четверг, 10 апреля 2014 г.

ვაიმე - ვხოხავ!

11 აპრილი, 2014 წელი

ე.წ. "ცხოვრების ამერიკული წესი", რომელიც ჩვენთან მკვიდრდება და, როგორც ჩანს, ზოგ სფეროში საკმაო ცხოველმყოფელობითაც დამკვიდრდა უკვე, ითვალისწინებს.... უფრო სწორად - სულდგმულობს მხოლოდ შემდეგი ცნებებით: შოკი, სკანდალი, სენსაცია, არაჩვეულებრივი ამბავი  და ა.შ. ანუ: ეს არის საშუალება იმ ადამიანთა ყურადღების მიპყრობისა, ვისაც ნაკლებად აღელვებს ამა თუ იმ მოვლენის შინაარსობლივი, სიღრმისეული, მიბინდული მხარეები და სამყაროს, ასე ვთქვათ, ჭრელა-ჭრულა ფერებით აღიქვამენ...
პარადოქსი სწორედ ამაშია:
ცხოვრების საბჭოური წესი ქადაგებდა მასობრიობას, მთელი ხალხისთვის გასაგები და მისაღები ფაქტებით მანიპულირებას და იმავდროულად ზღუდავდა, პრაქტიკულად კრძალავდა კიდეც ისეთი საკითხების გაჟღერება-გასაჯაროებას, რაც მასობრივ ინტერესს, მღელვარებას და შფოთს გამოიწვევდა... ამას ჰქონდა თავისი ქვეცნობიერი მიზეზი: კომუნისტებს ეშინოდათ ხალხისა ისევე, როგორც ყველა ხელისუფლებას, რომელიც რევოლუციის შედეგად ექცევა საზოგადოების სათავეში... შედეგად კი ვიღებდით იმას, რომ თუნდაც ლიტერატურასა და ხელოვნებაში იქმნებოდა ისეთი ნაწარმოებები, რაც მასას არ ესმოდა და შესაბამისად განკუთვნილი იყო აუდიტორიის მცირერიცხოვანი ნაწილისთვის... ეს კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია - ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლი - , მაგრამ ასეთი მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება სინამდვილისადმი რომ არსებობდა, ფაქტია და ისტორიაში ჩანს...
ამერიკა იქმს პირიქით:
საზოგადოება დაქუცმაცებულია ათას პარტიად და დაჯგუფებად, ყველას თავისი ცნობიერება უყალიბდება და ეს აძნელებს ინტელექტუალური პროდუქციის დიდი ტირაჟით რეალიზებას, არადა, საქონელი უნდა გაიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების "წარმატებული" ნაწილი ვერც თავად იარსებებს და ვერც სხვას დაასაქმებს დიდსულოვნად... ესე იგი რა არის საჭირო? - ვთქვათ, დედის მიმართ აღგზნებული ვნებების სახალხოდ დემონსტრირება...  წარსულში აკრძალული ინტიმური მხარეების გაშიშვლება და იმ წარსულის გაკიცხვა და გაშარჟება ნებისმიერი ხერხებით და საშუალებებით... სინამდვილის ასახვლის ნაცვლად რაღაც შეთხზული სამყაროსკენ ლტოლვა და ასე შემდეგ.... ერთი სიტყვით, ძალაშია შემდეგი ფორმულები:
- ვაიმე - დავეცი!
- ვაიმე - ვხოხავ!...
- ეს ყველამ უნდა ნახოს!...

მაშასადამე ეს კარგია ანუ  ერთად უნდა დავეცეთ და ვიხოხოთ!

დილა მშვიდობისა! წარმატებულ დღეს გისურვებთ!
წავედი საქმეებზე....

пятница, 4 апреля 2014 г.

