среда, 24 февраля 2016 г.

„ფეისბუქი“, 25 თებერვალი, 2016 წელი

წინასაგაზაფხულო მონოლოგი პლატონის და ხინკლის შედარებითი დახასიათებით 

არა, რა... ბატონო სოკრატე! "პლატონის მეგობრობა" უფრო მაღლა დგას საქართველოში, ვიდრე ჭეშმარიტება... პირველად ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ერთი კაცი, ვისაც მისთვის და ჩემთვის არსებული ჭეშმარიტების საფუძველზეც და საერთოდ - მორალურად და ადამიანურად - ევალებოდა, რომ  ჩემთვის შეეწყო ხელი, იძლებული გახდა თავისი მეგობრის ქალიშვილისთვის მიეცა "გზა ფართო", რაც მან, ცხადია, ვერ გამოიყენა, რადგან "ჭეშმარიტებისკენ" კი არა, გათხოვებისკენ ეჭირა თვალი და, ალბათ, ვერც გაამტყუნებდი...
ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა, რასაც მეც შევესწარი - კარგად ნასვამ კაცს ხორცი მიჰქონდა სახლში, უცებ წაბორძიკდა, წაიქცა და ყვავმა გამოსტაცა ის ხორცი... კაცმა სინანულით გახედა ყვავს და თქვა: "მე მაგ ხორცით ხინკალი უნდა გამეკეთებინა, შენ კიდევ დაჯიჯგნი და გადაყრიო"... იმ ქალიშვილმაც "ვერ გააკეთა ხინკალი", სამაგიეროდ მეგობრობა დარჩა ძალაში!

ამდენი ლაი-ლაის მერე რა ვქნა, დავწერო ის, რასაც ვფიქრობ ამა თუ იმ ადამიანზე?
ალბათ, არ ღირს!
ჩათვალეთ, რომ გულში ვთქვი და ამ "ლაი-ლაის" წერისას პარალელურად იბეჭდებოდა გონებაში.... მომავალში აღმოაჩენენ ფიქრების წამკითხველ მანქანას და წაიკითხავენ.

გაზაფხულამდე ოთხი დაძინება-გაღვიძებაღა დარჩა!

воскресенье, 21 февраля 2016 г.

საადი შირაზელი, "ბუსთანი"

...რადგან ეს ბლოგი ერთგვარი დღიურივითაა თანემდროვე ადამიანისთვის, მეც ვეცდები, დროდადრო დავაფიქსირო მიმდინარე ამბები: უკვე მეოთხე თვეა, გაზეთ "ფანტაზიის" PDF-ებს ვაკეთებ და ელექტრონულ ვერსიაში გადამყავს, თან წარსულში ვიხედები - რას და როგორ ვაკეთებდი... 250 ნომრამდე გადავიყვანე, 150 დარჩა....
მეორე თვეა საადის "ბუსთანს" ვთარგმნი და, მგონი სერიოზულად ჩამითრია, ყოველშემთხვევაში მეოთხე კარის 550 ბეითიდან 300 უკვე ვთარგმნე.
დღევანდელი ნაშრომი ეს არის:

ეს განმარტება „ფეისბუქისთვის“ დავწერე: როგორც ჩანს, მავან „მოღვაწეთა“ ცხოვრების წესში არაფერი შეცვლილა მე-13 საუკუნიდან დღემდე... ასე ახასიათებს საადი მათ ვიღაც ერთი პერსონაჟის მაგალითზე დაყრდნობით:


ზენაარს ვფიცავ, ეს კაცი ფარული მორიელია, ცხვრის ქურქში გამოწყობილი ვეფხვი, მგელი თუ გველია. ის კატასავით კრუტუნებს, თითქოს სიავეს გავიწყებს, მაგრამ თუ თხოვნით მიმართე, ძაღლივით ღრენას დაგიწყებს. ასეთები ხომ მეჩეთშიც მხოლოდ სავაჭროდ დადიან, საკუთარ სახლსაც მარტოდენ სავაჭრო დუქანს ადრიან. (285) გზის ყაჩაღი თუ ქარავანს ძარცვავს, შორიდან წამომსვლელს, ამის მსგავსები ღარიბებს ტანიდან ხდიან სამოსელს. ვით ღვთისმოსავებს შეჰფერის, თეთრ ან შავ სამოს იცვამენ, სახლში კი ოქროს სიხარბით აგროვებენ და იცავენ. ხორბალს სთხოვ? - ქერს მოგყიდიან სიხარბით და თვალთმაქცობით, ღარიბ-ღატაკებს ჩაგრავენ ყოველთვის ბატონკაცობით. მლოცველთა შორის მოხუცებს ჰგვანან უძლური ხელებით, მაგრამ თუ ცეკვა დაიწყეს, იქნევენ მათ გახელებით. მათ ჯდომით არასდროს უთქვამთ მხურვალე ლოცვა-ვედრება, ის ურჩევნიათ, ცხოვრება როცა ღრეობას ედრება. (290) მოსეს კვერთხივით ურჩხულად იქცევა ბევრი მათგანი და ყვითლდებიან, თუ სთხოვე ფული, ნივთი ან საგანი. არ სწუხან, ცოდნა და სიბრძნე რად არსებობს და რისია, რწმენით ვაჭრობენ და თვლიან, რომ ესეც საკმარისია.

пятница, 15 января 2016 г.

ღია "შეარი" ბატონ ოლეგ ბასილაშვილს!

15 января 2016, 13:40 | развал страны | СССР | Басилашвили

Басилашвили: Россия повторит судьбу СССР


....ეს მე დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე, ბატონო, ოლეგ (როცა თქვენ "верой и правдой" ემსახურებოდით რუსულ კულტურას...), რომ დაიშლება...

ყველაფერი, რაც ხელოვნურადაა შეკოწიწებული, იშლება იმავე თანამიმდევრობით, როგორწ შეკოწიწდა (თქვენ, ბატონო ოლეგ, სიტყვა "შეკოწიწება", ალბათ, არ გესმით, მაგრამ არა უშავს... როგორმე გაიგებთ, როცა თანამიმდევრობას აგიხსნით).

- მოგეხსენებათ, რუსეთმა ჯერ ურალი დაიპყრო და მერე ციმბირი თავისი ბურიატიებით და უდმურტიებით და ჩუვაშიებით და ა.შ - ეს იყო პირველი წრე (უკრაინა-ბელორისიაც ამ წრეში შევიდა)
- მერე  კავკასია, შუა აზია და ა.შ. და ამით მეორე წრეც შეიქმნა გარშემო.
- მერე ბალტიისპირეთს, პოლონეთს, ფინეთს, კარელიას გადასწვდა.... ესეც მესამე წრე.
- შემდეგ სოციალისტური ბანაკი შექმნა აქეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით და იქით მონღოლეთ-კორეა-ჩინეთით - ანუ მეოთხე წრე...
- კუბა-ვიეტნამი-ანგოლა და ავღანეთიც ასე თუ ისე მეხუთე წრეში მოაქცია....

ამ შეკოწიწების (ახლა გაიგეთ, რას ნიშნავს "შეკოწიწება"?) შემდეგ კი იმავე თანამიმდევრობით დაიწყო წრეების დაკარგვა უკუმიმართულებით - მეხუთედან პირველამდე...
ძალიან კი უჭირს პირველი-მეორე წრეების დაკარგვა, რადგან ისინი იმდენად დიდი ხნის წინ შემოიკოწიწა, რომ "ისკონნო რუსკი" მიწები ჰგონია, მაგრამ, როგორც ხედავთ, კარგავს...

აი, ეს ვიწინასწარმეტყველე 1983 წლის თებერვალში, როცა რუსის ჯარში სავალდებულო სამსახური მოვიხადე (დავბრუნდი თბილისში) და ასე ვთქვათ, "შიგნიდან" დავინახე ამ შეკოწიწებულის აგებულება... მე სულ რაღაც ორ წელიწადში გავიგე, რომ რუსეთი დაიშლება, თქვენ კი თითქმის 80 წელი დაგჭირდათ ამისთვის?! მაგრამ როგორც ნათქვამია лучше поздно, чем никогда.

გმადობთ ყურადღებისთვის, ბატონო ოლეგ!

вторник, 15 декабря 2015 г.

ოდესმე დიდი იქნება!


