среда, 11 июня 2014 г.

ლურჯი ფრინველი

ცოტა ნაადრევი ძილისპირული
(მიტომ ვწერ, რომ არ დამავიწყდეს)

...სანამ ბათუმელი პოლიტიკოსები  ბობოქრობენ და ჟურნალისტების წინააღმდეგ მუშაობის დაწყებას გეგმავენ, მე ორი "პატარა" აღმოჩენის შესახებ დავწერ ორიოდე სიტყვას:

1. ვერლიბრის სათავეებში მავანნი უოლტ უიტმენს რომ ხედავენ, ეს არ უნდა იყოს სწორი, რადგან ჯალალ ედ-დინ რუმის ინგლისურენოვანი თარგმანები სხვა არაფერია, თუ არა ვერლიბრი, რადგან მთარგმნელები ვერ ახერხებდნენ მისი პოეტიკის თარგმნას; რიტმი, რითმა, ალიტერაციები... ეს ინგლისურში პირწმინდად იგნორირებულია, მათ გარეშე კი ლექსის შინაარსი სრულიად პროზაული ჩანს, ოღნდ აზრი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე ხტის ერთი საკითხიდან მეორეზე, არანაირი შინაარსობლივი (მით უმეტეს - სიუჟეტური) კავშირი არ არის... ერთი სიტყვით, გეცნოთ, ალბათ, "პოეზიის" სახესხვაობა.

2. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ნაირგვარი სიმბოლიზმ-იმპრესიონიზმ-დადაიზმ-ფუტურიზმები ბობოქრობდნენ (...ბათუმელი პოლიტიკოსებივით!), იმახანად ძალიან პოპულარული იყო ბელგიელი დრამატურგის მორის მეტერლინკის პიესა "ლურჯი ფრინველი"... მერე ფილმიც გადაიღეს ჰოლივუდში - ელიზაბეტ ტეილორი თამაშობდა.... ჰოდა... ინებეთ ეს "ლურჯი ფრინველი":
وان مرغ آبی را بگو مستان سلامت می‌کنند
ეს არის 534-ე ყაზალში "მორღ-ე აბი"... ეს სხვა არაფერია თუ არა "ცისფერი, ლურჯი ფრინველი" და ეს სიტყვები შეგნებულად წერია ცალ-ცალკე (  مرغ  آبی ), თორემ ერთად რომ დაეწერათ ( مرغآبی  ) "იხვი" გამოვიდოდა... 
რაც შეეხება სიმბოლიზმ-იმპრესიონიზმ-დადაიზმ-ფუტურიზმების ბობოქრობას... მთელ მათს მიმდინარეობებს ყველა ქვეყანაში თავისი მრავალათასიანი "არტისტებით" და მათივე "ვაზელინებით" ერთი ჯალალ ედ-დინ რუმი აჯობებდა  სიმბოლისტ-იმპრესიონისტ-დადაისტ-ფუტურისტობაში... 1979 წელს გაცემულ ჩემს ლურჯ დიპლომს გეფიცებით, რომ არ გატყუებთ!

P.S. ისე კი, იხვი რომ აფრინდება ხოლმე ცაში, ხანდახან ლურჯად ჩანს, ხოლო ბატი - თეთრად.

воскресенье, 8 июня 2014 г.

პირველი სიყვარული - სიზმარში!

1966 წელს გერმანიის ნაკრები რომ ვნახე პირველად თავისი მაიერით, შნელინგერით, ბეკენბაუერით, ოვერატით, ზეელერით, ჰალერით და მიულერით და... ეს ნაკრები შემიყვარდა და დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ჩემპიონატზე მათ ეკუთვნოდათ გამარჯვება... მერე ბრაზილიის დიდი გუნდიც ვნახე, ჰოლანდიისაც, არგენტინისაც, საფრანგეთისაც, იტალიისაც, ესპანეთისაც... სულ დიდები და დიდრონები და ისინიც შევიყვარე, მაგრამ პირველი სიყვარული მაინც ყველაზე ძლიერი ყოფილა!
მგონია, რომ წელს გერმანია ჩაუტარებს 200 მილიონიან ბრაზილიას ფეხბურთის მასტერ-კლასს... კი მეცოდება ეს ამხელა ქვეყანა, ახლა ერთ ბურთად რომ არის შეკრული, მაგრამ რა ვქნა?! - აკი გითხარით - პირველი სიყვარული ყველაზე ძლიერი ყოფილა!
...ან ის გუნდი რომ მახსენდება - 1972 წელს სსრკ-ს ევროპის ჩემპიონატის ფინალში 3:0 რომ მოუგო.... აუჰ! რა იყო!!! მერე ბრაიტნერი და რუმენიგე და ფიოლერი და კლინსმანი და კალცი და მათეუსი და... ხოხ! ცეცხლი და აჯიკა იყო - ნეტცერი დამავიწყდა!

