среда, 27 февраля 2013 г.

მთარგმნელის მონოლოგი


  "მონოლოგი", რა თქმა უნდა. თეატრალური ხელოვნების ცნებაა დ ავტორი განცდების ხმამაღლა წარმოთქმას გულისხმობს, ეს კი აბსოლუტური პირობითობაა და მხოლოდ სცენაზე შეიძლება მოხდეს, რადგან ცხოვრებაში (ახლა რომ "რეალი" დაერქვა ინტერნეტის გამოისობით.... მოიცადეთ, ფრჩხილებიდან ნუ გახვალთ.... "რეალური" შემოკლდა და "რეალად" იქცა და "რეალ"-ის ანუ "სამეფოს" ომონიმი გახდა.... უცნაურია, არა?! - ასეთია მთარგმნელის ბედი - სიტყვას თუ არ გამოეკიდა და არ გამოიკვლია, ვერ მოისვენებს)  
  ჰოდა, იმას ვამბობდი - ცხოვრებაში ვინმემ მონოლოგების წარმოთქმა რომ დაიწყოს ქუჩაში თუ ტრანსპორტში, ხომ შეხედავენ მას (რბილად რომ ვთქვათ) ირონიულად? არადა, სცენაზე წარმოთქმულ "ხმამაღალ ფიქრს" არავინ მიიჩნევს შეურაცხადობად.... ასე რომ, ჩემს სათქმელს მონოლოგს ვერ დავარქმევდი, ეს უფრო აღსარებაა, მრავალი წლის განმავლობაში პრაქტიკული მთარგმნელობითი მუშაობის პარალელურად ნაფიქრალი.
    თუმცა რა მნიშვნელობა აქვს - მონოლოგია თუ აღსარება - ერთი თეატრში სრულდება, მეორე ტაძარში, მე კი კომპიუტერთან ვზივარ და "ვაკაკუნებ" და ვფიქრობ იმაზე, რით დავაინტერესო ამ სტრიქონების მკითხველი.... 
   * * *
   "თარჯომან" არაბული სიტყვაა და იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც გაქართულებულ "თარჯიმანს", გვაქვს მეორე სიტყვაც - "მთარგმნელი" და ყველას კარგად მოეხსენება, რა განსხვავებაც არის მათ შორის... მაგრამ აბა, ამაზე თუ გიფიქრიათ: 
    "თარჯიმანი" ენათა შორის ზეპირად დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს, "მთარგმნელი" წერილობით იღწვის ენებს შორის და თანაც ლიტერატურული განხრით, მათ შორის არის კიდევ ერთი სხვაობა - პირველში ძირია "თარჯ", მეორეში - "თარგ"... ფონეტიკური მოვლენაა თითქოს "ჯ" გადაიქცა "გ"-დ, მაგრამ იქნებ სხვა ფაქტთან გვაქვს საქმე? იქნებ სიტყვა "თარგ"-ზე დაშენდა  "მთარგმნელი" და არა "თარჯ"-ზე? მით უმეტეს, რომ არსებოს კიდევ ასეთი სიტყვა "თარჯრბენი", რაც წინაღობათა გადალახვას,  ერთი პოზოციიდან მეორეში გადასვლას გულისხმობს..... იგივეს აკეთებს "თარჯიმანიც" - ადამიანებს ეხმარება ენობრივი ბარიერის დაძლევაში, ერთი ენა გადააქვს მაორეში..... აი, მთარგმნელი კი სხვა ენის წერილობით დოკუმენტებს თავისი ენის "თარგ"-ზე ჭრის და კერავს.... ხომ არის სხვაობა "თარჯ"-სა და "თარგ"-ს შორის? 
    მართალი გითხრათ, ზემოთმოტანილი აბზაცი უფრო ეტიმოლოგიური ხასიათის ნაშრომისთვისაა გამოსადეგი, მაგრამ იმიტომ გავამახვილე ყურადღება ამ საკითზე, რომ ვთქვა:
   მთარგმნელის საქმიანობა დაკავშირებულია სიტყვასთან, მის წარმომავლობასთან და საერთოდ არსებობასთან. მთარგმნელმა ყველაფერი უნდა იცოდეს "სიტყვის" შესახებ!
   მხატვარს აქვს ფერი, კომპოზიტორის - ბგერა, პოეტს - განცდა, მთარგმნელს კი - სიტყვა.
   შეგვიძლია შევქმნათ ფორმულაც - თარგმნა არის "სიტყვის მოძებნის ნიჭი"; ვინც არ იცის "ბევრი სიტყვა" მშობლიური ენისა, სჯობს არ მოკიდოს თარგმნას ხელი.... დამარცხდება!
   * * *
   ახლა გადავიკითხე ის, რაც ზემოთ დავწერე და მოვიწყინე, რადგან თეორიული მსჯელობა არც ჩემი მიყვარს და არც სხვისი, ყოველთვის ვცდილობ პრაქტიკული საქმიანობით გამოვხატო ჩემი უნარი (თუკი ის საერთოდ გამაჩნია.... ეს უკვე სხვამ განსაჯოს); ერთი კი ვიფიქრე, წავშლი თეორიულ შესავალს და პირდაპირ კონკრეტული ნიმუშებით დავიწყებ-მეთქი, მაგრამ დამენანა ამდენი "ნაკაკუნების" განადგურება..... იყოს, იქნება რამე ჭკვიანური არის კიდეც მასში; ახლა აღარც ქაღალდის პრობლემაა და აღარც ასოთამწყობის, აკაკუნე რამდენიც გინდა, ამით არავინ გაღარიბდება, გამდიდრებისა კი რა მოგახსენოთ.
   
