суббота, 28 сентября 2013 г.

ფანტასტიური ლიმონათი

...60-70-იან წლებში ვინც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებს ესწრებოდა, ემახსოვრება ვანიონ დარასელის პიესის ("კიკვიძე") მიხედვით დადგმული სპექტაკლი... მე იქიდან ერთი პერსონაჟიც დამამახსოვრდა, პატარა უკრაინელი ბიჭი, რომელიც სულ იმას გაიძახოდა - ლომონათი მაგარი დასალევიაო, მაგრამ როცა კიკვიძემ ჰკითხა - როდის დალიეო? -, უპასუხა: არ დამილევია,
სხვებმა მიამბეს, რომ მაგარიაო...
ჩვენც ასე ვიყავით, ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, ერთმანეთს სულ პელე-გარინჩას ვეძახდით, არადა, არცერთი მათგანი არავის თვალით არ ჰყავდა ნანახი, მხოლოდ გაგონილი გვქონდა უფროსებისგან მათი არსებობის შესახებ, თუმცა იმ უფროსებსაც მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ... აბა, სად უნდა ენახათ?! - ტელევიზიაში მათ არ აჩვენებდნენ და ავლაბარში მოსვლას და ჩვენთან თამაშის სურვილს ნამდვილად არ ამჟღავნებდნენ არც პელე და არც გარინჩა... მართალია, 1966 წელს "დაგვალევინეს ლიმონათი" - ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატიდან პირველი რეპორტაჟები განხორციელდა და ვნახეთ, როგორ გაიტანეს ბულგარელების კარში პელემ და გარინჩამ თითო გოლი, მაგრამ მანამდე ნამდვილად არ გვყავდა ისინი ნანახა, თუმცა არც მის შემდეგ, 1970 წლამდე არ გამოჩენილან ისინი ჩვენს ტელეეკრანებზე.... 1970 წელს კი ვნახეთ პელე მთელი თავისი ბრწყინვალებით მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე... გარინჩას იმ დროს უკვე დანებებული ჰქონდა თავი და აღარსად თამაშობდა... ჰოდა, ახლა, ეს ვიდეო რომ ვიპოვე, ავისრულე ბავშვობის ოცნება და ვნახე ბოლოსდაბოლოს გარინჩას თამაში, მაგრამ რად გინდა რა?! - ახლა მე მაქვს დანებებული თავი და აღარ ვთამაშობ)))) ერთი სიტყვით ერთმანეთს ავცდით დროში... ისე კი უნდა გითხრათ, რომ 60-იან წლებში ჩვენს მაღაზიაში ფანტასტიური ლიმონათი იყიდებოდა... მაგალითად, წითელი ფერის "კრუშონი" (ასე ვეძახდით) - 20 კაპიკი და მაგის ჯანი!

http://www.youtube.com/watch?v=Od6KVVCScto

суббота, 21 сентября 2013 г.

საით მივდივართ?!

არსებობს ძალიან კარგი ელექტრონული ლექსიკონი, რომელიც პირადად მე დიდ დახმარებას მიწევს მუშაობისას.
http://ena.ge/explanatory-online
მაგრამ არანაირად არ მომწონს სახელი იმ დაწესებულებისა, რომელიც ხსენებულ ლექსიკონს ქმნის - "ენის მოდელირების ასოციაცია"; არათუ არ მომწონს, არც მესმის - რა იგულისხმება ენის "მოდელირებაში"?!
ამ ელექტრონული ლექსიკონის თავფურცელის პირველივე წინადადება კი ძალიან სახიფათო და შემაშფოთებელ მოვლენას წარმოაჩენს. თვალსაჩინოებისთვის ეს შესავალი ნაწილი ლექსიკონისა გამოსახულებად ვაქციე, სადაც არაქართული სიტყვები წითლად აღვნიშნე და აღმოჩნდა, რომ ერთ წინადადებაში, სადაც 22 ენობრივი ერთეულია, 6 გახლავთ საკუთარი სახელი ან ნაცვალსახელი თუ კავშირი:
არნოლდ (1), ჩიქობავა (2), შოთა (3), რუსთაველი (4), და (5), იგი (6)... ცხადია, ჩამოთვლილ სიტყვებს უცხოური ერთეულებით ვერ ჩაანაცვლებდნენ.
დარჩენილი 16 სიტყვიდან კი მხოლოდ შვიდია ქართულია და ცხრა -  არაქართული.
* * *
მე ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრი სიტყვა უკვე ისე დამკვიდრდა ქართულ ენაში (...და არა მარტო ქართულში), რომ მათ გარეშე აზრის სრულყოფილად გადმოცემა თითქმის შეუძლებელია (ლექსიკონი, პროექტი, ინსტიტუტი და ა.შ.). მაგრამ მაინც... ეს შეფარდება - ცხრა უცხოური და შვიდი ქართული - უკვე ძალიან სახიფათო მოვლენაა...



არანაირ საყვედურს არ ვამბობ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც, საჭიროებისამებრ თუ კეკლუცობისამებრ, უყვარს და უხდება ე.წ. "პროგრესისასკენ მიმავალ გზაზე" ცხოვრების შესაბამისი თავისებურების დამკვიდრება თუნდაც მეტყველებისას და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ისინიც იგრძნობენ ავისმომასწავებელი  საფრთხის მოახლოებას.... უბრალოდ ვსვამ კითხვას - საით მივდივართ და იქ, "სადღაც" მისვლის შემდეგ რომელ "მოდელირებულ" ენაზე დაველაპარაკებით ერთმანეთს... უფრო სწორად - ჩვენი შთამომავლები რომელ "მოდელირებულ" ენაზე ისაუბრებენ ერთმანეთთან?! ჩვენ ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, საუბრისას "შვიდ-მეთექვსმეტედ" ქართულს მაინც ვიყენებთ...