ერთი სიტყვით - გაუმარჯოს პირველ სიყვარულს!
მე წავედი დასაძინებლად!
დღეიდან მინიმუმ ერთი თვე საფეხბურთო სიზმრები გვექნება!
მსოფლიო ჩემპიონატს ყოველთვის ვუყურებ, ეს ბარსელონა-მარსელონა-რეალ-მეალი არ მაინტერესებს... Вот так! 

четверг, 5 июня 2014 г.

მთარგმნელის მონოლოგი - 2

მთარგმნელის პირველი მონოლოგი შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://elerda.blogspot.com/2013/02/blog-post_7230.html

რაც შეეხება მეორეს: 
გაგიგიათ, ალბათ - გამჩენი არ ასვენებსო... 
ჩემი საქმეც ასეა - დილიდან ამეკვიატა სურვილი იმისა, რომ "ვეფხისტყაოსნის" რუსული თარგმანები წამეკითხა... რატომ? - არ ვიცი. მაგრამ როცა წავიკითხე, ძალიან საინტერესოდ მეჩვენა მათი ანალიზი, თუნდაც ერთი ყველასათვის ცნობილი სტროფისა ოღონდ... იმ ადამიანების თვალით, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ თარგმანი ზედმიწევნით ახლოს უნდა იყოს ორიგინალთან, რადგან მათ აინტერესებთ ის, თუ რას და როგორ წერდა, ვთქვათ, რუსთველი და არა ვინმე ზაბოლოცკი ან პეტრენკო. კი ბატონო, განვიხილოთ თარგმანის ოთხი ვარიანტი.

1 ---------------------------------------------
შალვა ნუცუბიძის თარგმანში ვკითხულობთ:
Был в Аравии властитель Ростеван, судьбой взнесенный, 
Благородный и доступный, мощью войска окрыленный.
Добрый, щедрый, правосудный, в управленьи умудренный. 
Безупречный был он витязь, красноречьем озаренный
(ჩავრთოთ მეორე მიკროფონი)
- რატომ ჰგონია მთარგმნელს, რომ "მეფე" და "მპყრობელი ანუ მბრძანებელი" ერთი და იგივე რამ არის?!
- ნუთუ "ღმრთისაგან სვიანი" ასე უნდა ეთარგმნა - судьбой взнесенный?! სად ჩანს ღმერთი?!
- მაღალი - Благородный?! მდაბალი - доступный?! (ო, მაი გოდ?!)' ლაშქარ-მრავალი, ყმიანი - мощью войска окрыленный?! ლაშქრის ძალით ფრთაშესხმული რა არის?! ან ყმები რატომ დაივიწყა?! მოუბარი წყლიანი - красноречьем озаренный.... სად წყალი და სად Заря?! ესაა თარგმანი?!
(პირველი ანუ ჩემი მიკროფონი): "პირადად მე ბატონი შალვას თარგმანი ძალიან მომწონს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, იმ ადამიანის თვალთახედვით განვიხილე, ვინც ითხოვს სიზუსტეს და როგორც მათ უყვართ თქმა - სურვილი აქვთ წაიკითხონ რუსულად "შოთა" და არა "შალვა".

2 ---------------------------------------------
განვაგრძოთ ასეთი ადამიანის ტყავში ყოფნა და ახლა ვნახოთ ნიკოლაი ზაბოლოცკის თარგმანი:
Жил в Аравии когда-то царь от бога, царь счастливый,
Ростеван, искусный воин и владыка справедливый.
Снисходительный и щедрый, величавый и правдивый,
Был он грозный полководец и мудрец красноречивый.
ამას კი შუნარჩუნებია "ღმერთი" (бог), მაგრამ ეს царь რა არის?! როდის იყო არაბებს царь-ები ჰყავდათ?! ეს რუსები იმ когда-то ხანაშიც არ ასვენებდნენ მახლობელ აღმოსავლეთს?! მერე ყველაფერი გადაუდგილებია - მეომარი უებრო შოთასთან მეოთხე სტრიქონშია, ნიკოლაისთან - искусный воин, ან ეს грозный полководец (მრისხანე მხედართმთავარი) საიდან გაჩნდა?! აკი გეუბნებით - სულ თავისი მრისხანე царь-ები ახსოვთ... Неужели Ростеван Грозный - Предок и Однофамилец Ивана Грозного (?!) 
"შოთა" ვიკითხო მე რუსულად თუ ნიკოლაი (ზაბოლოცკი), ხოხ?!

