- 1978 წელს, ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი რომ ვიყავი, ხარკოვში გამგზავნეს სათარჯიმნოდ - ირანელი რკინიგზელები იყვნენ ჩამოსული ერთ-ერთ სასწავლებელში, მათი მიზანი ირანის რკინიგზის ელექტროფიცირება იყო (მანამდე სულ ორთქლმავლები დათუხთუხებდნენ თურმე ირანში) და მათთან უნდა მემუშავა... თითქმის ოთხი თვე დავყავი იქ (მთელი მეორე სემესტრი)... იცით, მეგობრებო, ეს ოთხი თვე რა ოთხი თვეა! პირველი, რომ მთელი წელიწადია მისთვის, ვინც უნივერსიტეტში სწავლის ბედნიერებას მოშორებია და ა.შ.
- როგორც მოგახსენეთ, ეს იყო 1978 წლის იანვარ-მაისის პერიოდი... ირანში კვლავაც მყარად იჯდა შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი... ჰოდა, სანამ ჩემს კურიოზს გიამბობთ, ირანის შაჰთან და მის მეუღლესთან დაკავშირებული ამბავი უნდა მოგახსენოთ:
- ბატონმა ჯემშიდ გიუნაშვილმა გვიამბო: 60-იან წლებში ირანის შაჰი მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოსულა და იგი ლაგოდეხის ნაკრძალში სანადიროდ წაუყვანიათ... ბატონი ჯემშიდი ყოფილა ამ ღონისძიების მთავარი თარჯიმანი და ერთ მშვენიერ ადგილზე, ირანის დედოფალს ფოტოს გადაღება რომ მოსურვებია, ჩვენს ფოტოგრაფს უთქვამს: მოემზადეთო სურათის გადასაღებად და ბატონ ჯემშიდსაც უთარგმნია - „ფოზ ბეგირიდ“ (პოზა დაიჭირეთ), რასაც დედოფლის მრისხანე მზერა და აღშფოთება მოჰყოლია... ბატონი ჯემშიდი მაშინვე მიმხვდარა, რაშიც არის საქმე და უმალ შეუცვლია ფრაზა - „ფოზ ბედეჰიდ“ (პოზა გვაჩვენეთ, გვიბოძეთ) და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულა. საქმე იმაშია, რომ „ფოზ ბეგირიდ“ (პოზა დაიჭირეთ) სპარსული ენისათვის იგივეა, ადამიანს რომ უთხრა - გაიპრანჭე, კეკლუცობა დაიწყე და ა.შ. ცხადია, დედოფალი ამას უკადრისობად მიიღებდა, ხოლო „ფოზ ბედეჰიდ“ (პოზა გვიბოძეთ), სწორედ ის არის, რასაც ფოტოგრაფები ეუბნებოდნენ გადასაღებ ობიექტებს (სანამ ჩიტი გამოფრინდებოდა).
- მე კი უარესი რამ დამემართა:
- გაკვეთილი მიმდინარეობს ხარკოვში ელექტროდანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის შესახებ და მე ვარ თარჯიმანი... ლექტორი ამბობს: „თუ ადამიანს დიდმა ძაბვამ დაარტყა, იგი უნდა დავაწვინოთ და მივცეთ დამშვიდების და დასვენების საშუალება“. მე ვთარგმნე ეს ფრაზა და უცებ მთელმა აუდიტორიამ დაიწყო ხარხარი...
- აღმოჩნდა, რომ, მეც, ბატონი ჯემშიდისა არ იყოს, არასწორად შევარჩიე დამხმარე ზმნა და იმის ნაცვლად, რომ მეთქვა - ძაბვადარტყმულმა უნდა დაისვენოს, მოსვენებულ მდგომარეობაში იყოს (რაჰათ ბაშად), მე ვთარგმნე ასე (სიტყვასიტყვით): ძაბვადარტყმული უნდა იყოს განსვენებული“ (რაჰათ შავად)
- ჰოდა, უცხო ენებს რომ სწავლობთ, გაითვალისწინეთ, რომ ხან შაჰებთან მოგიწევთ ურთიერთობა და ხან რკინიგზის მუშებთან... ყველა ენას კი თავისი ნიუანსები აქვს, რომლის არასწორ გამოყენებას ხშირად კურიოზულ (და ტრაგიკულ!) შედეგებამდეც კი მივყავართ.
