вторник, 1 августа 2017 г.

კონფორმიზმი


...ესე იგი... საბჭოური ცხოვრების წესის უარყოფით ყველაზე მეტად ქართული ჟურნალების (...და, რასაკვირველია, არა მარტო ქართული) რედაქტორებს გაუძნელდათ საქმე... მანამდე ყველაფერ საათივით აწყობილი და დადგენილი იყო: იანვრის ნომერი ეძღვნებოდა ახალ წელს და ახალი სოციალისტური სიმაღლეების დალაშქვრას (პოეტებიც გულმოდგინედ უტევდნენ ხსენებულ სიმაღლეებს ან შეტევის პირობას მაინც დებდნენ); თებერვლის ნომერი საქართველოს გასაბჭოების ქება-დიდებას ეძღვნებოდა, მარტის ნომერში ქალების შემოქმედება იყო წარმოდგენილი, აპრილში ლენინის დაბადების დღეს მისი საქმისადმი მხურვალე ერთგულებით აღნიშნავდა ყველა, მაისის ნომერი დიდ სამამულო ომში გამარჯვებას ეძღვნებოდა, ივნისში პუშკინის დაბადების დღე იყო და მთელი ნომერი რუსულ ლიტერატურას ეძღვნებოდა, ივლის-აგვისტოს „მკვდარი სეზონის“ შემდეგ, სექტმებერში რამე სკკპ-ალკკ ყრილობას ჩაატარებდნენ და ჩვენი ლიტერატურაც უგზავნიდა მას პოეტური-პროზაულ დითირამბებს, მერე ოქტომბერ-ნოემბერი, მოგეხსენაბათ, როგორი რევოლუციური სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი და ბოლოს დეკემბერი - საბჭოთა კავშირის შექმნის თვე იყო და - იყო „ძმური ოჯახის“ მხატვრული სიტყვის ოსტატების ურთიერთ-ფიცი და მოფერება....
მოკვდა საბჭოთა კავშირი, გაუქმა დოგმები და საწყალ რედაქტორებსაც გაუძნელდათ ნიაღვარივით მოვარდნილი სიყვარულის და ინტიმური გრძნობებით გაძეძგილი ლიტერატურის დაოკება... ნუ, შემდეგ, 90-იანებში პარაქტიკულად შეწყდა, გასაგები მიზეზების გამო, ლიტერატურული გამოცემების ბეჭდვა...
* * *
ეს ყველაფერი გასაგებია, როგორც ახლა ამბობენ - დრო იყო ასეთი და ასე ცხოვრობდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ მაინც არ მესმის - რა კომფორტს, პრემიას, კარიერას თუ რამე სხვა წახალისებას უნდა გაეხადა ვალდებული და იძულებული ახალგაზრდა პოეტი, რომ პავკა კორჩაგინისადმი 20-სტროფიანი ე.წ. კონვენციური ლექსი მიეძღვნა (ახლაც რომ არსებობდეს საბჭოთა კავშირი, ალბათ, ვერლიბრს მიუძღვნიდნენ)?! ეს სადისერტაციო თემაა, ოღონდ ფსიქიქტრიაში და არა ლიტერათმცოდნეობაში.... იმას კი ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ 80-იანი წლების დასაწყისში პოეტი ამას საკუთარი შემოქმედებითი შთაგონებით და აღტყინებით აკეთებდა... ერთი სიტყვით, „საინტერესო“ ცხოვრება გავიარეთ, თუმცა არც ახლაა ნაკლებად „საინტერესო“... კონფორმიზმის თვალსაზრისით.

воскресенье, 23 июля 2017 г.

პოეტური (ლ)ექსპერტიზა ძველი თბილისის მოფერებით

...ვის როგორ და... პირადად მე რითმიანი (ე.წ. კონვენციური) ლექსი უფრო მომწონს, თუმცა ვერლიბრისტებს, რომლებიც მათთვის საყვარელ ფორმას უფრო პროგრესულად მიიჩნევენ, არაფერს ვედავები - ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ...
პოეტ მარიჯანის ერთი ლექსი გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა (ლ)ექსპერტმა და მისი ფინალი ძალიან მომეწონა, რომ არა რითმის ცხოველმყოფელობა, „ჯალალედინი“ ასე „მომხივლავად“ არ ჩაჯდებოდა ქართულ ლქსში:
შენ დამიხლართე მუქი იჭვებით
სიკვდილ-სიცოცხლის გზაჯვარედინი,
და ჩემს ფიქრებში ისე იჭრები,
როგორც თბილისზე ჯალალედინი.
* * *
რაც შეეხება „მარიჯანს“, ეს გახლავთ ფსევდონიმი პოეტ მარიამ ტყემალაძისა (იხილეთ ფოტო) და მისი წარმოშობა ასეთ ფაქტს უკავშირდება:
(თვითმხილველის მონათხრობი) „ბაკურიანის გზის მიმართულებით, კეჩხობის მხარეს იყო დედათა და ბავშვთა სანატორიუმი „მერცხალი“, რომელიც ადრე კერძო იყო და ლიზა მღებროვს ეკუთვნოდა. ერთხელ იქ მარიჯანი ისვენებდა. სასადილო დარბაზში იროდიონ ევდოშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, იოსებ გრიშაშვილი და ვიღაც ქალბატონი პატარა ბავშვით მსხდარან. ბავშვს მაროსი ერქვა. პატარა ძალიან უჭმელი ყოფილა და თურმე სულ ეხვეწებოდნენ - „მარიჯან ჭამე, მარიჯან ჭამეო“. როცა ეს ქალი და ბავშვი წასულან, მწერლების მაგიდასთან ამჯერად მარიამ ტყემალაძე მოხვედრილა. მათ გაუგიათ, რომ ისიც მწერალი იყო და ფსევდონიმი არ ჰქონდა, ამიტომ შეუთავაზებიათ, ფსევდონიმად „მარიჯანი“ აეღო. თავიდან ეს ფსევდონიმი მარიამ ტყემალაძეს არ მოსწონდა, მაგრამ შემდეგ, წაღვერის აგარაკსაც „მზიანა მარიჯანი“ დაარქვა“
* * *
ჩემის მხრივ კი დავამატებ, რომ „ჯან“ ბოლოსართი არის სპარსული სიტყვა და ნიშნავს „სულს“, ჩვენთან კი რატომღაც სხეულის მნიშვნელობით დამკვიდრდა: ჯან+მრთელობა, რასაც. მოგეხსენებათ ჩვენთან მედიცინა განაგებს, არადა, წესით მას რელიგია უნდა მფარველობდეს, რადგან ის ძირეული მნიშვნელობით უფრო „სულ+მრთელობაა“.
თავად ირანშიც, ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაშიც და ძველ თბილისშიც „ჯან“-ის სახელზე მიმატებით ერთგვარი მოსაფერებელი კონსტრუქცია იქმნებოდა და თანამოსაუბრეთა შორის სიამტკბილობის უზრუნველსაყოფი მიმართვა გახლდათ და ახლაც გახლავთ - ძველი თბილისელები კვლავაც ვიყენებთ ასეთ გამოთქმას და კიდევ დიდხანს გამოვიყენებთ.

воскресенье, 2 июля 2017 г.

ლინგვისტური ცუღლუტობა (თუნდაც ოინბაზობა!)

...კი ვღელავთ და გვაშფოთებს ქართული ენის ბედი, როცა მავანი ქართველი, ვთქვათ, ასე დაწერს ან იტყვის: „პოზიტიური სენსიტიურობა“ (ან კრეატიულობა.... ან რამე სხვა), მაგრამ ჩვენმა წინაპრებმაც ბევრი „დანაშაული“ ჩაიდინეს ქართული ენის წინაშე, როცა ისეთი სიტყვები შემოიტანეს, რომელთა არაქართულობა დღეს ძნელი წარმოსადგენია.... ასე მაგალითად: სამხრეთ საქართველოში არის დაბა „ასპინძა“, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში თურქულ ზეგავლენას განიცდიდა, სახელი კი აქვს სპარსული: 1. „ასპ“ (ასბ/ასფ) სპარსულად არის „ცხენი“ (ეს გვაქვს კიდევ სხვა სიტყვაში - ასპ+არეზი - ცხენების გასახედნი ადგილი, თუნდაც იპოდრომი). 2. „-ან“ - მრავლობით რიცხვს აწარმოებს. 3. „ჯა“ - ადგილი (მაგალითად, ზოგ ქართველ მეფეს ჰქონდა ტიტული „ჯა+ნეშინი“, რაც ადგილზე მჯდომს, ვიღაცის ხელისუფლების წარმომადგენელს ანუ რუსულ наместник-ს ნიშნავს) ასპ+ან+ჯა = ცხენების სადგომი, ანუ ადგილი, სადაც მგზავრები ისვენებდნენ, ცხენებს ცვლიდნენ და აგრძელებდნენ გზას... ჰოდა, ადამიანი ვინც მგზავრებს ხვდებოდა „ასპანჯაში“ თუ „ასპინძაში“, იყო „მ-ასპინძ-ელი“... კი მოგვწონს და ვამაყობთ ჩვენი სტუმარმასპინძლობით და იმ წესით, რასაც „ღვთისგან გამოგზავნილი“ კაცი გამოხატავს შეძახილით - „მაინძელო“, მაგრამ, თუნდაც ცნობისწადილის გამო, შეიძლება გვახსოვდეს, რომ ეს „მასპინძელო/მაინძელო“ სამნაწილიანი სპარსულენოვანი კომპოზიტით მივიღეთ და ის ჩვენი წინაპრების ლინგვუსტური ცუღლუტობის შედეგი გახლავთ; შესაძლოა, ჩვენს ეპოქაში დამკვიდრებულ „სენსიწიურობასაც“ ასეთივე გაქართულება ელის მომავალში... „კრეაწიულობასაც“ და ბევრ სხვასაც. ვითომ ხსენებულ ცუღლუტობამდე თუ დაუდევრობამდე არ გვქონდა ისეთი სიტყვა, რაც „ღვთისგან მოსული კაცის“ დასახვედრად გამზადებულ ადამიანს გამოხატავდა?!

понедельник, 3 апреля 2017 г.

დრო, სუნთქვასავით გარდასული

60-იანი წლების დასაწყისში, როცა ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ წერა-კითხვა უკვე ვიცოდი (სკოლაში შესვლამდე დიდი ხნით ადრე), გაკვირვებული ვათვალიერებდი ხოლმე წიგნს, რომელსაც ჩემი უფროსი და-ძმები დიდი ინტერესით კითხულობდნენ... წიგნი ეხებოდა მაშინ ახლადგარცვლილ ჟერარ ფილიპს და ერქვა - „დრო სუნთქვასავით გარდასული“, რომლის ავტორი ხსენებული მსახიობის მეუღლე იყო... „დროისა“ ხომ არაფერი გამეგებოდა და მით უმეტეს არ მესმოდა - რა შუაში იყო „სუნთქვა“ და ამიტომაც იმ წიგნს დიდი ხნის განმავლობაში სათაურის იქით ვერ გავცდი... მერე კი ყველაფერი გავიგე და ახლა ხომ მთლად ბევრი რამ ვიცი დროის შესახებ და ამიტომაც მისი წარმავალობის მეტაფორულობის გამოსახატავად, მხოლოდ სუნთქვა კი არა, თვალის ერთი დახამხამებაც აღარ მემეტება... სამწუხაროდ!












დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.
დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებს
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მწუხარება საზღვარს გასცდება
და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილი
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.
დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი.

вторник, 21 марта 2017 г.

21 მარტი, 2017 წელი

მცირე ეტიმოლოგიური ოპუსი
ნოვ+რუზ = ახალი+დღე

„ნოვ“ ინდოევროპული ენებიდან იცით - новый, new, nuovo და ა.შ.
„რუზ“ გვაქვს სახელში - რუსუდანი; ეს სახელი „რუსულთან“ არანაირ კავშირში არ არის და ასე იშიფრება: „რუზ+დან“ - დღეების მქონე, დღეგრძელი (შეადარეთ: ჩაი+დან. ყავა+დან). „რუზ“ დიასახლისებმა იციან, აგრეთვე, ირანული სარეცხი ფხვნილიდან - „ემრუზ“ - ანუ დღეს, დღევანდელი დღე.
ნოვრუზობას ნავროზობას იცნობს „ვეფხისტყაოსანიც“, სადაც გულანშაროს შესახებ ნათქვამია:
ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვისაც ის თავის დღესასწაულად მიაჩნია, ყველა დანარჩენს კი ვულოცავ ნამდვილი (და არა კალენდარული) გაზაფხულის დაწყებას ბუნებაში.

пятница, 13 января 2017 г.

დრო-ჟამი გარბის

„დრო-ჟამი გარბის,
მოდი, ვილხინოთ...“
კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად ფეისბუქის საზოგადოებას ახალ 2017 წელს!
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც „პოეტური თარგმანის ანთოლოგიას“ დახმარება აღმოუჩინა მორალურად თუ ფინანსურად და მინდა ვაუწყო მათ, რომ დღეს შესრულდა თანხის ის ოდენობა, რაც საჭიროა წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის დასაბეჭდად... თუმცა 15 იანვრამდე კვლავ გრძელდება მოსამზადებელი პერიოდი და, ჩვენი შეთანხმებისამებრ, დამატებითი თანხების მოძიებით გავზრდით არა ტირაჟს, არამედ წიგნის მოცულობას (დღეს არის 320 გვერდი); ჰოდა, აქ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო და მთავარ სათქმელს შორიდან მოვუვლი:
ალბათ, 1984 წლის 31 დეკემბერი იყო და საღამოს ჩემი უფროსი ძმა ომარი (უკვე საკმაოდ შექეიფიანებული) დაგვადგა თავზე, რომელიც იმხანად ზუგდიდის თეატრიდან ახალი გადასული იყო სოხუმის თეატრში (გოგი ქავთარაძესთან) სამუშაოდ და საზეიმოდ გვაუწყა, რომ მას მიენიჭა აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება... ჰოდა, გულმა არ გაუძლო და გამოიქცა თბილისში ამ სიხარულის გასაზიარებლად (და როგორც ახლა იტყვიან - გასაპიარებლად); ცხადია, ყველა გაგვახარა და მე მთხოვა, რომ იმ საღამოს (ახალი წლის დადგომამდე) რამდენიმე ადგილი მანქანით მომეტარებინა და წავედით... ერთი ძმაკაცი, მეორე ძმაკაცი, ძველი შეყვარებული და სხვადასხვა რომ მოვიარეთ, დაიჟინა - გოგი ქავთარაძე უნდა ვიპოვო თბილისში და მადლობა გადავუხადოო... მოგეხსენებათ, საბჭოთა ეპოქის ახალგაზრდებს მობილური ტელეფონი არ გვქონდა, ამიტომ კარდაკარ სიარულით ისღა დავადგინეთ, რომ გოგი კი ნამდვილად თბილისშია, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ, მისი პოვნის უკანასკნელი შანსი ის იყო, რომ მშობლების სახლში, მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს რომ დიდი შენობა იყო (ახლა დაანგრიეს ის სახლი), იქ იქნებაო მამასთან და ჩვენც ვესტუმრეთ მის მამას - ბატონ გიორგი გრიგოლის ძე ქავთარაძეს. ამ პიროვნების ვინაობა და ღვაწლი ახლა ვიცი კარგად, თორემ მაშინ საერთოდ არაფერი მსმენოდა მასზე... გოგი ქავთარაძე-უმცროსი იქ არ დაგვხვდა... ბატონმა გიორგი-უფროსმა კი შეგვიპატიჟა და ახალ წელს მასთან ერთად შევხვდით და, მგონი, ძალიანაც გავახარეთ, რადგან მარტოობაში მოუწევდა, როგორც ჩანს, 1 იანვრის შეხვედრა....
ეს ყველაფერი კი იმან გამახსენა, რომ ორი-სამი დღის წინ ბატონი გიორგი ქავთარაძე-უფროსის ბრწყინვალე თარგმანები ვიპოვე ძველ ჟურნალში და ახლა თქვენ მითხარით - არ უნდა შევიტანო ანთოლოგიაში? ამ თარგმანების ღირსება მათი მაღალმხატვრულობით გამისაზღვრება და არა იმის გამო, რომ ახლა აღარც ჩემი ძმაა ცოცხალი და აღარც გიორგი ქავთარაძე - შესანიშნავი მწერალი და მთარგმნელი...
მათი ხსოვნისთვის დავწერე ეს „ნოველა“, მით უმეტეს, რომ მოცემულ თარგმანში ლაპარაკია სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღვინოზე და დროსტარებაზე (ფრანგი ხაიამია, რა!), რის შესახებაც 1985 წლის 1 იანვრის შეხვედრისას სადღეგრძელოებით საუბრობდნენ უფროსი ადამიანები, მე კი, როგორც ნორჩი და გამოუცდელი მძღოლი, მშვენიერი ღვინის მხოლოდ დაყნოსვით ვკმაყოფილდებოდი...
პიერ ჟან ბერანჟე
გაზაფხული და შემოდგომა
ორი დრო მეფობს პირველ ყოვლისა,
ვიმხიარულოთ, ბედს ნუ ვემდურით,
გაზაფხულს - სიტკბო ყვავილებისა,
შემოდგომაზე - ყურძნის ნაჟური.
დრო-ჟამი გარბის,
მოდი, ვილხინოთ,
დავლიოთ ძმებო,
გახელდეს გრძნობა,
გაზაფხულია? - მშვიდობით ღვინო,
შემოდგომაა? - მშვიდობით ტრფობა!
მომკლავს სურვილი ნიაღვარული,
უნდა გავექცე ღვინოს რეტიანს,
ამდენი ლხინი და სიყვარულიც
მომკლავს, მეტია, მეტის მეტია.
არც სიბრძნე გვირჩევს,
მუდამ ვილხინოთ,
ხან ლხინს,
ხან ტრფიალს გულის მინდობა,
გაზაფხულია? - მშვიდობით ღვინო,
შემოდგომაა? - მშვიდობით ტრფობა!
მაისი იყო მაშინ, როზეტას
მხურვალე გული რომ გადავეცი,
არ შემხვედროდა ლამაზი ნეტავ,
ექვსი თვის ურვით,
ექვსი თვის ცეცხლით.
სამაგიეროს დღეებს სალხინოს
ოქტომბერს ვთხოვდი მის დასაგმობად,
გაზაფხულია? - მშვიდობით ღვინო,
შემოდგომაა? - მშვიდობით ტრფობა.
შემდეგ დავშორდი კიდევ ადელას:
მოურიდებლად გული დავხურე,
მშვიდობით, - ასე ამბობდა ყველა,
დრო მოვა, ისევ მოგინახულებ!
ისევ შენთან ვარ სიმღერავ, ლხინო,
დროთასვლას გზას ვინ გადაუღობავს?!
გაზაფხულია? - მშვიდობით ღვინო,
შემოდგომაა? - მშვიდობით ტრფობა!
მაგრამ სურვილი და აღტაცება
ჰქრება, საწადელს მიტოვებს ობლად,
ამ ღვინით გული როდესაც თვრება,
უფრო ახელებს შორეულ გრძნობას.
საამურ დღეთა ფერხულში ვიყოთ,
პირქუშ დღეს შევხვდეთ სავსე ფიალით,
გაზაფხულია? კვლავ ლხინი მიხმობს,
შემოდგომაზე - ისევ ტრფიალი!
ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ქავთარაძემ

