суббота, 29 ноября 2014 г.

წუთისოფლის კანონზომიერება

გასული ზაფხულის მოგზაურობათაგან ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა იყო - ჯორდანო ბრუნოს ძეგლის მონახულება რომში... ეს გახლავთ კამპო დეი ფიორი (Campo de' Fiori) - "ყვავილების ველი/მდელო", სადაც დაწვეს სინიორ ჯორდანო 1600 წლის 17 თებერვალას, ხოლო  1889 წლის 9 ივნისს ძეგლი დაუდგეს იქ, სადაც დაწვეს... მსგავსი ცინიზმი (მე სხვა სახელს ვერ ვარქმევ) ჟან დ'არკს და კიდევ ბევრ სხვას არგუნა ისტორიამ (თუნდაც ის, რომ შიმშლით და მარტოობით ხოცავდნენ გენიოსებს, შემდეგ კი მათი რეაბილიტირებით მავანნი კეთილდღეობას იქმნიდნენ და კვლავაც იქმნიან); აღარ მივყვები პუბლიცისტურ-ფილოსოფიურ მსჯელობას... გენიოსების განადგურების ხარჯზე ორმაგად "ქულების" დაწერა (ჯერ მიწასთან გასწორება და მერე განდიდება) თითქმის კანონზომიერებაა ამ წუთისოფლისა... რომში კიდევ ერთმა "კანონზომიერებამ" გამაოცა, ასე ვთქვათ - ყოფითმა:

კამპო დეი ფიორეზე, ჯორდანო ბრუნოს ირგვლივ ათასგვარი წვრილმანით თუ მსხვილმანით მოვაჭრეთა დახლები იყო გაშლილი (ხილი და ბოსტნეული და ათასგვარი ჯინჯილები ტურისტებისთვის და ა.შ. ...ხალხი იქ ჯორდანოს სანახავად მიდის და "კარგი ვაჭრობაც" ამით არის გარანტირებული); დიდი სიმაღლის ძეგლი თითქმის არ ჩანდა შორიდან, იქ მოვაჭრენი კი ფრიად და ფრიად შავგვრემანი ადამიანები იყვნენ, ერთი-ორ მათგანს გავესაუბრე კიდეც და  ისინი აზიის მავანი დიდი და მრავალრიცხოვანი ქვეყნებიდან აღმოჩნდნენ რომში სამუშაოს საძებნელად ჩასულები... კიდევ კარგი აღმოსავლეთმცოდნების ფაკულტეტზე შეძენილი ლინგვისტური ცოდნიდან ცოტა რამ მახსოვდა და გავიგე - ვინ საიდან იყო და რატომ ჰქონდათ ასეთი მუქი კანი, თორემ შეიძლება უცებ წარმომედგინა, რომ საბრალო ჯორდანოს წვის შედეგად ადენილი კვამლი ჯერაც მოქმედებს იმ "კამპოზე" და მიტომაც იყვნენ ასე "გამურულები" მისი ძეგლის გარშემო მოფუსფუსე ადამიანები... 

понедельник, 20 октября 2014 г.