Страницы
- მთავარი გვერდი
- ლინგვისტური წიაღსვლები
- ფოტოვარიაციები
- სიბრძნის კაკოფონია
- ვიდეომასალა
- ევრო-იუმორი
- მოსწავლეთა "ხედვები"
- დასამთავრებელი
- ელერდაშვილები
- დიდი ფეხბურთი
- "ფეისბუქის" ქორონიკონი
- დედა ენა
- მისი უდიდებულესობა – კროსვორდი!
- ჩემი "ვეფხისტყაოსანი"
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ჩემი გაზეთები
- პოლიტიკური "ლირიკა"
- სპარსულ-ქართული ლექსიკონი
- (ვითომ) ლექსები
пятница, 31 мая 2019 г.
თარჯიმნის მოგონებები (2)
воскресенье, 26 мая 2019 г.
თარჯიმნის მოგონებები (1)
ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი, განსაკუთრებით ეს 80-90-იან წლებს ეხება, სათარჯიმნო საქმიანობით იყო შევსებული...
ჰოდა
ერთხელ, ტაშკენტში ყოფნისას, ერთ-ერთ უზბეკურ სკოლაში, მოვხვდი, იმ სკოლაში სპარსულ ენას ასწავლიდნენ და მე და ჩემი კოლეგები, როგორც სპარსულის მცოდნეები, შეგვიყვანეს გაკვეთილზე...
მასწავლებელმა უზბეკურად დასვა კითხვა და დაფაზე დაწერა - Tinch okeani... მივხვდი, რომ ამ ფრაზის თარგმნას სთხოვდა ბავშვებს სპარსულ ენაზე, მაგრამ ვერავინ თარგმნა... მე ავიწიე ხელი და ვთხოვე მასწავლებელს - მე ვთარგმნი-მეთქი და დამთანხმდა:
- ფაჟალუსთა!
ჯერ რუსულად ვუთხარი - Тихий океан და მერე სპარსულად - ოყიანუსე არამ (اقیانوس آرام)
ჩემი კოლეგები გაოცდნენ - თი უზბეკსკი თოჟე ზნაიშ, და?!
- ქანეშნა-მეთქი!
არადა, რა ცოდნა ამას უნდოდა - Tinch okeani ანუ „დინჯი ოკეანე“ რა უნდა იყოს? - დიახ, წყნარი ოკეანე.
ავლაბრელი ბავშვების ჩართულობა საბჭოურ ზეიმებში
ახლა ჩემი შვილიშვილი მიჰყავთ გასასეირნებლად და მეც გამახსენდა, 5-6 წლის რომ ვიყავი და ე.წ. „პარადზე“ რომ მივყავდით ხოლმე ეზოს ბავშვები ვინმე უფროსს, ვისაც არ ეზარებოდა (...მგონი, მორიგეობაც ჰქონდათ დაწესებული საშვიდნოემბროდ და სამაისოდ).
ჰოდა, დავეშვებოდით ავლაბრიდან ე.წ. „ციციანოვზე“, მერე გადავჭრიდით მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდს და კოლმეურნეობის მოედნის იქით აღარ გვიშვებდნენ, თითქოს ტერორისტები ვიყავით ეს საწყალი ავლაბრელი ბავშვები და ამხანაგ ვასილ მჟავანაძეს და მის „ცკ-ტკ- სასტავს“ რამე ბომბს ვესროდით... ერთი სიტყვით იქვე, ხიდის მიდამოებში ე.წ. „ციგანკებისგან“ ბუშტებს, დროშებს და რეზინზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ბურთებს გვიყიდიდნენ და გამოვბრუნდებოდით ისევ ავლაბრისკენ... გზადაგზა ვინმეს შეიძლება დაეყვირა: „გაუმარჯოს ერთი მაისი, ავოეეეე“ (ეს საფირმო ავლაბრული შეძახილი იყო).
ასე მონოლოგებს, როგორც წესი, ასე ამთავრებენ ხოლმე - ეჰ, მაინც კარგი იყო ის დრო!...
...და რით იყო კარგი?!
ის ანეკდოტი გამახსენდა: ორი ასაკოვანი კაცი რომ იხსენებს წარსულს:
- გახსოვს, ლიფტში რომ გავიჭედეთ?
- მახსოვს, რავა არ მახსოვს!
- ეჰ, ის დრო ჯობდა!
რითი ჯობდა?! - ამ კითხვას, შეგიძლიათ, თქვენ უპასუხოთ კომენტარებში.