1. 
...დღეს ჩემი ერთი ფრენდის მოსაზრება წავიკითხე იმის თაობაზე, რომ მოსწავლეს "შეცდომა" უნახავს მურმან ლებანიძის ცნობილ ლექსში:
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, 
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო....

მართალია, აქ აზრობრივად უნდა იყოს - ოდესღაც დიდი ყოფილა... ჰოდა, ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ ბატონმა მურმანმა ლექსის მუსიკალურობის შესანარჩუნებლად თავი აარიდა ამ "ღან"-იან სიტყვას და ამიტომაც დაწერა - ოდესმე დიდი ყოფილა-ო...
თავად განსაჯეთ - ეს "" ერთგვარად ამუხრუჭებს აზრის (...და ჰარმონიის) დინებას იმ მთავარ ფრაზამდე (დიდი ყოფილა საქართველო), რის თქმაც პოეტმა მოისურვა:

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, 
ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო....

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აშკარად ვიგრძენი ეს "მუხრუჭი", თუმცა კიდევ ერთი რამის თქმა მინდა ამ "ოდესმე"-ს შესახებ.

2.
ზოგადად იმის დიდი წინააღმდეგი ვარ, როცა მავანი კრიტიკოსები (ლიტ.მცოდნეები და ლიტ.ექსპერტები) "ხედავენ" ნაწარმოებში იმას, რაც ავტორს არ უთქვამს და დიდი შემართებით სურთ დაგვარწმუნონ იმაში, რომ პოეტმა თუ მწერალმა იგულისხმა ესა თუ ის მისტიკურ-რელიგიური თუ თუნდაც ყოფითი მოვლენა (ცნება... ფაქტი... ამბავი...); შემხვედრია ისეთი გამოკვლევები, სადაც მკვლევარი 10-20-30-ჯერ მეტს წერს იმაზე, რაც ავტორს უწერია... ერთი სიტყვით, არ მჯერა ასეთი "ექსპერტებისა".
...და ეს დიდი შესავალი იმიტომ დავწერე, რომ მოგახსენოთ - ბატონმა მურმანმა ეს იგულისხმა, თუ არა, არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ, მხოლოდ ჩემი ვარაუდია ეს და თუ არ მოგეწონებათ, არ დაიჯეროთ არაფერი, რასაც ვიტყვი...

იქნებ ეს "ოდესმე" სრულიად შეგნებულად დაიწერა, რათა მკითხველმა ქვეცნობიერად ასეც წაიკითხოს ლექსი?! (შესწორებები შევიტანე მე და ბოდიშს ვიხდი ბატონი მურმანის ხსოვნის წინაშე, მის ტექსტში ჩარევის გამო).

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, 
ოდესმე დიდი იქნება საქართველო. 

იქნება დავით-მეფე-აღმაშენებელი, 
იქნება ოპიზარი-გასაშტერებელი; 

იქნება მოდრეკილი, იქნება ცურტაველი, 
რასაც კვლავ მოჰყვება შოთა რუსთაველი... 

ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო, 
ოდესმე დიდი იქნება საქართველო. 

იქნება ნიკოფსით-დარუბანდამდე 
გაჭენებული და გამოჭენებული; 

რტოებგაშლილი და გამოჩინებული, 
იქნება ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული

* * *
(ოდესმე იქნება! - ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ჩვენ ყველას გვაქვს).

вторник, 17 ноября 2015 г.

დაგვიანებული მონოლოგი

(17 ნოემბერი, 2015 წელი)

...მესამე დღეა, გურჩენკოზე შექმნილ სერიალს ვუყურებ... 10 სერია ვნახე, კიდევ აქვს გაგრძელება და ველოდები, როდის აჩვენებენ კინოთეატრ "YouTube"-ში... თავად სერიალი კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ბევრ საინტერესო ფაქტებზეა იქ საუბარი და პირადად ჩემთვის ზუსტი პასუხი გასცა იმ კითხვას, რაც დიდი ხანია, დავიწყებული მაქვს, მაგრამ მაინც მიღრღნის ხოლმე ხანდახან გონებას ეჭვით და გაურკვევლობით.