     გადავიდეთ მთარგმნელის საქმიანობის პრაქტიკულ მხარეზე. 
   არის ხოლმე შემთხვევბი, როცა ყველა სიტყვა უცხო ენისა ცნობილია, აზრი კი ვერ გამოგაქვს... მით უმეტეს უცნაური სიტუაცია იქმნება, როცა უცხოურ ფრაზებში ე.წ. "საერთაშორისო ლექსიკა" ფიგურირებს და გაქვს უფლება პირდაპირ გადმოიტანო, თარგმნა არც კი სჭირდება, მაგალითად: არის სათარგმნელ ტექსტში "специфика.-specificity" დაწერე ქართულად "სპეციფიკა". ყველა გაიგებს და ბევრს არავის გაუჩნდება სურვილი, რომ იქ "თავისებურება" ეწეროს.... არის перспектива-perspective დაწერე "პერსპექტივა" და არანაირი პრობლემა არ იქნება..... თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.... აი, შექსპირის 24–ე სონეტის პირველი სტროფი:

Mine eye hath played the painter and hath steeled,
Thy beauty's form in table of my heart;
My body is the frame wherein 'tis held,
And perspective it is best painter's art.

აი მისი რუსული თარგმანი:

Мой глаз гравером стал и образ твой
Запечатлел в моей груди правдиво.
С тех пор служу я рамою живой,
А лучшее в искусстве - перспектива.

    სიტყვა "პერსპექტივა" თანამედროვე გაგებით "მომავალს, მერმისის შესაძლო ვარიანტს" გულისსმობს.... ახლა ვთარგმნოთ ეს სტრიქონები სიტყვასიტყვით:

"ჩემმა თვალმა მხატვრობა ითამაშა და დააჭედა (გამოაწრთო)
სილამაზის ფორმები ჩემი გულის დაფაზე;
ჩემი სხეული კი არის ჩარჩო, სადაც ის (ნახატი) კიდია,
და პერსპექტივა არის მხატვრის საუკეთესო ხელოვნება.