3 ---------------------------------------------
პანტელეიმონ პეტრენკო:
Ростеван был царь арабский, божьей милостью храним;
Войск бесчисленных властитель, был он щедрым и простым.
Мудр, любезен, правосуден, прозорлив, неотразим,
Кроме доблести прославлен красноречием своим.

(პირველი მიკროფონი) სანამ იმ კრიტიკოსს გადავცემდე სიტყვა, მე გეტყვით ჩემს აზრს, რომ თარგმანი ძალიან ახლოს დგას ორიგინალთან და კარგადაც ჟღერს... ახლა ჩავრთოთ მეორე მიკროფონი:
რა არის ეს?! რატომ უნდა ვიკითხო მე ვიღაც უკრაინელი პანტელეიმონის ბჟუტური? აქაც არაბი царь გვხვდება და მან არ იცის, რომ იქ მეფეს "ხალიფა' ჰქვია (ერქვა)... ეს неотразим რა არის?! რომელი მონიკა ბელუჩი ან ანჯელინა ჯოლი იგია, რომ неотразим-ი იყოს?! მაღალი და მდაბალი - щедрый и простой?! - О, Боже! სად იყურებიან ეს რედაქტორები?! რატომ აჭაჭანებენ ასეთ ვაი-მთარგმნელს?!

4 ----------------------------------------------
კონსტანტინე ბალმონტი:
Был в Арабии певучей царь от бога, царь могучий,
Рати сильного — как тучи, вознесенный Ростэван.
Многим витязям бессменный знак и образ несравненный,
Птицезоркий, в зыби пенной все увидит сквозь туман.

(ისევ მეორე მიკროფონია ჩართული) ამას შიდა რითმების გასაკეთებლად певучей და тучи გამოუყენებია, აძალებდა ვინმე?! სიმღერ-სიმღერით ღრუბლებისებრ მაცხოვრებელი Ростэван-ი თქვენთვის დაიტოვეთ! თანაც ყველაფერს ხედავსო сквозь туман და არისო Птицезоркий.... არა, ბატონო! - მე მინდა "შოთა" რუსულად და არა ვიღაც Костя-Константитн... Понятно?! ჩემო კოწია, თარგმანი უნდა იყოს ზუსტი - ზომით, წონით, სალექსო საზომით, ლექსიკით, რითმებით...  "თავისუფალი" მე გიჟი გამიგია და არა თარგმანი!
(გამოვურთოთ მიკროფონი)
------------------------------
ერთი სიტყვით, ამ ადამიანების ლოგიკით უნდა დავიცადოთ მანამ, სანამ "რუსი შოთა" არ გამოჩნდება და სიტყვა-სიტყვით, უზუსტესად არ თარგმნის "ქართველი შოთას" პოემას, მაგრამ მათ ის არ აღელვებთ, რომ ასეთ "ზუსტ თარგმანში" დაიკარგება პოეზიაც და პოემის ხიბლიც და რუსი მკითხველი ვერაფრით დაიჯერებს, რომ ქართველებს მე-12-13 საუკუნეებში დიდი პოეტი ჰყავდათ, მათ ხელში შერჩებათ მდარე ლექსი და არა ბალმონტის ან ზაბოლოცკის მშვენიერი პოეზია... რუსთველის ლექსით შთაგონებული.

პირველი ნაწილის დასასრული.... 
საფეხბურთო-იუმორისტული გაგრძელება, ალბათ, იქნება ცოტა მოგვიანებით... ვეცდები მალე დავწერო.


