воскресенье, 17 февраля 2013 г.

რომაელები... რამე–რუმით


17 წელი ვიყავი ამ სფეროს აქტიური მუშაკი, ყველაფერი კი 1994 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა გაზეთის შექმნის იდეა გაჩნდა...  ეს ის დრო გახლდათ, საქართველო სიბნელეში რომ იხრჩობოდა, ამ სიტყვის (სიბნელის!) პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით... თუმცა გადატანითი მნიშვნელობა ახლაც საკმაოდ იგრძნობა.
არადა, ერთი "სიბნელე" მეც მჭირდა... არ ვიცოდი პოლიგრაფია და გაზეთის გამოშვება დავაპირე.

ყველას, ვისაც რამე გაეგებოდა საგამომცემლო–პოლიგრაფიულ საქმეში, აზრი და რჩევა ვკითხე... ზოგმა რა მითხრა და ზოგმა რა... იმასაც მეუბნებოდნენ – რა ძალა გადგია, ცხოვრებას დაიმახინჯებო... ასეა თუ ისე, მაინც იმძლავრა იდეამ და დავიწყე გამოშვება.... ამ საქმის დეტალებს (...რაც მაშინ ხდებოდა) მთელი "რომანი" შეიძლება მიეძღვნას, ახლა კი ერთ კურიოზს მოგახსენებთ.
პირველი ნომერი რომ გამოვუშვი, სტამბაში არც–კი შემიხედავს, ჩემი უნივერსიტეტელი ჯგუფელი დამეხმარა და დამიბეჭდა (...ისიც აქ არის, "ფეისბუქზე"... ამ ამბავს რომ გავახსენებ – ему будет приятно... когда ему будет приятно, и мне тоже будет приятно). ჰოდა, ავაფრიალე ეს გაზეთი და თავი უკვე მედია–მაგნატი მეგონა და ერთხელაც, სადღაც ე.წ. "ზარია ვოსტოკას" შენობის ჯურღმულებში ერთ ჩემ მსგავს "მაგნატს" გადავეყარე, რომელმაც საგანგებო შეხვედრაზე (ყავა და კონიაკი და რამე–რუმე...) მიმიწვია, რათა ეთხოვა ჩემთვის, რომ მისი ახლადდაარსებული გაზეთისთვის კროსვორდები შემედგინა... კროსვორდის შედგენას რაც შეეხება, ამაში არც მაშინ მიმაჩნდა ვინმე ჩემს ბადალად და არც ახლა... ერთხელ, კიევში სპეციალურად ჩავედი, რათა ჩემი საკროსვორდო მიღწევები უკრაინელებისთვის გამეცნო და ერთ–ერთი საკმაოდ დიდი ჟურნალის რედაქციაში სრული საღადაო ინტონაციით განვაცხადე – Я король грузинского кроссворда-მეთქი და არც იმ ჟურნალის რედაქტორი აღმოჩნდა ჩემზე ნაკლები მოღადავე და მაშინვე მთხოვა – Ваше величество! Можно у вас взять автограф-ო... თუმცა ავცდი ძირითად საკითხს, "რომაელებზე" მინდოდა რაღაცის თქმა...

ის ჩვენებური "მაგნატი", ზემოთ რომ ვახსენე (სხვათა შორის, საკმაოდ სიმპათიური და გამომწვევი გარეგნობის მქონე ქალბატონი), უკვე სამ–ოთხჯერ სტამბაშიც იყო ნამყოფი და პოლიგრაფიული ტექნიკის სახელების ცოდნაში აშკარად მჯობნიდა... ჰოდა, ჩემი გაზეთის პირველი ნომერი მასაც რომ ავუფრიალე ცხვირწინ, პირველად ის მკითხა – რომაერებზე ბეჭდავო?
"რა შუაში არიან რომაელები?!" – გავიფიქრე და ვერ გავიგე, მაგრამ როგორ ჩამოვრჩებოდი ჩემს კონკურენტ მაგნატს და კონიაკით (...და რამე–რუმით) შესმული  სადღეგრძელო მივუძღვენი რომაელებსაც ბიზანტიელებსაც, ბერძნებსაც... რა თქმა უნდა, სპარსელებსაც (ამას როგორ გამოვტოვებდი!) და მსმენელი "დავარწმუნე" იმაში, რომ ფრიად ფართო და მასშტაბური პერსპექტივები ეშლებოდა ჩემს გაზეთს... რაღა "ვოშინგთონ პოსტი" ან "ფიგარო" და რაღა ჩემი პირმშო–გაზეთი.
ერთი სიტყვით, როცა მეგონა, რომ სრული აღიარება მოვიპოვე ჩემი "Речь"–ით, თანამოსაუბრე კონკურენტის და ამავე დროს პოტენციური პარტნიორის თვალებში გაუგებრობა შევნიშნე.
- რომაერებზე ბეჭდავ? - გამიმეორა კითხვა.
– აბა, რა! – რომაელებზეც, ბერძნებზე, მულატებზეც, ჩუქჩებზე, ჩუჩმეკებზე... და ყველაზე!!!
...ჩემმა თანამოსაუბრემ აშკარად გიჟად ჩამთვალა... ან უკიდურეს შემთხვევში – მოღადავედ (როგორც იმ კიეველმა რედაქტორმა).
* * *
ორიოდე კვირის შემდეგ გავიგე, რომ "რომაერი" საბეჭდ მანქანას ჰქვია... ოღონდ ის არ მესმის დღემდე – რატომ თქვა იმ ქალბატონმა მრავლობით რიცხვში – რომაერები?! მეც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა და საკუთარი თავიც...

ეს კონიაკი რას არ უზამს კაცს! – თანაც რამე–რუმით...

დასატუ-ჯან!