      გაიგეთ რამე? 
   რა შუაშია სილამაზის მეტაფორული დაფიქსირება გულის დაფაზე (ფიცარზე) და მხატვრის ხელოვნების პერსპექტივა (მომავალი)?
     რუსულ ვარიანტშიც ნაკლებად შეიძლება რამე გაიგო.... ჯერ ერთი "მხატვარი" რატომ გახდა  "гравер"? კარგი, ამას თავი დავამებოთ – "ნახატისთვის მე ცოცხალ ჩარჩოდ ვიქეცი"–ო და ხელოვნებაში ეს საუკეთესო პერსპექტივა ყოფილა–ო ...ჩარჩოდ ყოფნა? 
    ეს ის სიტუაციაა, როცა ყველაფერი გესმის თითქოს, მაგრამ სიტყვა "პერსპექტივას" ვერაფრით ვერ უძებნი სათანადო ადგილს... ასეთ "ჩაკეტილ გვირაბში" შეიძლება სინათლის სხივი გამოჩნდეს, თუ არ დაიზარებ და კიდევ ერთხელ გადაქექავ ლექსიკონებს (ვინც ახლა პოპულარული "გუგლის" ლექსიკონით ისარგებლებს, "სხივს" იქ ვერ ნახავს (ქართ. – "პერსპექტივა", რუს. перспектива, виды на будуще)... ამიტომაც უნდა გააგრძელოთ ძებნა, ნებისმიერ სიტყვას რამდენიმე ვარიანტი შეიძლება ჰქონდეს, სიტყვა ქანდაკებად უნდა აქციოთ და ყველა მხრიდან შეძლოთ მისი დანახვა და ეგებ მაშინ სადმე რამე ახალი ნიუანსი გამოჩნდეს, რაც "გვირაბის" ბოლოში სინათლედ იქცევა.... ასე და ამრიგად შეიძლება მივაგნოთ, რომ ხელოვნების სპეციფიური ტერმინოლოგიით "პერსპექტივა" მხატვრობაში ნიშნავს ამას – Perspective (graphical), representing the effects of visual perspective in graphic arts – ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ – "ნახატს შორიდან უნდა უყურო, თუ გინდა, რომ კარგად დაინახო ყველაფერი".... აგაშენა ღმერთმა! – ცნება "მომავალი" არ გამოგვადგა, სამაგიეროდ გამოჩნდა "შორს" გამოჩნდა ჩანასახი მომავალი თარგმანისა და დადგა დრო, რომ მთარგმნელი–ენათმეცნიერი გადაიქცეს მთარგმნელ–პოეტად და ისე თქვას სათქმელი, რომელიც გასაგები და მოსაწონი იქნება მისი თანამემულეებისათვის.... აქვე ერთ პატარა თეორიულ "ოპუსსაც" ჩავურთავ და მერე ისევ "პოეზიას" დავუბრუნდები:
    თარგმანი იქმნება იმ მკითხველისთვის, რომელიც მთარგმნელის ეპოქაში ცხოვრობს და თარგმანით დაკავებული ადამიანი ვალდებულია  მისი თანამედროვე მკითხველისთვის მისაღებ ენაზე წეროს. თუ იგი ბრმად დაემორჩილება ორიგინალის აზრს, ლექსიკას თუ სტილს და ეცდება მაქსიმალურად ზუსტად დაიცვას დედნის თავისებურებები, მაშინ იგი დარჩება ლინტვისტის პოზიციაზე და ვერასოდეს შექმნის მისი მშობლიური ენის საკადრის ლიტერატურულ ნაწარმოებს (თუ ძალიან ჩავხლართე, მაპატიეთ... აკი გითხარით, თეორიტიკოსი არ ვარ–მეთქი).
    ახლა ისევ ჩვენს "პერსპექტივას" დავუბრუნდეთ:
    მაშ, სიტყვა "შორი", რაც დისტანციის, ინტერვალის, მანძილის დაცვას გულისხმობს მაყურებელსა და ნახატს შორის.... "შორი" მოკლე სიტყვაა, 14 მარცვლიანი ლექსის მესამე, 5–მარცვლიან მუხლში კიდევ სამმარცვლიან სიტყვას მოითხოვს და მუხლი "გადატყდება", მით უარეს თუ მას მიცემით ბრუნვაში ჩასვამ (შორს დადგე.... შორს დაინახო.....); რამე თანდებული რომ დავურთოთ – "შორიდან.... არქაული შორითგან? ან ბოლოსართი – "შორეული?" – მაინც ტყდება მუხლი, რაღაც ერთმარცვლიანს ითხოვს.... "და.... რომ.... თუნდ..... ვით....."
    თუნდ შორითგანვე  დაინახო დასანახავი
    ვით შორეული  ნახატია წარმოჩენილი....
    რაღაც იმედი თითქოს ისახება, რომ ამ გვირაბიდან მშვიდობით გავალთ სამშვიდო-ბოზე, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რითმაა შესაქმნელი და თანაც ლამაზი რითმა, მე არ მიყვარს რაღაც მინიშნება რითმისა, მხოლოდ ხმოვნებით აგებული.... 
     მოგეხსენებათ, ქართულ სიტყვაში მახვილი პრაქტიკულად არანაირ როლს არ თამაშ-ობს (განსხვავებით ინდოევოპული ენებისგან), სამაგიეროდ "ღერძი" სარითმო ერთეულისა არის ერთი რომელიმე კონკრეტული თანხმოვანი.... 
      შეყვარება–შეთანხმება..... ამორძალი–ამონალი..... ყვარყვარე–დამხმარე..... ესენი ჩემთ-ვის არა არის კარგი რითმები, მეტსაც ვიტყვი, ეს საერთოდ არ არის რითმა მიხედავად იმისა, რომ არის აბსოლუტური იდენტურობა ხმოვნებისა და თანხმოვანთა ნაწილიც მეორდება სიტყვებში.... 
     "შეყვარება"–ში საყრდენია ბგერა "ყ", რაც არ გვხვდება "შეთანხმება"–ში. "ამორძალს" აუცილებლად "ძ" სჭირდება თავის მეწყვილეში, ყვარყვარეს კი ცენტრალური "რ"....
     
