воскресенье, 13 августа 2017 г.

სურვილი და იმედი

ალბათ, ისე მოვკვდები, რომ ქართულ სინამდვილეში არ მოხდება საბჭოთა ეპოქის და მისი მოღვაწეების სრულფასოვანი და ობიექტური შეფასება, რადგან ამის უფლებას არავის მისცემენ ისინი, ვისაც მოჰყვება კომუნისტური ეპოქის „ცოდვები“... თუმცა რამდენად იყო ეს ცოდვა და ვის და რის წინაშე შესცოდეს, სწორედ ამის გარკვევაა საჭირო.
ცხადია, არ ვარ გულუბრყვილო და ვიცი, რომ წარსული ეპოქის თუ პიროვნების მხილება მომავალ თაობებს იმდენად არ გაუადვილებს ცხოვრებას, რომ მსგავსი პროცესები აღარ განმეორდეს (საუკუნეში ერთხელ კი არა, ყოველ სამ-ოთხ წელიწადში ისე აბრიყვებენ ხოლმე ხალხს, რომ ყოველი ახალი კარგად „შეფუთული ზღაპრისა“ სჯერათ), მაგრამ რაღაც შეფასება მაინც უნდა დაიწეროს თუნდაც სამართლიანი ისტორიკოსებისათვის და არა მათთვის, ვინც ისტორიას კონიუნქტურული მითითებით ჭრის და კერავს...
არის კი საქართველოში ისეთი პროფესიონალი კრიტიკოსი ლიტერატურისა, ვინც 70-80-იანი წლების ქართულ ლიტერატურულ პროცესებს (20-60-იანი წლები გასაგებია, ანალიზს არ საჭიროებს) საკუთარი ნებით პირუთვნელად გააანალიზებს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს? ალბათ, რიტორიკული კითხვაა ეს, მაგრამ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი შემფასებელი გამოჩნდეს და იმედი მაქვს, რომ მოვესწრები მისი ობიექტური დასკვნების წაკითხვას...
P.S. 70-80-იან წლებს იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ იმ ეპოქას მეც შევესწარი და დანამდვილებით შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ იმ წლებში ლენინის იდეებისა აბსოლუტურად აღარავის სჯეროდა... თვით პარტიულ მუშაკებსაც კი.

среда, 9 августа 2017 г.

ფოტოგასეირნება ჩემს ძველ უბანში სამი გაბრაზებით და.... მორალით

ორი დღის წინ ჩემი ძველი უბანი მომენატრა მთელი თავისი მოგონებებით, ავიღე ფოტოაპარატი და გავედი სასეირნოდ, სახლში კი გაბრაზებული და დასახიჩრებული დავბრუნდი:
1. ავლაბრის შუა ნაწილში, სანამ სამებისკენ მიმავალი აღმართი დაიწყება, რაც თავი მახსოვს, იყო ჩვეულებრივი პატარა ბაზარა, სადაც ზოგი ვაჭრობდა, ზოგი მუშაობდა და ზოგი ერთობოდა... ამ რამდენიმე წლის წინ კი ბაზარი გააუქმეს, მის მიმდებარედ არსებული 84-ე სკოლაც დაანგრიეს და შემოღობეს დიდი ტერიტორია ისე, რომ არავინ იცის: აშენდება იქ კარფური, თუ იტრიალებს მემწვადეთა შამფური... ხალხი კი, როგორც იყო მიჩვეული ათადან და ბაბადან, იმ ტერიტორიის გარშემო ვაჭრობს პატარა ფარდულებიდან, ეზოების წინ გამართული სახელდახელო დახლებიდან თუ პირდაპირ მიწიდან.... პირველად სწორედ აქ გავბრაზდი. 2. ცოტა ზემოთ რომ ავედი, დავინახე აბრა: „ტიფლის შაურმა მაყალზე“.... მის ადგილზე ოდესღაც პურის მაღაზია იყო, ე.წ. ფურნის პური იყიდებოდა (...ვისაც გახსოვთ - 30-კაპიკიანი მრგვალი პურები); დღეში ორჯერ მოჰქონდათ ახალი პური, მეც ხშირად ვმდგარვარ ცხელი პურის საყიდლად რიგში და ახლაც მახსოვს ის სურნელი, მანქანიდან ახლადგამომცხვარი პურის გადმოტვირთვას და თაროებზე განთავსებას რომ ახლდა თან... ახლა, როგორც ხედავთ, არის წარწერა, სადაც არცერთი ქართული სიტყვა არ გვხვდება: „ტიფლის“ რუსულია, „შაურმა - თურქული და „მაყალი“ - არაბული... მეორედ სწორედ ამან გამაბრაზა... 3. მთელი უბანი რომ მოვიარე და ჩემი ახლანდელი სახლისკენ ვიბრუნე პირი, 77-ე სკოლის (ჩემი სკოლის!) წინ მთელი გზაც და ტროტუარებიც ათხრილ-დათხრილი დამხვდა, ძლივს გავიარე რამდენიმე მეტრი და ერთ ადგილზე, სადაც წყალი ჩქეფდა და ტალახიც ჭოპჭოპებდა, ფეხი გამიცურდა და ისე დავეთხლიშე მიწას, რომ ლამის ვენერა მილოსელს დავემსგავსე... ხელის დაკარგვას ვგულისხმობ, რასაკვირველია... ძლივს მივაღწიე სახლამდე და გონზე რომ მომიყვანეს, მესამე გაბრაზებაც იქვე დამხვდა: Поскользнулся, упал. Очнулся, гипс... - გამეხუმრნენ გასამხნევებლად (იხილეთ ფოტოკოლაჟი). მორალი: მოგონებებს სახლში ჯდომა და წარმოსახვა სჭირდება და არა ქუჩა-ქუჩა ხეტიალი... (ფოტოები კი ბევრი გადავიღე და, იმედია, გამოვიყენებ, როცა ჩემი უბნის შესახებ წიგნის კეთებას დავიწყებ).