среда, 11 сентября 2013 г.

პატარა (დიდაქტიკურ-ჰარმონიული) მოგონება

სადღაც მეორე კურსზე ვიყავი, ალბათ, და ჩვენი კათედრის გამგემ, დავით კობიძემ (ფოტოზე - დავით კობიძე), რომელიც კლასიკურ სპარსულ ტექსტებს გვაკითხებდა და გვასწავლიდა, შეიტყო, რომ თარგმნის სურვილი გამჩენოდა და რომ მიმატანინა ერთი ფარატინა 12-ფურცლიანი რვეული და პირველივე თარგმანის ორი სტრიქონი რომ წაიკითხა, მითხრა ის, რაც მთელი შემდგომი საქმიანობის საფუძველი გახდა. 
იქ ეწერა:

ჩვენს გაჩენამდე ქვეყნად იყო ბევრი დღე-ღამე,
დიდხანს აკეთა ამ სამყარომ თავისი საქმე.

ბატონმა დავითმა დაახლოებით ასე მითხრა: 
"ღამე" და "საქმე" კი მთავრდება ერთსა და იმავე მარცვალზე (-მე), მაგრამ რითმის კეთილხმოვანებას აქ მაინც "ქ" ბგერა განსაზღვრავს და "ღამე-საქმე" ერთმანეთს არამუსიკალურად ერითმებაო...

შარშან ეს რობაი ხელახლა რომ ვთარგმნე კრებულისთვის, ეშმაკობას მივმართე - სარითმო ერთეულის შემდეგ ყურადღების გასანელებლად რედიფი (ყველგან განმეორებადი სიტყვა) "ყოფილა" ჩავსვი, ხოლო "ქ"-ს ეფექტის გასანეიტრალებლად ბოლოში "-ც" ნაწილაკი დავურთე... ის ღამე-საქმე სარითმო ერთეულები ამით მოვიყვანე ჰარმონიაში, ყოველ შემთხვევაში "ქ" უკვე ძალიან აღარ ხვდება ყურს.

აქ ჩვენს  მოსვლამდე დღეც იყო და ღამეც ყოფილა,
ამ ცისქვეშეთში, მგონი, რაღაც საქმეც ყოფილა;
ჩვენს ფეხქვეშ მიწა ლამაზმანის თვალებს მაგონებს,
აქ რომ იყო და, ალბათ, სხვაგან სადმეც ყოფილა.

понедельник, 19 августа 2013 г.

ჩემი უბნის სურათები

...მართალია, თავს ავლაბრელად ვთვლი, რადგან სკოლაც იქ დავამთავრე და ყველა ნათესავი და ბავშვობის უმეტესი მეგობრები კვლავაც იქ ცხოვრობენ, მაგრამ იმდროინდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, ჩუღურეთელი უნდა მერქვას,  რადგან სწორედ ჩვენს ქუჩაზე გადიოდა საზღვარი 26 კომისრის რაიონთან და მე აქეთ, ავლაბრიდან დასავლეთისკენ ვცხოვრობდი, ჩუღურეთის საზღვარზე (მაშინ ოქტომბრის რაიონი კი იყო, მაგრამ ხალხი მაინც ჩუღურეთს ეძახდა). 
ძველ წიგნებში წერია, რომ მე-17 საუკუნის ბოლოდან ჩვენი ქუჩა, რომელიც ურიცკის სახელობის იყო კომუნისტობისას და ახლანდელი პრეზიდენტის სასახლესთან იწყება და არსენალის გვირაბს ებჯინება, მოიხსენიებოდა, როგორც "ზემო გზა" და ეს გზა ავლაბარს დიდუბესთან აერთებდა; აი, ამ ქუჩის მარცხენა მხარეს, სამების ეკლესიის პირდაპირ, არის დიდი, ღრმა ხევი, რომელიც მტკვრამდე ჩადის, სწორედ ამ ხევის ფერდობებზე, რკინიგზის გადმოღმა იყო დასახლება, რომელიც ისტორიულ დოკუმენტებში მე-17 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი სოფელ "ჩუღურეთის" სახელით, მაგრამ ის მანამდეც არსებობდა და თამარის ეპოქის თბილისში შემომავალი ერთ-ერთი კარიბჭე და საბაჟო სწორედ იქ იყო. 

