четверг, 15 мая 2014 г.

ჰა, რას იტყვით?!

მონოლოგი ძილის წინ
(ფრიად ემოციურად ჩარაკრაკებული დღის შემდეგ)

...მარჯვენა მხარეს რომაა - People you may know - სამეგობროდ შვიდ ფეისბუქელ ლამაზმანს მთავაზობს (დააკვირდით - სიტყვა ლამაზმანი ბრჭყალების გარეშე დავწერე), მაგრამ ახლა მე - თარგმანების გამოცემის დასრულების შემდეგ - ჭკუა ჩემი ცხოვრების იმ ციკლისკენ მიმიბრუნდა, როცა პრესის თავგადაკლული მუშაკი ვიყავი... ლამაზმანები რაღა შუაშაო?! - იკითხავთ... უბრალოდ ერთი საბჭოური სიმღერის ჩემებური პერიფრაზირება გამახსენდა, რომელსაც საგაზეთო თავგადასავლებისას "რედაქცია-სტამბა-(პრესის) ბირჟის" გადარბენებზე ვღიღინებდი ხოლმე:
Первым делом, первым делом გაზეთები!
Ну а девушки, а девушки потом...

მერე ის გამახსენდა - ერთხელ თიანეთში, წიგნის მაღაზიაში სადღაც 80-იანი წლების ბოლოს გაზეთ "Московские новости"-ს მთელი წლის ნომრები ერთ წიგნად აკინძული რომ ვნახე და პირი დავაბჩინე, რადგან ამ გაზეთს მთელი მაშინდელი (მომაკვდავი) სსრკ სანთლით დაეძებდა, რადგან იმ ეპოქის "ვაიმე-ვეცემი-ვხოხავ" სტატიები სწორედ მასში იბეჭდებოდა და "საბჭოელი ხალხი" მათი კითხვითღა იოხებდა გულს და ამ დროს, თიანეთში დევს მთელი წლის მოსაოხებელი მასალა და ზედ არავინ უყურებს... ვაიმე დავეცი! - და რა თქმა უნდა, ვიყიდე, ჩავჯექი ჰამაკში და ვიკითხე და ვიკითხე, ვიკითხე და ვიკითხე იმ ზომამდე, რომ ხინკლის ქვაბიდან ადენილ ოხშივარსაც არ შეეძლო დავებრუნებინე რეალურ ცხოვრებაში... თიანეთში, სადაც ყოველ ზაფხულს მშვენივრად ვატარებდით დროს კომუნისტურ უღელქვეშ გმინვითაც კი...

ერთი სიტყვით, ეს ცხოვრება სპირალურად ვითარდება: თეატრი-თარგმნა-პრესა... მერე ისევ თეატრი-თარგმნა-პრესა...  და ისევ თეატრი-თარგმნა-პრესა...
А девушки?!
Ну, а девушки пусть подождут.... რადგან ამბობენ, რომ ჩინეთში ისეთი წამალი გამოუგონიათ, რომ 80 წლის შემდეგ ადამიანი უკან სვლას იწყებს და ახალგაზრდავდება და სრულიად ჩვილობამდე რომ მიაღწევს მაშინ უბრუნდებაო მიქელ-გაბრიელს... ჩვენც ამ იმედით ვიცოცხლოთ და წავიდეთ დასაძინებლად...

P.S. "Московские новост"-ის მთელი წლის ე.წ. "პადშივკა" კი იმიტომ გამახსენდა, რომ პარასკევის "ფანტაზიის" 400 და სამშაბათის "ფანტაზიის" 549 ნომრის არქივი მაქვს... ჰა, რას იტყვით?

და ბოლოს მაჯამა, რომელიც ძილის წინ მაწონივით სასარგებლოა:

როდემდე უნდა ვუძლებდეთ ნეტავ
საქართველოში პოლიტ-ვირუსებს:
მედროვე მიწყივ რომ ევროპელებს
და ბრიყვი თავს რომ მიწყივ ირუსებს?!