    დიახ.... ეს ყველაფერიც უნდა იცოდეს მთარგმნელმა! უფრო სწორად უნდა გრძნობდეს, სიტყვის განცდის უნარი უნდა გააჩნდეს! ეს გახლავთ მისი ნიჭი!

    ის ჩვენი ცოდვით საცსე "Perspective" კი კვლავ გაჩხერილია გვირაბში რელსებიდან გადმოსული მატარებელივით....
    "ისე კი საინტერესოა – ასეთმა დიდებულმა პოეტმა, როგორიც მარშაკია, რატომ დააკნინა მხატვარი, როგორც ხელოვანი, და გრავიორად აქცია..... არის აქ რამე "ძაღლის თავი" ჩამარხული?!  არის, როგორც ჩანს.... შექსპირის მთავარი კოზირი პარადოქსული აზროვნება და ერთგვარი ირონიაა საკუთარი თავის მიმართ.... ალბათ, მარშაკმა ამ ინტონაციას გაუსვა ხაზი.... ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ქართულში არის ასეთი ირონია – ის ხელოვანი კი არა, ხელოსანიაო..... ხატვა მისთვის ხელოვნება კი არა ხელობაა!
   ხელობაო და.... სადღაც ქვესკნელიდან თითქოს მაცოცხლებელმა შადრევანმა ამოხეთქა (აბა, რა იქნება, ამდენი ხანია გვირაბში ვართ გაჭედილები და მოგვწყურდა კიდეც....) ამოხეთქა და რამ ამოხეთქა!.....
    შორსმხედველობა!!!!
    ფანტასტიური სიტყვაა მოცემული ჩიხიდან თავის დასაღწევად – ერითმება "ხელობას" (თავის საყრდენი "ხ"–თი), ხუთმარცვლიანია და მუხლს მთლიანად ავსებს..... ცნება "შორი" ფიგურირებს.... მეტი რა გინდა? არაფერი.... ახლა ავაწყოთ მთელი სტროფი....
    * * *
    აი, ალბათ, დაახლოებით ასეთი აზრები მიტრიელებდა თავში ამ 5–6 წლის წინ, როცა აქტიურად ვთარგმნიდი სონეტებს.... საბოლოო ჯამში თარგმანი ასეთი გამოვიდა:

    რადგან ჩემს თვალებს შენს სახესთან უყვართ თამაში,
    რადგან მისდევენ გულზე შენი ხატვის ხელობას,
    მკერდის ჩარჩოში შენს მშვენებას ვსვამ და ამაში
    ვაქსოვ მხატვრობის უნარსა და შორსმხედველობას.

    რადგან ხელოვანს თავად მისი ქმნილება ამხელს,
    მინდა შენც ნახო, მინდა მითხრა ნახატს ჰქვია რა...
    და სახელოსნოს, სადაც ვხედავ მხოლოდ შენს სახეს,
    შენი თვალებით გავანათებ, სარკმლით კი არა.

    და მაშინ ნახავ, რომ სიკეთეს ვპოვებთ თვალებით:
    რომ ჩემი მზერა შენ დაგხატავს, შენი მზერა კი
    ჩემს სიცოცხლეში შემოსვლით და შემობრძანებით
    დამაიმედებს, რომ ნათდება გულის სენაკი.

    თვალი თვალს ხედავს და სიკეთით ხარობს ეგება, 
    შენს გულს კი ამის არაფერი არ გაეგება. 

        გამოვედით გვირაბიდან!
    ღმერთმა ყველას სიკეთე და გახარება მოგცეთ, ყველა გვირაბიდან გამოსავალი გე-პოვნოთ, თუმცა ხანდახან "გვირაბში" გაჭედვაც სასარგებლო რამ არის.... ფიქრს გაიძულებს!