 (გაგრძელება)
საფეხბურთო-იუმორისტული ნაწილი

თარგმანის სიზუსტეზე რომ ვფიქრობ, ერთი ამბავი მახსენდება საბჭოთა ფეხბურთის ისტორიიდან:
1965 წლის 4 ივლისს მოსკოვში შედგა ამხანაგური მატჩი სსრკ-ს და ბრაზილიის (იმხანად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის) გუნდებს შორის, ეს თამაში მოიგეს ბრაზილიელებმა და პელემ გაიტანა ორი გოლი.
ამ მატჩში მონაწილეობდნენ ქართველი ფეხბურთელებიც (იხილეთ ფოტო) და სწორედ ერთ მათგანს, გიორგი სიჭინავას, დაავალეს პელეს "დაჭერა"; ფეხბურთის ძველი გულშემატკივრებისგან მსმენია, რომ თამაშის შემდეგ ბატონ გიორგის უთქვამს: ერთხანს კი ვდიეო, მაგრამ მისი "დაჭერა" შეუძლებელია, ამიტომ თავი დავანებე, მე ჩემი თამაში დავიწყე და გავიფიქრე ახლა შენ მდიე-მეთქი... ეს, ასე ვთქვათ, საფეხბურთო იგავია, რაც ბევრი არსებობდა იმხანად; შესაძლოა უმეტესი  მათგანი მუშტაიდის ან კიროვის ბაღების ბირჟებზე ითხზვებოდა გადაჭარბებული ფანტაზიის მქონე გულშემატკივრების მიერ, მაგრამ მე ეს ამბავი გიორგი სიჭინავას შესახებ ძალიან მომწონს და მინდა, რომ სიმართლე იყოს, რადგან თუნდაც ამ ჩვენი საუბრის თემაში ძალინ ჰგავს მთარგმნელის და ავტორის ურთიერთობას, ანუ: დაუწყებ დევნას და არ მისცემ თავისუფალი მოქმედების საშუალებას? -  ვერც შენ ითამაშებ და ვერც ის.
ფეხბურთელს რომ შეესრულებინა ზუსტად ის დავალება, რაც მწვრთნელმა მისცა, რა მოხდებოდა? შესაძლოა, შექმნილიყო დაახლოებით ასეთი სიტუაცია: არ მიეცემოდა პელეს ნორმალური თამაშის საშუალება, ვერც სიჭინავას კარგ თამაშს ნახავდა მაყურებელი; პელე ვერ გაიტანდა ორ გოლს, ვერ გაახარებდა ბრაზილიის ტორსიდას, ვერ აჩვენებდა საბჭოთა მაყურებელს დიდ ფეხბურთს, სიჭინავა არ მიიპყრობდა ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღებას და, ალბათ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანდნენ და ასე შემდეგ... სამაგიეროდ, დავალებათა "ზუსტი" შესრულების შემთხვევაში, თამაში, შესაძლოა, დასრულებულიყი ფრედ: 0:0 და კმაყოფილი იქნებოდნენ: Начальство сборной команды СССР по футболу, Госкомитет физкультуры и спорта СССР, Руководство КПСС, ВЛКСМ, ВЦСПС и Лично Дорогой Леонид Ильич Брежнев.... 

ახლა ვნახოთ პატარა სიუჟეტი ამ მატჩის შესახებ, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორი გახარებულია საბჭოთა ხალხი, მიუხედავად დამარცხებისა, ასი ათასი გულშემატკივრი: ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა... მათ შორის ჩანს ერთ კადრში ერთი რიგითი საბჭოელი მოქალაქე Коля, რომელთან ინტერვიუსაც ასევე წავაწყდით "youtube"-ზე და მას სიუჟეტის ხილვის შემდეგ შემოგთავაზებთ:
https://www.youtube.com/watch?v=4cFmvC_Tdqg
ახლა გავეცნოთ ინტერვიუს კოლიასთან
Корреспондент газеты "Советский Спорт" - Вы довольны игрой, Николай Петрович?
Николай Петрович (просто Коля... передовик ппризводства, отличный семьянин) - Да, конечно доволен, я увидел действующих чемпионов Мира, игру самого Пеле! Наши тоже играли хорошо, показали грамотный футбол, не портили игру...
Корреспондент - Но мы же проиграли 0:3?!
Коля: Ну и что? Зато был красивый футбол!
Корреспондент: А Начальство сборонй команды СССР по футболу, Госкомитет физкультуры и спорта СССР, Руководство КПСС, ВЛКСМ, ВЦСПС и Лично Дорогой Леонид Ильич Брежнев... они ведь недовольны?!
Коля - Сказать?
Корреспондент - Говорите!
Коля - Да, пошли они....

აქ, სამწუხაროდ, ცენზურის ჩარევის გამო, წყდება ინტერვიუ და გთავაზობთ ოთხ სავარაუდო პასუხს, დაასრულეთ კოლიას ფრაზა - Да, пошли они все.... 
ა) ... на все четыре стороны!
ბ) ... к черту!
გ) ... на определенный человеческий орган
დ) ... в определенный человеческий орган

(შეგახსენებთ, რომ თქვენ გაქვთ სამი დახმარების უფლება: 1. ფრენდების დახმარება. 2. ზარი ახლობელთან. 3. ორმოცდაათი ორმოცდაათზე ანუ თქვენი მოთხოვნით წავშლი ორ არასწორ პასუხს).



აი ამის თქმა მინდოდა თარგმანისა და ფეხბურთის შედარებისას და თუ ახლა ე.წ. ზუსტი თარგმანის მომხრე-მოყვარული ექსპერტები, კრიტიკოსები, მკითხველები (და ა.შ.) კვლავ გამოთქვამენ პრეტენზიას და ასე თუ ისე იგულისხმებენ იმ ადამიანთა საქმიანობას, ვინც ცდილობს (...ცდილობს!) შექმნას დიდი პოეტების საკადრისი კარგი პოეზია ქართულ ენაზე, მე შემიძლია გავიმეორო ბატონი Коля-ს პასუხი Да, пошли вы все.... (აქაც ოთხი ვარიანტია, რომლებიც ზემოთ წერია). 