ფილმში არის ასეთი ეპიზოდი: "Карнавальная ночь"-ის (56-ში გადაიღეს) ფანტასტიური წარმატების შემდეგ, ჯერ კიდევ სტუდენტ გურჩენკოს ათასი თვალი დაუწყებს დევნა-თვალთვალს და მათ შორის КГБ-ც და საბოლოო ჯამში დაიბარებენ მას და შესთავაზებენ აგენტობას, ანუ გურჩენკოს უნდა მიეტანა ინფორმაცია იქ თავისი გარემომცველი წრის შესახებ... როგორც ირკვევა, იმ წრეში ძალიან ბევრი ჯაშუშობდა ისე, რომ ერთმანეთის ენატანიობის შესახებ არაფერი იცოდნენ და ასე აბეზღებდნენ ერთმანეთს... გურჩენკო აგენტობაზე უარს იტყვის და ის თანამშრომელი "სუკისა" დაჰპირდება, რომ ცხოვრებას გაუმწარებდა და ვეღარ მიიღებდა როლებს... ასეც მოხდა, 70-იან წლებამდე პრაქტიკულად დავიწყებული იყო ეს უნიჭერესი ქალი და, უმუშევრობით გაწამებული, შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა...

(ბევრი უნდა დავწერო, ნერვები ამეშალა)
ჩემი ცხოვრება ამ დიდი მსახიობთან რა მოსატანია, მაგრამ მსგავსი რამ თურმე მეც შემემთხვა და აქამდე არ მჯეროდა, რომ მეც დამმართეს იგივე: 