ტანსაცმლიანი გიჟი


(2010 წელი) ჩემს შვილიშვილს (ბატონ დავითს) ვეუბნები – "ტანსაცმლიანი გიჟი ხარ–მეთქი"
"დიჟი, შენი დოდოა"–ო – მპასუხობს (მისი ვარაუდით, "ჩემი დოდო" იგივე ჩემი ცოლი ნატალიაა).
საერთოდ ასე მეტყველებს: გიჟი – დიჟი, გოგო – დოდო, მიყურე – მიტურე, ქუჩა – თუჩა და ა.შ.
ჰოდა, ამასწინათ ვეძახი ძილის წინ: "ტანსაცმლიანი დიჟი ხარ!"
პასუხი არ არის....ისევ ვეძახი, ისევ არაფერი ისმის.....
ორი წუთის შემდეგ შემოდის ჩემთან:
– "აბა, მიტურე, მიტურე!"; ვუტურებ და ვხედავ – მთლად შიშველია;
– "ვაჰ, ეს რა არის, ბიჭო?!"
– "ტანსაცმელები დავიხადე და დიჟი აღარა ვარ!"
* * *
(2013 წლის მინაწერი) ...ნეტავი ტანსაცმელთან დაკავშირებული ეს საშუალება იმ “დიჟებსაც” შველოდეს, კალიებივით რომ შეესივნენ ჩვენს ქვეყანას?!

მედროვეთა გალერეა - 2


...ანუ
შეეცადეთ ყოველთვის დაიცვათ დადგენილი ნორმა!

2004 წელი იყო, გაზაფხული. ერთ ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას, უფრო სწორად – ვესწრებოდი გარკვეული პროფესიული დაინტერესების გამო და ეს არსება პირველად იქ დავინახე, თუმცა–კი ამბო-ბდნენ, რომ სადღაც რაღაცაში მონაწილეობის და თავისი საქმიანობის გამო გარკვეული პოპულარობით სარგებლობსო უკვე....
იმ ღონისძიების შესვენებისას, სად იყო სად არა, მიკროფონებიანი და კა-მერებიანი ადამიანები გამოჩნდნენ და უკვე ხსენებულმა არსებამ ჩემგან პირველი ყურადღება იმით დაიმსახურა, რომ "телевизионщик"–ების გამოჩენაზე ისე გაიფხორა, როგორც ფარშევანგი და, როგორც გაირკვა, მისთვის უკვე ნაცნობი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო... მათაც ცნობილი რესპოდენტი არჩიეს ვინმე ახლის გაწვრთნა–გახედვნას და ეს ჩემთვის ახლადშემჩნეული არსება "ძლივს დაითანხმეს" ინტერვიუზე.
და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!....
– განათება მარცხნიდან დადგით, აქეთ მეტი თმა მაქვსო...
– კამერა ოდნავ დაბლა დაწიეთ, რომ განსახილველი თემის ამაღლებულობა იგრ-ძნობოდესო
– ამ კაცის ფონზე გადამიღეთო (მაშინდელი "კერპის", რომლის აქტიური მლანძღველ–მაგინებელი სულ მალე თავად გახდა იმ ინტერვიუს გმირი)....
– სიუჟეტის დამონტაჟებას რომ დაიწყებთ, აუცილებლად დამირეკეთ და ტექსტი შემითანხმეთო...
და ასე შემდეგ....
ვიჯექი იმ ღონისძებაზე რეგლამენტით გათვალისწინებული დროის ტყვეობაში და იმას ვნატრობდი, როგორმე მალე დამთავრებულიყო ამ არსების სატელევიზიო კეკლუცობა, თორემ ნამდვილად აღარ დავუცდიდი ღონისძიების გაგრძელებას და სუფთა ჰაერზე გამოვიდოდი სულისხუთვისაგან გადასარჩენად.... გულში კი ამ არსების გინების ისეთი კორიანტელი მქონდა, რომ ნამდვილად მიკვირდა – ეს ჩემი ლიმიტი კახელობისა როგორც იქნა დღეში სამ წუთამდე ჩამოვიყვანე და ეს რა მემართება, რომ უკვე 10–15 წუთია ვერაფრით ჩავახშე–მეთქი ხსენებული კორიანტელი და რატომღაც იმ არალიმიტირებულ "შემკობებში" უფრო მეტად გამოთქმა "შენი ჯიშის ასე და ისე....." ბატონობდა.... და თურმე არცთუ "რატომღაც".

ახლა 2011 წელია და ჩემი ლიმიტი უკვე ორ წუთამდე ჩამოვიყვანე, თუმცა ხანდახან საპრემიო "შემკობები" იჩენს ხოლმე თავს და მას ვერაფრით ვუმკლავდები, რადგან გარემოდან შემოსული გამაღიზიანებელი ფაქტორები "სლიშკომ და იმენა" ამაზრზენია... ამიტომაც ვწყვეტ ახლა წერას და გავდივარ კულისებში, რომ პატივცემული საზოგადოების წინაშე ცუდი არაფერი წამომცდეს იმ უკვე რამდენჯერმე ხსენებული არსების შესახებ, რომელიც 7 წელიწადში ერთხელ მაიძულებს ნორმების დარღვევას.