четверг, 3 августа 2017 г.

ამბავი იმისა, თუ როგორ ვაიძულე ზარმაცი ავღანელი ბეჯითი მოსწავლე გამხდარიყო

1981-83 წლებში, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ოფიცერ-თარჯიმნის მოვალეობის შესრულება მომიხდა ავღანელებთან... 
1982 წლის ზაფხული იყო, გაგანია ომი მიმდინარეობდა ავღანეთში, ტაშკენტში კი პაპანაქება სიცხე იდგა და იქ ჩამოიყვანეს ასამდე ავღანელი სამთვიანი მოსამზადებელი კურსების გასავლელად... იყვნენ ნაირ-ნაირი სამხედრო სპეციალობის კურსანტები და მე არტილერისტებთან მომიხდა საველე მეცადინეობებნის გავლა, თუმცა ველზე გასვლამდე იყო ინტენსიური თეორიული მომზადება და მთელი ამ სასწავლო პროცესის გავლა ერთ კონკრეტულ ჯგუფთან მომიხდა.
ავღანელებში ძირითადად სოფელ-სოფელ მოხეტიალე გლეხების შვილები იყვნენ, მაგრამ ერთი ერია მათში, ასე თუ ისე, პრივილეგირებული ფენიდან და სწორედ ის იყო ყველაზე თავნება და ზარმაცი. სახელად დაუდ-საიბი (ბატონი დაუდი)... არც კონსპექტებს წერდა, მეცადინეობებსაც სხვადასხვა მიზეზით აცდენდა, სემინარებზე არ აქტიურობდა და, ცხადია, კურსების ბოლოს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებდა, რაც იმით დაისჯებოდა, რომ ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნიდნენ (ყოველ შემთხვევაში, ასე აშინებდნენ ზარმაც კურსანტებს რუსი ოფიცრები); მე სულ არ მენაღვლებოდა ამ კურსანტების სწავლა-არსწავლა, მაგრამ მაინც მოსაბეზრებელი იყო მათი დევნა, ვინც არ სწავლობდა.... არა ერთხელ გავაფრთხილე ეს დაუდ-საიბი - ცუდ ამბავს გადაეყრები-მეთქი, მაგრამ არაფერს მიჯერებდა და განაგრძობდა თავნებობით ბაირამობას.... ჰოდა, „შენ გიტირებ-მეთქი ყოფას, ველზე რომ გავალთ“ - ჩავიფიქრე და საველე მეცადინეობების დღეც მოვიდა...
ტაშკენტის შემოგარენში, სადღაც ყაზახეთის ტერიტორიაზე იყო უზარმაზარი პოლიგონი; წამოიღეს რუსებმა ყველანაირი საარტილერიო დანადგარი, რაც ნაწილში გააჩნდათ და დაიწყო ბათქა-ბათქი.... იქვე, გარდა ოფიცერი თარჯიმნებისა, იყვნენ რიგითი ჯარისკაცები, შუააზიელები, ვინც ტაჯიკური იცოდა და ისინიც ემსახურებოდნენ ამ „ავღანურ ოდესეას“; მათ შორის იყო ერთი უწვერულვაშო ბიჭი, ალბათ, 1,50 ამ სიმაღლის, გამხდარი, ჩია ტაჯიკი, გვარად დაუდოვი.... დაძვრებოდა სანგრებში, დაჰქონდა ჭურვები და იყო საშინლად ამოგანგლული მტვერში და ვაი-ვაგლახში... ავღანელმა დაუდ-საიბმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა, ცდილობდა სანგრიდან გაქცეულიყო, რუსები აკავებდნენ და მე მიკიჟინებდნენ - გააგებინე, რომ უნდა მივიდეს “ПУШКА“-სთან და ისროლოსო... ამასობაში ის საბრალო დაუდოვიც მოგვიახლოვდა, მოიტანა სასროლი ჭურვი და დავუძეხე:
- დაუდოვ, ბია ინჯა! (მოდი აქ!)
მერე ავღანელ დაუდ-საიბსაც ვუხმე და ვუთხარი:
- ხედავ, ეს საცოდავი დაუდოვი რა დღეშია?
- ვხედავო!
- ჰოდა, თუ რუსების ბრძანებას არ შეასრულებ, შენ მალე,დაუდ-საიბი კი არა, ამ ტაჯიკივით დაუდოვი გახდები-მეთქი...
ზარმაცი კი იყო ის ავღანელი, მაგრამ ჭკუაც საკმაოდ ჰქონდა და მიხვდა, რომ ჩემს ხუმრობაში სიმართლეც ერია და ისე დაჭკვიანდა, რომ მეცადინეობაც დაიწყო და კარგი ჯარისკაცის სახელითაც დაბრუნდა ავღანეთში....
ეს არის გარუსების შიში, სხვა კი არაფერი...