1988-ში გორბაჩოვის პერესტროიკამ ძალა რომ მოიკრიბა და რაღაც პლენუმი თუ მისი მსგავსი რომ ჩაატარეს და სობჩაკები და ელცინები რომ გამოვიდნენ სკკპ-ს კრიტიკით, ეს ისეთი საოცრება იყო, რომ მეორე ცვლაში გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა მეორეკლასელებთან (ქართულს ვასწავლიდი რუსულ სკოლაში) და მთელი 20  წუთით დავაგვიანე, რადგან სკოლის დირექტორს ვუყვებოდი - ასე უთხრეს და ასე გააბაიბურეს-მეთქი კომუნისტებმა ერთმანეთი და ისიც პირდაღებული მისმენდა... მას შემდეგ იმდენჯერ მივიღე "შოკი" გარდამავალი ეპოქების გამო (ნუ ჩამომათვლევინებთ, თუ ღმერთი გწამთ), რომ ახლა აღარაფერი მაკვირვებს... არადა, როგორ მინდა დავდგე ახლაც და 20 წუთის განმავლობაში ველაპარაკო ვინმეს მავანთა ნამოქმედარის შესახებ... მაგრამ გაცლის ვინმე?! ცხრა ტელევიზია ცხრაჯერ დაგცემს ლახვარს ტვინში და აღარც საკუთარ აზრს შეგარჩენს და აღარც გრძნობას...
ისე კი, მეორეკლასელებს ქართულს რომ ვასწავლიდი, იმდენი კურიოზი შევქმენით ერთობლივად მე და იმ ბავშვებმა, რომ მოსაყოლად ღირს.... მოგიყვებით, თუ დამცალდა....
მაგალითად:
ერთი კირაკოსიანი მყავდა, ჩასაყლაპი ბავშვი იყო, სიმაღლე მაქსიმუმ 70-80 სანტიმეტრი და, რა თქმა უნდა, ცელქი.... ერთხელაც ვერაფრით ვერ დავაშოშომინე - ხან ქართულად ვუთხარი - გაჩერდი-მეთქი, ხან რუსულად - успокойся, მაგრამ არაფერმა გაჭრა და ბოლოს სომხურად ვუთხარი - გაჩერდი, თორემ მიგტყეპავ-მეთქი და..... ბავშვი შოკში ჩავარდა, თვალები ისე გაუფართოვდა, რომ ლამის საკუთარი სიმაღლის ნახევარს მიაღწია (ესე იგი 40 სანტიმეტრს დიამეტრში...); გაკვეთილის ბოლომდე ხმა აღარ ამოუღია, ზარი რომ დაირეკა, მოვიდა და სომხურად მითხრა - მასწავლებელო-ჯან... (დასატუ-ჯან!) და გაიქცა...

ნეტავი ცალი თვალით დამანახა - სად არის ახლა... სახელიც მაგარი ერქვა - ქრისტო!

შარიკ ხოჩიშ?


პირველად 1994 წელს მოვხვდი ირანში; იმხანად ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს დიდ მეზობელთან ურიერთობაში – საქართველო პირველად, მთელი ისტორიის მანძილზე, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით წარდგა სპარსეთის წინაშე. კაცმა რომ თქვას, ჩვენ ამ ქვეყანას მუდამ "სპარსეთს" ვეძახდით და მეც ასე მირჩევნია, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს... მით უმეტეს იმ ამბისთვის, რასაც ახლა მოგიყვებით.

როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, პირველად ახალი ქვეყნის "ასათვისებლად" (თურქეთის და სირიის შემდეგ) ირანისკენ შოპ–ტურისტების ქარავანი დაიძრა... ეს ცალკე თემაა და საკმაოდ საინტერესოც, ნებით თუ უნებლიედ მეც ჩამითრიეს ამ სფეროში და შემომთავაზეს თარჯიმნად გავყოლოდი იმ ჯგუფს, რომელიც პირველად მიდიოდა ირანში... ეს ჩემთვის ზღაპრის ახდენას ნიშნავდა, რადგან ირანისტების ოჯახში შესვლის პირველივე დღიდან ვოცნებობდი იმ ქვეყნის ნახვას, რომელსაც დაუსწრებლად ასე თუ ისე ვიცნობდი.
ჰოდა, წავედით ირანისკენ ავტობუსით (სომხეთის გავლით)...  დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა იყო არა თავისი ფათერაკებითა და კურიოზებით, არამედ იმ ტიპაჟით, ვისთანაც ორი კვირა მომიხდა ყოფნა და ლუკმის გაზიარება... ესეც უნდა აღვწერო თავის დროზე.
* * *
თეირანის სასტუმრო "მინა" შოპ–ტურისტებით იყო სავსე, ძირითადად ყოფილი სსრკ–დან: აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ნაირ–ნაირი შუა აზიელები და, რა თქმა უნდა, ქართველები. 
საღამოს ე.წ. "ბარდანებით" (ბარ–დან – ტვირთის შემცველი) დატვირთული მანქანები რომ მოადგებოდა სასტუმროს, იდგა ერთი გამიშვი–გამატარე ლიფტის რიგში.... სასტუმროს მომსახურე პერსონალი გაოცებული უმზერდა ყოფილი საბჭოელების "სავაჭრო სულისკვეთებას" და პირველ ხანებში ჩემგან ინტერვიუსაც კი იღებდნენ ხოლმე ორი მიზეზის გამოისობით: 1. სპარსული ვიცოდი და 2. მეც საბჭოელი ვიყავი... ოღონდ ბარდანები არ მომქონდა....
მეორე–მესამე დღეს, საღამო ხანს, როცა ბარდანების ბარდნა (ცოტა წავი–პოეტუროთ,, მაინც ირანში ვართ...) იწყებოდა, სასტუმროს შესასვლელთან ასე 12–13 წლის შავტუხა ბიჭი გამოჩნდა. კაცმა რომ თქვას, მისი "შავტუხობა" არც უნდა მეხსენებინა, რადგან იქ ოლივერ ტვისტის მსგავსი ქერაკულულებიანი ბავშვი ნამდვილად არ გამოჩნდებოდა, მაგრამ მაინც... როგორც ჩანს, სხვებთან შედარებით უფრო შავტუხა იყო...
მე, უსაქმოდ მდგარი რომ დამინახა, უმალ ჩემსკენ გამოქანდა და თვალწინ ამიფრიალა ბუშტები (ბავშვობაში ჩვენს უბანში ამას "ფუჩიკებს" ვეძახდით).
– შარიკ ხოჩიშ? (უკვე ორი ღერი რუსულიც ჰქონდა ნასწავლი, როგორც ჩანს, შემოჩვეული იყო იმ სასტუმროსთან).
...მე გამეცინა და სპარსულად ვკითხე – რა გქვია–მეთქი?
– აბდულა! შარიკ ხოჩიშ?
...რაღაც გროშებად ყიდდა იმ თავის "შარიკებს", ავიღე ორი–სამი ცალი ბავშვებისთვის.
მეორე დღეს ისევ გამოჩნდა "შარიკა აბდულა", მაგრამ მე აღარ გამკარებია, რადგან მისი კლიენტი აღარ ვიყავი, თუმცა ცოტა ხანში რაღაც ვერ გაარკვია ერთ სომეხთან და მე მომვარდა – უთხარი, რა, რომ ხურდა არა მაქვს და ახლავე მოვუტანო... – და გაქრა. სომეხმა ყვირილი ატეხა, მაგრამ დავამშვიდე – ცუდი ბიჭი არა ჩანს, დაგიბრუნებს–მეთქი ფულს და არც შევმცდარვარ.... "შარიკა" მალე მოვიდა და ფულიც დააბრუნა... მის მეტყველებაში დავაფიქსირე, რომ ეს ბიჭი ავღანელი იყო; ეს გამიჭირდებოდა?! – ორი წელი სულ "ჯილა–ჯილა" ავღანელებთან გავატარე და მათი აქცენტი და ინტონაცია დღემდე ჩამესმის ყურში, რუკაზე კასპიის ზღვის იქით რომ გავაპარებ ხოლმე თვალს.
ერთი სიტყვით, მე და "შარიკა" მალე დავძმაკაცდით, თავისი ბიზნესის განვითარებაშიც დავეხმარე და მცირეოდენი რეკლამირების შემდეგ ჩვენი ჯგუფის ქალებს სულ ათ–ათი ბუშტი ვაყიდინე... მგონი, გასაყიდადაც წამოიღეს. ერთხელ ჩაიხანაშიც ჩამოვჯექით და აბდულამ მიამბო თავის ოჯახის ამბავი: ავღანეთიდან წამოსული ლტოლვილები იყვნენ; ხუთი და–ძმა ვართო და აბდულა მათ შორის უფროსი ყოფილა. იმ დროს მამა ავად ჰყავდა და ოჯახისთვის ლუკმა პურის საყიდელ ფულს ამ "შარიკებით" შოულობდა...