ოფიციალური ინფორმაციით სოფელი ჩუღურეთი 1820 წელს გახდა თბილისის სრულუფლებიანი ნაწილი, მანამდე კი სოფელი იყო ხევში... 
დიახ, "ჩუღურ" ღრმა ხევს ნიშნავს თურქულად და მთელი ჩემი ბავშვობა ამ ხევის გარდიგარდმო ხეტიალს "შეეწირა"... (იქ იყო წყალსაქაჩი სადგური, რომელსაც "წყაროს" ვეძახდით და სადაც ბეტონის  მცირე აუზი იყო და ჩვენთვის ის, მალიბუს თუ არა, ბულგარეთის ოქროს ქვიშებზე უკეთესი პლაჟი ნამდვილად იყო). "ჩუღურ/ჩოღორ" რომ ხევი და უსწორმასწორო ადგილია, ეს ფაქტი სხვა სიტყვაშიც შემოგვრჩა - ოღრო-ჩოღრო...  
ეს ყველაფერი ამასწინათ ბატონ საიდ მულიანის (მულიაშვილს), ფერეიდნელ ქართველს, ისფაჰანის უნივერსიტეტის პროფესორს ვუამბე და ვაჩვენე "ჩუღურეთად" წოდებული უბანი, რადგან იგი წარმოშობით ფერეიდანში მდებარე სოფელ "ჩუღურეთიდან/ჩუღრუთიდან" გახლავთ და ჩვენს საუბარში ასეთი ჰიპოთეზა წარმოიშვა - გარეკახელების (ახლანდელი საგარეჯოს რაიონი) გარდა, შაჰ-აბასის მიერ ირანში გადასახლებულთა შორის იყვნენ, აგრეთვე, სოფელ ჩუღურეთიდან გადასახლებული ქართველებიც; საქმე იმაშია, რომ სიტყვა "ჩუღურ" სპარსულში არ არსებობს და ფერეიდანში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, რომ არა იქ ჩასახლებული ქართველების სურვილი, შეენარჩუნებინათ მშობლიური სოფლის სახელი (....ისევე როგორც მარტყოფი).
ასეა თუ ისე, ჩუღურეთი თბილისს შეუერთდა, ოღონდ უკვე არაქართული მოსახლეობით. მე იქ ვიცხოვრე 30 წელი და ვიცი, რომ იმ ხევში არაქართული მოსახლეობის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი არაქართველია და, როგორც ჩანს, ამასაც თავისი გამართლება აქვს: თუ ჩვენს ჰიპოთეზას დავუჯერებთ, მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ჩუღურეთი ქართველებისგან მთლიანად დაიცალა და მომდევნო ათწლეულებში იქ დასახლდნენ სხვა ეროვნების ადამიანები, ძირითადად სომხები, ქურთები და იეზიდები და საკმაოდ მრავალფეროვანი ინდუსტრიული ქსელიც შექმნეს (ციტატა): "1823 წლის საქართველოს სტატისტიკური აღწერის შედეგად ჩუღურეთში იყო: ათი აგურის ქარხანა, ოთხი სამეურნეო ქარხანა, რვა სამღებრო, სამი სამჭედლო, ერთი საპნის ქარხანა, ერთი სადალაქო, ორი დუქანი, ორი გაჯის ქარხანა, ლუდსახარში, ერთი თონე"...
ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ჩუღურეთიც ორი ნაწილისგან შედგება: ავლაბრის მხარეს უფრო სომხები ცხოვრობენ, ხოლო ბუხაიძის ქუჩიდან დაახლოებით საბჭოს მოედნამდე (არ ვიცი, ახლა რა ჰქვია) - ქურთების და იეზიდების სიმრავლე შეინიშნება... კარგად მახსოვს, ერთხელ სამხედრო კომისარიატში გამომიძახეს (მარჯანიშვილის ქუჩაზე, კორტებთან) და იქ აღმოჩნდა, რომ სამედიცინო კომისიის გასავლელ ოთახში ორმოცდაათამდე წვევამდელი  ვიყავით და მათ შორის მხოლოდ მე აღმოვჩნდი ქართველი, რაც უყურადღებოდ არ დარჩენია ერთ რუს ოფიცერს, როგორც საინტერესო ფაქტი. 
საერთოდ კი, ჩვენი თბილისური ფესვები გუთნის ქუჩას უკავშირდება (სასტუმრო "მეტეხის" უკან), იქიდან მამაჩემი ომის შემდეგ გადასახლდა ჩუღურეთში თავის ცოლ-შვილთან ერთად... გუთნის ქუჩაზე და იქ მცხოვრებ იეთიმ გურჯიზე კი სხვა დროს ვილაპარაკოთ...

суббота, 17 августа 2013 г.

ნოსტალგია

1990-91 წლებამდე ფეხბურთის აქტიური (თანაც ძალიან აქტიური!) გულშემატკივარი ვიყავი და ვიცოდი ყველაფერი იმდროინდელი ფეხბურთელების შესახებ, რის საშუალებასაც იძლეოდა მაშინდელი პრესა და ტელევიზია... მერე ბევრი მიზეზის გამო და მათ შორის 1990 წლის უღიმღამო მსოფლიო ჩემპიონატის (1994 მთლად უარესი იყო); საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის შეწყვეტის და მისგან გამომდინარე შესაბამისი შედეგების გამო, საქმე ისე წავიდა, რომ დღეს საერთოდ აღარ ვუყურებ არანაირ ფეხბურთს... ახლა მეტყვიან - ასეთ თამაშებს ვხედავთო - ბარსა-მარსები და რეალ-მეალებიო.... მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, სამწუხაროდ, თუმცა 1994 წლის შემდეგ იყო ერთი ან ორი ჩემპიონატი ან თამაში, რამაც ძველებური სიამოვნება მომანიჭა...

და აი, გუშინწინ ისეთი რამ ვიპოვე, რამაც საშინელი და შემზარავი ძალით მაგრძნობინა ისეთი ცნების (...ლამის დამანგრეველი და სტიქიური)  ძალა, რასაც ნოსტალგია ჰქვია....
1966 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების სრული ჩანაწერები დევს you tube-ზე, არის აგრეთვე ზოგი მატჩი სრულად, სადაც თამაშობენ ხურცილავა, მეტრეველი, სტრელცოვი, ვორონინი, ასათიანი, კავაზაშვილი, საბო, სერებრიანიკოვი..... რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთებზე: პელე-ბეკენბაუერი-ზეელერი-რიველინო-მაცოლა...... ოეეეეეეეეეეეეეეეეეე! (ანუ - ასე შემდეგ... ).