P.S. ზემოთმოტანილი ანეკდოტური დიალოგი ნამდვიად არ გამართულა ავლაბარში, რადგან ჩვენ მაშინ ლიფტიანი სახლები არ გვქონდა.
понедельник, 31 декабря 2018 г.
გაუმარჯოს მეგობრობას!
რას ნიშნავს „აიდოსტი“?
ასეთი თამაში არსებობდა (ახლაც არსებობს ჩვენს თაობაში, თუ ვინმეს გაახსენდება), რომელიც ქათმის მკერდის ორტოტა ძვალთან არის დაკავშირებული; ამას ქართულად „საწინწკარა“ ჰქვია, ხოლო არაქართულად - „ავქაში“ და ამ სიტყვასაც იყენებენ ახლა მავანნი („ჰავ“ - სომხურად ქათამია, „ქაშ“ - სპარსული ზმნური ძირია და გაწევას, გათრევას, გაგლეჯვას ნიშნავს).
თამაშის არსი ასეთია: ვინც ქათმის ძვალს გამოწიწკნის, გაუწვდის ხოლმე მეგობარს თუ თანამეინახეს (ეს, როგორც წესი, სუფრაზე ხდება) და ეს იმის მომასწავებელია, რომ პირველი მეორეს რაღაცაზე დანაძლევებას სთავაზობს და თუ მეორემ მიიღო ეს შეთავაზება, დათქვამენ იმას, თუ რა უნდა აუსრულოს დამარცხებულმა გამარჯვებულს და ისინი ერთად გადატეხენ ძვალს პირობაზე შეთანხმების ნიშნად... ამის შემდეგ ამ ორ ადამიანს შორის ასეთი ვითარება იქმნება: თუ რომელიმე ერთმა მეორეს რაიმე ნივთი გაუწოდა და მიმღებმა არ თქვა „მახსოვს“ (ახსოვს, რომ ნაძლევი დადეს), ესე იგი ის დამარცხებულია. გამარჯვებულმა ამ დროს უნდა თქვას - „აიდოსტ“ - და ამით დამთავრებულია თამაში, რომელიც შეიძლება დღეების და კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.
пятница, 14 декабря 2018 г.
ნამდვილად მინახავს!!!
ალბათ, 1977 ან 78 წელი იქნებოდა, ზამთარი იყო, რადგან ის, ვის შესახებაც ამ სტატუსს ვწერ გრძელი, ყავისფერი პალტოთი შემორჩა ჩემს მეხსიერებას, როგორც ერთი კადრი...
„რუსთაველის“ მეტროდან რომ ამოვედი და ვიწრო ტროტუარი რომ ავიარე ფილარმონიისკენ (მაშინ ეს სახლებქვეშ გაყვანილი გვირაბი ჯერ არ იყო გაკეთებული), სადღაც არმისული ბელინსკის ქუჩის კუთხემდე, ჩემკენ მომავალი ლამაზი ქალი დავინახე... ასეთი ქალის შეუმჩნევლობა სრულიად გამორიცხული იყო, მაგრამ უფრო საინტერესო ის გახლდათ, რომ ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა ხსენებულ ქალბატონს... მან ჩაიარა მეტროსკენ, მე წავედი უნივერსიტეტისკენ, აქ დასრულდა ჩვენი „ნაცნობობა“ და, როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ერთი კადრის სახით დარჩა ჩემს ხსოვნაში... იმავე საღამოს (ან მეორე დღეს) გაზეთიდან შევიტყე, რომ თბილისში რაღაც კინო თუ ტელეფესტივალი ტარდებოდა და ბარბარა ბრილსკა იყო ჩამოსული... ცხადია, ბელინსკის ქუჩის კუთხესთან ნანახი ის „ნაცნობი სახე“ (მაშინ ჯერ „ცნობადი“ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა) ბარბარა ბრილსკად მივიჩნიე და ამაყი ვიყავი ამ ფაქტის გამო, თითქოს მის (კინო)საძინებელში 31 დეკემბერს, მიაგკოვი კი არა, მე აღმოვჩნდი...
მაგრამ მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, რომ ახლა უკვე ეჭვიც კი მეპარებოდა იმაში, მართლა ვნახე ეს პოლონელი ქალი თბილისში, თუ მისი ნახვის ამბავი ჩემმა ფანტაზიამ შეთხზა (ასეთები შეუთხზავს?!)...ჰოდა, დღეს შვებით ამოვისუნთქე, როცა ეს ფოტო ვნახე „ფეისბუქში“... ესე იგი, მართლა ყოფილა პანი ბარბარა თბილისში ჩამოსული და ნამდვილად შემხვდა იგი იმ ზღაპრულ თბილისში, რომელიც 70-იანი წლების მიწურულითაა შემორჩენილი ჩემს მეხსიერებაში და არა მარტო ჩემსაში...