20 ოქტომბრის ფიქრები

დიდი აგენტი და ჯაშუში და ჭორიკანა და ბემურაზი ვინმე ყოფილა ეს გუგული დეიდა... გუშინ ერთ ინგლისურ წიგნს ვეძებდი მის "ქუჩაბანდებში", აქაურობა - ანუ "ფეისბუქი" - საერთოდ გათიშული მქონდა, რადგან ძალიან ჩამითრია ძებნამ, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე, რადგან ის წიგნი მხოლოდ ე.წ. ფასიან საიტებზე იდო და ჩვენ რომ ვართ მიჩვეული მუქთა კომპიუტერულ სიამეებს  ("ეგრე არ არისო, ძმაოო" - მითხრეს და...) ხელცარიელი გამომისტუმრეს უკან იმ ქუჩაბანდებიდან...
და დღეს, აქვე, მარჯვენა მხარეს, სადაც ნაირნაირი რეკლამები "იჩითება" ხოლმე "ფეისბუქში", ზუსტად ის წიგნი დევს და საკმაოდ მრგვალი (და ცოტა მეტი) ფასი ადევს მავანი სავაჭრო საიტის შემოთავაზებით... ცხადია, იმან ამას უთხრა, რომ მე იმას ვეძებდი და კიდევ ერთხელ დამიდეს აქ საცდუნებლად, მაგრამ.... ჰა-ჰა! დღეს "გავაიასნე" საკითხი, გადავბარგდი სპარსულენოვან ინტერნეტში და ისეთი რამ ვიპოვე, რომ აღარც რუსული და ინგლისური წყაროები მინდა და აღარც გუგული დეიდა მთელი თავისი სააგენტურო ქსელით... ოღონდ ეგ არის - სინანულის გრძნობა გამიჩნდა:
- რატომ იყო "რევოლუციამდელი" ბავშვი გონებაჩლუნგი?
- იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერი და ინტერნეტი!
25-30 წლის წინ რომ მქონოდა ეს საშუალებები, ხომ მექნებოდა უკვე გაკეთებული ყველაფერი ის, რის კეთებაც ახლა დავიწყე და სულ იმის შიში მაქვს - მოვასწრებ თუ არა?!

пятница, 10 октября 2014 г.

სირაჯხანა

სირაჯხანა სირაჯების ბუდეა?

...ძველებს ახსოვთ ეს სიმღერა (გაგრძელებაც ვიცი - "ორთაჭალა - კიტრები და მწვანილი" და ა.შ.)

გავრცელებული აზრით, ეს სიტყვა სირაჯ (+ "ხანა" - სახლი) ღვინის სარდაფს ნიშნავს და იმასაც მიუთითებენ ხოლმე, რომ ეს სპარსული სიტყვიდან "სირაჯ/სირაჩ" მოდისო... მეც ასე ვიცოდი და ვიცი და მეტსაც გეტყვით, მთელი ბავშვობა ამ აღმართზე ჯერ დავრბოდი და მერე ავდი-ჩავდიოდი და მთელი ჩვენი უბანიც და თბილისის აღმოსავლეთი ნაწილიც ამ სიტყვით იცნობდა - სირაჯხანა (ახლა - ღვინის აღმართი.... ვითომ რატომ "აღმართი" და არა დაღმართი... ავლაბრის მოსახლეობისთვის ეს სწორედაც, რომ დაღმართი იყო და არის). ამ აღმართ-დაღმართზე არსებული ღვინით მოვაჭრე ერთი-ორი მაღაზია მეც ძალიან კარგად მახსოვს და, მგონი, ახლაც არის (დიდი ხანია, აღარ ჩამივლია იქით), თუმცა ამ აღმართზე ბავშვობიდან მახსოვს, რომ უფრო მეტი ე.წ. რკინა-კავეულის და ნაირგვარი საყოფაცხოვრებო რკინის ნაკეთობების სავაჭრო ადგილები და მეთუნე-მეთუნუქეების სახელოსნოებიც იყო, ქუჩის ორივე მხარეს (ე.წ. "ფეჩს"/ღუმელს და მის რამე-რუმეებს სულ იქ ვყიდულობდით, ჩემი ძველი მეზობლები დამეთანხმებიან)... ახლა მტკვრის მხარეს მდებარე შენობები დაანგრიეს, მხოლოდ კლდის მხარე დარჩა... ერთი სიტყვით, ღვინო და მეღვინე ახსენდება უმალ ძველ თბილისელს, რაწამს ამ სიტყვას - "სირაჯ/ჩ-ხანას" გაიგონებს... მე კი რატომღაც ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, რადგან იმ აღმართ-დაღმართზე, როგორც ვთქვი, უფრო მეტი რკინის ჯინჯილები და ზანზალაკები იყიდებოდა, ვიდრე ღვინო (სადღაც 60-იან წლებზე ვლაპარაკობ).
* * *
"ხანა" რომ სპარსულია, ეს ცხადია (ჩაიხანა, ყავახანა, ქარხანა და ა.შ.) და "სახლს" ნიშნავს... "სირაჯ" უფრო არაბულ სიტყვას ჰგავს, თუმცა ეს არ არის მთავარი, მე მის მნიშვნელობას ვეძებდი შესაბამის ლექსიკონებში (პოლიგრაფიულშიც და ელექტრონულშიც) და ვერსად წავაწყდი მის კავშირს "ღვინოსთან"... ყველგან გარკვევით წერია, რომ ეს არის "მეუნაგირე, უნაგირების კეთების ოსტატი... უნაგირების გამყიდველი...", სირაჯხანა კი უნაგირების სახელოსნოს, სავაჭრო ადგილს და მისთანას ნიშნავს... 

