суббота, 27 апреля 2013 г.

განგა და ჯამნა ანუ დათო და ნინა... დაქალებით

...დღეს "დათოს ცოლის დაქალების" წყალობით საქართველო მტკივნეულად აქოთქოთდა... მე კი ის დრო გამახსენდა, როცა "ლეტნი კინოებში" ვქოთქოთებდით ხოლმე...

თბილისში რამე ახალი უცხოური ფილმი რომ გამოვიდოდა ხოლმე, მისი ხარისხის შესაბამისად, დიდი რიგები დგებოდა ორიოდე (ან სამი) კინოთეატრის წინ.... ახალ ფილმს ჯერ ცენტრალურ კინოდარბაზებში აჩვენებდნენ: "რუსთაველში" და ჭავჭავაძის კლუბში - მარჯვენა ნაპირზე - და "ოქტომბერში" (ახლა "აპოლო") და "ამირანში" (ახლა იქ სიმფონიური ორკესტრის დარბაზია... მგონი, ასე ჰქვია) - მარცხენა ნაპირზე... მერე ეს ფილმები გადაინაცვლებდნენ მეორეხარისხოვან კინოთეატრებში (კომკავშირელი, კოლხეთი, ისანი, კოლმეურნე და ა.შ.); ბოლოს ავლაბარის და მისთანების ჯერიც დგებოდა... 
მეტროპოლიტენის "ავლაბრის" სადგურის პირდაპირ რომ შენობაა, მის მარჯვენა ფლანგზე ორი პატარა კინოდარბაზი იყო.... შემდეგ, ისნის მიმართულებით გაყოლებაზე, დაახლოებით ორას მეტრში, ავლაბრის "ლეტნი კინო" გახლდათ განთავსებული... ახლანდელი სამების ტაძრის დიდი კიბეების ოდნავ მარჯვნივ კი ხოჯევანქის საზაფხულო კინოთეატრი მდებარეობდა, სადაც დაახლოებით მაისის ბოლოდან იხსნებოდა სეზონი...
აფიშებს სწორედ ჩვენი ეზოს "ზაბორებზე" აკრავდნენ, ასე რომ, გაფაციცებით ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა წებოთი გავსებული ვედროთი და ფუნჯით შეიარაღებული კაცი, რომ გაეკრა ის აფიშა, საიდანაც პირველი მე ვიგებდი, თუ რომელი ფილმი გაიმეტეს ჩვენი უბნისთვის თბილისის კინოგაქირავების მუშაკებმა.... ყველაზე "ხადავოი", რა თქმა უნდა, ინდური ფილმები გახლდათ და, როგორც შემდეგ გავიგე, მათი ფირების ხელში ჩასაგდებად ავლაბრის სამი კინოთეატრის, ასე ვთქვათ, "ნაჩალნიკებს" დიდი ძალისხმევის მოხმობა სჭირდებოდათ, რადგან ზაფხულის თბილისში ღია კინოთეატრები ბევრი იყო, ინდოეთის კინოსტუდიები კი იმდენ ფილმს არ იღებდნენ მაშინ, რომ თუნდაც ავლაბრის და მისი მიყოლებით ისნის და ნავთლუღის კინომოყვარულებისთვის საკმარისი ყოფილიყო....
დაახლოებით ექვს საათზე გავიქეოდი ხოლმე ჩვენი "ლეტნი კინოს" სალაროში და ერთ-ერთი პირველი ვიყავი რიგში, რათა 20-კაპიკიანი ბილეთი შემხვედროდა, მერე უკვე 50 კაპიკიანი და მანეთიანიც კი იყო...
ერთხელ, თვალწინ მიდგას ის დღე, რაღაც "განგა და ჯამნა" თუ "შენი წყლები აიმღვრა, განგო" თუ "ბობი" გააკრეს აფიშად და საღამოს ხოჯევანქის ბაღისკენ დაიძრა მთელი გარშემო არსებული უბნები, ანუ იმდენი ხალხი, რომლის მხოლოდ მეოთხედი თუ დაეტეოდა ბილეთით დარბაზში, დანარჩენებს კი ხეებზე აძრომა მოგვიწევდა ან ირიბად დამონტაჟებული სვეტებიდან უნდა გვეყურებინა, ოღონდ ამ შემთხვევაში ეკრანის მხოლოდ მესამედი ჩანდა და კინოთეატრის უფროსობა არ გვიშლიდა ასე ტკბობას "ინდო-კინო-შედევრებით".... მაშინ კეთილი ძიები იყვნენ და მიტომ; დიახ, ეკრანის მცირე ნაწილი ჩანდა უბილეთოებისთვის, სამაგიეროდ ხმა ისმოდა შესანიშნავად და მთელი უბანი ინდური ჰანგებით ივსებოდა (თუ რამე მელოდია გაგახსენდათ, გუნებაში წაიღიღინეთ, მეც არ დაგიშლით, როგორც მოგონების ავტორი, რადგან მეც უკვე "კეთილი ძია" გახლავართ).