4 აპრილის ავტო-საგზაო საგა

(ვარაუდით და სინანულით)

...გააჩერა უზარმაზარი ჯიპი მეორე რიგში, ჩაგვკეტა სამი მანქანა და არც-კი დაფიქრებულა იმაზე, რომ რომელიმე ჩვენთაგანს, შეიძლება, გასვლა დასჭირდეს... არც გამოუხედავს ჩვენსკენ, რომ მზერით მაინც ეთქვა - სულ ცოტახნით გავაჩერე და მალე მოვალო და გაფარფატდა მაღაზიისკენ... ისეთი ნაზი და ნარნარი არსება იყო, რომელსაც პალტოსაც ვერ ანდობ ღილის დასაკერებლად - ემანდ ნემსი არ იჩხვილიტოს თითში და "ვავა" არ მოუვიდესო... ვიდექი და ველოდი, სანამ ინებებდა შოპინგის დასრულებას და ამასობაში თავად მის უზარმაზარ ჯიპს წინ ასეთივე "ძროხა" ჩაუდგა და მეორე ფარფატა არსებაც მაღაზიაში შევიდა (ნემსის და პალტოს ღილის იგავი ამ მეორე პეპელასთანაც ძალაში რჩება)... ეს უკვე მთლად კატასტროფა იყო ჩემთვის, რადგან ორმა ძროხამ ჩამკეტა ჩემს კანონიერად მოხაზულ სადგომში... ვიდექი და ველოდი, უსაზღვრო იყო ჩემი მოლოდინიც და უსაზღვრო ზღვად იდგა ბოღმაც ჩემს გულში... სად იყო, სად არა... პირველი ჯიპოსანი გამოვიდა მაღაზიიდან და რომ დაინახა, თავადაც ჩაკეტილი იყო და ვერ გავიდოდა, ისეთი ლანძღვა-გინება ატეხა, რომ კაცი მისი "ვავასთვის", ნემსს კი არა, ნაჯახსაც აღარ დაინანებდა, რომ როგორმე დაედუმებინა მისი ბილწი ენა... 

(ვარაუდი)
როგორც ჩანს, ახლა მოდაშია - რაც უფრო უხამსი სიტყვებით შეამკობ საკუთარ მეტყველებას, მით უფრო თანამედროვე და "სერთიფიცირებული" მოქალაქე იქნები, პახოდუ - პრადვინუტიც... 

(სინანული)
მე კიდევ ნემსის და პალტოს და ღილის იგავებით ვცხოვრობ... ძველი ვარ, ძველ დროს დავიბადე და რა ჩემი ბრალია?!

понедельник, 10 марта 2014 г.

საფეხბურთო მოგონებანი ორშაბათის მიწურულს

...1979 წელს მოსკოვში "ტორპედოს" სტადიონზე ადგილობრივი გუნდის და ერევნის "არარატის" თამაშს დავესწარი (სხვათა შორის, 2-3 დღის შემდეგ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთელი გუნდი დაიღუპა ავიაკატასტროფაში... მათი თვითმფრინავი ყირიმიდან მომავალ ბავშვებით სავსე თვითმფრინავს შეეჯახა ჰაერში... მაშინ ამაზე, როგორც სჩვეოდათ კომუნისტებს, ოფიციალური პრესა და ტელევიზია არაფერს ამბობდა... ხალხში კი ვრცელდებოდა ინფორმაცია); ჰოდა, ვიყავი მოსკოვში, სტადიონზე, რომელიც არცთუ დიდია, მგონი, 30 ათასამდე მაყურებელს იტევდა და რაც მე იქ ვნახე, არასოდეს დამავიწყდება: ხალხი პრაქტიკულად არ უყურებდა თამაშს, წამოღებული ჰქონდათ სასმელი და ტრიბუნებზე ისხდნენ, სვამდნენ და უაზროდ ღრიალებდნენ... იყო გინება და ლამაზ-ლამაზი სიტყვების ორომტრიალი და ასე შემდეგ... იმავე წლებში, თბილისის "დინამოს" მატჩებზე, ჩვენს სტადიონზე ისეთი სიჩუმე იდგა (არადა, სტადიონი გატენილი იყო - 80 ათასი), რომ, როგორც ვხუმრობდით ხოლმე, თავი საბალეტო სპექტაკლზე გეგონებოდა... იქნება-და არცა გჯერათ?! ისმოდა მხოლოდ ბურთზე ფეხის დარტყმის ხმა, ფეხბურთელების შეძახილები და დაძაბულ მომენტებში სტადიონის ერთიანი ამოოხვრა და ისევ დუმილი - არიქა, მავანი ფეხბურთელის რამე ფინტი არ გამოგვეპაროსო... სხვათა შორის, იმ წლებში მე "დუბლების" თამაშებზეც დავდიოდი და მინიმუმ 30 ათასი ასეთ მატჩებსაც ესწრებოდა... 
რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?
იმიტომ, რომ წარსული და ახალგაზრდობა და საბჭოთა კავშირი და  37-მანეთიანი ბილეთები კი არა, კარგი ლამაზი ქართული ფეხბურთი და "დინამოს" სტადიონის მოგუდული განცდები მომენატრა... წავალ, ჩავრთავ ახლა ძველ თამაშებს და ვუყურებ, 1981-82 წლების სეზონის თამაში მაქვს მთლიანად: "ბასტია" - "დინამო" თბილისი (თანაც ჩაი დავლიოთ ორშაბათის დასრულების აღსანიშნავად)...