არაბულ-სპარსულად სიტყვა "ღვინის" რამდენიმე ვარიანტი არსებობს: მეი, შარაბ, მოლ, ბადე (აქედან არის ჩვენი "ბადაგი"), უფრო ძველი - ნაბიზ... მეტაფორული - თალხვაშ და ა.შ. ლამის მთელი კლასიკური სპარსული პოეზია მაქვს უკვე გადაქოთქოთებული და "სირაჯ" არსად შემხვედრია ღვინის მნიშვნელობით... 

თუ ვინმე ჩემი კოლეგა აღმოსავლეთმცოდნე მიმითითებს სიტყვას, რომელიც "სირაჯ"-თან არის კავშირში და რამენაირად "ღვინოსაც" აღნიშნავს, დიდად მადლობელი დავრჩები.

(ფოტოზე - ძველი სირაჩხანა ავლაბრიდან ქვემოთ, მტკვრისკენ).



четверг, 11 сентября 2014 г.

ო, რა უეცრად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!

11 სექტემბრის მონოლოგი საპანაშვიდო და თეატრალური ნაწილებით

პირველი მოქმედება - დატირება

დონატას ბანიონისი გარდაიცვალა... 
ეს სახელი არაფერს ეტყვის მას, ვისაც საბჭოური წარსულის მქონე ქვეყნები, და მათ შორის ლიტვა, მხოლოდ იმიტომ ჰყავს ათვალწუნებული, რომ იქ ერთხანს "წითელი მოძალადეების რეჟიმი" ბატონობდა ... მათი ნებაა! პირადად მე და ჩემი თაობის მრავალ წარმომადგენელს კი ბანიონისის მსგავსმა პიროვნებებმა ბევრი საფიქრალი გაგვიჩინეს და სწორედ ესაა ხელოვანის დანიშნულებაც - გონებრივი საზრდო მისცეს ადამიანს და არა "მუვით" და "ექშენით" გააბრუოს იგი! 
ბანიონისს უთქვამს: 
"ხელოვნება უნდა ეძებდეს მარადიულს და არა ახალს"-ო...

მეორე მოქმედება - სცენა

...ჰოდა, (გავდივარ ავანსცენაზე, რამპის ჩირაღნებს ვაპყრობ მზერას) შესაბამისი პათეტიკით განვაგრძობ მონოლოგს და "სიყვარულის მეცნიერებათა მარადიულ პროფესორს" (ასეთი შეფასება ამოვიკითხე სადღაც!..), სინიორ ფრანჩესკოს  76-ე სონეტს ვკითხულობ (შთაგონებით!)...გოდებათა ციკლიდან... ამგვარი ემოციები კი, როგორც ჩანს, მარადიული და  უსაზღვროა, რადგან პეტრარკამდე ასიოდე წლით ადრე ჩვენი რუსთველიც ასეთივე მკვნესარეს გვიხატავდა სატრფოს მაძიებელ ტარიელს და ჯალალ ედ-დინ რუმიც... დაუსრულებელი ოხვრით დაეძებდა ზეცაში "სატრფოს"... არადა, იმასაც ამბობენ, პეტრარკაც ზეცაში რომ დაეძებდა გარდაცვლილ ლაურას, ესეც მისტიკააო და მან თავად შეთხზაო ასეთი არსება წარმოსახვით... სინამდვილეში იგი დაფნის გვირგვინისკენ ისწრაფვოდა და "ლაურა" სხვა არაფერია, თუ არა ეს "დაფნა" (ლათინურად "Laurus")...   