ვისაც არ გჯერათ, რომ თბილისი მაშინ ზღაპრული იყო, გამოიგონეთ დროის მანქანა, გადაბრძანდით 1978 წლის დეკემბერში, მე ბელინსკის ქუჩის კუთხეში დაგელოდებით და თქვენც დარწმუნდებით, რომ ტყუილს არ ვლაპარაკობ...
(ფოტოზე მარცხნივ ჩანს ლია მიქაძე, ქართული ტელევიზიის ლეგენდა... ბარბარა ბრილსკაზე ლამაზი თუ არა, მასზე არანაკლებ მშვენიერი ქალბატონი).
„რუსთაველის“ მეტროდან რომ ამოვედი და ვიწრო ტროტუარი რომ ავიარე ფილარმონიისკენ (მაშინ ეს სახლებქვეშ გაყვანილი გვირაბი ჯერ არ იყო გაკეთებული), სადღაც არმისული ბელინსკის ქუჩის კუთხემდე, ჩემკენ მომავალი ლამაზი ქალი დავინახე... ასეთი ქალის შეუმჩნევლობა სრულიად გამორიცხული იყო, მაგრამ უფრო საინტერესო ის გახლდათ, რომ ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა ხსენებულ ქალბატონს... მან ჩაიარა მეტროსკენ, მე წავედი უნივერსიტეტისკენ, აქ დასრულდა ჩვენი „ნაცნობობა“ და, როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ერთი კადრის სახით დარჩა ჩემს ხსოვნაში... იმავე საღამოს (ან მეორე დღეს) გაზეთიდან შევიტყე, რომ თბილისში რაღაც კინო თუ ტელეფესტივალი ტარდებოდა და ბარბარა ბრილსკა იყო ჩამოსული... ცხადია, ბელინსკის ქუჩის კუთხესთან ნანახი ის „ნაცნობი სახე“ (მაშინ ჯერ „ცნობადი“ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა) ბარბარა ბრილსკად მივიჩნიე და ამაყი ვიყავი ამ ფაქტის გამო, თითქოს მის (კინო)საძინებელში 31 დეკემბერს, მიაგკოვი კი არა, მე აღმოვჩნდი...
მაგრამ მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, რომ ახლა უკვე ეჭვიც კი მეპარებოდა იმაში, მართლა ვნახე ეს პოლონელი ქალი თბილისში, თუ მისი ნახვის ამბავი ჩემმა ფანტაზიამ შეთხზა (ასეთები შეუთხზავს?!)...ჰოდა, დღეს შვებით ამოვისუნთქე, როცა ეს ფოტო ვნახე „ფეისბუქში“... ესე იგი, მართლა ყოფილა პანი ბარბარა თბილისში ჩამოსული და ნამდვილად შემხვდა იგი იმ ზღაპრულ თბილისში, რომელიც 70-იანი წლების მიწურულითაა შემორჩენილი ჩემს მეხსიერებაში და არა მარტო ჩემსაში...
ვისაც არ გჯერათ, რომ თბილისი მაშინ ზღაპრული იყო, გამოიგონეთ დროის მანქანა, გადაბრძანდით 1978 წლის დეკემბერში, მე ბელინსკის ქუჩის კუთხეში დაგელოდებით და თქვენც დარწმუნდებით, რომ ტყუილს არ ვლაპარაკობ...
(ფოტოზე მარცხნივ ჩანს ლია მიქაძე, ქართული ტელევიზიის ლეგენდა... ბარბარა ბრილსკაზე ლამაზი თუ არა, მასზე არანაკლებ მშვენიერი ქალბატონი).
воскресенье, 30 сентября 2018 г.
ამბავი ქალისა და კაბისა
ანუ საკითხი იმისა, თუ როგორი „დისტანცია“ უნდა იყოს დაცული დედანსა და თარგმანს შორის (თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პრობლემა „სიშორე-სიახლოვისა“ ისეთივე გადაუჭრელია, როგორ კვერცხისა და ქათმის ამბავი... ვწერ ბევრს, რადგან მოლოდინის რეჟიმში ვარ და გამყავს დრო)
1. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია (ანუ ვითარება, როცა თარგმანი მაქსიმალურად ახლოსაა დედანთან).
ერთი არცთუ ახალგაზრდა, მშვენივრად დამრგვალებული ფორმების ქალბატონი მოდების ჩვენებას დაესწრო და იქ იხილა ერთი კაბა, რომელიც ძალიან მოეწონა და რომლის დემონსტრირებასაც 40-45 კილოგრამიანი მოდელი გოგონა ახდენდა... მოეწონა და თავის პირად მკერავს შეუკვეთა (იმ ლამაზად დამრგვალებულმა ქალბატონმა), რომ მისთვის შეკეროს ზუსტად ისეთი კაბა, რაც პოდიუმზე მონარნარე გოგონას ეცვა... მკერავმა პირნათლად შეასრულა დავალება და შეკერა ზუსტად ისეთი კაბა - ზომითაც, ფორმითაც და შინაარსითაც... როდესაც დამკვეთმა ქალბატომა ეს კაბა მიიღო და რის ვაივაგლახით ჩაიცვა (გამოიყენა ნაირგვარი კორსეტები და მისთანა საშუალებანი) და წავიდა წვეულებაზე (...ახლა რომ ივენთს უწოდებენ... ვთქვათ, მეგობარი პოეტის წიგნის პრეზენტაციაზე), მას, საბრალოს, მთლად ჩაშხამდა ეს ივენთი, რადგან ვერც გულიანად გაიცინა (კაბა უჭერდა სხეულაზე), ვერც ტრადიციული მქუხარე ტაში დაცხო (ხელებს ვერ ამოძრავებდა), ა-ლა-ფურშეტი ხომ მთლად საწამებელი აღმოჩნდა მისთვის... მეგობრები აღტაცებულნი იყვნენ კაბის უზუსტესი სიახლოვით პოდიუმის დეედანთან, მაგრამ ჩვენს ნაცნობ ქალბატონს ერთი სული ჰქონდა, ეს კაბა მოეშორებინა სხეულიდან და ივენთის ბოლოს, ერთი უხერხული მოძრაობისას მთლად ნაკერებზე რომ დაირღვა (კაბა... რასაკვირველია!) და ქალბატონის მშვენიერი მრგვლოვანი ნაწილების სრული პიარ-კამპანია რომ მოახდინა, რაც ზოგმა წინასწარ ჩანიშნულ პროექტადაც კი მიიჩნია, დამსწრე საზოგადოების გენდერულად დიფერენცირებულმა ნაწილმა სრული „აღტაცება“ გამოხატა, ოღონდ, ცხადია, არა კაბის, არამედ სხვა „კომპონენტების“ ხილვის გამო....
2. ახლა ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
ქალბატონმა (რომლის გვარი არ ვიცი და ვერც დავასახელებ) თავის მკერავს ასეთი შეკვეთა მისცა: შეკერეო ზუსტად ისეთი მოდელის (თარგის, ფასონის...) კაბა ყველა ზიზილ-პიპილების დაცვით, მაგრამ ზომა ჩემი შესაფერი იყოსო, რომ არსად არაფერი მიჭერდეს და მბორკავდესო... მკერავმა პირნათლად შეასრულა დავალება, „სიზუსტე“ დაიცვა შინაარსში, ფორმა კი დამკვეთის სხეულის ზომებს მოარგო... ჩაიცვა ქალბატონმა ეს კაბა და წავიდა მორიგ პრეზენტაციაზე (მადლობა ღმერთს, ჩვენთან კვირაში მინიმუმ ცხრა წიგნის პრეზენტაცია იმართება, განსაკუთრებით - შემოდგომაზე).