10 მარტი, 2014 წელი

четверг, 6 марта 2014 г.

საგაზაფხულო ძილისპირული

...წაკითხულიდან, ნანახიდან, გაგონილიდან ყველამ ვიცით, რომ კაცობრიობის ისტორია ფაქტიურად არის ერთი გაბმული ბრძოლა თავხედობასა და ნიჭიერებას შორის... თავხედები, როგორც წესი, ძალიან მალე აღწევენ სასურველ მიზანს (მათთვის სასურველს!) და ასეთივე ჩქარი ტემპით კარგავენ მიწეულს, რადგან თავხედობის სარგებლიანი მარაგი ძალიან შეზღუდულია და, რაც მთავარია, განახლებას თუ შევსებას არ ექვემდებარება: გამოიყენებ ერთხელ და მორჩა... ფაფუ! - რჩება თავხედობა, როგორც თვისება, ხოლო მისგან ხეირის ნახვა უკვე შეუძლებელია...
აი, ახლა ვუყურე ერთი მსახიობის - მაყურებლის მოსახიბლად გამიზნულ - მორიგ ღლაბუცს (5 წუთი როგორღაც გავუძელი!) და დავიტანჯე მისი ცოდვით... 
ნიჭიერების შესახებ არაფერს ვიტყვი, ისედაც ცხადია ყველაფერი...

მადლობა უფალს, რომ ქვეყნად გამოიგონა სიზმარი!
ღმერთი რომ ვყოფილიყავი, მეც სწორედ ამას ვიზამდი!

წავედით სიზმრებში.... ძილი ნებისა!
6 მარტი, 22014 წელი

суббота, 15 февраля 2014 г.

მასტერ-კლასი დამწყები მთარგმნელების და "ყრუ პოეტებისთვის".

1. პოეზია (ვერლიბრიც კი!) კეთილხმოვანი უნდა იყოს... ხომ ასეა, ბავშვებო? 

2. მოდით, ჯერ რითმაზე ვილაპარაკოთ, რაც კეთლხმოვანების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. 
რითმიანი (ე.წ. კონვენციური) ლექსის შექმნა, ალბათ, განაპირობა ორმა ფაქტორმა: 
ა) როგორც უკვე ვთქვით - კეთილხმოვანებამ და ბ) ფრიად პრაგმატულმა მიზანმა, ანუ: დამწერლობის შემოღებამდე ლექსის დამახსოვრებას უწყობდა ხელს სწორედ რითმა... მსგავსი დაბოლოების მქონე სტრიქონების დამახსოვრება, როგორც ჩანს, უფრო ადვილი იყო... მე ნამდვილ რითმაზე მოგახსენებთ და არა ისეთზე, რომლებიც მავან "უსმენო და ყრუ პოეტებს" მიაჩნიათ "კეთილხმოვანების" ელემენტად და ამით თვითონ რომ ყრუვდებიან, ჯანდაბას მათი თავი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მკითხველსაც უფუჭებენ გემოვნებას; ეს განსაკუთრებით მტკივნეულია საბავშვო პოეზიაში, რამაც უნდა შექმნას მომავალი გემოვნებიანი მკითხველის საფუძვლები.... არადა, ახლა ისეთები წერენ ბავშვებისთვის, ვისაც "რითმის ხელოვნების" ელემენტარული ჭეშმარიტება არ ესმის, ანუ ის, რომ კარგი და ლამაზი სარითმო ერთეულები იქმნება თანხმოვნების საშუალებით და არა მსგავსი ხმოვნების მქონე სიტყვებით (მაგალითად, დოქი - ტოტი, ნისლი - ტვირთი და ა.შ.... ეს არის ძალიან მდარე რითმები და ასეთი "ჰარმონიით" მომუშავე "მგოსნები" არ უნდა მიაკარო საბავშვო პოეზიას, ისინი დიდ ზიანს აყენებენ მომავალ თაობას, მაგრამ ვინ არის პატრონი?!... ხსენებული "რითმების" შემქმნელნი მაგონებენ ე.წ. "ქასთინგებში" მონაწილე დაწუნებულ კონკურსანტებს, რომლების გამოსვლებითაც მერე ნაირგვარ სამასხარაო კლიპებს ქმნიან ხოლმე... "დშნმ-დნნნმ-დშნმ-დნნნმ და მისთანები).