არჩევნებისთვის ლამის ტარზანი
ასაბურთალონ, ავაკონ ჩიტა....
ჩვენი ყოფა თუ ასე გაგრძელდა,
ზნეობრივ “ტახტზე” ავა კონჩიტა...

суббота, 10 мая 2014 г.

მეაბანოე და მისი ცოლი

(ზღაპარი)

60-იან წლებში ქართულად გამოვიდა აღმოსავლური ზღაპრების კრებული, რაც მაშინდელმა კომუნისტურმა რეჟიმმა სრუილად უშფოთველად "გაატარა".... ჩვეულებრივი ზღაპრებია, მათი იდეოლოგიისთვის საშიში არაფერი იყო... რასაც გიამბობთ, შავით თეთრზე წერია, ჩემი შეთხზული არ არის:
კრებულში არის ერთი ასეთი ზღაპარი - "მეაბანოე და მისი ცოლი"...
მოკლე შინაარსი:
ერთი მეაბანოე მეფის ოჯახს ემსახურებოდა; ერთხელ, როცა ჭაბუკობაში შესულ უფლისწულს აბანავებდა, მორიდებით უთხრა, რომ მისი "შესაბამისი მოწყობილობა", დღეს როგორც იტყვიან, არაადექვატური იყო და ამიტომ ვერ შეძლებდა ქალბატონებთან "შესაბამისი კონტაქტის" დამყარებას... ჭაბუკს არაფერი გაეგებოდა არაადექვატური "შესაბამისობებისა" და სთხოვა, რომ ახსნა-განმარტებითი ინსტრუქცია ჩაეტარებინა, ანუ გაეჟღერებინა მისთვის, თუ რას გულისხმობდა. მეაბანოემ, ასე ვთქვათ - მექისემ, იფიქრა - მოდი, ჩემს ცოლს მოვუყვან - მაინც ვერაფერს უზამს - და ის აუხსნისო უკეთესად... ის კი აღარ მახსოვს - რა სარგებლის და ანგარებისთვის "გაწირა" მეაბანოემ თავისი ცოლი, მაგრამ თავად არხეინად იყო - მაინც ვერაფერს უზამსო - და ჩვენ რაღა გვრჯის, რომ შევშფოთდეთ მისი ოჯახური იდილიის გამო?!
ერთი სიტყვით, მოუყვანა თავისი კნეინა, შეუშვა უფლისწულთან აბანოში, თავად კი ჭუჭრუტანას მიადო თვალი - აბა, ვნახოთ, რა მოხდებაო?! ვიდეოკამერა რომ ჰქონოდა, ალბათ, ფარულ ჩანაწერსაც გააკეთებდა, რომ საჭირო დროს მეფისთვის "ჯოჯოხეთი" მოეწყო, მაგრამ ვინ მიაშავებდა მას შუა საუკუნეებში გამოსახულების ჩამწერ აპარატურას?! ჰოდა.... შენ ხარ ჩემი ბატონი, რაწამს შევიდა ქალი აბანოში, ჭაბუკი უმალ მამაკაცად გადაიქცა, მას არც არავინ უშლიდა ხელს - სხვა კაცმა ხომ თავისი ცოლი საკუთარი ნებით მიუყვანა - და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო... ქალმა გაასაჯაროვა მთელი თავისი ინფორმაცია და ყმაწვილმაც გააჟღერა, მაგრამ რა გააჟღერა!
მეაბანოემ კი წაიშინა თავში ხელი, მაგრამ რაღას უშველიდა - შესაბამისი კონტაქტიც დამყარდა და ცოლიც დაკარგა, რადგან უფლისწულს მოეწონა ის ქალი და თავისთან დაიტოვა... რაღაც სარგებელი, ალბათ, მიუგდეს იმ საწყალს, მაგრამ ცოლი რომ ჰყვარებია, მაშინღა გაიგო, როცა დაკარგა იგი...
* * *
ყველაფერი ის, რაც იმ ზღაპრის მიხედვით გიამბეთ, ერთ თბილისურ ხატოვან გამოთქმაში სულ ხუთი-ექვსი სიტყვით არის გადმოცემული, შეგიძლიათ ისიც გაიხსენოთ...
საერთოდ კი... ალეგორიული მეტყველების და წერის დრო დადგა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია... 
იგავ-აარაკის ჟანრი მარად იცოცხლებს, სანამ იარსებებენ ქლესა მონები, რომლებიც თავადვე ხდებიან მსხვერპლნი საკუთარი ფარისევლობით შექმნილი ტირანებისა...