ოდეს სიმშვიდეს განმაშორა ტრფობამ ცდუნებით,
უნუგეშოდ ვარ მის დილეგში გამომწყვდეული.
კარის გასაღებს სადღაც მალავს მტერი წყეული
და ვცხოვრობ მე ჩემს არსებასთან ვერდაბრუნებით.

ვერ ვიფიქრებდი, რაც მელოდა, მე რუდუნებით
სიმშვიდისათვის რადგან ჯაფა მაქვს გაწეული,
აწ კი, დღე არა, მაქვს ვაების ათასწლეული
და ვეღარსად ვფლობ ძველ სილაღეს ზნით და ბუნებით.

ტრფობის კირთებით ნამდვილ ტუსაღს ვგავარ ამიერ
და იმ კაეშანს აირეკლავს თვალი წამიერ,
რომელსაც გული ვერ გასწვდა და ვერ მოერია.

ჩემს ფერმკრთალ სახეს აწ ვინც ნახავს, არ ეგონება
რომ მიდგას სული... იტყვის ასე: “ჩემი გონება
მკარნახობს, ამ კაცს რომ დიდი დღე არ უწერია”.

(ჩაის ხომ არ მიირთმევთ მონოლოგის დასასრულს?)

четверг, 28 августа 2014 г.

28 აგვისტოს შუქჩრდილები

ნუთუ მართლა დაუშვებს კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და ჩვენ რა გვეშველება?! დეიდა ნატოს შეშფოთება დაგვიცავს?!
რა ვიცი, ერთ ცნობილ ქართულ ფილმში გაჟღერებული (!) ფრაზის იმედი მაქვს - "თუ დეიდა ნატო შეგპირდა, აუცილებლად მოვა"... მე კი მაქვს იმედი და დანარჩენი იმ პატივცემული დეიდის სინდის-ნამუსზე იყოს...
ომზე ფიქრი და პოეზია არ მაძინებს (სახლში მიმდინარე დამთრგუნველ სანტექნიკურ რემონტზე რომ აღარაფერი ვთქვათ...); გათახსირებულ პუტინზე ფიქრში ნეტარხსენებული პეტრარკას 231-ე სონეტი შემომეთარგმნა მარიამობის ღამის მიწურულს...

ჰოდა, ყველა მაკა-მარინე-მარიამს გილოცავთ და გიძღვნით ამ თარგმანს და ერთგვარი სინანულით ვაფიქსირებ იმ ფაქტს, რომ, ჩემი მდიდარი და მრავალწლოვანი სასიყვარულო ბიოგრაფიის მიუხედავად, არცერთი მაკა-მარინე-მარიამი არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ტრფიალის ნომინანტი, რაც ფრიად საკვირველია ამ “მარიამების ქვეყანაში”... და, ალბათ, ასე უმარიამოდ დაიხურება ჩემი “სიყვარულის ალბომი”...
და რაღა მეთქმის ღაღადის გარდა - ჰოი, ცხოვრებაო, უმარიამოდ გაფლანგულო... მაშ!

ფრანჩესკო პეტრარკა, სონეტი #231

ბედს შევურიგდი, არ ვიმჩნევდი სულის ჭრილობას,
სხვის მიმართ შურმაც დამტოვა და სადღაც შორს გამცდა...
ჩემი ბედკრული სიყვარულის ყოველი განცდა
სჯობდა მავანთა ათასობით სიამტკბილობას.

აწ ვერც მის მზერას, მისგან მოგვრილ ვერც შეშლილობას
ვეღარ განვიცდი... თითქოს ნისლმა დაფარა ცაც და
ჩამომიბნელდა, მინათებდა სიცოცხლეს რაც და
ვეღარც მზეს ვხედავ, ვეღარც სადმე მის შუქჩრდილობას.