вторник, 1 августа 2017 г.

კონფორმიზმი


...ესე იგი... საბჭოური ცხოვრების წესის უარყოფით ყველაზე მეტად ქართული ჟურნალების (...და, რასაკვირველია, არა მარტო ქართული) რედაქტორებს გაუძნელდათ საქმე... მანამდე ყველაფერ საათივით აწყობილი და დადგენილი იყო: იანვრის ნომერი ეძღვნებოდა ახალ წელს და ახალი სოციალისტური სიმაღლეების დალაშქვრას (პოეტებიც გულმოდგინედ უტევდნენ ხსენებულ სიმაღლეებს ან შეტევის პირობას მაინც დებდნენ); თებერვლის ნომერი საქართველოს გასაბჭოების ქება-დიდებას ეძღვნებოდა, მარტის ნომერში ქალების შემოქმედება იყო წარმოდგენილი, აპრილში ლენინის დაბადების დღეს მისი საქმისადმი მხურვალე ერთგულებით აღნიშნავდა ყველა, მაისის ნომერი დიდ სამამულო ომში გამარჯვებას ეძღვნებოდა, ივნისში პუშკინის დაბადების დღე იყო და მთელი ნომერი რუსულ ლიტერატურას ეძღვნებოდა, ივლის-აგვისტოს „მკვდარი სეზონის“ შემდეგ, სექტმებერში რამე სკკპ-ალკკ ყრილობას ჩაატარებდნენ და ჩვენი ლიტერატურაც უგზავნიდა მას პოეტური-პროზაულ დითირამბებს, მერე ოქტომბერ-ნოემბერი, მოგეხსენაბათ, როგორი რევოლუციური სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი და ბოლოს დეკემბერი - საბჭოთა კავშირის შექმნის თვე იყო და - იყო „ძმური ოჯახის“ მხატვრული სიტყვის ოსტატების ურთიერთ-ფიცი და მოფერება....
მოკვდა საბჭოთა კავშირი, გაუქმა დოგმები და საწყალ რედაქტორებსაც გაუძნელდათ ნიაღვარივით მოვარდნილი სიყვარულის და ინტიმური გრძნობებით გაძეძგილი ლიტერატურის დაოკება... ნუ, შემდეგ, 90-იანებში პარაქტიკულად შეწყდა, გასაგები მიზეზების გამო, ლიტერატურული გამოცემების ბეჭდვა...
* * *
ეს ყველაფერი გასაგებია, როგორც ახლა ამბობენ - დრო იყო ასეთი და ასე ცხოვრობდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ მაინც არ მესმის - რა კომფორტს, პრემიას, კარიერას თუ რამე სხვა წახალისებას უნდა გაეხადა ვალდებული და იძულებული ახალგაზრდა პოეტი, რომ პავკა კორჩაგინისადმი 20-სტროფიანი ე.წ. კონვენციური ლექსი მიეძღვნა (ახლაც რომ არსებობდეს საბჭოთა კავშირი, ალბათ, ვერლიბრს მიუძღვნიდნენ)?! ეს სადისერტაციო თემაა, ოღონდ ფსიქიქტრიაში და არა ლიტერათმცოდნეობაში.... იმას კი ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ 80-იანი წლების დასაწყისში პოეტი ამას საკუთარი შემოქმედებითი შთაგონებით და აღტყინებით აკეთებდა... ერთი სიტყვით, „საინტერესო“ ცხოვრება გავიარეთ, თუმცა არც ახლაა ნაკლებად „საინტერესო“... კონფორმიზმის თვალსაზრისით.