вторник, 3 июня 2014 г.

Саелчо Германии

...დღეს ავტობუსით ვიმგზავრე თავისუფლების მოედნიდან "პლეხანოვამდე"... გვერდით ორი ქალი მედგა, გარეგნობითაც, საქციელითაც, ბრეცვითაც თბილისელები იყვნენ, 60-65 წლისანი, ძველი საბურთალოელები, ვარიანტი არ არის, რომ სპორტის სასახლის იქით ეცხოვრათ... ჰოდა, რუსულად ლაპარაკობდნენ... ქართული აქცენტი რომ ჰქონდათ, ეგ ჯანდაბას, მაგრამ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ, თუნდაც где?-და-куда?-ს საჭიროებისამებრ ხმარება არ იცოდნენ... ძალაუნებურად ვუსმენდი და ვფიქრობდი - ვინმე აძალებს, რომ რუსულად ლაპარაკობენ? ახლა ხომ აღარც მოდაშია ეს ენა და აღარც მოთხოვნილებაში... ბოლოს, ძველ კინოსტუდიასთან ერთმა ჩასვლა დააპირა და ბოდიშის მოსახდელი ინტონაციით უთხრა თანამოსაუბრეს - я сейчас иду в саелчо Германии...  я там (!) отсюда пешком пойду....
ალაბთ, სიჩქარეში მოუვიდა ასეთი იაღლიში, ან სიცხის ბრალი იყო, ან მოულოდნელად გამოჩენილი კონტროლიორისა, მაგრამ ფაქტია - "პასოლსტვა" ვერ გაიხსენა...

სხვათა შორის, "ელჩი" თურქული სიტყვაა და "ილ"-ის (რეგიონის) მმართველს ნიშნავდა... ანუ - ილ-ჩი; "-ჩი" ბოლოსართი კი თურქულ სიტყვებში ზოგადად საქმიანობის, პროფესიის მაწარმოებელია (მე ასე ვიცი, თუ ვცდები, შემისწორებენ... არიან აქ ზოგიერთი თურქოლოგები, გვარს არ დავასახელებ).
მაგალითად: ნავთი (ნაфთ / ნეфთ) - ნეფთ-ჩი - მენავთობე (ბაქოს 'ნეფთჩი" ხომ გახსოვთ?)

აი, ასე ჩააკვეხა (თბილისურ) რუსულში მშვენიერმა საბურთალოელმა ქალბატონმა გაქართულებული თურქული სიტყვა და გაგვშორდა: მეორე ქალბატონს, თავის თანამოსაუბრეს და მე - მათს გაფაციცებულ მსმენელს... მიყვარს თბილისელების საუბრის მოსმენა და "ჰენრი ჰიგინსობაზეც" გავიქაჩები, თუ საჭირო გახდა, რადგან მეტყველების მიხედვით 10-დან 7-8-ჯერ ზუსტად ვარტყამ, თუ რომელი უბნელია ჩემი თანამოსაუბრე....  

пятница, 23 мая 2014 г.