четверг, 8 мая 2014 г.

მხარი დამიჭირეთ!

8-9 მაისის ნაძალადევი ძილისპირული

(ჩუმად მონოლოგის გარეშე ვაპირებდი გაპარვას საწოლისკენ, მაგრამ მავანთა შეფასებებმა მაიძულეს, ევროვოზიისკენ გამეჭყიტა ცალი თვალით და მომესმინა ორივე ყურით)

"ვბალე(ი)შიკობ.... უბალე(ი)შიკე...." - ახლაც გაიგონებთ ამ სიტყვას ჩვენს სტადიონებზე.... რუსულის არმცოდნეებს ვეტყვი (ასეთები კი უკვე მრავლად არიან), რომ ეს არის წმინდა რუსული სიტყვა და მისი ძირი გახლავთ "боль" (ტკივილი), ხოლო "болельщик" არის ის, ვინც ტკივილს განიცდის (ეცემა... ხოხავს... და ა.შ.) რაიმეს მიმართ და ჩვენ, როცა გადმოვაქართულეთ, დავაკონკრეტეთ, რომ მავანს მავანისთვის ან რამისთვის შესტკივა გული და მივიღეთ "გულშემატკივარი"... მანამდე უფრო ხშირად იხმარებოდა სიტყვა "ქომაგი", რაც არის სპარსული და ნიშნავს "დახმარებას, შეწევნას, ხელის შეშველებას..." და ა.შ. ცხადია, ეს ერთეულებმა იცოდნენ საქართველოში, მაგრამ გუმანით ხვდებოდნენ, ალბათ, რომ რაღაც აღმოსავლური წარმოშობისაა და ამიტომ ამჯობინეს "გულშემატკივარი", რაც ენაში დამკვიდრდა და ძალიანაც კარგი, რომ დამკვიდრდა, მაგრამ მისგან ნაწარმოები  პირიანი ზმნები, როგორიცაა - უგულშემატკივრე, ვგულშემატკივრობ - ჯერ ერთი, რომ წარმოსათქმელად უხერხულია და მეორეც ძალიან უაზროდ გამოიყურება... ეს იგივეა, რომ გვეთარგმნა, ვთქვათ, кинолюбитель და მიგვეღო და მივიღეთ კიდეც - კინომოყვარული - და მერე ამ სიტყვისთვის ისეთივე "დათვური სამსახური" გაგვეწია, რაც "გულშემატკივარს" დავმართეთ, ანუ: უკინომოყვარულე, ვკინომოყვარულობ და ა.შ. ან კიდევ, კი არ გვეთარგმნა, ჩვენი მშობლიური კომპოზიტი აგვეღო, ვთქვათ - თავგადაკლული - ახლა ნახეთ, რას მივიღებთ: უთავგადაკლულე... ვთავგადაკლულობ და ა.შ. ეს ორი უკანასკნელი არაფრით არის ნაკლები უკვე ხსენებულ მოწოდებაზე - უგულშემატკივრეთ ქართველებს ევროვიზიაზე... მართალი გითხრათ, ეს გამოსვლა რომ ვნახე, გული ნამდვილად მეტკინა, გულშემატკივრობისა კი რა მოგახსენოთ....

ასე რომ, სანამ ამ ხელოვნურ ფრაზებს, ხელოვნურ სახეებს და ხელოვნურ (ყალბ! არაგულწრფელ!) მუსიკას თავს არ დავანებებთ, არაფერი გვეშველება და თუ მაინცადამაინც არც რუსული "ბალე(ი)შიკობა" მოგვწონს (არც უნდა მოგვწონდეს) და არც სპარსული "ქომაგობაა" ჩვენთვის მისაღები, თქვით, თქვე კაიხალხო - მხარი დაუჭირეთ!... რას იტეხთ ენას ამ "უგულშემატკივრეთ-უთავგადაკლულეთ"-ი?!