воскресенье, 23 июля 2017 г.

პოეტური (ლ)ექსპერტიზა ძველი თბილისის მოფერებით

...ვის როგორ და... პირადად მე რითმიანი (ე.წ. კონვენციური) ლექსი უფრო მომწონს, თუმცა ვერლიბრისტებს, რომლებიც მათთვის საყვარელ ფორმას უფრო პროგრესულად მიიჩნევენ, არაფერს ვედავები - ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ...
პოეტ მარიჯანის ერთი ლექსი გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა (ლ)ექსპერტმა და მისი ფინალი ძალიან მომეწონა, რომ არა რითმის ცხოველმყოფელობა, „ჯალალედინი“ ასე „მომხივლავად“ არ ჩაჯდებოდა ქართულ ლქსში:
შენ დამიხლართე მუქი იჭვებით
სიკვდილ-სიცოცხლის გზაჯვარედინი,
და ჩემს ფიქრებში ისე იჭრები,
როგორც თბილისზე ჯალალედინი.
* * *
რაც შეეხება „მარიჯანს“, ეს გახლავთ ფსევდონიმი პოეტ მარიამ ტყემალაძისა (იხილეთ ფოტო) და მისი წარმოშობა ასეთ ფაქტს უკავშირდება:
(თვითმხილველის მონათხრობი) „ბაკურიანის გზის მიმართულებით, კეჩხობის მხარეს იყო დედათა და ბავშვთა სანატორიუმი „მერცხალი“, რომელიც ადრე კერძო იყო და ლიზა მღებროვს ეკუთვნოდა. ერთხელ იქ მარიჯანი ისვენებდა. სასადილო დარბაზში იროდიონ ევდოშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, იოსებ გრიშაშვილი და ვიღაც ქალბატონი პატარა ბავშვით მსხდარან. ბავშვს მაროსი ერქვა. პატარა ძალიან უჭმელი ყოფილა და თურმე სულ ეხვეწებოდნენ - „მარიჯან ჭამე, მარიჯან ჭამეო“. როცა ეს ქალი და ბავშვი წასულან, მწერლების მაგიდასთან ამჯერად მარიამ ტყემალაძე მოხვედრილა. მათ გაუგიათ, რომ ისიც მწერალი იყო და ფსევდონიმი არ ჰქონდა, ამიტომ შეუთავაზებიათ, ფსევდონიმად „მარიჯანი“ აეღო. თავიდან ეს ფსევდონიმი მარიამ ტყემალაძეს არ მოსწონდა, მაგრამ შემდეგ, წაღვერის აგარაკსაც „მზიანა მარიჯანი“ დაარქვა“
* * *
ჩემის მხრივ კი დავამატებ, რომ „ჯან“ ბოლოსართი არის სპარსული სიტყვა და ნიშნავს „სულს“, ჩვენთან კი რატომღაც სხეულის მნიშვნელობით დამკვიდრდა: ჯან+მრთელობა, რასაც. მოგეხსენებათ ჩვენთან მედიცინა განაგებს, არადა, წესით მას რელიგია უნდა მფარველობდეს, რადგან ის ძირეული მნიშვნელობით უფრო „სულ+მრთელობაა“.
თავად ირანშიც, ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაშიც და ძველ თბილისშიც „ჯან“-ის სახელზე მიმატებით ერთგვარი მოსაფერებელი კონსტრუქცია იქმნებოდა და თანამოსაუბრეთა შორის სიამტკბილობის უზრუნველსაყოფი მიმართვა გახლდათ და ახლაც გახლავთ - ძველი თბილისელები კვლავაც ვიყენებთ ასეთ გამოთქმას და კიდევ დიდხანს გამოვიყენებთ.