მზესუმზირების მეთოდი

ერთხელ, 90-იან წლებში, ერთ (ჩვენთვის ახლადგახსნილ) ქვეყანაში წავედით მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი... დიდი ბიზნესის დაწყების მანიით იყო შეპყრობილი მაშინ ყველა და ჩვენც ვცადეთ... ქვეყანა გახლდათ ევროპულ-სლავური და შესაბამისად ნაცნობობის გაბმა, კარგი ურთიერთობის დამყარება და ა.შ. არ გაგვჭირვებია, თუმცა უნდა ითქვას, რომ საოცრად გულღია ხალხი შეგვხვდა და დღემდე იმ აზრზე ვარ, რომ ეს ქვეყანა ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანებით არის დასახლებული...
ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, დაგვპატიჟეს ერთ მთიან სოფელში, სადაც იყო საოცრად ლამაზი ბუნება და უმშვენიერესი ისტორიული ძეგლები მონასტრითურთ... იქაური ხედები დღემდეა ჩარჩენილი ჩემს მეხსიერებაში... მიგვიღეს, გვიმასპინძლეს, პატივი გვცეს და საღამოს სადღაც ქვემოთ, ცენტრალურ შარაგზაზე რომ დიდი დასახლება იყო, იქ წაგვიყვანეს გასართობად... ჩვენც გავერთეთ (როგორ? ეს ცალკე მოთხრობის თემაა); იქამდე გზა მზესუმზირის უზარმაზარ ყანაზე გადიოდა და შესაბამისად უკანაც ამ გზით უნდა ავბრუნებულიყავით, უფრო სწორად - ბილიკით... 
ხსენებული გასართობი ადგილიდან ნასვამ-ნაჭამ-ნაქეიფრები რომ გამოვედი, მე და ჩემი მეგობარი ამოვუყევით გზას მონასტრისაკენ... ალბათ, 2-3 კილომეტრი იქნებოდა ორმეტრიან მზესუმზირებს შორის ("სემიჩკას" ვეძახი დღემდე შინაურობაში)... მეც კარგად მთვრალი ვიყავი, მაგრამ ის ჩემი მეგობარი ძლივს იდგა ფეხზე და რომ გამოვიარეთ 300-400 მეტრი, მიმოვიხედე და ის ვაჟბატონი არსად ჩანდა.... ვიდექი გაოგნებული შუა ღამისას შუა ბილიკზე, შუა ციდან თავზე ბადრი მთვარე დამნათოდა და ცხადია, მაშნვე დავიწყე ძახილი.... ბადრი, ბადრიიიიი (სხვა სახელი ჰქვია მაგრამ აქ "ბადრი" ერქვას იქ რომ მთვარე დამნათოდა იმის ხათრით). მაგრამ სადაა ბადრი?! ფაფუ! არსაიდან ხმა, არსით ძახილი... ვიფიქრე უკან დაბრუნდა და გართობის გაგრძელება მოინდომა-მეთქი, ან გამასწრო და უკვე მონასტერშია-მეთქი, ან გაფრინდა-მეთქი... ვაჰ! სხვა რა მეფიქრა?! მაშ, სად დავკარგე ეს კაცი ასე თვალსა დე ხელს შუა?! უფრო სწორად - მზესუმზირებსა და სემიჩკებს შუა... ორიოდე საათი ვიარე ზემოთ-ქვემოთ... ამასობაში გამოვფხიზლდი კიდეც... იმასაც ვფიქრობდა - დედაშენს რა ვუთხრა-მეთქი, ბიჭო, უშენოდ რომ დავბრუნდები თბილისში და ასე შემდეგ და ჰარი-ჰარალე... შენ დაუკა, ლურჯი ჩიტი ამოფრინდება... დავიღალე-ჩამოვჯექი-ავდექი... ისევ დავიღალე, ისევ ჩამოვჯექი და ისევ რომ ავდექი, ვიფიქრე ამ "სემიჩკებშიც" უნდა შევიდე-მეთქი და პირველივე ნაბიჯის შედგმაზე, ორ-სამ მეტრში ბილიკიდან, დავინახე - ეს ჩვენი ბადრი წევს და არხეინად ხვრინავს... მერე კიდევ ბევრი ამბები გადაგვხდა თავს იმ ქვეყანაში და თუ სათქმელი მოიტანს, დავწერ კიდეც... 
ეს ამბავი კი, ახლა რომ გიამბეთ,  იმან გამახსენა, რომ ამჟამად ამით ვარ დაკავებული - ჩემს მიერ ოცდაათიოდე წლის წინ თარგმნილი ყაზალის დედნებს ვეძები ჯალალ ედ-დინ რუმის დივანში, სადაც 3200 ყაზალია მოთავსებული; ერთი მათგანი ვერაფრით რომ ვერ ვიპოვე, ვიფიქრე, აბა ერთი იმ "მზესუმზირებში შესვლის" მეთოდს გამოვიყენებ და მაუსის პირველივე ჩამოსქროლებით სადაც გავჩერდები, იქ დავიწყებ-მეთქი კითხვას და ძებნას და აჰა! - მეორედ გამიმართლა ცხოვრებაში ამ მეთოდმა.... ვიპოვე! რიგით 1160-ე ყოფილა...
დიდება მზესუმზირებს! სხვაა შორის, კარგი ფილმი იყო ასეთი ერთდროს - "მზესუმზირები", სოფი ლორენი თამაშობდა, სსრკ-იტალიის ერთობლივი ნაშრომი... ამ გახსენებაზე, ბარემ იმასაც ვნახავ საღამოს კინოთეატრ "იუთუბში".
თარგმანი, რომლის დედანსაც დიდხანს ვეძებდი, ეს გახლავთ:

შუბლი გაიხსენ და მიღმიერ პირს ნუღარ მიხრი,
ვით შვიდსა სფეროს, განგვირიგე ჩვენც ლტოლვის ნიხრი...