ძილი ნებისა! მაგრამ ამ მუსიკის შემდეგ როგორი "ნება" იქნება ძილში, საკითხავი, აი, ეს არის?!

среда, 7 мая 2014 г.

დიდება ინტერნეტს

არ შემიძლია, რომ არ გაგიზიაროთ ჩემი აღტაცება !

ჯერ მცირეოდენი ექსკურსი წარსულში...
ადრეც მითქვამს - "ცისფერ მთებს ანუ ტიან-შანს" რომ ვუყურებ, ჩემი თავი მახსენდება, ხოლმე, რადგან ზუსტად იმ შენობაშია (დადიანის და ლესელიძის კუთხეში) გადაღებული ეს ფილმი, სადაც მისი გმირის - სოსოს - მსგავსად მეც დავდიოდი სართულ-სართულ და ჩემს თარგმანებს (ჯერ კიდევ სულ თოთოს და ახალს) ვაცნობდი იქ მომუშავე ნაირგვარ რედაქტორებს თუ ჩინოვნიკებს... მადლობა ღმერთს, მე სოსოსავით მიწისქვეშ არავის გავუგზავნივარ მივლინებით, რადგან ბატონი ჯემალ აჯიაშვილი გავიცანი იქ და მან დამაკვალიანა, არაფერი დაიშურა საიმისოდ, რომ მეც ვყოფილიყავი დასაქმებული იმ მთარგმნელობით კოლეგიაში, მაგრამ იქ საჩემო შტატი არ გამოიძებნა და უბოდიშოდ გამომისტუმრეს, როგორც უპერსპექტივო მთარგმნელი... მერე ორიოდე წელში ეს კოლეგიაც დაიშალა საბჭოთა კავშირის დაგნგრევასთან ერთად და "ცისფერი მთების" ფინალი ზუსტად აუხდა ამ ორგანიზაციას... ჩემი ნაშრომიც დაიკარგა იქ - სპარსული პოეზიის პწკარედები, რასაც მთელი წელი ვთარგმნიდი და რაც მერე სხვადასხვა პოეტს უნდა გაელექსა, დაახლოებით 100 ათასი სტრიქონი, ჩემი წილი კი უკვე გალექსილი და დასაბეჭდად გამზადებული იყო, მაგრამ უარი მითხრეს - არ გამოვაო შენგან მთარგმნელი... ერთი სიტყვით, ბოლოს ბატონმა ჯემალმა ერთი უზარმაზარი, ლურჯყდიანი წიგნი მომცა და მითხრა - თარგმნე, რასაც შეძლებო - თან გამაფრთხილა, რომ წიგნი ჩვენს კოლეგა ირანისტს, ქალბატონ მანანას ეკუთვნოდა და თვალისჩინივით უნდა გავფრთხილებოდი... ასეც მოვიქეცი, დავიწყე თარგმნა, დაგროვდა რაღაც რაოდენობა, მაგრამ დადგა 90-იანე წლები და ისეთი დრო მოვიდა, თარგმანი კი არა, როგორც ქუთაისლები (ქუთათურები!) იტყვიან, დედა შვილს არ ეიყვანდა ხელში, სიმონ!..
ის თარგმანები არსად დაბეჭდილა, ჩემს საქაღალდეებში დევს დღემდე, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც იმ წიგნ-მონსტრში, წიგნ-ურჩხულში იყო მოთავსებული... იგულისხმება ჯალალ-ედ-დინ რუმის ლირიკის სრული კრებული, ე.წ. "ქოლიიათი" (სპარსულად).
ჰოდა,... აი ახლა, ინტერნეტში ვიპოვე ის წიგნი მთლიანად... ელექტრონულ ფორმატში... და თითქოს ახალგაზრდობა დაბრუნდაო... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შეხედეთ ფოტოს ცნობილი ფილმიდან და გაიხსენეთ ფრაზა, რასაც გახარებული ევგენი... то есть ზაური... ამბობს ხტომის პროცესში... მეც ზუსტად ამ პროცესში ვარ ახლა... (ხტომის კი არა, ჯალალ-ედ დინ რუმის პოეზიასთან დაბრუნების პროცესში..).
ამ წერილი-აღტაცების ფინალიც ქუთაისური გამევიდა, სიმონ!... ევგენი... то есть ზაურიც ხომ ქუთაისელია!