ბუნდოვნად მახსოვდა ეს თამაშები, ახლა კი ისეთი სიცხადით დავინახე ყველა  ის გატაცება წარსულისა, რამაც ჩემი ბავშვობის და სიჭაბუკის მთელი გასართობი დრო შეავსო, რომ, როგორც "პრადვინუტები" ამბობენ, შოკში ვარ!...

...წავედი მე ახლა, სსრკ-ავსტრიის მატჩს უნდა ვუყურო, 1967 წლის ივნისია, მე 11 წლის ვარ და  სულ არ მაინტერესებს, ხვალინდელი გაკვეთილები ნასწავლი მაქვს თუ არა... 

понедельник, 22 июля 2013 г.

შენ კი ბრიყვულად მი-ს-ცემიხარ

უკვე აღარ მიკვირს, რომ 90% ქართულად მწერ-მეტყველი ადამიანებისა თითქმის კატეგორიულად უარყოფენ მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშნებს და ამიტომაც დამკვიდრდა და გაბატონდა ფორმები: ყავს, ჭირდება, თავაზობს, მოწონს, ქონია და ასე შემდეგ. არადა, აქვე შეიმჩნევა მეორე მიდრეკილება - ამ ნიშნებს (ჰ,ს) წერენ იქ, სადაც სრულიად გაუმართლებელია მათი არსებობა: კრება შე-ს-დგა, მან კაცი მო-ჰ-კლა და ა.შ. 
ამის შესახებ ბევრჯერ გამომითქვამს სინანული, მაგრამ ვრწმუნდები, რომ ეს შენაცვლება უკვე დაკანონდა და გარკვეული ხნის წინ "მისი უგრამატიკულესობის" საუბარი რომ მოვისმინე, სადაც აშკარად უგულებელყოფილი იყო ხსენებული ნიშნები პირისა, აღარც გამკვირვებია და აღარც არსად "მიჭორავია" მასზე, რადგან ზეპირმეტყველებისას, რაღა დაგიმალოთ და, მეც ასეე მჩვევია - ყავს, ყოლია და ა.შ.
მაგრამ 
ახლა 70-იან წლებში გამოცემულ წიგნში რომ შემხვდა ასეთივე შეცდომა, რომელიც ძალიან ცნობილი და სახელოვანი მეცნიერების მიერაა შექმნილ-რედაქტირებული და კორექტორების მთელი ჯგუფის მიერ შემოწმებული (დღევანდელისგან განსხვავებით 40 წლის წინ კორექტორი ერთ-ერთი ძირითად მუშაკი იყო პოლიგრაფიულ-საგამომცემლო საქმისა), საბოლოო სინანულით მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ ირიბი ობიექტური პირის ნიშნები აღარ გვჭირდება და ვკარგავთ მათ, რაც ქართული ენისთვის ისეთივე მტკივნეული დანაკარგია, როგორიც აფხაზეთი და სამაჩაბლოა - მთელი საქართველოსთვის...

"შენ კი ბრიყვულად მიცემიხარ ვაჟკაცურ სურვილს..." - წერია ერთ ქართულ აკადემიურ გამოცემაში... არადა, აქ "ს" (მი-ს-ცემიხარ) ორმაგ საჭიროებას წარმოადგენს: 1. როგორც მეორე სუბიექტური პირის ნიშანი და 2. როგორც მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი.

არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ვინმე შეცდომაში გამოვიჭირე და ნიშნისმოგებით მიხარია... პირიქით - ძალიან მწყინს, რომ ქართული ენისთვის დამახასიათებელი საოცარი გრამატიკული ფენომენის გაქრობის პერიოდი დიდი ხნის წინ დაწყებულა თურმე და დღეს პრაქტიკულად კანონზომიერებად იქცა.

четверг, 11 июля 2013 г.

პირველი ქართველი "შაჰნამე-ხან-"ი

ახლა, რადგან "შაჰნამეს" დავუბრუნდი ისევ და ზურაბისა და როსტომის დაპირისპირების ეპიზოდს ვთარგმნი (სულ 1100-მდე ბეითია... ანუ დაახლოებით 550 რუსთველური სტროფი), ვეძებ და ვსწავლობ ჩემს ბიბლიოთეკაში და ინტერნეტში არსებულ  ყველაფერს, რაც ამ პოემასთან არის დაკავშირებული და მივადექი საკითხს, რასაც ე.წ. "შაჰნამე-ხან"-ი ჰქვია (ანუ ამ პოემის ზეპირი კითხვის ოსტატი) და გამახსენდა, რომ ამასწინათ უნივერსიტეტში ჩატარებულ საღამოზე, რომელოც ირანულ კულტურას მიეძღვნა, სწორედ ამ "სპეციალობის" ადამიანი გამოვიდა და ფირდოუსის პოემის ნაწყვეტი წაიკითხა (შეგიძლიათ იხილოთ ეს პატარა ვიდეოჩანაწერი 6:40-იდან - http://www.youtube.com/watch?v=9_5n-aP7xjw).

ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, უნებლიედ მეხსიერებაში ამოტივტივდა ერთი ფაქტი, რამაც დამარწმუნა, რომ საქართველოს პირველი (...და, ალბათ, ერთადერთი) "შაჰნამე-ხან"-ი სწორედ მე გახლავართ და ამის დამადასტურებელი მოგონებაც გამაჩნია, ახლავე გიამბობთ გრძლად... ამ ამბის შემოკლება არ შეიძლება, რადგან ძალიან მსიამოვნებს მისი ყველა დეტალის გახსენება.