გავიდა ის ჩვენი 10 "დაბარდნილი" დღე და წამოვედით უკან, მშობლიური კავკასიისაკენ...
ოოოოო, რაც მე ირან–სომხეთის საზღვარზე, მდინარე არაქსზე გადმოსვლისას ვნახე და განვიცადე, ენით აღუწერელია... ფილმი უნდა გადაიღოს კაცმა და აჩვენოს მათ, ვინც შორ გზაზე სავაჭროდ დადის... თუმცა 21–ე საუკუნეში, მგონი, ეს "სოვდაგრობის მანია" ჩაცხრა და აღარავინ დადის ასე... ავტობუსებით; არ ვიცი, მე დიდი ხანია ჩამოვშორდი ამ საქმით დაკავებულ ადამიანებს, მას შემდეგ, რაც 1996 წლიდან გაზეთის გამოშვება დავიწყე.

* * *
ერთი წლის შემდეგ ჩემმა ახლო მეგობარმა მთხოვა, გავყოლოდი ირანში და ამჯერად სამკაციანი ჯგუფი ცივილიზირებული წესით გადავფრინდით თეირანში... მათ თავისი კომერციული მიზნები ჰქონდათ და საკმაო წარმატებითაც გავართვით ამას თავი ერთობლივად – ჩემი თარჯიმნობითაც და ექსკურსიამძღოლობითაც. ყველაფერი ერთ კვირაში მოვაგვარეთ და დაგვრჩა კიდევ შვიდი დღე გამოფრენამდე.... დადგა საკითხი – როგორ გაგვეტარებინა ეს კვირა ამ უზარმაზარ ქვეყანაში.
თემურამ თქვა – შირაზში და ისფაჰანში წავიდეთო.
ბადურამ დაიჩემა – ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარე პორტ ბენდერ–აბასში წავიდეთ და მომავალი კომერციული მიზნებისთვის დავზვეროთ იქაური სიტუაციაო.
მე, რა თქმა უნდა, შირაზში წასვლა მერჩივნა, მაგრამ ბადურას აზრმა გაიმარჯვა...
უხ, ბადურ, შენ რა გითხარი!...
ოთხი დღე ავტობუსში გავატარეთ... ახლა ნუღარ გამახსენებთ ამას, ნერვები მეშლება, პირობას ვდებ, რომ ამ სათავგადასავლო ტრანსირანულ ავტოკრუიზს დეტალურად გიამბობთ სხვა დროს...

ბენდერ–აბასი (აბასის პორტი) ორმუზდის ყურის ნაპირზე მდებარეობს და, რუსების პეტრე პირველისა არ იყოს, შაჰ–აბასმაც გაჭრა "ფანჯარა", ოღონდ აზიაში... უფრო სწორად ინდოეთისკენ და ჩინეთისკენ... ჩემთვის კი ეს ქალაქი აღმოჩენად იქცა, რადგან დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახლავთ, ის "მულღაზანზარი", სადაც ნურადინ–ფრიდონი ცხოვრობდა.... უნდა ნახოთ ბენდერ–აბასის პორტში მდგარი გემები, რომლის ანძები მიგრაციის პროცესში მყოფი ფრინველებითაა დახუნძლული და თქვენც დამეთანხმებით, რადგან "მურღ" სპარსულად სწორედ "ფრინველს" ნიშნავს.

მივდექით–მოვდექით, ოკეანეს, უფრო სწორად ორმუზდის სრუტეს გავხედეთ და შორს–შორს დავინახეთ კუნძული... აი, "ვეფხისტყაოსნის" ორი ეპიზოდი, ერთი ეხება იმას, რომ აქ შორ გზაზე მცურავი გემები იყრიან თავს, მეორე კი კუნძულს:

ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; (643)

მამის ძმა და მამა-ჩემი პაპამ ჩემმან გაყვნა ოდეს,
ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს, (607)