ღმერთმა გაძლება მოგვცეს ასეთების ხელში!

понедельник, 25 февраля 2013 г.

ერთკვირიანი არდადეგები

   დღეს, 25 თებერვალს (2013 წ), დილით "ფეისბუქში" დავაპირე შესვლა და არ შემიშვეს; დამხვდა ასეთი ტექსტი – დაბლოკილი ხარო 7 დღით – და დასახელებულია მიზეზი: ძალიან ბევრ მოთხოვნებს აგზავნი დამეგობრების თაობაზეო....
    ღმერთი – რჯული! 
    არავისთან არაფერი, ერთი მოთხოვნაც კი არ გამიგზავნია....
    ჩემმა შვილმა მითხრა – ძალიან ბევრ ინფორმაციას აქვეყნებ და იმიტომ "დაგასვენესო" (ალბათ!).
     * * *
     ჰოდა, დავისვენებ... ამ ბლოგისთვის უფრო მეტი დრო დამრჩება.
    არ ვიცი, ვის აინტერესებს და ვის არა, ვის მოსწონს და ვის არა ის, რასაც ვწერ, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს... ერთად მოვუყრი თავს ყველაფერს, რაც გამიკეთებია... მალე გაზეთ "ფანტაზიის" საუკეთესო წერილების დადებასაც დავიწყებ.... ხალხს უყვარდა ის გაზეთი, მე ასე მახსოვს.

www.cnoribaxcha-vano99.com


 ამასწინათ, "Youtube" –ზე ხეტიალისას, წავაწყდი 1935 წელს გადაღებულ, თუ არ ვცდები, პირველ სომხურ ხმოვან ფილმს, "პეპოს"; მოგეხსენებათ, ეს პიესა თბილისელ დრამატურგს, გაბრიელ სუნდუკიანს ეკუთვნის და მე–19 საუკუნის 60–იანი წლების თბილისის ცხოვრებას ასახავს. დიდი სიამოვნებით ვუყურე, რადგან იქ ბევრი რამ ვნახე კარგად ნაცნობი და ჩემი თბილისიდან აწ უკვე პირწმინდად გამქრალიც და დაკარგულიც, თუმცა ახლა სხვა რამის გამო გამახსენდა ეს ფილმი. იქ არის ასეთი ეპიზოდი: საზამთროს გამყიდველთან რუსი ჩინოვნიკი მიდის მეუღლითურთ და იწყებენ ამორჩევას და ვაჭრობას – Давай за две копейки-ო (არადა "ტრი კაპეიკი" ღირს); გამყიდველი უარზეა, არც გაჭრას თანხმდება... ჩინოვნიკი  უწუნებს საზამთროს – Вообще нет звука–ო; ის (ბემურაზი) კინტო კი უმალ მოსწრებულად პასუხობს – "ტი ჩტო ხოჩიშ, ჩტობი ზა დვე კაპეიკი ტამ დუხოი მუზიკა იგრალ?!"...
   