вторник, 23 апреля 2013 г.

დრო და შურისძიების კიკო


...გუშინ, კომპიუტერი გამოვრთე იმ იმედით, რომ დილით ისევ დავუბრუნდებოდი მას და  ათიოდე წუთით შევჩერდი ჩვენს წიგნებთან... 
ცხოვრების 30 წელი მაინც ვაგროვებდი მათ (...ვკითხულობდი კიდეც, რა თქმა უნდა!), მერე ჩემმა შვილმა დაამატა ერთი იმდენი.... მერე ჩემი დის ბიბლიოთეკა მე დამრჩა და... ძალიან ბევრი წიგნი დაგროვდა სახლში... 
რაღაც ორგვარი გრძნობა გამიჩნდა: საამო ნოსტალგიისა და ამ წიგნებთან განშორების სამწუხარო აუცილებლობის ნაზავი... "განშორება"-ში ჩემს ფიზიკურ არსებობასაც ვგულისხმობ - კი ბატონო! - მაგრამ უფრო მათი (წიგნების) ფიზიკური არსებობა-არარსებობის გამო მწყდებოდა გული წუხელის, როცა წიგნის საერთაშორისო დღე - 23 აპრილი დადგა.
რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს, ადამიანი თანდათან შორდება წიგნს... კომპიუტერიზაციის გამო, თუმცა მთელი ის განვლილი საბჭოთა ეპოქა რომ მახსენდება თავისი "წიგნთვაჭრობის" ციებ-ცხელებით, მესამე, არცთუ მთლად საკადრისი გრძნობაც მიჩნდება და ამას შურისძიება ჰქვია...

ჩემი ცხოვრების ორი ეპიზოდი გამახსენა ამ "საწუთისოფლო შურისძიებამ":