воскресенье, 2 июля 2017 г.

ლინგვისტური ცუღლუტობა (თუნდაც ოინბაზობა!)

...კი ვღელავთ და გვაშფოთებს ქართული ენის ბედი, როცა მავანი ქართველი, ვთქვათ, ასე დაწერს ან იტყვის: „პოზიტიური სენსიტიურობა“ (ან კრეატიულობა.... ან რამე სხვა), მაგრამ ჩვენმა წინაპრებმაც ბევრი „დანაშაული“ ჩაიდინეს ქართული ენის წინაშე, როცა ისეთი სიტყვები შემოიტანეს, რომელთა არაქართულობა დღეს ძნელი წარმოსადგენია.... ასე მაგალითად: სამხრეთ საქართველოში არის დაბა „ასპინძა“, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში თურქულ ზეგავლენას განიცდიდა, სახელი კი აქვს სპარსული: 1. „ასპ“ (ასბ/ასფ) სპარსულად არის „ცხენი“ (ეს გვაქვს კიდევ სხვა სიტყვაში - ასპ+არეზი - ცხენების გასახედნი ადგილი, თუნდაც იპოდრომი). 2. „-ან“ - მრავლობით რიცხვს აწარმოებს. 3. „ჯა“ - ადგილი (მაგალითად, ზოგ ქართველ მეფეს ჰქონდა ტიტული „ჯა+ნეშინი“, რაც ადგილზე მჯდომს, ვიღაცის ხელისუფლების წარმომადგენელს ანუ რუსულ наместник-ს ნიშნავს) ასპ+ან+ჯა = ცხენების სადგომი, ანუ ადგილი, სადაც მგზავრები ისვენებდნენ, ცხენებს ცვლიდნენ და აგრძელებდნენ გზას... ჰოდა, ადამიანი ვინც მგზავრებს ხვდებოდა „ასპანჯაში“ თუ „ასპინძაში“, იყო „მ-ასპინძ-ელი“... კი მოგვწონს და ვამაყობთ ჩვენი სტუმარმასპინძლობით და იმ წესით, რასაც „ღვთისგან გამოგზავნილი“ კაცი გამოხატავს შეძახილით - „მაინძელო“, მაგრამ, თუნდაც ცნობისწადილის გამო, შეიძლება გვახსოვდეს, რომ ეს „მასპინძელო/მაინძელო“ სამნაწილიანი სპარსულენოვანი კომპოზიტით მივიღეთ და ის ჩვენი წინაპრების ლინგვუსტური ცუღლუტობის შედეგი გახლავთ; შესაძლოა, ჩვენს ეპოქაში დამკვიდრებულ „სენსიწიურობასაც“ ასეთივე გაქართულება ელის მომავალში... „კრეაწიულობასაც“ და ბევრ სხვასაც. ვითომ ხსენებულ ცუღლუტობამდე თუ დაუდევრობამდე არ გვქონდა ისეთი სიტყვა, რაც „ღვთისგან მოსული კაცის“ დასახვედრად გამზადებულ ადამიანს გამოხატავდა?!

понедельник, 3 апреля 2017 г.

დრო, სუნთქვასავით გარდასული

60-იანი წლების დასაწყისში, როცა ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ წერა-კითხვა უკვე ვიცოდი (სკოლაში შესვლამდე დიდი ხნით ადრე), გაკვირვებული ვათვალიერებდი ხოლმე წიგნს, რომელსაც ჩემი უფროსი და-ძმები დიდი ინტერესით კითხულობდნენ... წიგნი ეხებოდა მაშინ ახლადგარცვლილ ჟერარ ფილიპს და ერქვა - „დრო სუნთქვასავით გარდასული“, რომლის ავტორი ხსენებული მსახიობის მეუღლე იყო... „დროისა“ ხომ არაფერი გამეგებოდა და მით უმეტეს არ მესმოდა - რა შუაში იყო „სუნთქვა“ და ამიტომაც იმ წიგნს დიდი ხნის განმავლობაში სათაურის იქით ვერ გავცდი... მერე კი ყველაფერი გავიგე და ახლა ხომ მთლად ბევრი რამ ვიცი დროის შესახებ და ამიტომაც მისი წარმავალობის მეტაფორულობის გამოსახატავად, მხოლოდ სუნთქვა კი არა, თვალის ერთი დახამხამებაც აღარ მემეტება... სამწუხაროდ!












დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.
დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებს
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მწუხარება საზღვარს გასცდება
და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილი
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.
დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი.