...კი ვღელავთ და გვაშფოთებს ქართული ენის ბედი, როცა მავანი ქართველი, ვთქვათ, ასე დაწერს ან იტყვის: „პოზიტიური სენსიტიურობა“ (ან კრეატიულობა.... ან რამე სხვა), მაგრამ ჩვენმა წინაპრებმაც ბევრი „დანაშაული“ ჩაიდინეს ქართული ენის წინაშე, როცა ისეთი სიტყვები შემოიტანეს, რომელთა არაქართულობა დღეს ძნელი წარმოსადგენია....
ასე მაგალითად:
სამხრეთ საქართველოში არის დაბა „ასპინძა“, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში თურქულ ზეგავლენას განიცდიდა, სახელი კი აქვს სპარსული:
1. „ასპ“ (ასბ/ასფ) სპარსულად არის „ცხენი“ (ეს გვაქვს კიდევ სხვა სიტყვაში - ასპ+არეზი - ცხენების გასახედნი ადგილი, თუნდაც იპოდრომი).
2. „-ან“ - მრავლობით რიცხვს აწარმოებს.
3. „ჯა“ - ადგილი (მაგალითად, ზოგ ქართველ მეფეს ჰქონდა ტიტული „ჯა+ნეშინი“, რაც ადგილზე მჯდომს, ვიღაცის ხელისუფლების წარმომადგენელს ანუ რუსულ наместник-ს ნიშნავს)
ასპ+ან+ჯა = ცხენების სადგომი, ანუ ადგილი, სადაც მგზავრები ისვენებდნენ, ცხენებს ცვლიდნენ და აგრძელებდნენ გზას...
ჰოდა, ადამიანი ვინც მგზავრებს ხვდებოდა „ასპანჯაში“ თუ „ასპინძაში“, იყო „მ-ასპინძ-ელი“...
კი მოგვწონს და ვამაყობთ ჩვენი სტუმარმასპინძლობით და იმ წესით, რასაც „ღვთისგან გამოგზავნილი“ კაცი გამოხატავს შეძახილით - „მაინძელო“, მაგრამ, თუნდაც ცნობისწადილის გამო, შეიძლება გვახსოვდეს, რომ ეს „მასპინძელო/მაინძელო“ სამნაწილიანი სპარსულენოვანი კომპოზიტით მივიღეთ და ის ჩვენი წინაპრების ლინგვუსტური ცუღლუტობის შედეგი გახლავთ; შესაძლოა, ჩვენს ეპოქაში დამკვიდრებულ „სენსიწიურობასაც“ ასეთივე გაქართულება ელის მომავალში... „კრეაწიულობასაც“ და ბევრ სხვასაც.
ვითომ ხსენებულ ცუღლუტობამდე თუ დაუდევრობამდე არ გვქონდა ისეთი სიტყვა, რაც „ღვთისგან მოსული კაცის“ დასახვედრად გამზადებულ ადამიანს გამოხატავდა?!
Страницы
- მთავარი გვერდი
- ლინგვისტური წიაღსვლები
- ფოტოვარიაციები
- სიბრძნის კაკოფონია
- ვიდეომასალა
- ევრო-იუმორი
- მოსწავლეთა "ხედვები"
- დასამთავრებელი
- ელერდაშვილები
- დიდი ფეხბურთი
- "ფეისბუქის" ქორონიკონი
- დედა ენა
- მისი უდიდებულესობა – კროსვორდი!
- ჩემი "ვეფხისტყაოსანი"
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ჩემი გაზეთები
- პოლიტიკური "ლირიკა"
- სპარსულ-ქართული ლექსიკონი
- (ვითომ) ლექსები
воскресенье, 2 июля 2017 г.
понедельник, 3 апреля 2017 г.
დრო, სუნთქვასავით გარდასული
60-იანი წლების დასაწყისში, როცა ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ წერა-კითხვა უკვე ვიცოდი (სკოლაში შესვლამდე დიდი ხნით ადრე), გაკვირვებული ვათვალიერებდი ხოლმე წიგნს, რომელსაც ჩემი უფროსი და-ძმები დიდი ინტერესით კითხულობდნენ... წიგნი ეხებოდა მაშინ ახლადგარცვლილ ჟერარ ფილიპს და ერქვა - „დრო სუნთქვასავით გარდასული“, რომლის ავტორი ხსენებული მსახიობის მეუღლე იყო... „დროისა“ ხომ არაფერი გამეგებოდა და მით უმეტეს არ მესმოდა - რა შუაში იყო „სუნთქვა“ და ამიტომაც იმ წიგნს დიდი ხნის განმავლობაში სათაურის იქით ვერ გავცდი... მერე კი ყველაფერი გავიგე და ახლა ხომ მთლად ბევრი რამ ვიცი დროის შესახებ და ამიტომაც მისი წარმავალობის მეტაფორულობის გამოსახატავად, მხოლოდ სუნთქვა კი არა, თვალის ერთი დახამხამებაც აღარ მემეტება... სამწუხაროდ!
დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.
დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებს
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მწუხარება საზღვარს გასცდება
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მწუხარება საზღვარს გასცდება
და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილი
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.
დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი.
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი.
вторник, 21 марта 2017 г.
21 მარტი, 2017 წელი
მცირე ეტიმოლოგიური ოპუსი
ნოვ+რუზ = ახალი+დღე
„ნოვ“ ინდოევროპული ენებიდან იცით - новый, new, nuovo და ა.შ.
„რუზ“ გვაქვს სახელში - რუსუდანი; ეს სახელი „რუსულთან“ არანაირ კავშირში არ არის და ასე იშიფრება: „რუზ+დან“ - დღეების მქონე, დღეგრძელი (შეადარეთ: ჩაი+დან. ყავა+დან). „რუზ“ დიასახლისებმა იციან, აგრეთვე, ირანული სარეცხი ფხვნილიდან - „ემრუზ“ - ანუ დღეს, დღევანდელი დღე.
„რუზ“ გვაქვს სახელში - რუსუდანი; ეს სახელი „რუსულთან“ არანაირ კავშირში არ არის და ასე იშიფრება: „რუზ+დან“ - დღეების მქონე, დღეგრძელი (შეადარეთ: ჩაი+დან. ყავა+დან). „რუზ“ დიასახლისებმა იციან, აგრეთვე, ირანული სარეცხი ფხვნილიდან - „ემრუზ“ - ანუ დღეს, დღევანდელი დღე.
ნოვრუზობას ნავროზობას იცნობს „ვეფხისტყაოსანიც“, სადაც გულანშაროს შესახებ ნათქვამია:
ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვისაც ის თავის დღესასწაულად მიაჩნია, ყველა დანარჩენს კი ვულოცავ ნამდვილი (და არა კალენდარული) გაზაფხულის დაწყებას ბუნებაში.
пятница, 13 января 2017 г.
დრო-ჟამი გარბის
„დრო-ჟამი გარბის,
მოდი, ვილხინოთ...“
კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად ფეისბუქის საზოგადოებას ახალ 2017 წელს!
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც „პოეტური თარგმანის ანთოლოგიას“ დახმარება აღმოუჩინა მორალურად თუ ფინანსურად და მინდა ვაუწყო მათ, რომ დღეს შესრულდა თანხის ის ოდენობა, რაც საჭიროა წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის დასაბეჭდად... თუმცა 15 იანვრამდე კვლავ გრძელდება მოსამზადებელი პერიოდი და, ჩვენი შეთანხმებისამებრ, დამატებითი თანხების მოძიებით გავზრდით არა ტირაჟს, არამედ წიგნის მოცულობას (დღეს არის 320 გვერდი); ჰოდა, აქ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო და მთავარ სათქმელს შორიდან მოვუვლი:
ალბათ, 1984 წლის 31 დეკემბერი იყო და საღამოს ჩემი უფროსი ძმა ომარი (უკვე საკმაოდ შექეიფიანებული) დაგვადგა თავზე, რომელიც იმხანად ზუგდიდის თეატრიდან ახალი გადასული იყო სოხუმის თეატრში (გოგი ქავთარაძესთან) სამუშაოდ და საზეიმოდ გვაუწყა, რომ მას მიენიჭა აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება... ჰოდა, გულმა არ გაუძლო და გამოიქცა თბილისში ამ სიხარულის გასაზიარებლად (და როგორც ახლა იტყვიან - გასაპიარებლად); ცხადია, ყველა გაგვახარა და მე მთხოვა, რომ იმ საღამოს (ახალი წლის დადგომამდე) რამდენიმე ადგილი მანქანით მომეტარებინა და წავედით... ერთი ძმაკაცი, მეორე ძმაკაცი, ძველი შეყვარებული და სხვადასხვა რომ მოვიარეთ, დაიჟინა - გოგი ქავთარაძე უნდა ვიპოვო თბილისში და მადლობა გადავუხადოო... მოგეხსენებათ, საბჭოთა ეპოქის ახალგაზრდებს მობილური ტელეფონი არ გვქონდა, ამიტომ კარდაკარ სიარულით ისღა დავადგინეთ, რომ გოგი კი ნამდვილად თბილისშია, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ, მისი პოვნის უკანასკნელი შანსი ის იყო, რომ მშობლების სახლში, მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს რომ დიდი შენობა იყო (ახლა დაანგრიეს ის სახლი), იქ იქნებაო მამასთან და ჩვენც ვესტუმრეთ მის მამას - ბატონ გიორგი გრიგოლის ძე ქავთარაძეს. ამ პიროვნების ვინაობა და ღვაწლი ახლა ვიცი კარგად, თორემ მაშინ საერთოდ არაფერი მსმენოდა მასზე... გოგი ქავთარაძე-უმცროსი იქ არ დაგვხვდა... ბატონმა გიორგი-უფროსმა კი შეგვიპატიჟა და ახალ წელს მასთან ერთად შევხვდით და, მგონი, ძალიანაც გავახარეთ, რადგან მარტოობაში მოუწევდა, როგორც ჩანს, 1 იანვრის შეხვედრა....
ეს ყველაფერი კი იმან გამახსენა, რომ ორი-სამი დღის წინ ბატონი გიორგი ქავთარაძე-უფროსის ბრწყინვალე თარგმანები ვიპოვე ძველ ჟურნალში და ახლა თქვენ მითხარით - არ უნდა შევიტანო ანთოლოგიაში? ამ თარგმანების ღირსება მათი მაღალმხატვრულობით გამისაზღვრება და არა იმის გამო, რომ ახლა აღარც ჩემი ძმაა ცოცხალი და აღარც გიორგი ქავთარაძე - შესანიშნავი მწერალი და მთარგმნელი...
მათი ხსოვნისთვის დავწერე ეს „ნოველა“, მით უმეტეს, რომ მოცემულ თარგმანში ლაპარაკია სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღვინოზე და დროსტარებაზე (ფრანგი ხაიამია, რა!), რის შესახებაც 1985 წლის 1 იანვრის შეხვედრისას სადღეგრძელოებით საუბრობდნენ უფროსი ადამიანები, მე კი, როგორც ნორჩი და გამოუცდელი მძღოლი, მშვენიერი ღვინის მხოლოდ დაყნოსვით ვკმაყოფილდებოდი...
პიერ ჟან ბერანჟე
გაზაფხული და შემოდგომა
ორი დრო მეფობს პირველ ყოვლისა,
ვიმხიარულოთ, ბედს ნუ ვემდურით,
გაზაფხულს - სიტკბო ყვავილებისა,
შემოდგომაზე - ყურძნის ნაჟური.
დრო-ჟამი გარბის,
მოდი, ვილხინოთ,
დავლიოთ ძმებო,
გახელდეს გრძნობა,
გაზაფხულია? - მშვიდობით ღვინო,
შემოდგომაა? - მშვიდობით ტრფობა!
მომკლავს სურვილი ნიაღვარული,
უნდა გავექცე ღვინოს რეტიანს,
ამდენი ლხინი და სიყვარულიც
მომკლავს, მეტია, მეტის მეტია.
არც სიბრძნე გვირჩევს,
მუდამ ვილხინოთ,
ხან ლხინს,
ხან ტრფიალს გულის მინდობა,
გაზაფხულია? - მშვიდობით ღვინო,
შემოდგომაა? - მშვიდობით ტრფობა!
მაისი იყო მაშინ, როზეტას
მხურვალე გული რომ გადავეცი,
არ შემხვედროდა ლამაზი ნეტავ,
ექვსი თვის ურვით,
ექვსი თვის ცეცხლით.
სამაგიეროს დღეებს სალხინოს
ოქტომბერს ვთხოვდი მის დასაგმობად,
გაზაფხულია? - მშვიდობით ღვინო,
შემოდგომაა? - მშვიდობით ტრფობა.
შემდეგ დავშორდი კიდევ ადელას:
მოურიდებლად გული დავხურე,
მშვიდობით, - ასე ამბობდა ყველა,
დრო მოვა, ისევ მოგინახულებ!
ისევ შენთან ვარ სიმღერავ, ლხინო,
დროთასვლას გზას ვინ გადაუღობავს?!
გაზაფხულია? - მშვიდობით ღვინო,
შემოდგომაა? - მშვიდობით ტრფობა!
მაგრამ სურვილი და აღტაცება
ჰქრება, საწადელს მიტოვებს ობლად,
ამ ღვინით გული როდესაც თვრება,
უფრო ახელებს შორეულ გრძნობას.
საამურ დღეთა ფერხულში ვიყოთ,
პირქუშ დღეს შევხვდეთ სავსე ფიალით,
გაზაფხულია? კვლავ ლხინი მიხმობს,
შემოდგომაზე - ისევ ტრფიალი!
ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ქავთარაძემ
понедельник, 9 января 2017 г.
საღამო ხანის მონოლოგებიდან
(ბატონი რეზოს „საღამო ხანის ჩანაწერებმა“ მიკარნახეს ასეთი სათაური)
1. დღეს მტკვრის გაღმა-გამოღმა მომიხდა ფეხით სიარული ერთი საკითხის მოსაგვარებლად... მარჯანიშვილის მოედნიდან „ვორონცოვისკენ“ რომ მივდიოდი, ტურისტი მეგონა საკუთარი თავი - გეგეონება სადღაც პრაღაში კარლოსის ხიდისკენ მივდიოდი და ბოლოს ისღა ჩავიდუდუნე - „რავა დამშვენებულა ვარდენის ქალიშვილი-მეთქი“, თუმცა გონებაში მაინც გრიშაშვილის სიტყვები მიტრიალებდა - „ძველო თბილისო, გტოვებ, ნახვამდის“....
2. საღამოს კორპუსთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი ადვილად რომ მოვნახე, სიმშვიდე და ბედნიერება ვიგრძენი.... „დავაპარკინგე-დავაპარკოვკეს“, რა თქმა უნდა არ ვიტყვი, მაგრამ ჩატარებული პროცედურა ყოველგვარი გაძრომა-გამოძრომის გარეშე რომ ჩატარდა, ეს უკვე წარმატებაა! ამ „პარქინგმა“ კი ასეთი აზრები წარმოშვა (სანამ სახლში ავდიოდი): დღეს-ხვალ, ალბათ „ქისინგიც“ დამკვიდრდება ჩვებს ენაში, როგორ ფაქტი დასავლეთისკენ თავგანწირული სწრაფვისა და იანინა იპოხორსკაიას ცნობილი აფორიზმი ქართულში ასეთი სახეს მიიღებს:
„თუ ვერ გადაგიწყვეტია – მიაქისინგო თუ არ მიაქისინგო ქალს, ყოველი შემთხვევისათვის მაინც მიაქისინგე“ (ქისს - kiss - კოცნაა რასაკვირველია!).
3. მონოლოგის ბოლოს კი უნდა გითხრათ - а в остальном, прекрасная маркиза, все хорошо, все хорошо... (იმედია, მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ჩემს სურვილს და ამ სიმღერასაც გავაქართულებთ).
четверг, 29 декабря 2016 г.
მოდა და იდეოლოგია აბსოლუტურად იდენტური ცნებებია
საბაზრო მოთხოვნათა მიხედვით მხატვრული ნაწარმოების შექმნა ისეთივე ზეგავლენა და მორჩილებაა იდეოლოგიისა, როგორიც საბჭოთა ეპოქაში იყო, ნაირ-ნაირ პოეტებს ლენინის და მისი დამქაშების სადიდებელ ლექსებს რომ აწერინებდა... და ახლაც ხომ იგივე ხდება?! - ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობათა ან ამ „ლიტერატურის“ და ზოგადად „ხელოვნების“ ნაწარმოებთა მომხბარებელთა რაოდენობისა და გემოვნების გათვალისწინებით წერა, აბსოლუტურად იგივე მოვლენაა, რაც ხდებოდა კომუნისტობისას და რასაც „ეპოქის მოთხოვნათა“ იძულებითი მორჩილება დაარქვეს ახლა... ღმერთმა ხელი მოგიმართოთო, წერეთ და შექმენით ის, რაც საზოგადოებრივ აღიარებას და პირად კომფორტს მოგიტანთ, მაგრამ იმ კომუნისტობისას, გარდა „ლენინურ-სტალინურ-პარტიული ხელოვნებისა“, ბოლშევიკური წნეხის ქვეშ ღირსებით შემკული ნაწარმოებებიც (ლექსი, რომანი, ფილმი თუ სპექტაკლი....) ხომ იქმნებოდა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...
დანარჩენზე თქვენ დაფიქრდით, თუ დაგაინტერესათ (რასაკვირველია!) ზემოთ მოტანილმა რთულმა ქვეწყობილ-თანწყობილ-მიმოწყობილმა წინადადებამ.
ეს ყველაფერი კი იმან მათქმევინა, რომ რაღაც 500+ სერიიანი სატელევიზიო „საღეჭი რეზინა“ რჩება ისტორიაში და თუნდაც ვახტანგ გორგასალის შესახებ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი, სულ რაღაც 30-წუთიანი, მხატვრული ფილმიც კი არ არსებობს...
вторник, 27 декабря 2016 г.
რატომ ემტერებიან „ნ“-ს?
„ნარიყალა“, როგორც ახლა ვამბობთ, ცნობილია, რომ მონღოლურ-თურქული კომპოზიტია და ნიშნავს „პატარა ციხეს“... გვაქვს ეს სიტყვა კიდევ სხვა ისტორიულ ფაქტში: დავით-ულუ - დიდი დავითი (ლაშას შვილი) და დავით-ნარინი (რუსუდანის შვილი, გურჯი ხათუნის ძმა)... ეს ყველაფერი ყველამ კარგად იცის, უბრალოდ საინტერესო ის არის, რომ სრული ფორმით - ნარინ-ყალა - თბილისის ციტადელის სახელი მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ყოფილა შემორჩენილი და ამის დასტურია გიორგი ერისთავის მიერ გამოცემულ ჟურნალ „ცისკრის“ პირველი ნომრის (1852) ერთი დიდი მხატვრულ-დოკუმენტური მასალა, სადაც გვხვდება ხსნებული ტოპონიმი სრული სახით.
Подписаться на:
Сообщения (Atom)