79-ში დავამთავრე უნივერსიტეტი და 81-ის თებერვლამდე სამჯერ დამიბარეს  КГБ-ში - ჩვენი თანამშრომელი უნდა გახდეო... მე რომ უარს ვეუბნებოდა მათთვის მიუღებელი სხვადასხვა მიზეზის გამო, მერე დედაჩემთან მოვიდნენ და დაუწყეს "ლამაზი პერსპექტივით" მოხიბლვა და დედაჩემიც დამხვდა ერთხელ საყვედურებით - მეტი რა გინდა?! ამაზე უკეთეს რას ნახავო?! - და ა.შ. მართალია, მე არავინ დამმუქრებია, მაგრამ ორი წლის განმავლობაში მაინც ვერ ვიშოვე სამსახური... ზოგი ჭირი მარგებელია და 81-ში ავღანეთში წამიყვანეს თარჯიმნად და ორი წლის განმავლობაში აღარავინ მომკარებია (მხოლოდ იმას მაძალებდნენ იქაური რუსის "პოლკოვნიკები", რომ პარტიის წევრი გავმხდარიყავი, რაზედაც ასევე უარი ვუთხარი)... 
...83-ში საქართველოში რომ დავბრუნდი, ისევ გამომეცხადა ვიღაც ცანცარა რუსი (შესაბამის ქვეყანაში გაგზავნის და იქ "სამოთხისებური" ცხოვრების პერსპექტივით) და მასაც რომ ვუთხარი უარი, დაიწყო ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი: ყველგან უარი მითხრეს სამსახურზე, არც ჩემი ენის ცოდნა აინტერესებდათ, არც თარგმნის უნარი და ა.შ. ერთ ინსტიტუტში ძალიან კარგად მიმიღეს, ერთ კვირაში მოდი და მოიტანეო საბუთები, მაგრამ რომ მივედი, უარი მითხრეს - გადავიფიქრეთო (ერთი კვირის განმავლობაში, ალბათ, მიიღეს პასუხი "იმ ორგანოდან")... ერთმა კაცმა, რომელსაც, მორალურად მაინც, ევალებოდა ჩემი დასაქმება, საერთოდ ზურგი მაქცია... (ოციოდე წლის შემდეგ კი მითხრა - სადა ხარ, სად დაიკარგეო?!); მთარგმნელთა კოლეგიაში - ორიოდე წლის წინ მითხრა ერთმა ჩემმა კოლეგა-ირანისტმა - თურმე მას, როგორც ირანისტს, დაავალეს, რომ ჩემს თარგმანებზე ცუდი რეცენზია დაეწერა (რაზედაც მან უარი განაცხადა), მაგრამ სამაგიეროდ სხვას დააწერინეს თურმე და ორწლიანი ლოდინის შემდეგ, რომლის განმავლობაში, იმ იმედით, რომ ამიყვანდნენ შტატში, ვთარგმნე და ჩავაბარე შესაბამის განყოფილებას პრაქტიკულად მთელი კლასიკური სპარსული (ტაჯიკური) პოეზიის პწკარედიც, რომელიც სხვებს უნდა გაელექსათ, მაგრამ მითხრეს - რომ თავისუფალი შტატი არ აქვთ და ვერ მიმიღებენ. არადა, ამ დროს იმ კოლეგიაში ორასამდე თანამშრომელი იყო, რომელთაგან მხოლოდ ათიოდე კაცი აკეთებდა საქმეს, ეს ერთმა იქ მომუშავე ძალიან ცნობილმა პიროვნებამ მითხრა, რომელიც ერთადერთი გულშემატკივარი იყო ჩემი (სხვათა შორის, "ცისფერი მთები" ზუსტად იმ შენობაშია გადაღებული და იქ არსებულ რეალობას ასახავს და ხანდახან მგონია, რომ ჩემ შესახებაა შექმნილი ეს ფილმი). ერთი სიტყვით, 1989 წლის აპრილამდე ყველგან უარს მეუბნებოდნენ და "ცხრა აპრილის" მოვლენების შემდეგ, რომლის შედეგად ბევრმა დაყარა პარტიული მანდატები (როგორც ჩანს, კიდევ სხვა "მანდატებიც")  იმ მოტივით, რომ - "რას ლაპარაკობ, კომპარტიაში ძალით მიმიღეს, რა მინდოდა ამ პირსისხლიან კომუნისტებთანო"... - ასე თუ ისე მეც მეშველა.
1989 წლის სექტემბერში ერთ სკოლაში მიმიღეს მასწავლებლად, მერე ჩემს მშობლიური სკოლაში გადავედე და როცა კუპონით მიღებული ხელფასით, ერთი კოლოფი სიგარეტის გარდა, არაფრის ყიდვა არ შემეძლო, წავედი და პოლიგრაფიულ საქმეში ჩავერთე, კომპიუტერიც გამოჩნდა, გაზეთის, ჟურნალის თუ წიგნის კეთებაც ვისწავლე, მერე ჩემი გაზეთი "ფანტაზია" შევქმენი და ამით ვიარსებე 2011 წლამდე... ამ საქმეში ჩემთვის ხელი არავის შეუშლია, რადგან (...როგორც გურჩენკოს მსგავსი მსახიობები იყო თითებზე ჩამოსათვლელი) ჩემი მსგავსი "კროსვორდისტიც" თითოოროლა იყო მაშინ (ახლა არ ვიცი, ჩამოვშორდი უკვე კროს-სამყაროს) და აღარც ის სახელმწიფო არსებობდა თავისი "бдительный" მოქალაქეებით... ახლობლები დამცინოდნენ - Такие кроссвордисты на улице не валяются-ო, კიევში კი 2006 წელს ერთ რედაქციაში ერთხელ მითხრეს - Вы король кроссворда-ო და не только грузинского-ო!

აი, ასე "გასცა პასუხი" ფილმმა გურჩენკოს შესახებ ჩემს კითხვას - "შესაბამისმა ორგანოებმა" დაბლოკეს თურმე ჩემი ცხოვრება და ამიტომაც ვიყავი უმუშევარი თითქმის ათი წელი (...როგორც ასეთ შემთხვევაში ხდებოდა - კი ვმუშაობდი, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის მქონე საქვაბეებში და მისთანებში, რადგან ჩემი გონებრივ-ინტელექტუალური პარამეტრები დიდ საშიშროებას წარმოადგენდა (თურმე!) СССР-КПСС-ისათვის, რომლებმაც 70-წლიანი "Карнавальная ночь" გაუმართეს დედამიწის ერთი-მეექვსედზე მცხოვრებ ადამიანებს.

пятница, 9 октября 2015 г.