მისი უდიდებულესობა "შატალო"

1973 წელს, იანვარში 77-ე სკოლის მეათე (დამამთავრებელ) კლასში რომ გახლდით მე და ჩემი თანაკლასელები, იმ ზამთარს საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა... მივედით ერთ დღესაც სკოლაში, პირველი გაკვეთილი "გავაიმასქნეთ" და დასვენებაზე ფანჯარაში რომ გავიხედეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი სკოლის დირექტორის, პატივცემული გრიგოლ კობახიძის ნაცრისფერი "ჟიგული" სკოლის ეზოში არ იდგა... ესე იგი (1) გრიშა სკოლაში ვერ მოვიდა... (ალბათ, თოვლმა შეუშალა ხელი)... ესე იგი (2) კარგა ბარაქიანი თოვლი დევს ქალაქში (ბაშვობისას თოვლზე საყვარელი ხომ არაფერია), ესე იგი (3) შეგვიძლია "შატალოზე" წავიდეთ....
მაგრამ!
პალტოები და ფეხსაცმელი გასახდელშია, თოვლში "ჩუსტებით" ვერ გავალთ (მოგახსენებთ, რომ მაშინ ჩვენს სკოლაში ასეთი წესი იყო - სახლიდან პარკით მოგვქონდა "ჩუსტები" - რბილი! - გასახდელში ვიცვლიდით და ექვსი გაკვეთილის შუა ხუთი დასვენება იმ "ჩუსტებით" დავსრიალებდით დერეფნებში).
ესე იგი (3)  შეგვიძლია "შატალოზე" წავიდეთ, მაგრამ საამისოდ უნდა მოვიპოვოთ გასახდელის გასაღები... ეს პრობლემაც ჩვენდა სასარგებლოდ გადაწყდა, რადგან სკოლის შვეიცარი და გასაღებთუხუცესი ქალბატონი ცანავა (სახელი აღარ მახსოვს) ჩვენი თანაკლასელი ვიქტორ კაჭარავას დეიდა თუ მამიდა იყო და მთელმა კლასმა დავავალეთ მას, რომ ცანავას ჯიბიდან გასაღება ამოეძვრინა.... რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს. ხომ მოგეხსენებათ, რომ 20 თანაკლასელის მიერ დაკისრებული მოვალეობის აღსრულება უკეთილშობილესი საქმეა და ვიქტორმაც ბრწყინვალედ შეასრულა დავალება.... მეორე გაკვეთილის ზარი რომ დაირეკა, ჩვენ მორიგი გაკვეთილის ნაცვლად უსწრაფესი მანევრებით სარდაფში მდებარე გასახდელში აღმოვჩნდით და ჩვენი კუთვნილი ზამთრის სამოსი, ახლა რომ იტყვიან, დავითრიეთ...

ჩამორჩენილი "ბარაშკა"

"ავლაბრის" (მაშინდელი "26 კომისრის") მეტრომდე ასიოდე მეტრი ჩარბენილი არ გვქონდა, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა უკან მოიხედა და დაინახა, რომ ჩვენი თანაკლასელი გოგო დაღმართზე უპალტოოდ მოგვდევდა... ეს გახლდათ პატივცემული დოდო (ოლღა) როჭიკაშვილი. ესე იგი, სანამ ჩვენ ხუთწუთიან დასვენებაზე "შატალოს" იდეაც" დავსახეთ, გასახდელის გატეხვის გეგმაც შევიმუშავეთ და გამოვიპარეთ კიდეც, ეს ჩვენი ძვირფასი დოდო (ოლღა) თურმე ფრიად საჭირო ადგილას იყო შესაბამისი (ადეკვატური და პრიორიტეტული) პროცესის ჩასატარებლად და როცა შევიდა კლასში და იქ არავინ დახვდა, იფიქრა უჩემოდ გაიპარნენო და ცანავა რომ გასახდელის "გატეხვის" ვიშ-ვიშში იყო, დოდომ მოახერხა და მთავარი შესასვლელიდან გამოძვრა, რადგან ჩვენ ის ღია დავტოვეთ და ცანავასაც დაავიწყდა დაკეტვა... ერთი სიტყვით, დოდო დაგვეწია... უპალტოოდ... გავიხადე პალტო და ჩავაცვი... ერთი ასეთი თბილისური სიმღერა არსებობს:
მე გავიხდი, შენ ჩაგაცმევ,
ბარაშკაჯან, არ შაგცივდეს...
ისე კი, დღემდე კაი ჩახუჭუჭებული თმები აქვს და "ბარაშკობა" ნამდვილად შეეფერება, მით უმეტეს მაშინ... იმ 1973 წელს ეს ლექსი ვიცოდი, თუ არა, არ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს - ახლა ხომ ვიცი! 

წინ, მთაწმინდისაკენ!