ა) ახლა მეტრო "რუსთაველთან" რომ სახლებქვეშა დერეფანი-გალერეაა, ადრე მის ადგილზე ნაირგვარი მაღაზიები იყო და მათ შორის პატარა, ვიწრო და ბნელი ბუკინისტური მაღაზია... ლექციების შემდეგ ფეხით რომ ჩამოვივლიდი, აუცილებლად ვყიდულობდი იქ რამე წიგნს და მერე კითხვა-კითხვით სახლამდე ისე ვმგზავრობდი, ვერც-კი ვიგებდი... დიახ, ყოველდღე რაღაც კარგი და ჩემთვის სასურველი წიგნი მხვდებოდა იქ და ზოგჯერ არა ერთი და ორი... პრაქტიკულად მთელი ჩემი სტიპენდია იმ წიგნებში იხარჯებოდა... ალალი იყოს! მაგრამ რაღაც დროის შემდეგ იმ მაღაზიის გამგე, ასაკოვანი, დაბალი, ჩასუქებული და კეთილი თვალების მქონე კაცი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი მისივე ახალგაზრდა მოადგილე-გამყიდველი დანიშნეს და... იმ მაღაზიაში ყველა კარგი წიგნი გაქრა... ვეღარაფერს ვყიდულობდი... თვალის ასახვევად მხოლოდ პარტიული ლიტერატურა და ნაირგვარი უსარგებლო მაკულატურა იდო.... ერთხელ გამყიდველმა ქალბატონმა ჩემი მორიგი ვიზიტის და ხელცარიელი გამობრუნების შემდეგ თავისთან მიხმო და მკითხა - ყოველდღე შემოდიხარ და რატომ არაფერს ყიდულობო?!... მე, ალბათ, არაფერი ვუპასუხე და ვივარაუდე, რომ ე.წ. დახლქვეშიდან აპირებდა რაიმე წიგნის შემოთავაზებას... დიახ, იყო ასეთი ვაჭრობა საბჭოთა კავშირში - დახლქვეშიდან... ეს სხვა პრობლემაა, მე კი იმის თქმა მინდოდა, რომ "შური ვიძე" და იმ მაღაზიას სათოფედ აღარ ვეკარებოდი... 
არ ვიცი, ყური მოვკარი თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ "ბუკინისტურის" ყოფილი გამგე, კეთილთვალებიანი დაბალი კაცი მავანთა ინტრიგებით მოახსნევინეს...

ბ) უკვე 90-იანი წლები იდგა... საგამომცემლო საქმე გათავისუფლდა საბჭოური ცენზურისგან და იფიქრეს - არიქა, ახლა ვიშოვითო ფულს და დაიწყო ნაირგვარი "ტომეულების" გამოცემა... ერთი-ორი წელი კი იყო ვაჭრობა ჯერაც შემორჩენილი "საბჭოური წიგნომანიის" ინერციით, როცა ე.წ. ტომეულების "სწენკებში" ფიგურირება პრესტიჟულად ითვლებოდა ოჯახში (მოარული გამართლებით - "მე თუ არა, ჩემი შვილები წაიკითხავენ"), მაგრამ მერე... ომი და სიბნელე და შიმშილი და "დედა-შვილს-არაიყვანს" რომ დაიწყო, შერჩათ (უკვე ბიზნესმენ!) გამომცემლებს ეს ნაირგვარი გამოცემები გაუყიდავი... მაშინ ერთი-ორი წელი ერთ ფირმაში ვმუშაობდი, თანამდებობა კი მქონდა "შთამბეჭდავი", მაგრამ ფინანსურად ვერაფრით დავიკვეხნიდი, მაგრამ მაინც... "ვიზიტკა" მქონდა ისეთი, რომ ქვას გახეთქავდა და, სად იყო - სად არა, შუა ქალაქში ერთი ჩემი ყოფილი "ხელმძღვანელი" შემხვდა, რომელსაც გარკვეული წლების წინ გარკვეული თანამდებობის გამო ჩემი დასაქმება-არდასაქმება უშუალოდ ეხებოდა და მან ეს "უშუალობა" იმით გამოხატა, რომ მე არ დამასაქმა და ჩემი კუთვნილი ადგილი ერთი თავისი კოლეგა-ძმაკაცის პუტკუნა ქალიშვილს უბოძა... როგორც საუბრიდან გაირკვა, იმ ჩემს ყოფილ ხელმძღვანელსაც იმხანად დაჰკარგვოდა თავისი სარფიანი სამსახური და წიგნების გამოცემისთვის მოეკიდა ხელი, მაგრამ, უკვე ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, მან ეს "ტომეულები" ვეღარ გაყიდა და დიდი მატერიალური ზარალი ნახა... ჰოდა როცა მე ცოტა წავიტრაბახე, ანუ "შთამბეჭდავი" თანამდებობის დამადასტურებული საბუთი ვაჩვენე, მან პირი დააღო და მივხვდი, რომ ჩემში მხსნელი დაინახა, რადგან, მისი აზრით, ჩვენს ფირმას შეეძლო მის მიერ გამოცემული წიგნების შეძენა და მერე საჩუქრებად დარიგება... მართალი რომ გითხრათ, რამეს კი მოვახერხებდა და წიგნების ნაწილს მაინც შევიძენდით, მაგრამ რატომ? დიახ! რატომ? - გგონიათ, დამიფასებდა სიკეთეს?! - მისი ამბავი რომ ვიცოდი, წავიდოდა და იტყოდა - "ისეთი წიგნები გამოვეცი რომ ტაციაობააო მათზე... ფირმა-ფირმაზე მოდისო შესაძენად".... ერთი სიტყვით, უკადრისი საქციელი ჩავიდინე, ერთგვარად შური ვიძიე მასზე და არაფრით დავეხმარე...
სხვათა შორის, იმ პატივცემული "ხელმძღვანელის" მიზეზით 1983-88 წლები, ძვირფასი და აუნაზღაურებელი დრო ჩემი სიცოცხლისა, სხვადასხვა საქვაბეებსა და მშენებლობებზე მუშად გავატარე, რათა ხელფასი მაინც მქონოდა... იმ პერიოდში ძალაც და მონდომებაც (...და არა ჭკუა და გამოცდილება) ბევრად მეტი მქონდა და უფრო მეტ სასარგებლო საქმეს გავაკეთებდი, ალბათ, ვიდრე ხსენებული ხელმძღვანელის ძმაკაცის "პუტკუნა ქალიშვილი"...
* * *
...რომ მახსენდება საბჭოთა ეპოქის "დახლქვეშა ვაჭრობა და წიგნო-სწენკო-მანია" და რომ ვუყურებ წიგნის ბიზნესის ახლანდელ გაწამაწიას, როცა ვხედავ რომ მავანნი "ნემსის ყუნწში ძვრებიან", რათა როგორმე გაყიდონ თავისი პროდუქცია, ხანდახან ის აზრი მიჩნდება, რომ დროსაც ახასიათებს თურმე ისეთი უკეთური და უზნეო თვისება, რასაც შურისძიება ჰქვია... 