3. მთარგმნელებს კი ის უნდა ვუთხრა, რომ სათარგმნელ მასალაში არის ერთი რაიმე მთავარი აზრი, რაც მაქსიმალურად ზუსტად უნდა ითარგმნოს და ასევე არის ამ აზრის "აკომპანემენტი" ფრაზები და სარითმო ერთეულები, რასაც ავტორი სწორედ რომ ძირითად საკითხამდე მისასვლელად ქმნის... ასე რომ, თუკი მთარგმნელს აქვს რაიმე თავისუფლება, მან ამით სწორედ "დამხმარე" ნაწილში უნდა ისარგებლოს და იქვე გამოავლინოს საკუთარი პოეტური უნარიც, რადგან ძირითად ნაწილში მას ევალება ორიგინალის სიზუსტის დაცვა.... 

ნიმუშად ეს პატარა ლექსი ვთარგმნე, სადაც დედნის მთავარი აზრი იმაშია, რომ сосульки плачут... თორემ მზის გახარება და დღის ზრდა მხოლოდ დამხმარე სტრიქონებია და подрос იმისთვის წერია, რომ мороз-ს ჰქონდეს სარითმო ერთეული: 

Опять весна пришла на дачу.
Ликует солнце. День подрос.
И лишь одни сосульки плачут,
Жалея зиму и мороз.

გაზაფხულდა, პატარებო:
ნიკა, ლიკა, მირიან!...
ყველა ხარობს, თუმც ყინულის
ლოლოები ტირიან.

სადაცაა გაზაფხულიც მოვა!

пятница, 14 февраля 2014 г.

"ვალენტინობის" დღის ძილისპირული....

მავან ორატორს ვუსმინე ამასწინათ და ასე თქვა: "ვეფხისტყაოსანი" ტრაგიკულად მთავრდება, რადგან ქორწილი ყველაზე დიდი სასჯელიაო მიჯნურთათვის... არის ამაში რაღაც სიმართლე, ალბათ, თუმცა სხვა რამის თქმა მინდოდა:
მოგეხსენებათ, ამჟამად პაპად ვმუშაობ და ორი თანამშრომელი მყავს - მეოთხეკლასელი სანდრო და პირველკლასელი დათუნა... დღეს "სამსახურში" რომ მივდიოდით, უფროსმა მკითხა - რა არის, დღეს ყველა ყვავილებით რატომ დადისო?!... რომ ვუთხარი - შეყვარებულების დღეა და მიტომ დადიან-მეთქი ყვავილებით, ორივეს თვალები აუციმციმდა... დანარჩენი უკვე ჩემს კომპეტენციაში არ შედის - საკლასო ოთახის კარებთან მთავრდება ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობანი...

ტრაგედიაა თუ კომედია, გინდა არ გინდა, უნდა გაძვრე ამ "გვირაბში" რომ შემდეგ პაპა-ბებიის თანამდებობა მიიღო... 
ღმერთმა სულ შეყვარებულები და ბედნიერები გამყოფოთ!...

ეს ლექსიც "დამწვრისაა" - საადი შირაზელის... პიპინიას თქმისა არ იყოს - ხალხი რომ ბნელი იყო, მაშინდელი... 

სასიკვდილო წამის მოსვლა შენზე ფიქრის წამით იყოს,
შენს ქუჩაზე მიწად ქცევის იმედით და ჟამით იყოს.