ბადურამ სწორედ ამ კუნძულზე გადაცურვა აიტეხა – ვიღაცისგან სმენოდა, რომ იქ თავისუფალი ეკონომიკური ზონაა და "ტავარიც" იაფად იშოვება...
ვააააააააააა!
მივდექით–მოვდექით და გავარკვიეთ, რომ ნახევარ საათში იმ კუნძულისკენ კატარღით შეგვეძლო წასვლა, ბილეთებიც ვიყიდეთ და დროის გასაყვანად იქვე სანაპიროზე ჩაიხანაში ჩამოვსხედით...
მილეთის ხალხი ირეოდა: ინდოელები, პაკისტანელები, არაბები.... ჩვენი რუსი რძლის, გლაშას თქმისა არ იყოს, "შავი–შავი..." და ყველასაგან ჩვენ იმით გამოვირჩეოდით, რომ ვიყავით "ტეტრი–ტეტრი", ჰოდა, მიტომაც აღმოვჩნდით ყურადღების ცენტრში და დაიწყო ჩვენს გარშემო საშოვარზე გამოსული ლაწირაკების რია–რია: ზოგი მათხოვრობდა, ზოგი იტაცებდა მაგიდიდან საჭმელს, ზოგიც ქურდობდა, ასე ვთქვათ ჯიბგირობდა...
ჯიბ – გირ – (სპარსულად) ჯიბის დამჭერი.
ჰოდა, ამომაცალეს ჯიბიდან საბუთები და ფული და მივაშტერდი ბადურას – ახლა მიშველი შენი თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომერციული პოტენციალით?! დამტოვეთ სამარადისოდ ირანში უსაბუთებოდ და ეგ არის–მეთქი და.... ამ "სოფლის სამდურავში" რომ ვიყავი, უცებ ვიღაცამ დამკრა მხარზე ხელი და შემძახა – შარიკ ხოჩიშ?
აბდულაააააააააა! – ისე აღმომხდა, თითქოს ღმერთმა დამხმარედ და მხსნელად თავად ავთანდილი გამომიგზავნა... ახლა ის არ იფიქროთ, რომ საკუთარი თავი ტარიელს შევადარე, მაგრამ მაინც – აბდულამ გახსნა ჩემთვის იმედის და გადარჩენის ცა... თავისთან მაინც წამიყვანდა უსაბუთოს და ცარიელ–ტარიელს (აქ "ტარიელი" ზუსტად შეესაბამება აზრის მსვლელობას) და მეც მასავით დავიწყებდი "შარიკებით" ვაჭრობას... საამისოდ სამი–ოთხი ენა კი ვიცოდი.
– აბდულააააააააააა! ჩეთოური (რავა ხარ!)?! ინჯა აზ ქოჯა ფეიდა შოდი (აქ საიდან გაჩნდი)?!
– საბრ ქონ ვა მიგიამ (დაიცადე და გეტყვი) ინ აქსე თოსთ (ეს შენი სურათია)? – მკითხა და ჩემი პასპორტი გამომიწოდა...
– ვაჰ! ბალე, ბალე.... მანამ (ჰო, ჰო... მე ვარ) – აკი გითხარით – "ავთანდილი" გამომიგზავნეს–მეთქი მხსნელად.
აბდულამ პასპორტი დამიბრუნა, მერე მცირეხნით გაქრა და ფულიც მომიტანა...

მერე ეს მიამბო: "აქ სამი თვის წინ ჩამოვედი, უფრო მეტ ფულს ვშოულობ...  მამაჩემი მოკვდა და ჩემს მეტი პატრონი არა ჰყავსო ჩვენს ოჯახს... ავღანეთში გვინდა ისევ დაბრუნება და ფულს ვაგროებთო საგზაოდ...."

ამასობაში ჩვენი კატარღაც მოაყენეს ნაპირს...

– მოვაზებ ბაშ! (ფრთხილად იყავი) – მითხრა ბოლოს "შარიკამ" და იდგა ნაპირზე, ხელს მიქნევდა, სანამ თვალს არ მივეფარეთ... 

მატრაბაზი–პაკაზუხა–პიარშიკი ანუ 21–ე საუკუნის "ელიზბარა"


 ....მე–20 საუკუნიდან დავიწყებ:

    ჩვენს უბანში ერთი ბავშვი იყო, ელიზბარა; მთლად დალაგებული ვერ იყო და დიდიანპატარიანად ყველა მისი "ოხუნჯობებით" ვერთობოდით. ორი "მარგალიტი მისი შემოქმედებისა" დღემდე მახსოვს, პირველს ელიზბარას ოხუნჯობის ხარისხის საჩვენებლად მოგახსენებთ, მეორეს კი ჩემი უშუალო სათქმელის თემას დავუკავშირებ:
    1) ელიზბარამ პირველად დამკრძალავი პროცესია რომ დაინახა (ადრე თითქმის ხელით მიასვენებდნენ მიცვალებულს სახლიდან სასაფლაომდე) შესძახა: "დედა. დედა.... აგე დამარხული ტაცი (კაცი) მოჰყავთ"– და მას შემდეგ ჩვენს უბანში მოარულ ფრაზად იქცა: "დამარხული ტაცის პანაშვიდზე ვიყავი".... "დამარხული ტაცის ქელეხიდან მოვდივარ".... და ასე შემდეგ
    2) ერთხელ ელიზბარა ნაგვის მანქანაზე შემოსვეს და ასე ატარებდნენ ქუჩაქუჩა.... ჩვენს სახლთან რომ ჩამოიარა, მე დამინახა ფანჯარაში და ამაყად დამიძახა: "ეი, მე მხედამ!!!!!" – გხედამ, გხედამმეთქი, ელიზბარმივაძახე და ცერა თითი დავანახე მოწონების ნიშნად.... აი, სწორედ ეს "მხატვრული სახე" მინდოდა დამენახებინა თქვენთვის.... ახლა უკვე "ილუსტრაციის" მეშევეობით გაიაზრებთ ჩემს სათქმელს.
    დიახ, ნაგვის მანქანაზე შემომჯდარი ელიზბარა მატრაბაზობდა!!!!
    ) მატრაბაზი გახლავთ არაბულსპარსული ნაერთი სიტყვა: მატრაბ+ბაზ (ქართულში ორი ""–დან ერთი დაიკარგა), პირველი ნაწილი უკავშირდება არაბულ ძირს –  , რომელიც შემორჩენილია ასევე სიტყვაში მუტრიბი (მუსიკოსი, დამკვრელი), "ბაზ" კი სპარსული ზმნის ნარჩენია და მოთამაშეს ნიშნავს (ჯანბაზსულთან მოთამაშე, ყომარბაზყომარის მოთამაშე, ჯადობაზჯადოთი მოთამაშე); ასე რომ სიტყვა "მატრაბაზი" ნიშნავს ადამიანს, რომელიც საკუთარი უნარით თამაშობს....
    ) Показуха - "საბჭოთა ქართველებმა" კარგად იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა, ახლებისთვის კი ვიტყვი, რომ სიტყვა მოდის რუსული ზმნიდანпоказывать (ჩვენება) – ოღონდ უნდა დავაზუსტოთ, რომ რუსები ამ სიტყვას ამბობენ მოვლენასთან დაკავშირებით (вся эта показуха) ჩვენ კი კონკრეტულ ადამიანზე ვამბობდით – "პაკაზუხაა" ესე იგი საკუთარი უნარის დემონსტრირება უნდა ისე, როგორც მას თავად ჰგონია, რომ არის.
    ) პიარშიკიაქ "ტრაგიკომიკულ" შემთხევასთან გვაქვს საქმე: აიღეს აბრევიატურა ფრაზისა Public Realations - PR - წარმოთქვეს ამ ასოების სახელები "პი+არ" – მიუმატეს რუსული ბოლოსართი щикდა მიიღეს "21– საუკუნის ელიზბარა" – პიარშიკი!
     ამ ცხოვრებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია..... ნემსიდან აქლემამდე.
    * * *
    კიდევ მინდოდა რაღაც დამეწერა, როგორც მორალი ეზოპესეული იგავებისა, მაგრამ მოკლედ მოვჭრიეი, ფეისბუქის ბინადრებო, მე მხედამთ?!