დავეშვით დაღმართზე, მერე ხიდზე, მერე ქუჩაზე (ყველა ბარათაშვილის სახელობისაა), ავჭერით ვაჩნაძის ქუჩით რუსთაველის პროსპექტისკენ, მერე ჩიტაძის ქუჩა და... ფუნიკულიორის ტრამვაი, მგონი, არ მუშაობდა, ავუყევით ჭონქაძის ქუჩას და მთაწმინდის პანთეონის აღმართს მივადექით... ტაშიიიიიიიიიიიი! თოვლია, თოვლია იმდენი, რომ ბაკურიანს შეშურდება... მაგრამ ვერ ავდივართ ზემოთ, ზაფხულშია ხოლმე ძნელი იმ "სერპანტინზე" ასვლა და, აბა, მოყინულ ფერდობზე რა იქნებოდა... თანაც ამდენი გოგოების თანხლებით... გავიძრეთ კაშნეები, გადავაბით და როგორც იქნა ერთმანეთი ავათრიეთ, იქიდან უკვე კიბეს ავუყევით და "დავიპყარით" თბილისის ულამაზესი და განუმეორებელი მწვერვალი... იქ, რა თქმა უნდა, ვიგუნდავეთ, ვისრიალეთ, ვიხტუნავეთ და ზამთრის ყველა ამ პროცედურის შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთელი ჩვენი ბიუჯეტი იმ წუთისთვის შეადგენდა 25 მანეთს, რაც სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ იქვე, ერთ სასადილოში, ჩვენი მოშიებული კუჭები მწვადით და ლიმონათით ამოგვევსო....

დავეშვით ქვემოთ!

ჩანთები კი გვქონდა თან, ყველას თუ არა, ნაწილს მაინც, რაც შესაბამის სიტუაციაში "ციგის" როლსაც ასრულებდა და ასე ჩამოვედით ბილიკით ქვემოთ, მამადავითის მონასტრამდე, მერე ისევ "სერპანტინი", ჩიტაძის ქუჩა და... ბიჭო! კინოში ხომ არ შევსულიყავით?! მაშინ კინო "რუსთაველში" წყვილ საათებში გადიოდა ფილმები, ჰოდა, აღმოჩნდა, რომ უკვე ორი (14.00.) საათი სრულდებოდა და სალაროსთანაც არანაირი რიგი არ იდგა... საერთოდ იქ ყოველთვის რიგი იყო ხოლმე, მაგრამ ფილმსაც გააჩნდა... საბჭოური ფილმებზე და მით უმეტეს ისეთზე, სადაც ვიღაც თათრები ეომებიან ერთმანეთს, ხალხი არ დადიოდა... ჩვვენთვის კი სულერთი იყო, მთავარია, სადმე გაგვეგრძელებინა "შატალო" და მერე რა მოხდებოდა, არავის ანაღვლებდა... შევედით, დავსხედით, ჩაქრა სინათლე და დაიწერა ეკრანზე - "Сказание о Рустаме - Рустам и Сухраб" - Таджикфильм... ჩვენ კი, ნაგუნდავებ-ნასვამ-ნაჭამებს და დაღლილებს მეტი რა გვინდოდა, მივადეთ ერთმანეთს თავები და ჩაგვეძინა, კაი გრძელი ფილმი კი იყო და კარგადაც გამოვიძინეთ....

მორჩა კინო!

არა, მანამდე იმ კითხვას უნდა ვუპასუხო, რაც მეც დამებადა და ამ ტექსტის მკითხველსაც, ანუ - კინოში შესასვლელი ფული სად ვიშოვეთ?...
არ მახსოვს! ალბათ, 25 მანეთი სულ არ დავხარჯეთ სამწვადეში, ან კიდევ გვქონდა სხვა ფული... არ ვიცი, ვერ გავიხსენე. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ფილმი ვნახეთ და ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ არიან ჩემი თანაკლასელები:
(https://www.facebook.com/groups/358546967512545/) - ჩავამწკრივებ "ფეისბუქში" და დადებენ მტკიცებულებებს, რომ ნამდვილად ვიყავით "რუსთაველის" კინოში 1973 წლის იანვარში...
ეჰ, ზოგი კი აღარ არის ცოცხალი, 40 წელი გავიდა მას შემდეგ... ამასწინათ გავიგე, ისრაელში ჩვენი კლასელი ოთარა ელიგულაშვილი გარდაცვლილა... ნათელში იყოს მისი სული! აღარც მინდა გავიხსენო, უკვე მერამდენე თანაკლასელი დავკარგეთ...

ერთი სიტყვით, "ვნახეთ" Таджикфильм და სინათლეც აინთო, გამოვფხიზლდით და დავიძარით გასასვლელისკენ... არა, მე ცოტ-ცოტას კი ვუყურე, ასე ვთქვათ, "ცალი თვალით" და ზოგი რამ დამამახსოვრდა... რომ არ მეყურებინა, აბა, როგორ გავხდებოდი ნახევარი საათის შემდეგ პირველი ქართველი "შაჰნამე-ხან"-ი?!
ხომ გახსოვთ, რა კარგი იყო კინოდარბაზიდან სუფთა ჰაერზე გამოსვლა და ღრმად ჩასუნთქვა სუფთა ჰაერის... ჩვენც გამოვედით ფურცელაძის ქუჩაზე, ღრმადაც ჩავისუნთქეთ და.... ამოსუნთქვისა რა მოგახსენოთ! - ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ჩვენი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი სერგო აკოფოვი იდგა და ჩვენ გველოდებოდა!

შტირლიცი თუ ჰენრი ჰიგინსი?!