понедельник, 9 января 2017 г.

საღამო ხანის მონოლოგებიდან

(ბატონი რეზოს „საღამო ხანის ჩანაწერებმა“ მიკარნახეს ასეთი სათაური)

1. დღეს მტკვრის გაღმა-გამოღმა მომიხდა ფეხით სიარული ერთი საკითხის მოსაგვარებლად... მარჯანიშვილის მოედნიდან „ვორონცოვისკენ“ რომ მივდიოდი, ტურისტი მეგონა საკუთარი თავი - გეგეონება სადღაც პრაღაში კარლოსის ხიდისკენ მივდიოდი და ბოლოს ისღა ჩავიდუდუნე - „რავა დამშვენებულა ვარდენის ქალიშვილი-მეთქი“, თუმცა გონებაში მაინც გრიშაშვილის სიტყვები მიტრიალებდა - „ძველო თბილისო, გტოვებ, ნახვამდის“....
2. საღამოს კორპუსთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი ადვილად რომ მოვნახე, სიმშვიდე და ბედნიერება ვიგრძენი.... „დავაპარკინგე-დავაპარკოვკეს“, რა თქმა უნდა არ ვიტყვი, მაგრამ ჩატარებული პროცედურა ყოველგვარი გაძრომა-გამოძრომის გარეშე რომ ჩატარდა, ეს უკვე წარმატებაა! ამ „პარქინგმა“ კი ასეთი აზრები წარმოშვა (სანამ სახლში ავდიოდი): დღეს-ხვალ, ალბათ „ქისინგიც“ დამკვიდრდება ჩვებს ენაში, როგორ ფაქტი დასავლეთისკენ თავგანწირული სწრაფვისა და იანინა იპოხორსკაიას ცნობილი აფორიზმი ქართულში ასეთი სახეს მიიღებს:
„თუ ვერ გადაგიწყვეტია – მიაქისინგო თუ არ მიაქისინგო ქალს, ყო­ვ­ე­ლი შემთხვევისათვის მაინც მიაქისინგე“ (ქისს - kiss - კოცნაა რასაკვირველია!).
3. მონოლოგის ბოლოს კი უნდა გითხრათ - а в остальном, прекрасная маркиза, все хорошо, все хорошо... (იმედია, მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ჩემს სურვილს და ამ სიმღერასაც გავაქართულებთ).