საშობაო აღსარება

პროლოგი

ერთი ცოდვა მაწევს სინდისზე და თუ არ გიამბეთ სრულიად ვირტუალურ საზოგადოებას, ისე ვერ მოვისვენებ და ვერ შევხვდები 2013 წელს.

1974 წელს, ივლისის ბოლო დღეებში ფრიად საჭირბოროტო პრობლემის წინაშე ვიდექი... თეატრალურ ინსტიტუში მეორე წარუმატებელი ცდის შემდეგ სადმე ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა, თუ არა და შემოდგომაზე “რუსის ჯარში” მიკრავდნენ თავს... ჰუმანიტარულზე იმიტომ, რომ იქ, მისაღებ გამოცდებზე, ასე თუ ისე რამეს დავწერდი, ისტორიაში და უცხო ენაშიც ნამდვილად მივიღებდი ნიშანს, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. ჰოდა, მივადექი "მაღლივს" საბუთების შესატანად.... ათიოდე დღე იყო დარჩენილი გამოცდებამდე და ჩასაბარებელი საგნების გადამეორების იმედიც მქონდა, თუმცა უფრო მეტად ავანტიურიზმის სულისკვეთება არ მასვენებდა.

ფაკულტეტის არჩევა

ავუარე, ჩავუარე ჰუმანიტარული ფაკულტეტების რიგებს და ერთი სამწუხარო რეალობა აღმოვაჩინე - მართალია, ადგილების რაოდენობა და კონკურსანტთა სიმრავლე ასე თუ ისე მისაღები იყო ჩემთვის, მაგრამ საბუთების შემტანთა უზარმაზარი რიგები იდგა და იქ ნამდვილად ვერ ჩავდგებოდი... რიგში დგომა და მოლოდინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მძულდა და სანამ კარგა გვარიანად არ გადავაბიჯე მოწიფულ ასაკს, ცნება “რიგი” ყოველთვის მაჟრჟოლებდა და ტანში მზარავდა... და, ალბათ, ამის გამო ბევრი რამ დავკარგე ამ წუთისოფელში, მაგრამ რაც იყო, იყო - ვეღარაფერს დავიბრუნებ.
ჰოდა, სახლში გამობრუნებას რომ ვაპირებდი იმ იმედით, რომ მეორე დღეს დილაადრიან მივადგებოდი მიმღებ კომისიას, უცებ დავინახე - რაღაც “კიბერნეტიკულ” განხრაზე ასევე ჰუმანიტარული საგნები ბარდებოდა და პლიუს მათემატიკა... არადა, მეცხრე-მეათე კლასში სანამ თეატრით ამბნეოდა ჭკუა-გონება, ჩვენი სკოლის “პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ნამდვილად ტექნიკურ საგნებში უფრო კარგად ვერკვეოდი... ჰოდა, იმ მათემატიკასაც მოვერეოდი - ასე მჯეროდა და მივედი იმ “კიბერნეტიკულ სამყაროსთან”, მაგრამ საბუთების მიმღები ქალბატონი მცირე ხნით გასული იყო და ათიოდე წუთს რომ გაგრძელდა ეს “მცირე ხანი”, უკვე ამოქმედდა ზემოთხსენებული სიძულვილი ლოდინისადმი და იქიდან წამოსვლაც ჰა-და-ჰა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ იქვე შორიახლოს დავინახე “აღმოსავლეთმცოდნეობის დახლი”, სადაც უსაქმურად იჯდა მიმღები კომისიის წევრი ქალბატონი და ისე, რომ არც კი მიმიხედავს კონკურსის პირობებისთვის, შევიტანე საბუთები....
წარმოდგენაც კი არ მქონდა - ვინ და რა უნდა გამოვსულიყავი, თუკი იქ მიმიღებდნენ, ჩემთვის მთავარი იყო ერთი წელი სადმე ისე გამეტარებინა, რომ ჯარში არ წავეყვანე...

გამოცდები

ქართულის წერით გამოცდაში “ოთხიანი” მივიღე და ეს ფაქტი ჩვენი უბნის ქალთა გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც ღამის 2-3 საათამდე გრძელდებოდა, დადებითად შეფასდა... იცოდნენ რა მათ, რომ მე არანაირ რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი, დაასკვნეს - ცოდნა ჭრის!!!  (სხდომები ქართულ-სომხურ-რუსულად მიმდინარეობდა - სინქრონული თარგმანის გარეშე - და დედაჩემი სპიკერი თუ არა, ვიცე-სპიკერი მაინც იყო ყოველთვის).
მეორე გამოცდა იყო ზეპირი ქართულ ენასა და ლიტერატურაში... გამოცდისთვის ასე თუ ისე მზად ვიყავი, მაგრამ “დავითიანის” გადაკითხვა ვერ მოვასწარი და იმ იმედით შევედი გამოცდაზე, რომ გამიმართლებდა და გურამიშვილის შესახებ საუბარი არ მომიწევდა....
შევედი.... ავიღე ბილეთი და ვხედავ - პირველი საკითხი: დავით გურამიშვილის “ქართლის ჭირი"... ერთი სიტყვით, ბედმა გამწირა.
კომისიის წევრმა მიმიყვანა გამომცდელთან, ვისაც “სამიანზე” უნდა გამოვეცადე, მითხრა, რომ ბილეთის საკითხები გადამეწერა ცალკე ფურცელზე, თავად ოფიციალური საგამოცდო ბილეთი კი გამომართვეს და სხვა აბიტურიენტებისთვის ჩააბრუნეს გამოცდაში... იმ ფურცელზე, რომელზედაც მე ჩემი ხელით გადავწერე ბილეთის საკითხები, არავის არანაირი აღნიშვნა არ გაუკეთებია... და გულში რაღაცამ გამკრა (?!).
ჩემი გამომცდელი ერთი მაღალი, როხროხა, ხმაჩახლეჩილი რომ ჰქვია, ისეთი კაცი აღმოჩნდა და სულ აქეთ-იქით დადიოდა... მალე გვერდით ერთი მეგრელი ბიჭი მომისვეს და ჩვენმა გამომცდელმა ორივეს მოსაფიქრებლად დრო მოგვცა, თავად კი კვლავ სადღაც გავიდა...
სანამ ის მოვიდოდა, იმ ბიჭს ვთხოვე - “ერთი საზეპირო მაინც ჩამაწერინე-მეთქი ქართლის ჭირიდან” და მან ჩემს თხოვნას ასე უპასუხა: “ქართლის ჭირსა ვერვინ მოთვლის... დანარჩენი შენ გააგრძელეო” და პირი იბრუნა - კონკურენტები ვიყავით და ჩათვალა, რომ ჩემი სახით ერთი არასასურველი სუბიექტი უკვე ჩამოიშორა... და, მგონი, მოსალოდნელი მიკრო-გამარჯვების ემოციებით დაიმუხტა.
რაღას ვიზამდი, მეორე და მესამე საკითხების ანაბარა დავრჩი და ვიფიქრე - როგორმე “სამიანს” გავაჩალიჩებ და უბნის ქალთა საკრებულოს წინაშე თავს ვიმართლებ-მეთქი რაღაც ასეთი “აფორიზმით” - ცოდნა ჭრის, მაგრამ ზოგჯერ ბედიც უნდა გქონდეს.
ამასობაში გამომცდელი მოვიდა და ჩემს კონკურენტს სთხოვა ბილეთის საკითხებზე ესაუბრა.... შევატყე, რომ მთლად კარგად ვერ იყო მომზადებული ის “რბილად მოსაუბრე” ყმაწვილი (...მახსოვს, რაღაც უცნაური სახელი ერქვა - ლავბერი თუ ბერლავი); ჰოდა, მისი თავდაჯერება ჩემი ნაადრევი განადგურების შესახებ ზედმეტად ოპტიმისტური ემოცია აღმოჩნდა. უცებ იმ ხმაჩახლეჩილმა კაცმა ორივეს გვკითხა - აღმოსავლეთმცოდნეობაზე რომ აბარებთ, აბა, რა იცითო აღმოსავლური ლიტერატურის შესახებ? ჩემი კონკურენტი დადუმდა, როგორც მაცი ხვიტიას მეგობარი კოჭოია ცხენის მოპარვის პროცესის წინ... მე კი ამოვღერღე - ომარ ხაიამი-მეთქი (თუმცა მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, რა ენაზე წერდა პატივცემული ომარი - არაბულად თუ სპარსულად) და შევატყე ჩემს გამომცდელს, რომ ამ სახელმა მას სიამე და კმაყოფილება მოჰგვარა...
რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩემმა ძვირფასმა კონკურენტმა მხოლოდ “სამიანი” მიიღო და სანამ ჩემი ჯერი დადგებოდა, გამომცდელს ისევ უხმეს განზე და მე მარტო დავრჩი მაგიდასთან.... მიმოვიხედე... გარშემო არავინ ჩანდა, თანაც სადღაც “მოგუდულში” ვიჯექი... ჰოდა, მეორედ გამკრა გულში ერთმა უკეთურმა განზრახვამ - “ამ ჩემი ბილეთის საკითხები ხომ არავის აქვს ნანახი, ჰა?!” მართალია, ბილეთის ნომერი მითითებული იყო, მაგრამ ჩემი გამომცდელი ის კაცი არ ჩანდა, ვისაც დაზეპირებული ექნებოდა, თუ რომელ ბილეთში რა საკითხი ეწერა... არადა, ასეთებიც არიან ხოლმე.
სანამ მესამედ გამკრავდა გულში რაღაცას ის ბემურაზი განზრახვა, მე დავასწარი მას, ამოვიღე სხვა ფურცელი, ბილეთის ნომერი იგივე დავტოვე და ჩავაწიკწიკე ის სამი საკითხი, რომელიც შესანიშნავად ვიცოდი და პირველი მათ შორის “ავთანდილის ანდერძი” გახლდათ... ძველი საკითხების ფურცელი კი საგულდაგულოდ გადავმალე ტანსაცმლის არაესთეტურ ნაწილში...
დასაკარგი არაფერი მქონდა, როგორც იტყვიან - რისკი კეთილშობილი საქმეა... თუ ყალბისმქნელობაში მამხელდნენ და “ვირის აბანოში” გამამწესებდნენ, იმ 2-3 წელს საქართველოს დილეგში მაინც გავატარებდი და დამპყრობთა ჯარში არ ვიმსახურებდი...

პოლიტიკური ინტერმეცცო

1974 წელია, ბიჭოოოოოო! რა დამპყრობი და რის ოკუპაცია?! - ჩვენს პოლიტიკოსებს მზე ჩრდილოეთიდან ამოსდიოდათ და როცა არ ამოსდიოდათ, თავად ამოჰყავდათ...
* * *
ერთი სიტყვით, ყალბისმქნელობის მოსალოდნელი შედეგების გაანალიზებაც მოვასწარი, შევეგუე კიდეც ყველაზე უარეს მომავლას და ჩემი გამომცდელიც მოვიდა...
ბილეთის საკითხები ვაჩვენე და დავიწყე მასლაათი:
- “დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად” (ეს “საბრალო”, ალბათ, მეტისმეტი გამომსახველობით ვთქვი).
- “რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა” (რა ნამუსით შევძელი ამის თქმა, ვერ გეტყვით - თავად დიდ სიცრუეს ვიქმდი იმ წუთს)
- “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების~ (ამ სიტყვებზე ცოტა გულზე მომეშვა).
შევატყე ჩემს გამომცდელს, რომ მოეწონა ამგვარი (ფარულ სინამდვილესთან გათანაბრებული) დეკლამაცია.... თანაც “ომარ ხაიამით” ვასიამოვნე და....

დამაკმაყოფილებელი ნიშანი ასე თუ ისე დავიმსახურე და იმ ხმაჩახლეჩილმა კაცმა რომ მითხრა, “ოთხიანზე” წადიო, ერთი კი ვიფიქრე - ორჯერ გამართლება არ არსებობს-მეთქი, მაგრამ თან დედაჩემის დაქალების დიდი დაინტერესება გამახსენდა საბჭოთა განათლების სისტემის მიმართ და მეორე “ოთხიანსაც” თუ მივიტანდი, მთლად გავუმყარებდი რწმენას “მშობლიური სკკპ-ს” პატიოსნებისა და პირუთვნელობის თაობაზე.

მეორე ნაწილი - “ოთხიანი”

წავედი ჩემი საგამოცდო ფურცლით და მითითებულ ადგილზე დავჯექი... სად იყო, სად არა “ოთხიანის” გამომცდელიც მოვიდა... შევხედე და ვიცანი - ჩემი ძმის სიმამრის სახლში მდგმურად ცხოვრობდა ეს კაცი, თუმცა სახელი მაშინ არ ვიცოდი და მერე გავიგე, რომ დიდებული კაცი და მეცნიერი კორნელი დანელია გახლდათ და სანამ საკუთარ ბინას იშენებდა, მდგმურად უწევდა ცხოვრება...
ბატონი შახის (ასე ერქვა ჩემი ძმის სიმამრს) სახლში გაშლილ პურ-მარილებზე ბევრჯერ მყავდა ნანახი ეს ჩემი მორიგი გამომცდელი და ღმერთს შეკითხვის თვალით ავხედე - ვითომ მიცნობს-მეთქი?
დღესაც არ ვიცი, მიცნო თუ არა იმ დღეს (მერე კი გავახსენე ეს შეხვედრა ბატონ კორმელის), მაგრამ იქ, უკვე ხელისგულივით გადაშლილ ფერეფანში ყველა გვხედავდა და ვერანაირ “ყურუმსაღობას”, რა თქმა უნდა, ვერ ჩავიდენდი... ასე რომ თვალებით მოგვიხდა საუბარი არასანქცირებულ საკითხებზე:
- მიცნობთ? - ვეკითხებოდი მზერით.
- გიცნობ, როგორ არ გიცნობ! - მეჩვენებოდა, რომ ასე მპასუხობდა... თვალებით... მეტყველების ორგანოები კი ქართული ენის გრამატიკის ამა თუ იმ საკითხს მიმოიხილავდნენ პროფესორის და აბიტურიენტის საუბრის დონეზე...
ასე იყო თუ ისე, განმიცხადა - წადიო “ხუთიანზე”.
- აუჰ! - ვუთხარი თვალებით.
- წადი, ბიძია, წადი... - მეუბნებოდა მისი მზერა - ახლა მე შენ “ფრიადზე” რომ არ გაგიშვა, შახი ხომ ღვინოში ჩამახრჩობსო...
- არა და არა! - გავაპროტესტე... ავანტიურისტის გამოხედვით.

...კომისიის თავმჯდომარე იყო მზექალა შანიძე, რომლის შესახებ ჩემი ძმა (მისი ნასტუდენტარი) ლეგენდებს ყვებოდა...
ბატონმა კორნელომ დიდხანს არ მაცალა საპროტესტო მუხტით ტკბობა, აიღო ჩემი საგამოცდო ფურცელი და თავად დაუდო ქალბატონ მზექალას მაგიდაზე, მე კი თითით მანიშნა - მიბრძანდიო “ფრიადის” მისაღებად, ყმაწვილო.
მეც რა უნდა მექნა?! - ავდექი და მივბრძანდი.
მივიხედე, მოვიხედე და იქ უკვე იჯდა ერთი “ფრიადზე მიბრძანებული” აბიტურიენტი გოგონა, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჩემი მომავალი თანაჯგუფელი ნანა ფანცულაია აღმოჩნდა და მისი გვარიც იქვე გავიგე, რადგან გაზეთ “სახალხო განათლების” ფოტოკორესპონდენტი მოვიდა, სურათი გადაგვიღო და ჩვენი გვარებიც ჩაიწერა.
ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ნახოს 1974 წლის აგცისტოს “სახალხო განათლების” ერთ-ერთი ნომერი (ოთხშაბათობით გამოდიოდა) და იქ ჩვენს სურათებს იხილავს, თუ როგორ ვართ “მიბრძანებულები” უმაღლესი შეფასების მისაღებად.
ერთი კი გამკრა გულში - დღეს მესამე მეგრელთან მიხდება ურთიერთობა-მეთქი და ჩავისურვილე - ხუთიანი მიმაღებინე-მეთქი, ღმერთო! - და მას შემდეგ დაცდილი მაქვს ჩვენი საყვარელი სამეგრელოს წარმომადგენლების რაოდენობა თუ სამია ან სამზე მეტი, ყველგან გამარჯვებული და წარმატებული გამოვდივარ...

მესამე ნაწილი - მზექალა შანიძე

ნანა ფანცულიამ მის მიმართ აღძრულ ყველა “ინტერესს” შესანიშნავი პასუხები მოუძებნა, ქალბატონი მზექალას კმაყოფილება დაიმსახურა და ‘ხუთიანით” დატოვა ჩვენი ფრიად კამერული საზოგადოება... (“კამერა” შემთხვევით არ ვახსენე, “ვირის აბანოში” მოხვედრის შიში ჯერაც არ გამნელებოდა).
ჰოდა, დაიწყო აწ უკვე ქართლის კი არა, ჩემი “ჭირი”... აი, იმ დღეში ვიყავი - ქორმა წიწილა წაიღო, იძახდა წიავ-წიავსაო...
ამასობაში გამოცდისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ყველა გამომცდელი თანდათან “ქორის და წიწილის” (ხვდებით, ალბათ. მეტაფორების არსს) გარშემო შემოკრბა, ჩემი “სამიანი” და “ოთხიანი” გამომცდელებიც მოვიდნენ და უყურებდნენ ჩემს ვაი-ვაგლახს და ჩქარობდნენ იმდღევანდელი საგამოცდო დღის ბოლომდე მიყვანას, რასაც “ხელს უშლიდა” ჩემი მასლაათით ქართული ლიტერატურის ჰაგიოგრაფიული ძეგლების შესახებ, რაც თანდათან უკვე შორდებოდა “წიავ-წიავის” ინტონაციურ წყობას და სულ უფრო დამაჯერებელი ხდებოდა, რადგან შევნიშნე, რომ ქალბატონ მზექალას ალალად აინტერესებდა - ვინ ვიყავი და საიდან აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში....
აკი გითხარით, ჩემი ძმა განათლებით ფილოლოგი იყო და სახლში მრავლად გვქონდა სპეციალური ლიტერატურა, რასაც ისე, სასხვათაშორისოდ ვფურცლავდი ხოლმე მოცალეობისას და, როგორც აღმოჩნდა, ამ სალაღობო საქმიანობამ მე კარგი სამსახური გამიწია, რადგან კომისიის თავმჯდომარეს ვუხსენე ისეთი გვარები და ნაშრომები, რაც აბიტურიენტს წესით და რიგით არ უნდა სცოდნოდა....
~ქალბატონო მზექალა, დაუწერეთ ხუთიანი, საგამოცდო დრო ამოიწურა” - ბუბუნებდა იქვე შორიახლოს კომისიის წევრთა ქორო....
“არა! ჯერ არ ეკუთვნის!...” - პასუხობდა  მეფე ოიდიპოსივით მზექალა აკაკის ასული შანიძე და ასე გაგრძელდა ჩვენი “გულთბილი საუბარი” ორმოციოდე წუთს...
.....დაბოლოს
ჩემს საგამოცდო ფურცელში ჩაიწერა წვით და დაგვითა გაჩალიჩებული ~ფრიადი~.

...მაღლივის კიბეებზე “ხუთიანის” მანიშნებელი აწეული მარჯვენა ხელით გამოვედი და თვალი მოვკარი დედაჩემს, რომელსაც უკვე სახეზე ეტყობოდა, თუ რა ტრიუმფალურ სიტყვას ამზადებდა უბნის პარლამენტის მორიგ სესიაზე წარმოსათქმელად....

ცნობისათვის, ეს “სხდომები” მაის-სექტემბრის პერიოდში, ყოველღამე, 2-3 საათამდე, ახლანდელი სამების ტაძრის დიდი ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს, ერთ ციცაბო დაღმართზე საგანგებოდ მოწყობილ პატარა მოედანზე იმართებოდა, სადაც დღისით ბავშვები ვთამაშობდით, საღამოს კი უბნის ქალთა საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი ყრილობა მოღვაწეობდა ფრიად ნაყოფიერად.

ეპილოგი

...ისტორიაში და უცხო ენაშიც “ხუთიანები” მივიღე (პატიოსნად!) და ჩავირიცხე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც მთელ კურსზე სულ 11 სტუდენტი ვიყავით (4 სპარსულზე, 4 თურქულზე და 3 არაბულზე).

კარგად მახსოვს პირველი სექტემბერი...
ვსხედვართ მეხუთე კორპუსის მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოში მარჯვნივ რომ დიდი აუდიტორიაა, ერთმანეთს არ ვიცნობთ და ჩუმად ველით ნანი ჭანიშვილს, რომელმაც უნდა ჩაგვიტაროს პირველი ლექცია...
უცებ აუდიტორიაში შემოდის ერთი ჯმუხი, ულვაშიანი ახალგაზრდა კაცი და რიხიანად კითხულობს:
- რომელია აქ ელერდაშვილი?
- მე ვარ-მეთქი... - გაოცებულმა და დამფრთხალმა ვუპასუხე, იმ ჩადენილი ცოდვის აჩრდილი ისევ თვალწინ დამიდგა და ვიფიქრე - “მოვიდნენ ჩემს წასაყვანად”.
- გამოდი გარეთ - მიბრძანა უცნობმა.
გავედი....
უცნობმა ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და მითხრა - მეც ელერდაშვილი ვარ, მესამე კურსელიო...
გიშველა ღმერთმა!
ეს ჩემი მოგვარე გიორგი ელერდაშვილი 2002 წელს საგარეჯოში მოკლეს ფულის გამოძალვის მიზნით....
იმ ქვეყანაში წაიღო საწყალმა გიორგამ თავის ლამაზ ცოლშვილზე დანატრებული თვალები...
* * *
2-3 დღის სტუდენტები ვიყავით უკვე და მეხუთე კორპუსის დერეფანში ჩემი “ნაცნობი” ხმაჩახლეჩილი კაცი დავინახე....
შორენა კოპალიანს ვუთხარი - ამ კაცს ვიცნობ, გამოცდაზე “სამიანი” დამიწერა-მეთქი...
- ეგა შე დებილო, ვახუშტი კოტეტიშვილიაო - მითხრა ყველაფრისმცოდნე შორენამ...
მერე კი კარგად გავიგე, ვინც იყო ვახუშტი კოტეტიშვილი და განგების იმ ფანდსაც ჩავუკვირდი, თუ რატომ შემახვედრა ბედმა უნივერსიტეტში ფეხის შედგმისთანავე ამ “გამომცდელთან”, ...მაგრამ ეს ვერანაირი შეღავათი ვერ აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში “დებილის” იმიჯი არ მომშორებია შორენას ცნობიერებაში....

მეტს ვეღარ დავწერ... თვალზე ცრემლი მომადგა

* * *
2013 წლის დადგომას გილოცავთ და ეს ჩემი აღსარებაც, ნახევრად ხუმრობით რომ გიამბეთ, იმ ჩვენი წასული მეგობრების და მასწავლებლების ხსოვნაც არის, ვინც ვერ დაესწრო დღევანდელ დღეს...

მივალთ ჩვენც იქ და ვუამბობთ, როგორი ბედნიერი იყო 2013 წელი საქართველოსთვის!გავედი....
უცნობმა ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და მითხრა - მეც ელერდაშვილი ვარ, მესამე კურსელიო...
გიშველა ღმერთმა!
ეს ჩემი მოგვარე გიორგი ელერდაშვილი 2002 წელს საგარეჯოში მოკლეს ფულის გამოძალვის მიზნით....
იმ ქვეყანაში წაიღო საწყალმა გიორგამ თავის ლამაზ ცოლშვილზე დანატრებული თვალები...
* * *
2-3 დღის სტუდენტები ვიყავით უკვე და მეხუთე კორპუსის დერეფანში ჩემი “ნაცნობი” ხმაჩახლეჩილი კაცი დავინახე....
შორენა კოპალიანს ვუთხარი - ამ კაცს ვიცნობ, გამოცდაზე “სამიანი” დამიწერა-მეთქი...
- ეგა შე დებილო, ვახუშტი კოტეტიშვილიაო - მითხრა ყველაფრისმცოდნე შორენამ...
მერე კი კარგად გავიგე, ვინც იყო ვახუშტი კოტეტიშვილი და განგების იმ ფანდსაც ჩავუკვირდი, თუ რატომ შემახვედრა ბედმა უნივერსიტეტში ფეხის შედგმისთანავე ამ “გამომცდელთან”, ...მაგრამ ეს ვერანაირი შეღავათი ვერ აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში “დებილის” იმიჯი არ მომშორებია შორენას ცნობიერებაში....

მეტს ვეღარ დავწერ... თვალზე ცრემლი მომადგა და სათვალის მინებს მისველებს,,,, ვეღარაფერს ვხედავ...

* * *
2013 წლის დადგომას გილოცავთ და ეს ჩემი აღსარებაც, ნახევრად ხუმრობით რომ გიამბეთ, იმ ჩვენი წასული მეგობრების და მასწავლებლების ხსოვნაც არის, ვინც ვერ დაესწრო დღევანდელ დღეს...

მივალთ ჩვენც იქ და ვუამბობთ, როგორი ბედნიერი იყო 2013 წელი საქართველოსთვის!