განკითხვის დღე დადგეს ოდეს, გული სულ შენ მოგძახოდეს,
ბაგე შენთვის დაფრქვეული ცრემლითა და ნამით იყოს.

მოვიშორე გრძნობას კალთა ორთავ ქვეყნის ლამაზ ქალთა,
მე მონა ვარ შენთა თვალთა... სიტკბოც ტრფობის შხამით იყოს.

საუკუნო ძილსა შინა სატანჯველი მქონდეს ბინა,
შენს დალალებს ვიხსენებდე... შვება მხოლოდ ამით იყოს.

სალოცავი გაქრა ვნება... უჩემობით ვარდი ჭკნება....
თვით ფერიას არ აქვს ნება, შენი მსგავსი რამით იყოს.

განა თრობა მინდა ღვინით ან სამოთხის ხილვის ჟინით?!
ჩემთვის თრობა წუთისოფლად სიყვარულის ჯამით იყოს.

ათასობით გზას თუ ვნახავ, ყველას შენთვის გადავლახავ,
რომ საადის გზა და კვალი შენსკენ დღით თუ ღამით იყოს!

ძილი ნებისა!

воскресенье, 2 февраля 2014 г.

ჩაიპი

ანუ ფიქრები ძილის წინ 12-გრადუსიანი ყინვის ღამეს

რა წესია?! - სკაიპით ელაპარაკები ადამიანს, თან ჩაის სვამ და თანამოსაუბრეს ვერ სთავაზობ ამ ჩაის... თუმცა იმის იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობაც გაჩნდება, ოღონდ 40-50 წელი მოგიწევთ მოცდა... 
ეს დრო ჩემს მიერ შემუშავებული სისტემით გამოვთვალე, რასაც "საოცრების ხარისხის ერთეული" დავარქვი, ანუ: ავიღე იგივე "სკაიპი" ყველა თავისი შესაძლებლობით და დავთვალე - მინიმუმ რამდენი წლის წინ იყო ეს სრული საოცრება... და მივიღე 40-50 წლის წინანდელი დრო, სადღაც 60-იანი წლების დასაწყისი, როცა ჯერ არ იყო საშუალება სხვა ქალაქიდან ტელესიგნალის მიღებისა და შესაბამისად წარმოდგენაც კი არ გვქონდა იმის შესახებ, რომ სადღაც შორს მყოფი ადამიანების და მოვლენების დანახვა შეიძლებოდა... ეს, თუ არ ვცდები, 1965 ან 1966 წელს მოხდა, როცა მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის მიღება გახდა შესაძებელი და ინგლისიდან გადმოცემული მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებიც ვნახეთ (პელე, გარინჩა, ეუსებიაო, ჩარლტონი და ა.შ.); იმ დროიდან უკვე გაჩნდა მოსაზრებები ვიდეოჩანაწერზე, ზოგადად ვიზუალურ-აკუსტიკური ინფორმაციის შორ მანძილზე გადაცემაზე, ე.წ. "ჯიბის ტელევიზორზე", ვიდეოტელეფონზე და ა.შ. ყოველივე ეს დაგვირგვინდა იმით, რომ "მონატრების ეფექტი" პრაქტიკულად გაქრა და შესაძლებელია ადამიანის ხილვა და მასთან საუბარი, სადაც არ უნდა იყოს იგი... ოღონდ ეგ არის - ჩაის ვერ მიაწოდებ... აქაც ჩავრთოთ "საოცრების ხარისხის ერთეული" (ანუ: ჯერ ფანტასტიკაა, მაგრამ მოთხოვნილება უკვე გაჩნდა) და მივიღებთ, რომ ჩემი შვილიშვილი ანი 40-50 წლის შემდეგ თავის ახლობლებს ჩაის დაუსხამს თბილისიდან, ვთქვათ, სტოკჰოლმში და უპრობლემოდ გადასცემს რაიმე პროგრამის საშუალებით... დავარქვათ ამ პროგრამას პირობითად "ჩაიპი" (!)
ძილი ნებისა! 
წავედი სიზმრებში, შესაძლოა, იქ რაიმე ახალი იდეა დამხვდეს... და ხვალ მოგახსენებთ, თუ იდეამ ისე არ დამშოკა, რომ იქ დარჩენა ვარჩიე და გაღვიძება აღარ მოვისურვე....