამდე კომუნისტური ეპოქის მემორიალთან (კრძალვით!) ვარდებს მიიტანდნენ და მერე ამაყად გაუყვებოდნენ სკოლის ბილიკს...

ჰოდა, ამდენი გრამატიკულ-პოეტურ-იდეური უკუღმართობის გამოვლის შემდეგ, აღარ იკითხოთ:

„რატომ ჩვენს ვაჟებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი,  ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ გაუშრათ? და რატომ შერჩათ სისხლი მხოლოდ სასაკლაოზე მიდენილ ხბორებს...  ცრემლი კი - მხოლოდ წყლის ნაპირზე მტირალ ტირიფებს?“

воскресенье, 13 августа 2017 г.

სურვილი და იმედი

ალბათ, ისე მოვკვდები, რომ ქართულ სინამდვილეში არ მოხდება საბჭოთა ეპოქის და მისი მოღვაწეების სრულფასოვანი და ობიექტური შეფასება, რადგან ამის უფლებას არავის მისცემენ ისინი, ვისაც მოჰყვება კომუნისტური ეპოქის „ცოდვები“... თუმცა რამდენად იყო ეს ცოდვა და ვის და რის წინაშე შესცოდეს, სწორედ ამის გარკვევაა საჭირო.
ცხადია, არ ვარ გულუბრყვილო და ვიცი, რომ წარსული ეპოქის თუ პიროვნების მხილება მომავალ თაობებს იმდენად არ გაუადვილებს ცხოვრებას, რომ მსგავსი პროცესები აღარ განმეორდეს (საუკუნეში ერთხელ კი არა, ყოველ სამ-ოთხ წელიწადში ისე აბრიყვებენ ხოლმე ხალხს, რომ ყოველი ახალი კარგად „შეფუთული ზღაპრისა“ სჯერათ), მაგრამ რაღაც შეფასება მაინც უნდა დაიწეროს თუნდაც სამართლიანი ისტორიკოსებისათვის და არა მათთვის, ვინც ისტორიას კონიუნქტურული მითითებით ჭრის და კერავს...
არის კი საქართველოში ისეთი პროფესიონალი კრიტიკოსი ლიტერატურისა, ვინც 70-80-იანი წლების ქართულ ლიტერატურულ პროცესებს (20-60-იანი წლები გასაგებია, ანალიზს არ საჭიროებს) საკუთარი ნებით პირუთვნელად გააანალიზებს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს? ალბათ, რიტორიკული კითხვაა ეს, მაგრამ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი შემფასებელი გამოჩნდეს და იმედი მაქვს, რომ მოვესწრები მისი ობიექტური დასკვნების წაკითხვას...
P.S. 70-80-იან წლებს იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ იმ ეპოქას მეც შევესწარი და დანამდვილებით შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ იმ წლებში ლენინის იდეებისა აბსოლუტურად აღარავის სჯეროდა... თვით პარტიულ მუშაკებსაც კი.