ვითომ ხვალ საკონტროლო წერა მაქვს

(სკოლაში სწავლისას არ ვწერდი ხოლმე წინასწარ თემებს და ახლა გამოვასწორებ ჩემს "დანაშაულს" და რომ მივალ "ცად" ჩემს მასწავლებელთან, გავახარებ)

არ ვიცი, მავანი მეცნიერნი რატომ ცდილობენ, რომ ყველა დიდ და მნიშვნელოვან (კლასიკურ!) ნაწარმოებში მისტიური, ღვთიური, ასტრალური და მისი მსგავსი საწყისები დააფიქსირონ და შემდეგ მკითხველს აუწყონ, რომ ისინი ჩაწვდნენ ამ არაამქვეყნიურობას და დაინახეს ის, რაც ავტორმა არ თქვა...
არადა, იბადება სრულიად ლოგიკური კითხვა - რატომ არ თქვა ავტორმა - ვინმე უშლიდა თუ არ შეეძლო?
მაგალითად, დავით გურამიშვილის "ზუბოვკის" შესახებ ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
მავანნი დიდის გულმოდგინებით ამტკიცებენ, რომ გზად მიმავალ პოეტს არაამქვეყნიური არსება მოევლინა და მასში მისტიური ხილვები წარმოშვა... საიდან ასკვნიან? პოეტს უწერია ეს? - არა. არ შეეძლო დაეწერა? - რა თქმა უნდა, შეეძლო; გურამიშვილი მთელ "დავითიანში" თვალნათლივ და ცხადად წარმოაჩენს თავის რელიგიურ ხედვებს (როგორც ახლა იტყვიან) და რაღა ამ ლექსში შეიკავა თავი?! ან იქნებ სალექსო ზომას და რითმას ვერ მოარგებდა თავის სათქმელს და ამიტომაც გამოიყენა ასეთი მეტაფორები: "ზუბოვკა" და "ქალი"?! დავითმა რომ ჩვეულებრივი უკრაინელი ქალი ნახა და მასთან გაბაასებაში ტიპიური ქალური რეაგირების მომსწრე შეიქნა, კარგად ჩანს ამ სტრიქონებში:
ასე მითხრა: «ჩამომეხსენ, გამეცალე, მარი,
არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა მყავს კარგი მყვარი...

მითხრა: «შენგნით ნუმცა მსმია სიტყვა მაგის მეტი».
აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი...

მერმე ტკბილად დამიყოვა, კიდეც გამიცინა;
ასე მითხრა: «აქ ნუ ვსხედვართ, გვნახოს არავინა...

ხედავთ აქ რაიმე მისტიურ-ასტრალურ-არამქვეყნიურს?!
როგორც ჩანს, მავანი მეცნიერნი ამ სიტყვებმა ააცდინა ჩვეულებრივ ყოფით აღქმას:

დამპირდა, თქვა: «კიდევ მოვალ», აწ მე იმას ველი:
მისთვის ვსტირი, ცრემლითა მაქვს უბე, კალთა სველი.
სიკვდილის დროს მე მის მეტი არავინ მყავს მშველი,
მან გამიღოს სამყოფისა კარი შესასვლელი...

აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?
ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.
ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!...

ღრმა მოხუცებულობის ჟამს გაახსენდა მარტოობით გაწამებულ დავით გურამიშვილს ის ქალი, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა ("კულავ სადმე ამოივლი, მე დაგხვდები წინა"), არ მიეცა ამის საშუალება, გავიდა მას შემდეგ დიდი ხანი და მისმა მსურველმა პოეტმა (...გული მისთვის ხურსა) ივარაუდა, რომ ის ქალი გარდაიცვალა და ცაში ავიდა და ამიტომაც სთხოვს - მეც მანდ წამიყვანეო...
ვიმეორებ ჩემს კითხვას - რა არის ამაში მისტიურ-ასტრალურ-არაამქვეყნიური?!
* * *
იცხოვრეთ, პატივცემულებო ჩვეულებრივი, ამქვეყნიური ხედვებით... კაცობრიობამ იმდენი რელიგია და მისტიციზმი შექმნა, რომ პოეტების სატრფიალო გრძნობების დამატებას არცერთი მათგანი არ საჭიროებს და ვეღარც ვეღარავის გააკვირვებთ თქვენი კვლევის სიღრმისეული და ალეგორიული მეთოდებით....

აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ, ვინც უკრაინაში ყოფილა და ამ ქვეყნის ქალაქელებთან ერთად სოფლის მცხოვრებნიც უნახავს, დამეთანხმება, რომ ზოგი მართლა ისეთი ქალი იარება იქ გზებზე, რომ კაცები ისე გაოგნებულნი მისდევენ ხოლმე, როგორც იმ ცნობილ ნაწარმოებშია - ნილსი რომ ჯადოსნურ სალამურს მოიმარჯვებს და მთელი ქალაქის ვირთხებს შლეიფად მოიკიდებს.

суббота, 26 сентября 2015 г.

Кетевана Константинович

ქეთევანების დღესთან დაკავშირებით ანუ ამბავი იმისა, 
თუ როგორ გადაიქცა ქალბატონი ქეთევან მაღალაშვილი კაცად (?!)
და კიდევ ანუ
რატომ არ შეიძლება სიტყვების უაზროდ შემოკლება 
ენციკლოპედიებში
(გაზ. "ფანტაზია" #263, 2002 წელი)

ჩვენს უნივერსალურ ენციკლოპედიაზე მუშაობისას თანდათანობით გამოიკვეთა ის აზრი, რომ სიტყვათა შემოკლება არ არის გამართლებული ქმედება, რადგან, გარდა გაღიზიანებისა, მრავალი შეცდომის სათავეც ხდება.
სიტყვათა შემოკლებით განსაკუთრებით გამოირჩევა ძველი საცნობარო ლიტერატურა, რაც გარკვეულწილად გამართლებული იყო იმდროინდელი პოლიგრაფიული (არაკომპიუტერული) მეთოდებისა და საშუალებების გათვალისწინებით. დღეს კი ყველაფერი ძალზედ სწრაფად და ადვილად სრულდება კომპიუტერის მეშვეობით და "შემოკლებებს" აზრი დაეკარგა.
ასე მოიქცნენ რუსული კომპიუტერული ენციკლოპედიის შემდგენლებიც, რომლებაც საბაზოდ ენციკლოპედიური ლექსიკონი (წიგნი) აიღეს, სიტყვები გაშალეს და სწორედ აქ მოხდა კურიოზი, რაც ჩვენთვის ძალზედ გულდასაწყვეტია და რაც უკვე ვაცნობეთ ხსენებული კომპიუტერული ენციკლოპედიის რედაქციას.
1990 წელს გამოცემულ "Советский Энциклопедический Словарь"-ში წერია ასე:
МАГАЛАШВИЛИ Кетевана Конст. (1894-1973), сов. живописец, нар. худ. Груз. СССР (1961). Портреты («Я. Николадзе», 1922) отличаются тонкостью психологических характеристик
როგორც ხედავთ, აქ ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ქეთევანი Кетевана გახდა და გაურკვეველია, ეს პიროვნება ქალია თუ კაცი; სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დემოკრატიულ-კომპიუტერული ეპოქის ენციკლოპედისტები "იძულებულნი" გახდნენ ტრანსსექსუალური ოპერაცია ჩაეტარებინათ, თუმცა კი, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი бдительность გამოამჟღავნეს და "საბჭოთა მხატვრის" ნაცვლად "ქართველი მხატვარი" დაწერეს, ასევე შეიცვლა Груз. СССР საქართველოდ.
ასე და ამრიგად, დღეს Большая Энциклопедия Кирилли и Мефодия 2000 ასეთ ინფორმაციას იძლევა:
МАГАЛАШВИЛИ Кетевана Константинович (1894-1973), грузинский живописец, народный художник Грузии (1961). Портреты («Я. Николадзе», 1922) отличаются тонкостью психологических характеристик.
ჩვენ, რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს შეგნებული ანტიქართული ქმედებაა (...მიტინგზე ხომ არ ვართ?!).
ეს უბრალად საწყენი ფაქტია, რაც იმედია, შემდეგ გამოცემაში შესწორდება.
...მთავარი "დამნაშავენი" კი ძველი პოლიგრაფისტები არიან, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მხოლოდ "Кетевана"-ა საკმარისი იმისათვის, რომ მკითხველმა ქალი და კაცი ერთმანეთში გაარჩიოს, ახლებმა კი ქალბატონი ქეთევანი Константинович-ად მოიხსენიეს.