ჩვენ შორი გზიდან მოგვიყვანა შენმა ტრფიალმა,
მოდი, გვნახე და განგვაშორე ლოდინის ჭირხლი.

ნეტავი შენ, რომ შენი სულის მფლობელი შენ ხარ
და სამოთხეთა ძიებაში ქედს არსად იხრი...

ბანიდან ქვემოთ ჩამოგვხედე უსასო მიჯნურთ,
თორემ სადაც არს, ჩაგვაზილა საწუთრომ წიხლი.

მწდეო, სუფიებს სხვა სიბრუვის ღვინო სწყურიათ,
ვაზის ნაჟურს და რუმბში ნადგომს რა თავში ვიხლი?!

მწდეო, იმ ღვინით ისე ძლიერ უნდა დამათრო,
რომ საფლავშიაც მემღვრეოდეს, გარდაცვლილს სისხლი.
  

четверг, 15 мая 2014 г.

ჰა, რას იტყვით?!

მონოლოგი ძილის წინ
(ფრიად ემოციურად ჩარაკრაკებული დღის შემდეგ)

...მარჯვენა მხარეს რომაა - People you may know - სამეგობროდ შვიდ ფეისბუქელ ლამაზმანს მთავაზობს (დააკვირდით - სიტყვა ლამაზმანი ბრჭყალების გარეშე დავწერე), მაგრამ ახლა მე - თარგმანების გამოცემის დასრულების შემდეგ - ჭკუა ჩემი ცხოვრების იმ ციკლისკენ მიმიბრუნდა, როცა პრესის თავგადაკლული მუშაკი ვიყავი... ლამაზმანები რაღა შუაშაო?! - იკითხავთ... უბრალოდ ერთი საბჭოური სიმღერის ჩემებური პერიფრაზირება გამახსენდა, რომელსაც საგაზეთო თავგადასავლებისას "რედაქცია-სტამბა-(პრესის) ბირჟის" გადარბენებზე ვღიღინებდი ხოლმე:
Первым делом, первым делом გაზეთები!
Ну а девушки, а девушки потом...

მერე ის გამახსენდა - ერთხელ თიანეთში, წიგნის მაღაზიაში სადღაც 80-იანი წლების ბოლოს გაზეთ "Московские новости"-ს მთელი წლის ნომრები ერთ წიგნად აკინძული რომ ვნახე და პირი დავაბჩინე, რადგან ამ გაზეთს მთელი მაშინდელი (მომაკვდავი) სსრკ სანთლით დაეძებდა, რადგან იმ ეპოქის "ვაიმე-ვეცემი-ვხოხავ" სტატიები სწორედ მასში იბეჭდებოდა და "საბჭოელი ხალხი" მათი კითხვითღა იოხებდა გულს და ამ დროს, თიანეთში დევს მთელი წლის მოსაოხებელი მასალა და ზედ არავინ უყურებს... ვაიმე დავეცი! - და რა თქმა უნდა, ვიყიდე, ჩავჯექი ჰამაკში და ვიკითხე და ვიკითხე, ვიკითხე და ვიკითხე იმ ზომამდე, რომ ხინკლის ქვაბიდან ადენილ ოხშივარსაც არ შეეძლო დავებრუნებინე რეალურ ცხოვრებაში... თიანეთში, სადაც ყოველ ზაფხულს მშვენივრად ვატარებდით დროს კომუნისტურ უღელქვეშ გმინვითაც კი...

ერთი სიტყვით, ეს ცხოვრება სპირალურად ვითარდება: თეატრი-თარგმნა-პრესა... მერე ისევ თეატრი-თარგმნა-პრესა...  და ისევ თეატრი-თარგმნა-პრესა...
А девушки?!
Ну, а девушки пусть подождут.... რადგან ამბობენ, რომ ჩინეთში ისეთი წამალი გამოუგონიათ, რომ 80 წლის შემდეგ ადამიანი უკან სვლას იწყებს და ახალგაზრდავდება და სრულიად ჩვილობამდე რომ მიაღწევს მაშინ უბრუნდებაო მიქელ-გაბრიელს... ჩვენც ამ იმედით ვიცოცხლოთ და წავიდეთ დასაძინებლად...

P.S. "Московские новост"-ის მთელი წლის ე.წ. "პადშივკა" კი იმიტომ გამახსენდა, რომ პარასკევის "ფანტაზიის" 400 და სამშაბათის "ფანტაზიის" 549 ნომრის არქივი მაქვს... ჰა, რას იტყვით?

და ბოლოს მაჯამა, რომელიც ძილის წინ მაწონივით სასარგებლოა:

როდემდე უნდა ვუძლებდეთ ნეტავ
საქართველოში პოლიტ-ვირუსებს:
მედროვე მიწყივ რომ ევროპელებს
და ბრიყვი თავს რომ მიწყივ ირუსებს?!