    ამ ზაფხულს ჩვენს უბანს ვიღაც მეგაფონიანი კომერსანტი შემოეჩვია ("კინტოს და ჩარჩს" როგორ ვაკადრებ?!), დადის, მანქანით, დაატარებს საზამთროს და თან მთელი უბნის გასაგონად, კარგი ნუგზარ ჯუღელივით, კომენტარებს აკეთებს: "ახალ–ახალი საზამთრო პირდაპირ წნორიდან, ნებისმიერის გაჭრაზე... წითელი და ტკბილი ..." ერთი–ორჯერ მანქანის მაგნიტოფონის გამორთვაც დაავიწყდა და სარეკლამო კომენტარს ფონად დაედო ნინო ჩხეიძის მორიგი ჰიტი... აჰა, ეგეც შენ გაჭრილი საზამთროდან წამოსული "დუხოი მუზიკა"! – ასრულდა თუ არა თბილისელი კინტოს ბემურაზობა!  ამ ტექნიკურ პროგრესს სულ რაღაც 140 წელი დასჭირდა (პიესა "პეპოს" გამოქვეყნების წელს ვიღებ საწყისად.... ეს 1870–ში მოხდა).
   ახლა მე ვაკეთებ პროგნოზს, რადგან თავი მაინც იმ კინტო–ყარაჩოღელების შთამომავლად მიმაჩნია და არც მინდა ეს მემკვიდრეობა დავკარგო, რა ვქნა ამ "ევრაპეისკი მენეჯმენტებს" ჯერაც ვერ გავუგე მუღამი. ჰოდა, იმას ვამბობდი: სულ რაღაც 10–15 წელიწადში, საკუთარი კომპიუტერიდან შეხვალთ წნორის რომელიმე ბაღჩის საიტზე (მაგალითად, www.cnoribaxcha-vano99.com), ამოარჩევთა სასურველ საზამთროს გაჭრის, დუხოი მუზიკის და მეგაფონის გარეშე, გადარიცხავთ ფულს და რაღაც ორიოდე საათის განმავლობაში მიიღებთ ბინაზე სასურველ პროდუქტს (ჯერ კახეთში ავტობანი არ არის, როცა იქნება, ერთ საათშიც მიიღებთ).
    არა გჯერათ? 
    ნუ დაიჯერებთ, მე ჩემი ვთქვი და დანარჩენი თქვენ იცით....
    ახლა ერთ ლექსსაც მივაწერ და ამით მოვრჩები:

    წლები გადის... და ეპოქა 
    იცვლის თავის "მუსიკოსს",
    პეპოს ახლა "პიტერ" ჰქვია 
    და რეგინა – რუსიკოს...
    "ჩინოვნიკიც" შევიცვალეთ –
    აღარ ვაცლით რუსს იყოს.... 
    გეი–პარადს მალე ვნახავთ
    უნიფხვო–უტრუსიკოს...

დალაქი თუ სავარცხელი?

    (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)
 
    არ მახსოვს – ვინ და რატომ – მთხოვა პაბლო ნერუდას ერთი სონეტის თარგმნაში დავხმარებოდი... ესპანური არ ვიცი, თუმცა ზოგადად აზრის გაგება ძნელი არ არის... "Google"–ის მთარგმნელიც მოვიშველიე და ასეთი რამ მივიღე:


    Me falta tiempo para celebrar tus cabellos.
    Uno por uno debo contarolos y alabaros:
    Otros amantes quieren vivir con ciertos ojos,
    Yo solo quiero ser tu peluquero.
                                  (პწკარედი)
    მე არ მყოფნის დრო რომ ვიზეიმო შენი თმა,
    (ალბათ, "ვიზეიმო" ანუ აღვფრთოვანდე შენი თმით)
    ერთმანეთის მიყოლებით უნდა დავთვალო და ვეთაყვანო მათ,
    სხვა მიჯნურებს სურთ ხილვა მხოლოდ თვალებით
    მე კი შენი დალაქი მინდა ვიყო.

  ქართულში "პარიკმახერს" ვერ იტყვი, არ არის ჩვენთვის "პოეტური" სიტყვა (შეიძლება ესპანელებისთვის არის, მაგრამ თარგმანი სრულდება ქართველებისთვის და არა ესპანელებისთვის), არც "დალაქი" გამოდგება, რადგან აღმოსავლური ელემენტი ევროპული ენიდან თარგმნილ ლექსში ძალიან ჭრის თვალს და ყურს..... ასე რომ, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ე.წ. ლირიული გმირი შეედაროს "სავარცხელს", მთავარი აქ ისაა, რომ ამ გმირს სურს ყოველი ღერის შეგრძნება და მოფერება.... (რასაც სავარცხელი ნამდვილად უკეთ შეძლებს, ვიდრე პარიკმახერი).
    შედეგად ვიღებთ ამას:
    არ მინდა ვთვლიდე, ერთად შეკრულ, მე შენს ნაწნავებს,
    თითო ღერს დავთვლი და ზეიმად ჩავთვლი ამ წამებს;
    სხვას ეგებ შენი მზერა ხიბლავს და ეს აწამებს,
    მე კი მსურს შენს თმებს სულ ვეფერო სავარცხელივით.


იანვარი, 2012 წ
P.S. 2013 წლის მინაწერი:
არ ვიცი, რამდენად იცნობდა ჩილელი პაბლო ნერუდა აღმოსავლურ პოეზიას, მაგრამ ომარ ხიამს მიაწერენ ასეთ რობაის.... ზოგადი მსგავსება შეინიშნება:
     ვარდივით სატრფოს ტრფიალი და ბედნიერება
     მოვა, თუ ბევრჯერ აიტანე ეკლის ძგერება;
     თვით სავარცხელიც სანამ ასად არ დაისერა,
     მანამ ვერ შეძლო ლამაზმანის თმის მოფერება.