ეს "ლექსი" კი ორი-სამი წლის წინანდელია, მაგრამ, შექსპირისა არ იყოს - დროთა კავშირი დაირღვა და - ამ ჩემს დღევანდელ პროზაულ ნაფიქრალს ისე დააჯდა, როგორც კიკო!  
გახსოვთ, ალბათ, წიგნებს ყიდდნენ
ხელმოწერით.... ქვითრით... რიგით...
ან დახლქვეშა გარიგებით, 
სპეკულანტით... ჩარჩით... ციგნით;
და ვაი, რომ წიგნი ხშირად
მიდიოდა იქით, იმ გზით,
სადაც კი არ კითხულობდნენ,
მხოლოდ დებდნენ "სწენკის" შიგნით.
დღეს კი წიგნებს ძლივს ყიდიან
ლაქუც–ლაქუც თხოვნით, ლიქნით...
აწ სიმცირეს კი არ ვჩივით,
ჭირს სიმრავლის გამო ვიქმნით...
* * *
ვაჭარნო და ბიზნესმენნო,
თქვენ სიხარბეს ფუჭად იგვრით –
სიმდიდრე და ფუფუნება 
ჯერ ვერავინ ჰპოვა წიგნით.

P.S. არც შექსპირი გამხსენებია უმიზეზოდ - 23 აპრილი მისი დაბადების დღეა - "დრომ გადათელა ჩემი სულიც მძიმე ფლოქვებით...“

пятница, 19 апреля 2013 г.