კი, იმდროის კომუნისტები თავისი განათლების სისტემით ათას აბლაბუდებს ხლართავდნენ, რომ ჩვენ სკოლა არ გაგვეცდინა და კარგად გვესწავლა, მაგრამ ასეთი აგენტურა თუ ჰყავდათ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.
«Семнадцать мгновений весны» (ანუ შტირლიციადა) 1973 წლის შემოდგომაზე გავიდა ეკრანებზე, როცა უკვე დამთავრებული გვქონდა სკოლა, თორემ პატივცემულ სერგოს ნამდვილად შტირლიცის "კლიჩკას" მივაკერებდით... ან საიდან გაიგო, ან როგორ გვიპოვა ავლაბრიდან "რუსთაველის" კინოში?! - დღესაც არ ვიცი! იმას ვვარაუდობ, რომ კინოდარბაზების ადმინისტრაცია განათლების სისტემასთან იყო "შეკრული" და მოსწავლეთა მასობრივი გამოჩენის შეთხვევაში (თანაც სასკოლო ფორმებში), უმალ აცნობებდენ იქ, სადაც ჯერ არს, მერე იქიდან სკოლაში შეატყობინებდნენ და შედეგად გრიშა სერგოს პირდაპირ "რუსთაველის" კინოსთან გამოგზავნიდა...
მაგრამ!
იმ ადმინისტრატორმა საიდან გაიგო, რომ ჩვენ მაინცადამაინც 77-ე სკოლელები ანუ ავლაბრელები ვიყავით?! რომელი ჰენრი ჰიგინსი ის მყავდა, რომ ჩვენი მეტყველების მიხედვით განესაზღვრა, თუ რომელი უბნელები ვართ (მით უმეტეს, რომ იმ უბანში კიდევ 3-4 ქართული სკოლა არსებობდა)?!
არა, კაცმა რომ თქვას, ჩვენი მაშინდელი და ახლანდელი მეტყველებაც პირწავარდნილი "ავლაბრული" გახლავთ (მით უმეტეს მაშინ, როცა ერთმანეთთან ვლაპარაკობთ), მაგრამ ზუსტად სკოლა როგორ დაადგინეს?
არ ვიცი! ეს დარჩა გამოცანად.

წავედით სკოლაში!

უკვე მოსაღამოვებული იქნებოდა, სკოლაში რომ შეგიყვანეს და პირდაპირ დირექტორის, ანუ გრიშას, კაბინეტისკენ გაგვიძღვნენ.
პატარა ჩანართი გრიგოლ კობახიძის შესახებ:
იგი გახლდათ პირველი და, მგონი, ერთადერთი ქართველი მასწავლებელი, რომელსაც მიენიჭა "საბჭოთა კავშირის სახალხო მასწავლებლის" წოდება და იყო ერთ-ერთი იმ პირველ ოთხეულში, ვინც ამ ტიტულისთვის მთელი კავშირის მასშტაბით შეარჩიეს... ეს წოდება რასაც ნიშნავდა მაშინ, იმ თაობის ადამიანებმა იციან, ახლანდელები კი, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირში "დინოზავრები ცხოვრობდნენ", ვერ გაიგებენ და, ალბათ, არც არის საჭირო, რომ გაიგონ...
მაგარი კაცი იყო გრიშა, მკაცრიც და გამგებიც, მაგრამ თავისი უცნაურობები ყველას აქვს და არც იგი იყო გამონაკლისი...

ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ჩავმწკრივდით პატივცემული დირექტორის წინ და დაიწყო გამოძიება - რა? სად? როდის?
ყველაფერი რომ გამოიკვლია (სამართლიანობის აღდგენის მიზნით!), ბოლოს იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ყველას პალტო ეცვა და მარტო მე რატომ ვიდექი უპალტოოდ, როგორც შიშველი გადარეული...
- შენ, შენ ცუღლუტო... პალტოს რატომ არ იცმევ?! გინდა, რომ გაცივდე და სკოლა გააცდინო, ხომ?! იცოდე, არ დაგიჯერებ, ექიმის ცნობას თუ არ მომიტან (და ა.შ) - ანუ, ამ "შატალოში" მონაწილეობა არ მაკმარა და  ახალ საქმეს "მიკერავდა" უპალტოოდ შეგნებულად სიარულის თაობაზე...
ვიდექი და ვუსმენდი ჩუმად ბრალდებებს, აბა, იმას ხომ არ ვიტყოდი, რომ "ბარაშკას" ჩავაცვი და ახლა იმას "შეკერავდნენ" კომუნისტური სულისკვეთებით განმსჭვალული პედაგოგები, რომ მე სწავლის ნაცვლად, გოგოებზე ვფიქრობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
მას შემდეგ, რაც გამოვიყენე "დუმილის უფლება", პატივცემულმა გრიგოლმა განაგრძო ისევ საბრალდებო დასკვნის კითხვა და ბოლოს ისევ მე მომიბრუნდა:
- აბა, ახლა გამოდი და მოგვიყევი, თუ რა ნახეთ ისეთი იმ ფილმში, რის გამოც სკოლის გაკვეთილები გააცდინეთ?
აუჰ!
რომ მეთქვა - მეძინა, მეტყოდა - სახლში უნდა იძინოო, რომ მეთქვა - არ მახსოვს, მეტყოდა - სამი საათი ფილმს უყურე და, შე უტვინო, როგორ ვერაფერი დაიმახსოვრეო... ჰოდა, მეც მძინარობას და უტვინობას ვარჩიე, რამე მომეყოლა და დავიწყე....

აი, ამას გეუბნებოდით!