არა, ოკუპანტებს! – ბროდს(ც)კისტურად


     (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)
 
    დღეს (25.02.2012 წ) წუთით მომიხდა ერთი ჩვენი სატელევიზიო არხის თვალყურის დევნება, სადაც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ და გადავწყვიტე მე, როგორც მეტნაკლებად პროფესიონალმა მთარგმნელმა, უანგარო წვლილი შევიტანო (ჩემთვის უკვე მეორე!) "ნათელი მომავლის" მშენებლობის საქმეში და ქართულად ვთარგმნო ტექსტი იმ სიმღერისა, რომელიც ჩემთვის ნაცნობ ყველა დროსა და ეპოქაში უზუსტესად შეესაბამება (კომუნისტურ თუ დემოკრატიულ – ორევე ერთნაირი ფიზიოლოგიური ნარჩენია!)  დიად საქმეთა მკეთებელ–მშენებელთა ღვაწლს, ანუ:
   Широка страна моя родная,
   Много в ней лесов полей и рек,
   Я другой такой страны не знаю, 
   Где так вольно дышет человек.
   დიახ, მე, როგორც ძველი თაობის მთარგმნელი და შესანიშნავად მცოდნე იმ პათოსისა, რაც ხსენებულ სტრიქონებშია ჩაქსოვილი, ვიწყებ თარგმნას, რათა ეს საქმე ბროდსკის პოეზიაზე გადარეულ გოგო–ბიჭებს არ ჩაუგდონ ხელში ("ბროცკი" კი არა, ბროდსკი!...."ბროცკი" ვაშლია, ბროდსკი კიდევ - პოეტი, რომელიც მხოლოდ იმიტომ "ესმის" ახლანდელ  თაობას – მათში მცირეოდენი გამონაკლისით –, რომ ეს პატივცემული იოსები  Широка страна–ს კატეგორიულად გაემიჯნა, თორემ თავად პოეზია ამ ემიგრანტისა ხსენებულ თაობას – მათში მცირეოდენი გამონაკლისით –  ნამდვილად "ბროცკის" დონეზე გაეგებათ და ესაჭიროებათ).
 
   ჰოდა, ვთარგმნე:
    
   ამ ჩემს ლამაზ სამშობლო მხარეში
   იყიდება მთა და ტყე და ზღვა!
   აქ ხომ სუნთქავს კაცი თავისუფლად,
   საცხოვრებლად არ სურს მხარე სხვა!

   შენიშვნები:
ა) "Широка"–ს ნაცვლად "ლამაზი" იმიტომ ჩავწერე, რომ ბოლო დროს ცოტა ჩამოიფერთხა ტერიტორიულად ჩვენი სამშობლო (საქართველო), მაგრამ არა უშავს, "ლამაზები" ხომ მუდამ ვიყავით და ვიქნებით ჩრდილოელი მეზობლის ჯინაზე (...რომელიც მალე უმეზობლოდ დარჩება, ერთი ცნობილი ჰიმნის თანახმად... სხვათა შორის, იმ ჰიმნში არაა დაზუსტებული, თუ რატომ დარჩება ის უმეზობლოდ – თავად გაქრება თუ ჩვენ გაგვაქრობს?! – და სწორედ აქაა სასიმღერო ტექსტების შექმნა–თარგმნის პროფესიონალიზმი საჭირო, რათა მსგავსი საჩოთირო გაუგებრობა არ წარმოიშვას.... აკი, გითხარით – "ბროცკისტები" დომინირებენ ახლა და არა ბროდსკისტები).
ბ) თარგმანი თავის ეპოქის შვილია და ამიტომაც, კომენტარის სახით, მეორე სტრიქონი გადავაკეთე და პიბლიცისტური ჟღერაბოდა მივანიჭე – "იყიდება მთა და ტყე და ზღვა" – დიახ, იყიდება! სხვა დანარჩენი კი დავტოვე უცვლელად, რადგან ახლაც, აქაც, უკვე ცხადად ოკუპირებულ ქვეყანაში ყველაფერი ისევეა "თავისუფალი სუნთქვით... საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით და ა.შ.", როგორც Широка страна-ში იყო... ერთი განსხვავებით – აქ ყველაფერი იყიდება!... ოკუპანტსაც კი მიჰყიდიან, თუ კარგად გადაიხდის....

თებერვალი, 2012 წელი