სკლეროზი

...ბებიაჩემს, ქალბატონ ეკატერინე გოგიჩაძეს, უკვე საკმაოდ ასაკოვანს შევესწარი ბუნებრივი მიზეზების გამო - მე ყველაზე ბოლოს მომავლინეს ამქვეყნად ჩემმა მშობლება და თანაც ჩემი და-ძმების გაჩენიდან საკმაო პაუზის შემდეგ... ეს ცალკე ისტორიაა, თუ რატომ მომავლინეს, ამასაც "გავაჟღერებ", თუ დამცალდა, მანამდე კი "კაწია-პაწიას" ამბავს გეტყვით...
დაბალი ტანის, კოხტა ქალი იყო ბებიაჩემი და, როგორც ჩანს, კაწია-პაწიასაც იმიტომ ეძახდნენ ახალგაზრდობიდან და სანამ მე ჭკუაში ჩავვარდებოდი და თავად ვკითხავდი, თუ რატომ "პაწია" (...თუმცა ეს ვიზუალურად სრულიად გასაგები იყო), მან თავად მიამბო და შოკში ჩამაგდო იმ საღამოს - არც მეტი, არც ნაკლები - "კაწია-პაწია" აკაკი ხორავამ დამარქვაო... ამ ბუმბერაზ მსახიობს მაშინ მხოლოდ "გიორგი სააკაძიდან" ვიცნობდი და ისე აღვიქვამდი, როგორც ღმერთს (...არადა, მართლა ღმერთივით მსახიობი იყო!), ჰოდა, ამ კოხტა ბებიაჩემისგან მსგავსი "პროექტის ინიცირება" ჩემს  ბავშვურ გონებაზე აშკარა ზეწოლად მივიჩნიე და დედაჩემს ვუამბე ჩემი გაოგნების ამბავი (თან თითს ტელევიზორისკენ ვიშვერდი... აბა, სხვაგან სად უნდა მენახა მაშინ აკაკი ხორავა?).
რძალ-დედამთილის ამბავი ხომ იცით? - ჰოდა, დედაჩემმაც ბევრი იცინა და ბოლოს მითხრა - რომ გაიზრდები, გაიგებ სკლეროზი რაც არის და ყველაფერს მიხვდებიო...
მეც ველოდებოდი გაზრდას, მეტი რა გზა მქონდა და ამასობაში სადღაც 17-18 წლის რომ გავხდი, ერთ დღეს უმშვენიერესმა მედეა ჯაფარიძემ ხელკავი გამომდო და მისი სახლიდან (ფიქრის გორიდან) ფილარმონიამდე ასე ამოვისეირნეთ, სადაც ტაქსი გავაჩერეთ და გავეშურეთ დანიშნულების ადგილამდე... ეს იყო 1973 ან 1974 წელი... "მზე შემოდგომისა" ახალი გადაღებული იყო და ქალბატონი მედეა ზუსტად ისეთი გახლდათ მაშინ, როგორიც იმ ფილმიდან გვახსოვს, ოღონდ მე რეალურადაც მახსოვს და არა მარტო კინოეკრანიდან...
აჰა, ალბათ, თქვენც თვლით, რომ მე ახლა სკლეროზი დამეწყო და რაღაცას ვიგონებ ჩემით... როგორ გეკადრებათ?! ნურას უკაცრავად! - ცოცხალი მოწმეები მყავს და შეიძლება სურათებიც შემომაშველონ იმ შეხვედრიდან, როგორც ნივთმტკიცება იმისა, რომ სკლეროზი არ მაქვს... მანამდე კი ბებიაჩემის რეაბილიტაცია უნდა მოვახდინო თქვენს ცნობიერებაში და მოგახსენოთ, რომ არც მას სჭირდა არანაირი სკლეროზი და, როგორც მოგვიანებით დავადგინე, სანამ გათხოვდებოდა (1921 წელს), ასე ვთქვათ, "ბარიშნობდა" და რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში "არტისტობას სწავლობდა" თავის ტოლ გოგო-ბიჭებთან ერთად, ამ "დრამკრუჟოკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი აკაკი ხორავა გახლდათ... მაშ!!!
ქალბატონ მედეას კი ჩვენ დრამწრეში შეხვედრა მოვუწყეთ იმ წელს (მგონი, უფრო 1974 წელი იყო) და მის მოსაყვანად მე გამგზავნეს, როგორც ყველაზე უფროსი და თან ჩემი მეგობარი მარინე ლონდარიძე მახლდა... 
სადა ხარ, გოგო, მარო? დამიდასტურე! ან იქნებ შენც დაგეწყო სკლეროზი და ერთად დავიღუპებით მაშინ... დაგვცინებენ შვილიშვილები...
თუმცა იცით, რას გეტყვით? - ოღონდ ამ ბავშვებმა იცინონ და იხარხარონ და ჯანდაბას ჩვენი თავი, გვქონდეს სკლეროზი.... ბებიაჩემი კაწია-პაწიაც ხომ ზუსტად ასე ფიქრობდა!

среда, 17 апреля 2013 г.

სტერილურობა... მეშვიდე ცაზე...


მოგეხსენებათ, "მაღალ ფენებში" არსებობს აზრი, რომ "დაბალი ფენების" გასაბრუებლად მაქსიმალურად ბუნდოვანი სიტყვები და ფრაზები უნდა გამოიყენო და ამით ორ შედეგს მიაღწევ: 1. დაარწმუნებ მათ (ფენებს), რომ სიტყვებში გრძნეული ძალა დევს, რასაც უნდა დაემორჩილო და 2. ამ სიტყვების მთქმელი, ფლობს თუ არა, ემსახურება მაინც "გრძნეულებას" (...და ძაააააააააააააააალიან ჭკვიანია).
მაგალითი ავიღოთ რელიგიიდან - , ვთქვათ, "სედრათოლმანთაჰა"!!! წარმოიდგინეთ, როგორ ზეგავლენას მოახდენდა ეს სიტყვა მავან გლეხზე, რომელიც დღენიადაგ მიწას ჩიჩქნიდა ლუკმა–პურის მოსაძიებლად და უცებ ესმის – "სედრათოლმანთაჰა".... "რა უნდა იყოს–ო?" თუ დაინტერესდებოდნენ, ეტყოდნენ, რომ ეს არის "გრძნეულებით მოსილი ხე, რომელიც მეშვიდე ცაზე იზრდება..." – თქვენ რომ ყოფილიყავით იმ საბრალო მიწის მუშის ადგილზე ასეთი იდუმალი ბგერათშეთანხმების შემოტევას გაუძლებდით ვითომ?

თქვენ გგონიათ, დღეს იგივე არ ხდება?
ინებეთ თანამედროვე "ქართული"–ით ნათქვამ "ბანგი", რომელიც მხოლოდდამხოლოდ იმაზე "მეტყველებს", რომ მისი დამწერი "ძაააააააააააააააალიან ჭკვიანი", მეტი სარგებელი ასეთი წინადადებისგან არ არსებობს.... სარგებელი, რა თქმა უნდა მისი დამწერისთვის:

"სოციალური სტერილურობა (ალეგორიულობა/კარნავალურობა) უნივერსალურია".

მე სხვა არაფერი დამრჩენია, რომ არ შევძახო შთაგონებით –  სედრათოლმანთაჰა – თქვენ კი გთხოვთ, თუ ხსენებულ "ბანგში" რამე ქართული აღმოაჩინეთ, შემატყობინოთ!...

ან, ბან, გან, დონ...


...აიჩემებენ ხოლმე ამა თუ იმ სიტყვას და გამალებით ცდილობენ მის ხშირად თქმას, რათა "იმ ვინმეს" დაემსგავსონ, ვინც ეს სიტყვა ერთხელ თქვა და ამით ყურადღება მიიპყრო... ჰოდა, იწყება მიმბაძველობის მთელი გაგანია... არადა, სრულიად გაუგებარია, რა იწვევს ამ სურვილს, რომ ჰგავდნენ სხვას...(?!) ვითომ ის, რომ საკუთარი არაფერი გააჩნიათ?! არადა, რომ ჰკითხო, ვაიმე!..... ისეთი "კრეაწიულები" არიან, რომ.... ვაიმეეეეე!..... 