არჩევნებისთვის ლამის ტარზანი
ასაბურთალონ, ავაკონ ჩიტა....
ჩვენი ყოფა თუ ასე გაგრძელდა,
ზნეობრივ “ტახტზე” ავა კონჩიტა...

суббота, 10 мая 2014 г.

მეაბანოე და მისი ცოლი

(ზღაპარი)

60-იან წლებში ქართულად გამოვიდა აღმოსავლური ზღაპრების კრებული, რაც მაშინდელმა კომუნისტურმა რეჟიმმა სრუილად უშფოთველად "გაატარა".... ჩვეულებრივი ზღაპრებია, მათი იდეოლოგიისთვის საშიში არაფერი იყო... რასაც გიამბობთ, შავით თეთრზე წერია, ჩემი შეთხზული არ არის:
კრებულში არის ერთი ასეთი ზღაპარი - "მეაბანოე და მისი ცოლი"...
მოკლე შინაარსი:
ერთი მეაბანოე მეფის ოჯახს ემსახურებოდა; ერთხელ, როცა ჭაბუკობაში შესულ უფლისწულს აბანავებდა, მორიდებით უთხრა, რომ მისი "შესაბამისი მოწყობილობა", დღეს როგორც იტყვიან, არაადექვატური იყო და ამიტომ ვერ შეძლებდა ქალბატონებთან "შესაბამისი კონტაქტის" დამყარებას... ჭაბუკს არაფერი გაეგებოდა არაადექვატური "შესაბამისობებისა" და სთხოვა, რომ ახსნა-განმარტებითი ინსტრუქცია ჩაეტარებინა, ანუ გაეჟღერებინა მისთვის, თუ რას გულისხმობდა. მეაბანოემ, ასე ვთქვათ - მექისემ, იფიქრა - მოდი, ჩემს ცოლს მოვუყვან - მაინც ვერაფერს უზამს - და ის აუხსნისო უკეთესად... ის კი აღარ მახსოვს - რა სარგებლის და ანგარებისთვის "გაწირა" მეაბანოემ თავისი ცოლი, მაგრამ თავად არხეინად იყო - მაინც ვერაფერს უზამსო - და ჩვენ რაღა გვრჯის, რომ შევშფოთდეთ მისი ოჯახური იდილიის გამო?!
ერთი სიტყვით, მოუყვანა თავისი კნეინა, შეუშვა უფლისწულთან აბანოში, თავად კი ჭუჭრუტანას მიადო თვალი - აბა, ვნახოთ, რა მოხდებაო?! ვიდეოკამერა რომ ჰქონოდა, ალბათ, ფარულ ჩანაწერსაც გააკეთებდა, რომ საჭირო დროს მეფისთვის "ჯოჯოხეთი" მოეწყო, მაგრამ ვინ მიაშავებდა მას შუა საუკუნეებში გამოსახულების ჩამწერ აპარატურას?! ჰოდა.... შენ ხარ ჩემი ბატონი, რაწამს შევიდა ქალი აბანოში, ჭაბუკი უმალ მამაკაცად გადაიქცა, მას არც არავინ უშლიდა ხელს - სხვა კაცმა ხომ თავისი ცოლი საკუთარი ნებით მიუყვანა - და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო... ქალმა გაასაჯაროვა მთელი თავისი ინფორმაცია და ყმაწვილმაც გააჟღერა, მაგრამ რა გააჟღერა!
მეაბანოემ კი წაიშინა თავში ხელი, მაგრამ რაღას უშველიდა - შესაბამისი კონტაქტიც დამყარდა და ცოლიც დაკარგა, რადგან უფლისწულს მოეწონა ის ქალი და თავისთან დაიტოვა... რაღაც სარგებელი, ალბათ, მიუგდეს იმ საწყალს, მაგრამ ცოლი რომ ჰყვარებია, მაშინღა გაიგო, როცა დაკარგა იგი...
* * *
ყველაფერი ის, რაც იმ ზღაპრის მიხედვით გიამბეთ, ერთ თბილისურ ხატოვან გამოთქმაში სულ ხუთი-ექვსი სიტყვით არის გადმოცემული, შეგიძლიათ ისიც გაიხსენოთ...
საერთოდ კი... ალეგორიული მეტყველების და წერის დრო დადგა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია... 
იგავ-აარაკის ჟანრი მარად იცოცხლებს, სანამ იარსებებენ ქლესა მონები, რომლებიც თავადვე ხდებიან მსხვერპლნი საკუთარი ფარისევლობით შექმნილი ტირანებისა...