суббота, 3 мая 2014 г.

10 თვისება, რითაც შეიძლება სნობის შეცნობა

სიტყვა 'სნობი" ინგლისურია (snob) და პირველ ხანებში - დაახლოებით მე-19 საუკუნის პირველი მეოთხედიდან - აღნიშნავდა ისეთ სუბიექტს, ვინც მდაბიო წარმოშობისაა და ყველა გზითა და საშუალებით ცდილობს გზა გაიკვალოს მაღალ საზოგადოებაში და იცხოვროს ე.წ "არისტოკრატული წესით". ქართველთათვის ასეთი პერსონაჟი კარგადაა ცნობილი - იგი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი გახლავთ.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღევანდლამდე სნობიზმი უფრო საშუალო ფენების წარმომადგენელთა მანკიერებად იქცა და შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩევა:

1. ბრმად აყოლა და გაზიარება ნებისმიერი მოდისა და მოდად ქცეული გემოვნებისა.
2. მონური მორჩილების გამომჟღავნება საზოგადოდ აღიარებილი პიროვნებების ან ცნებების მიმართ და მათი სახელების მოშველიება საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
3. ე.წ. არაპრესტიჟული წარმომავლობის შემთხვევაში საკუთარი წარსულის საგულდაგულოდ დამალვა ან გადაკეთება ოფიციალური დოკუმენტაციის შეცვლითაც კი (იგულისხმება შენიღბვა-შელამაზება, ვთქვათ, გვარის, ეროვნების, დაბადების ადგილის, ნათესავების, ძველი სამეგობრო წრის და ა.შ.)
4. ქედმაღლობა და "ზემოდან ყურება" მათკენ, ვინც ცდილობს იყოს თვითმყოფადი.
5. შიში ყოველგვარი სიახლის მიმართ საკუთარ ქვეყანაში და სწრაფვა იმ "სიახლეებისკენ", რაც სხვა ქვეყნებშია აპროპირებული და სხვათა ცხოვრებაზე მორგებული.
6.  აღფრთოვანება იმ ყველაფრით, რაც არის პირველხარისხოვანი, კომფორტული, ავანგარდული და შესაბამისად უარყოფა მეორეხარისხოვანისა თუ არაპრესტიჟულისა მაშინაც კი, როცა ეს უკავშირდება ცნებებს "სამშობლო და მშობლიური" ან წინაპრების არცთუ სახარბიელო წარსულს.
7. მოვლენათა და საგანთა დაფასება მხოლოდ მათი გარეგნული თვისებების გამო და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, თუ ეს მოვლენა ან საგანი ელიტად შერაცხული საზოგადოების რომელ წევრს უყვარს ან ახასიათებს.
8. ზომიერი, პრაგმატული ფანატიზმი.
9. გამუდმებული სწრაფვა თანამდებობის თუ ტიტულებისკენ და შემოქმედებითი საქმიანობის, როგორც საარსებო საშუალების, პირწმინდად უარყოფა.
10. პარადოქსია, მაგრამ სნობი არ არის არც მლიქვნელი და არც ზარმაცი, სამაგიეროდ არის თვალთმაქცი და კარგი დიპლომატი და ამასთანავე გამოირჩევა დიდი შრომისუნარიანობით.

"სნობიზმი" და მისი თავისებურებანი დიდი ხანია გამოვლენილი და მხილებულია, მე უბრალოდ თავი მოვუყარე განსაკუთრებით თვალშისაცემ შტრიხებს და ათ ერთეულში ჩავატიე.

ალექსანდრე ელერდაშვილი

воскресенье, 27 апреля 2014 г.