ჰოდა, იმ სიტყვის შესახებ მსურდა საუბარი, რაც ძაააააააააან–ძააააააააააან სასარგებლო მისაბაძი საშუალებაა, ეს გახლავთ "პიარი" ("ფიარ"–საც ამბობენ); დიახ, ბევრმა იცის მისი წარმოშობის ისტორია, მაგრამ მაინც გავიმეორებ ჩემი შემდგომი სათქმელის უკეთ გასაგებად:
ეს გახლავთ აბრევიატურა, ანუ Public Relation–დან (საზოგადოებრივი ურთიერთობანი) აიღეს პირველი ასოები (P,R) და მათი ანბანური სახელების მიხედვით (პი–არ) შექმნეს ხსენებული სიტყვა, რასაც ახლა უკვე ნაირგვარი ქართული თუ რუსული თავსართ–ბოლოსართებით აპროწიალებენ (სხვათა შორის, მიმბაძველებს ერთი უცნაური თვისება გააჩნიათ: რაწამს აიტაცებენ მისაბაძ ერთეულს, უმალ იწყებენ თავის გემოზე გადაკეთებას და სწორედ ეს ჰგონიათ ქვეცნობიერად "კრეაწიულობა".... არა, ბატონი, საფუძველია მთავარი! საწყისის შექმნა კი ერთეულების ხვედრია). ასე მაგალითად, კარგადაა ცნობილი "პიარშჩიკი", სადაც ძირი (პიარ) ინგლისური აბრევიატურაა, სუფიქსი (შჩიკ) რუსულია და ქართულისთვის რჩება მხოლოდ ბრუნვის ნიშანი (პიარჩიკ–ი, პიარჩიკ–მა, პიარჩიკ–ს და ა.შ გესმის, პიარჩიკ-ო?).

ახლა ერთი საფიქრალი გამიჩნდა – ვაი და, ვიღაცამ ისეთი ფრაზა შეაკრიაწიულოს, როგორიცაა "გულითადი დამოკიდებულებანი" და "პიარის' ანალოგიურად ჯერ აბრევიატურად აქციოს და მერე გაახმოვანოს (...მერე გააჟღერებენ კიდეც, აბა, რას იზამენ?!); მე მგონი, უხერხული მდგომარეობა შეიქმნება.... თუ ვერ შეაკრიაწიულეთ, მინიშნებას გეტრყვით - ასოთა განლაგების წესის სახელი სწორედ ასე შეიქმნა: ან-ბან

вторник, 16 апреля 2013 г.

მინიპიესა ლექსად


ავტორი – ნინო ანთიძე 

ტექსტი გულოს ნაქსოვი თოჯინისათვის
(და მისამღერი ჩვენთვის):







გიტარიანი თოჯინა მღერის:

„მიყვარს „ ქმნა“ და მიყვარს თარგმნა,
თენდება თუ ღამდება..
შექსპირი თუ ხაიამი
სიზმარშიც მელანდება

ბწკარედები,სტრიქონები
რობაი და სონეტი
ყველა ავტორს გადავთარგმნი
თუ ვიშოვე მომენტი!

აეხ!სულ არ დავიღალე,–
აი,მესმის ცხოვრება!
კიდევ ბევრი უნდა ვთარგმნო,–
მოვიპოვო ცხონნება!

მისამღერს ვმღერით ჩვენ :  

„ამდენ განცდას სხვებისას
ვახ როგორ გაუძელით!
გვეშინია,მაესტრო,
არ აჯანყდეს ფურცელი!“

გიტარიანი თოჯინა:

„აეხხ!აჯანყდეს და სულ დაიწვას
ქაღალდებში ცხოვრება,
ინტერნეტში მოვიპოვე
სამუდამო ცხონნებბააა!“


ვიხსენებ და ვარ!...