ასე და ამრიგად მე გავხდი პირველი "შაჰნამე-ხან"-ი ("შაჰნამეს" ამბების მთხრობელი) საქართველოში, რაშიც უდაოდ დამეხმარა ის, რომ სახლში გვქონდა 1963 წელს გამოცემული წიგნი "გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების"  სერიით - "ფირდოუსი" (ავტორი - ალექსანდრე გვახარია), რაც ნამდვილად წაკითხული მქონდა, რადგან ჩემი ძმის (განათლებით - ფილოლოგის) მოტანილ წიგნებს ერთსაც არ ვტოვებდი წაუკითხავს... რომელი "ფეისბუქი" და ინტერნეტი შემიშლიდა ხელს, რომ არ წამეკითხა?!
მოვუყევი პატივცემულ გრიგოლ კობახიძეს "ზურაბისა და როსტომის" ამბავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვერც დირექტორზე და ვერც იქ დამსწრე საზოგადოებაზე ვერანაირი შთაბეჭილება ვერ მოვახდინე, რადგან ჩვენი სკოლა ტიპიური ფიზიკა-მათემატიკური განხრისა იყო და ჰუმანიტარულ "იწიბიწიებს" არავინ სწყალობდა, მით უმეტეს ასეთ აღმოსავლურ ზღაპრებს, რომელთა არსებობა საბჭოთა სკოლებში პირწმინდად იგნორირებული იყო.

კინაღამ გამაძევეს სკოლიდან!

ჩემი  მცდელობის მიუხედავად, ბატონმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სხვა სკოლაში გადავეყვანე, რადგან ჩემი მსგავსი მოხულიგანო ელემენტები ("შატალოზე" დადის, პალტოს არ იცვამს, ზღაპრებს ყვება!) 77-ე სკოლას არ სჭირდებოდა! მაშინვე მომცა საბუთები, გადარეკა "სხვა სკოლაში" და მითხრა, რომ იქ უნდა დამემთავრებინა ათწლედი... ის "სხვა სკოლა" კი ბატონ გრიშას და 26 კომისრის რაიონის განათლების განყოფილებას "შტრაფნოი ბატალიონივით" ჰქონდათ... ყველა უდისციპლინოს იქ აგზავნიდნენ და მერე, იმ ერთი ანეკდოტისა არ იყოს - ღმერთმა ყველ ცოდვილს ერთ გემზე რომ მოუყარა თავი და ჩაძირა, ყველას სამიანებით გაძეძგილ ატესტატებს აძლევდნენ და ამით უსპობდნენ  უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების საშუალებას...
იმხანად ასეთი წესი არსებობდა - უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე დაგროვილ ქულებს ატესტატის საშუალო ნიშანი ემატებოდა და ასე არჩევდნენ სტუდენტობის ღირს აბიტურიენტებს... მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი მე არ მაღელვებდა, რადგან არანაირ "ფიზიკა-მათემატიკებზე" ჩაბარებას მე არ ვაპირებდი და ატესტატის ნიშნებზეც არ ვზრუნავდი (ჩემი ჭკუა მაშინ თეატრისკენ იყო გადახრილი), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ძალიანაც ვცდებოდი...
გამოვართვი დირექტორს საბუთები იმ პერსპექტივით, რომ გადავიდოდი ჩემთვის ახალ სკოლაში... იქ "პარადებზე"გაცნობილი ერთი-ორი  "კრასოტულეჩკა" მეგულებოდა და, მგონი, მიხაროდა კიდეც, რომ იქ გადამაგზავნეს, მაგრამ ვინ მაცალა ახალ გოგოებთან გაგულავება?! გვიან საღამოს ჩვენი სკოლის სიმღერის მასწავლებელი, ჩიტო (ვენერა) შოშიაშვილი დაგვადგა თავზე, დედაჩემს ყველაფერი უამბო და ჩემი საბუთები ისევ სკოლაში წაიღო. ჩიტო მამაჩემის (რომელიც მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო) ბავშვობის მეგობარი გახლდათ და, ბუნებრივია, ჩემს თავს არავის დააჩაგვრინებდა...
დავრჩი ჩემს სკოლაში და ჩემს კლასში, ჩემს თანაკლასელებთან, რომლებთანაც ერთად 10 წელი ნახეხ-ნასრიალები მქონდა ჩვენი სკოლის დერეფნები.

ფრიადი!

...დედაჩემს ჩემი მეცხრეკლასის დღიური ჰქონია შემონახული და ამასწინათ აღმოვაჩინე, იქ ბევრი "საინტერესო" ნიშანია დაფიქსირებული და მათ შორის, 23 მაისს, გეოგრაფიაში მიღებული ხუთიანი (ფრიადი!), რომელიც ვანო კაკაბაძემ დამიწერა და მითხრა - ატესტატში გამოგადგებაო! (იხილეთ მტკიცებულება - გეოგრაფიის "ფრიადი" 1972 წლის 23 მაისს)

მართალი აღმოჩნდა ბატონი ვანო (ჩვენი სკოლის ერთ-ერთი განუმეორებელი "ლეგენდა", მასზე ცალკე, მხოლოდ მისი მოსაგონარი წერილის დაწერა მევალება) - რომ არა ეს "ხუთიანი," ჩემს ატესტატში, ალბათ, არ გამოვიდოდა საშუალო ნიშანი 4,5, რამაც თავის მხრივ უფლება და საშუალება მომცა, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გამოყოფილი 10 ადგილიდან ერთი მე დამეკავებინა  (იქ მოხვედრის ამბები კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამავე ბლოგის თებერვლის გამოშვებაში სათაურით - "საშობაო აღსარება").
* * *
აბა, ახლა მითხარით - ყოველივე ამის შემდეგ არ ვიყავი ვალდებული, რომ ქართულად მეთარგმნა "ზურაბის თავგადასავალი"? ჩემი ვერსია (http://natargmni.blogspot.com/p/blog-page_16.html), როგორც პირველი (...და, მგონი, ერთადერთი) ქართველი "შაჰნამე-ხან"-სა, თორემ ეს ადრე უკვე ბევრჯერაა თარგმნილი...