28 აპრილის ძილისპირული მონოლოგი

...ახლა დავაკვირდი, რომ ჩემი წიგნებიდან მხოლოდ სპარსულ-ქართული ლექსიკონია ჰარდქავერი...
ჩემი ცხოვრება ახლაა ჰარდი -
ხაიამს ერგო რბილი ქავერი...
დამისხით ღვინო - ჩავიკლა დარდი -
გინდ რქაწითელი, გინდა ჩხავერი.
ისე არ მოვკვდები, ერთი ჰარდქავერი ხაიამი არ დავბეჭდო (მთელი ცხოვრება წინაა), მანამდე კი რბილი გარკანი ექნება მესამე გამოცემას, რომელშიც 136 A-4 ფორმატის (დიდი) გვერდია, სადაც განთავსებულია 404 რობაი 4 ენაზე (სპარსულად, ქართულად, რუსულად, ინგლისურად) და 1 მაისს მექნება უკვე დაბეჭდილი და გაწკრიალებული ხაიამის დღისთვის, რომელიც 21 მაისს 18 საათზე გაიმართება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ძილისპირულის ბოლოში არის ბმული).
ნეტავ "გაწკრიალებული" როგორაა ინგლისურად? ამ სიტყვასაც ელის, ალბათ, "ბრიტანული ეგზეკუცია" და მსურს მზად ვიყო! მანამდე კი "გოგია უიშვილის" შესავალში რომაა დიალოგი, ის გამახსენდა:
"- იი ეკუცია კიდევ ჩამოუყენებიათ სოფელში! დღეს ნაცვალმა ჩამოირბინა და გამოაცხადა: კომლმა თითო თუმანი უნდა შემოიტანოს ეკუციის ხარჯათ. შეშა, თივა, სიმინდი კიდევ სხვააო! - გულგატეხილის კილოთი უთხრა მარინემ თავის ქმარს, გოგიას, როცა ეს უკანასკნელი სამუშაოდან საღამოს შინ დაბრუნდა.
- კიდევ ეკუცია!.. ხომ არ გადირიე, დედაკაცო. კიდევ ეკუცია რომ ჩამოგვიყენონ, ფუტი გაგვიცივდება! - სთქვა გოგიამ და სახეზე დაღრეჯილობა დაეტყო".
მეც ასეთივე დაღრეჯილობა მეტყობა ხოლმე სახეზე, სრულიად უსარგებლოდ და უადგილოდ ნახმარ არაქართულ სიტყვებს რომ ვხვდები ქართული ასოებით დაწერილ წინადადებებში.
ძილი ნებისა!
ორშაბათიც გათენდება, აბა, რას იზამს?!

четверг, 17 апреля 2014 г.

ჯარი და საჯარო და "პუბლიჩკა"

...დღეს კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა ჩემი წარსულიდან, ჩვენს მთავარ ბიბლიოთეკასთან რომ ვიპროწიალე მანქანით და გასაჩერებელი ადგილი რომ ვერ ვნახე და სათოფეზე რომ გავშორდი იქაურობას...

ჩემი ძმები ჩემზე ბევრად უფროსები იყვნენ და როცა მე ახლადგონზემოგებული სამყაროს გაკვირვებული ვუმზერდი, ერთი მათგანი "ჯარში" წაიყვანეს, მეორე კი სტუდენტი გახდა და სახლში მოსვლას რომ აგვიანებდა, დედაჩემი იტყოდა ხოლმე - ალბათ, "საჯაროშიაო"... ეს "საჯარო" მაშინ მეგონა დაწესებულება. სადაც "სა-ჯარ-ოდ" ამზადებდნენ ბიჭებს და მერე მიჰყავდათ "ჯარში"... მთელ იმ ჩვენს უბანშიც და დანარჩენი საქართველოს ყველა უბნებშიც, ალბათ, ერთი-ორმა კაცმა თუ იცოდა - რა კავშირია ჯარსა და საჯაროს (ბიბლიოთეკას) შორის... (ბოლოში მოგახსენებთ განმარტებას).