უნდა მოგახსენოთ, რომ ამჯერად ჩვენი მეგობარი ქალბატონი მშვენივრად გაერთო, მისი სხეული ფიზიკურად მშვენივრად გრძნობდა თავის არსებობას, მაგრამ პრეზენტაციიდან დაბრუნებულს რაღაც სევდა გამოჰყვა, წყენაც კი... რადგან საზოგადოების გენდერულად დიფერენცირებული იგივე ნაწილი კვლავაც დაჟინებით უმზერდა მის მშვენივრად ჩადუნდულებულ სხეულს, რამეთუ კაბის შინაარსში იყო ისეთი დეტალები, მრავალი ჩაჭრილ-ამოჭრილი ადგილებით, რაც გათვალისწინებული იყო იმ 40-45 კილოგრამიანი მოდელის სხეულის ნაწილების წარმოჩენაზე, რომელი ნაწილებიც ასეთ მოდელებს მხოლოდ ვირტუალურად აქვთ, რეალურად კი არის „ნული“... აი, ჩვენს ქალბატონს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ნაწილები ნულზე და ყველა ნორმაზე ბევრად მეტი ჰქონდა, თუმცა, როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა - „ლამაზი არისო საცქერლად...“
3. მესამე სიტუაცია (ბევრს აღარ ვილაპარაკებ)
ჩვენი იგავური ნარატივით გაწამებულმა პერსონაჟმა მკერავს მკაცრი გაფრთხილება მისცა: დაეცვა მისი ზომისა და ფორმის შესაბამისი პარამეტრები, კაბის შინაარსში კი ისეთი ცვლილებები შეეტანა, რაც მისი სხეულის აგებულების შესაბამისი იქნებოდა და არავის გააღიზიანებდა... ანუ მკერავს ოქროს შუალედი უნდა დაეცვა: პოდიუმზე ნანახი კაბის ასოციაციაც უნდა შექმნოდა მჭვრეტელს (გენდერულად დიფერენცირებულ ორივე ნაწილს) და ის შთაბეჭდილებაც უნდა დარჩენილიყო, რომ კაბა მხოლოდ და ზუსტად ჩვენი მშვენიერი ქალბატონის სხეულზე იყო ორიენტირებული. ...და მივიღეთ ჰარმონია, რაც ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა.
მორალი:
რად გინდა კაბა, თუნდ იყოს ჭრელი,
თუ შენს სხეულს არ გამოადგება.
четверг, 13 сентября 2018 г.
დაფიქსირებული წამები
კარგად მახსოვს, 1968 წლის სექტემბერის დასაწყისში, მეექვსე კლასელი რომ გავხდი, ჩემმა უფროსმა ძმა ფოტოაპარატი ФЭД-3 მიყიდა (სხვათა შორის, ეს ФЭД არის აბრევიატურა - Феликс Эдмундович Дзержинский); ჰოდა, იმ დღიდან ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა, სავარაუდო პროფესიაც დაისახა (...რაც ვერ ავისრულე) და, რაც მთავარია, ჩემი მშობლების, ნათესავების, მეზობლების, თანაკლასელების, თანაკურსელების თუ მასწავლებლების ცხოვრების ამსახველი წამებიც დავაფიქსირე...
მაშინ ერთი ფოტოს ქაღალდამდე მიტანას (ანუ დაბეჭდვას) რამდენიმე პროცესის ჩატარება სჭირდებოდა: ფირის ჩატვირთვა აპარატში, ფოტოების გადაღება (პარამეტრების დაყენებას, განათების მიხედვით, ცოდნა სჭირდებოდა, ახლანდელივით ავტომატურად კი არ ხდებოდა), მერე გასამჟღავნებელი წამლების დამზადება, ფირის ე.წ. „ბაჩოკში“ ჩახვევა და გამჟღავნება... დასაბეჭდი წამლების დამზადება, ოთახის ჩაბნელება, ქაღალდზე დაბეჭდვა... მერე გამოსახულებიანი ქაღალდების მინაზე მიწებება, რომ პრიალა გამოსულიყო... ჰო, დამავიწყდა - შვიდი ნომერი ავტობუსით ავლაბრიდან მარჯანიშვილის მოედანზე წასვლა და საჭირო ფოტოწამლების და ქაღალდების იქ ყიდვა... Проявитель და Фиксаж ერთად ორმოცდაათამდე კაპიკი, ფოტოქაღალდი (20 ცალი) - ოცდაათი კაპიკი, ავტობუსით იქით-აქეთ მგზავრობა - 10 კაპიკი... ერთ მანეთში ეტეოდა მთელი ეს „ფილოსოფია“
ახლაც საწერ მაგიდაში მიდევს ეს ფოტოაპარატი, ბავშვებმა მოშალეს, მაგრამ მაინც ვინახავ... ამ დღეებში 50 წლიანი მეგობრობის იუბილე გვაქვს და ამიტომაც გავაკეთე ფოტოკოლაჟი, რაც 1968-1984 წლებში ერთად შევქმენით ჩვენ: მე და Феликс Эдмундович Дзержинский-მ...
Подписаться на:
Сообщения (Atom)