...ერთხელაც, ერთ დაბადების დღეს დიდი ხნის უნახავი მეგობარი მეწვია... ისე გამოიარა, რა... გავახსენდი და მინახულა, დაბადების დღის ამბავი სულაც არ იცოდა, უბრალოდ დაემთხვა... 
ჯერ შუადღე იყო და სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით - ოჯახის წევრები, მაგრამ ქალები უკვე ფაციფუცობდნენ სამზარეულოში, ჩვენ კი ოთახში ჩამოვჯექით და იმ გრძნობის სადღეგრძელო, რა თქმა უნდა, პირველად მივირთვით, რამაც მას ჩემი თავი გაახსენა და ქალაქის ძველი უბნიდან ახლისკენ წამოიყვანა... ჩემს სანახავად... 
ჰოდა, დედაბუდიანად ორივე ავლაბრელები რომ ვართ, მიტომაც ცოტ-ცოტა ბემურაზობაც გვიყვარს და ვეუბნები:
- შენ ბავშვობაში კარგად გამოგდიოდა-მეთქი "ვააააააა"-ს ს თქმა... სამჯერ მაინც გათქმევინებდი ხოლმე, გახსოვს?
- ეხლაც გინდა, არა, რომ მათქმევინო, შე ბემურაზო?
- მაშ!
- აბა, მიდი! ოღონდ იცოდე, სიაფანდზე არ ვიტყვი. 
...შევავსე ჭიქები და ვთქვი სადღეგრძელო: 
- მე გამიმარჯოს - დღეს ჩემი დაბადების დღეა!
- ვააააააააააააააააააააააააააა!
- აჰა, ეს ერთხელ გათქმევინე! წავედით წინ!
...აქეთური, იქითური და შევავსე ჭიქები, ავიღე სასმისი და დიდი მსახიობივით პაუზა დავიჭირე...
- ჰა დე, თქვი რამე?! - ვეღარ მოითმინა პუბლიკამ.
- მეორე "ვაააააააააააა" იქნება?
- ვნახოთ, თუ ჭკვიანად მოიქცევი, იქნება.
ერთ პატარა პაუზას კიდევ გამოკარი ხელი და განვაცხადე:
- დღეს ჩემი ცოლის დაბადების დღეც არის და მივულოცოთ!
- ვააააააააააააააააააააააააააა!
- ეგეც ორი!
...შესაბამისი ემოციების, გაოცებების და მილოცვების შემდეგ, მესამე სადღეგრძელოს ჯერიც დადგა და პაუზა მაშინ უნდა გენახათ!... ავლაბრიდან მოსული აუდიტორია გაიყურსა, მერე თვალი გააპარა ჩემი შვილებისკენ... დედაჩემისკენ... ბიცოლაჩემისკენ.... და მის მზერაში ამის ამოკითხვა შეიძლებოდა - "ნიუჟელი ამათი დაბადების დღეც არის?!"
დიდი არტისტების მთელი ოსტატობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უნდა იცოდე - როდის შეწყვიტო პაუზა და ამეტყველდე... და მეც ავმეტყველდი... 
- დღეს ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღეც არის! მივულოცოთ!
- ვაჰ!

მართალია, ეს უკანასკნელი "ვაჰ" მთლად მისი ნაქები "ვააააააააააააააა" არ იყო, მაგრამ, ხომ იცით, ღმერთი სამობით არის და ეს "მესამის" ფუნქცია სრულიად დამაკმაყოფილებლად შეასრულა...

მთავარი კი, იცით, რა არის? - ის არის, რომ მას მე გავახსენდი და ავლაბრიდან შორ გზაზე წამოიყვანა ხსოვნამ... მე კიდევ ის მახსოვდა, რომ ბავშვობიდან კარგად გამოსდიოდა მას ეს "ვაააააააააააააააააააააა"...

იმ საღამოს, რა თქმა უნდა, ხსოვნის სადღეგრძელოც დავლიეთ... და თანაც არაერთხელ... 
რაც დრო გადის სულ უფრო მეტი გვყავს და გვაქვს გასახსენებელი... ოღონდ ეგ არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ მაინც ვიხსენებ და ვარ!...