იმხანად, სადღაც 1962-63 წლებში ჩვენს უბანში დიდი ოთხსართულიანი რუსული სკოლა ააშენეს (98-ე... ეს სკოლა იქ იდგა, სადაც ახლა სამების ტაძრის დიდი კიბეებია); ჰოდა, ჩვენი უბნის გოგო-ბიჭები - ქართველი, სომეხი თუ რუსი - ყველა იმ სკოლაში მიაბარეს, ალბათ, სიახლის და სიახლოვის გამო... მე კი, რა თქმა უნდა, ქართულ 77-ე სკოლაში გამამწესეს, მაგრამ უბნელი ძმაკაცები თუ დაქალები, ყველანი რუსულად მოჟღურტულენი მყავდა... ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ცოტა მოზრდილებმა განაცხადეს - Мы вчера в публичку ходили-ო და მეც ერთი სული მქონდა - გამეგო, თუ რა არის ეს "პუბლიჩკა". ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, ანუ არდადეგების დროს, როცა ჩემს სკოლაში არ დავდიოდი და დილიდან საღამომდე 98-ე სკოლელებთან ძირითადად რუსულად ან სომხურად ვლაპარაკობდი, ჩამკიდეს მათ ხელი, დავეშვით დაღმართზე, მტკვრისკენ, გადავჭერით ბარათაშვილის ხიდი (ჩვენ მაინც "მუხრანის ხიდს" ვეძახდით) და მივედით "პუბლიჩკის" მოსწავლეთა დარბაზებამდე, მეც ჩამწერეს იქ და ჩემს თვალწინ გადაიშალნენ მთელი თბილისის (პარადოქსია, მაგრამ ფაქტია!) ძირითადად არაქართული სკოლების "კრასოტულიჩკები"! ახლა ამ თემის გაშლა-გასაჯაროების დრო და ადგილი რომ არ არის, ამიტომაც ისევ ძირითად სათქმელს - ლინგვისტურ კურიოზს მივხედავ და "კრასოტულიჩკებზე" სხვა დროს ვილაპარაკოთ... ჰოდა, დავბრუნდით უბანში, მივედი სახლში და ოჯახის წევრებმა დამიცაცხანეს (ყველაზე პატარა ვიყავი და აღზრდის თეორიას და პრაქტიკას - მეთოდიკასაც! - ყველა ჩემთან გადიოდა).
- სად იყავიო?!
- პუბლიჩკაში-მეთქი! - ამაყად განვაცხადე.
ჩემმა ძმამ გაიცინა და "რა გაცინებს-მეთქი?!" - მგონი, მეწყინა.
- ეგა, შე შტერო, საჯაროაო...
- რა საჯარო, რის ჯარი... ბიბლიოთეკაში ვიყავი და წიგნები წავიკითხე-მეთქი - თავი ვიმართლე... აბა, ხომ არ ვეტყოდი, რომ სხვაუბნელ "კრასოტულიჩკებს" ვათვალიერებდი გაცნობის იმედით...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოგახსენებთ, რომ იმ დროიდან მოყოლებული, თითქმის ათი წლის განმავლობაში დღე არ გამიცდენია, რომ იქ არ მივსულიყავი... ჩემი მეორე "უნივერსიტეტი" იქ იყო!...
* * *
ახლა კი დადგა დრო, ავხსნა, თუ რა კავშირია ამ ცნებებს - "ჯარსა" და "საჯაროს" შორის.
"ჯარ" (چار) არაბული სიტყვაა და ასეთი მნიშვნელობები აქვს: 1) ქუჩის გამყიდველების ხმამაღალი ძახილი. 2) ბრძანების, განკარგულების სახალხოდ გამოცხადება საომარ ლაშქარში გაწვევის შესახებ ანუ ჯარში წაყვანა, მობილიზაცია. 3) (چار زدن یا کشیدن) ძახილი, გასაჯაროება... ყველასთვის ხელმისაწვდომად ქცევა.

აი, ამის თქმა მინდოდა და ვთქვი... გავიხსენე, რა, ძველი ამბები....