დედა-ბუნება, ხან მოწყალე და ხან ცბიერი,
ამ წუთისოფლის შეუცნობი თვალსაწიერი,
თავად რომ ქმნის და თავად რომ კლავს, სამდურავს ვბედავ!

ან მამამ ჩვენმა ზეციერმა, მისგან იერი
რომა აქვს მოკვდავს, სატრფო ჩემი უფლისმიერი,
თვით რომ მიბოძა, რად წარმტაცა თავადვე ნეტავ?!

суббота, 16 августа 2014 г.

პაპანაქება ზაფხულში დამლაიქებლად გინატრე

ძილისპირული მონოლოგი 

მცირე შესავალი
ჩემმა ცუდად ჩავლილმა ცხოვრებისეულმა სულისკვეთებამ ისე ინება, რომ ტიტულების და ე.წ. ხარისხებისკენ წამითაც არ გამახედა... ჰოდა, სადღაც მოვკარი თვალი, რომ თურმე "თარგმანმცოდნის" სამეცნიერო წოდებაც კი არსებობს და ახლაღა გამახედა იმ ბედდამწვარმა სულისკვეთებამ მეცნიერობისკენ, მაგრამ რაღა დროისაა?! - ჩემი მატარებელი წავიდა, მაგრამ ხომ არსებობს თვითმფრინავი? ერთი სიტყვით, ვიწყებ სამეცნიერო კარიერის შექმნას (!), თუნდაც "ფეისბუქთან" ასოცირებული პროფესორის ვაკანტური ადგილი დასაკავებლად და გთავაზობთ ჩემი მომავალი დისტერტაციის პირველ "ოპუსს":

მავანი “ჰაფეზოლოგები” ამბობენ - ჰაფეზის ყაზალების თარგმნა შეუძლებელიაო და ერთ მათგანს ასეთი შედარებაც კი მოაქვს: “მისი თარგმნა მთვარის სხივებით ლარნაკის ავსების მცდელობაა”-ო... დიახ, შეუძლებელია ჰაფეზის თარგმნა, მაგრამ ნუთუ ბაირონის ან გოეთესი შესაძლებელია?! ან თუნდაც მარინა ცვეტაევასი... ან რაბინდრანათ თაგორის?! ნებისმიერი პოეტის ლექსის სხვა ენაზე ასევე ლექსად გადატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული... მაშ, არ უნდა არსებობდეს პოეტური თარგმანი, რაკიღა "მთვარის სხივებით ლარნაკს ვერ ავავსებთ?! 
თუ სხენებული “პოეტო-ლოგების” პრინციპით ვიმოქმედებთ, მხატვრული თარგმანი არ უნდა არსებობდეს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ის “უზუსტობით და გადაცდენებით სცოდავს ორიგინალის წინაშე”... მაშ, რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც არ შეუძლია, არა მარტო ჰაფეზის, არამედ ნებისმიერი უცხოენოვანი პოეტის შემოქმედების გაცნობა ენის არცოდნის გამო? უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რომ ე.წ. ფილოლოგიური თარგმანები (პწკარედი... სიტყვასიტყვითი თარგმანი...) იკითხონ და დაუჯერონ მათ, ვისაც ორიგინალში აქვს წაკითხული, რომ ეს არის ძალიან ლამაზი პოეზია?! არა, ვერანაირად ვერ დაიჯერებენ, რაც არ უნდა დიდი ხათრი ჰქონდეთ მთქმელისა... 
ანუ: რა ქნას პეპელამ?! - არც წაიკითხოს, არც დაიჯეროს?! (დელიავ-რანუნი...)
პასუხი ასეთია: ერთი ცნობილი სპექტაკლი არსებობდა ადრე, სადაც დაქორწინება-არდაქორწინების შესახებ მთავარი გმირი ამბობდა: “შეირთავ, ინანებ... არ შეირთავ და მაინც ინანებ”-ო... ჰოდა, ბარემ ლამაზად “თარგმნილი” წაიკითხე და ის დაიწუნე, რა...

(უკვე) 17 აგვისტოს ღამე... სადაცაა 2014-ის ზაფხულიც გავა

ძილი ნებისა!