четверг, 6 марта 2014 г.

საგაზაფხულო ძილისპირული

...წაკითხულიდან, ნანახიდან, გაგონილიდან ყველამ ვიცით, რომ კაცობრიობის ისტორია ფაქტიურად არის ერთი გაბმული ბრძოლა თავხედობასა და ნიჭიერებას შორის... თავხედები, როგორც წესი, ძალიან მალე აღწევენ სასურველ მიზანს (მათთვის სასურველს!) და ასეთივე ჩქარი ტემპით კარგავენ მიწეულს, რადგან თავხედობის სარგებლიანი მარაგი ძალიან შეზღუდულია და, რაც მთავარია, განახლებას თუ შევსებას არ ექვემდებარება: გამოიყენებ ერთხელ და მორჩა... ფაფუ! - რჩება თავხედობა, როგორც თვისება, ხოლო მისგან ხეირის ნახვა უკვე შეუძლებელია...
აი, ახლა ვუყურე ერთი მსახიობის - მაყურებლის მოსახიბლად გამიზნულ - მორიგ ღლაბუცს (5 წუთი როგორღაც გავუძელი!) და დავიტანჯე მისი ცოდვით... 
ნიჭიერების შესახებ არაფერს ვიტყვი, ისედაც ცხადია ყველაფერი...

მადლობა უფალს, რომ ქვეყნად გამოიგონა სიზმარი!
ღმერთი რომ ვყოფილიყავი, მეც სწორედ ამას ვიზამდი!

წავედით სიზმრებში.... ძილი ნებისა!
6 მარტი, 22014 წელი

суббота, 15 февраля 2014 г.

მასტერ-კლასი დამწყები მთარგმნელების და "ყრუ პოეტებისთვის".

1. პოეზია (ვერლიბრიც კი!) კეთილხმოვანი უნდა იყოს... ხომ ასეა, ბავშვებო? 

2. მოდით, ჯერ რითმაზე ვილაპარაკოთ, რაც კეთლხმოვანების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. 
რითმიანი (ე.წ. კონვენციური) ლექსის შექმნა, ალბათ, განაპირობა ორმა ფაქტორმა: 
ა) როგორც უკვე ვთქვით - კეთილხმოვანებამ და ბ) ფრიად პრაგმატულმა მიზანმა, ანუ: დამწერლობის შემოღებამდე ლექსის დამახსოვრებას უწყობდა ხელს სწორედ რითმა... მსგავსი დაბოლოების მქონე სტრიქონების დამახსოვრება, როგორც ჩანს, უფრო ადვილი იყო... მე ნამდვილ რითმაზე მოგახსენებთ და არა ისეთზე, რომლებიც მავან "უსმენო და ყრუ პოეტებს" მიაჩნიათ "კეთილხმოვანების" ელემენტად და ამით თვითონ რომ ყრუვდებიან, ჯანდაბას მათი თავი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მკითხველსაც უფუჭებენ გემოვნებას; ეს განსაკუთრებით მტკივნეულია საბავშვო პოეზიაში, რამაც უნდა შექმნას მომავალი გემოვნებიანი მკითხველის საფუძვლები.... არადა, ახლა ისეთები წერენ ბავშვებისთვის, ვისაც "რითმის ხელოვნების" ელემენტარული ჭეშმარიტება არ ესმის, ანუ ის, რომ კარგი და ლამაზი სარითმო ერთეულები იქმნება თანხმოვნების საშუალებით და არა მსგავსი ხმოვნების მქონე სიტყვებით (მაგალითად, დოქი - ტოტი, ნისლი - ტვირთი და ა.შ.... ეს არის ძალიან მდარე რითმები და ასეთი "ჰარმონიით" მომუშავე "მგოსნები" არ უნდა მიაკარო საბავშვო პოეზიას, ისინი დიდ ზიანს აყენებენ მომავალ თაობას, მაგრამ ვინ არის პატრონი?!... ხსენებული "რითმების" შემქმნელნი მაგონებენ ე.წ. "ქასთინგებში" მონაწილე დაწუნებულ კონკურსანტებს, რომლების გამოსვლებითაც მერე ნაირგვარ სამასხარაო კლიპებს ქმნიან ხოლმე... "დშნმ-დნნნმ-დშნმ-დნნნმ და მისთანები).

3. მთარგმნელებს კი ის უნდა ვუთხრა, რომ სათარგმნელ მასალაში არის ერთი რაიმე მთავარი აზრი, რაც მაქსიმალურად ზუსტად უნდა ითარგმნოს და ასევე არის ამ აზრის "აკომპანემენტი" ფრაზები და სარითმო ერთეულები, რასაც ავტორი სწორედ რომ ძირითად საკითხამდე მისასვლელად ქმნის... ასე რომ, თუკი მთარგმნელს აქვს რაიმე თავისუფლება, მან ამით სწორედ "დამხმარე" ნაწილში უნდა ისარგებლოს და იქვე გამოავლინოს საკუთარი პოეტური უნარიც, რადგან ძირითად ნაწილში მას ევალება ორიგინალის სიზუსტის დაცვა.... 

ნიმუშად ეს პატარა ლექსი ვთარგმნე, სადაც დედნის მთავარი აზრი იმაშია, რომ сосульки плачут... თორემ მზის გახარება და დღის ზრდა მხოლოდ დამხმარე სტრიქონებია და подрос იმისთვის წერია, რომ мороз-ს ჰქონდეს სარითმო ერთეული: 

Опять весна пришла на дачу.
Ликует солнце. День подрос.
И лишь одни сосульки плачут,
Жалея зиму и мороз.

გაზაფხულდა, პატარებო:
ნიკა, ლიკა, მირიან!...
ყველა ხარობს, თუმც ყინულის
ლოლოები ტირიან.

სადაცაა გაზაფხულიც მოვა!

пятница, 14 февраля 2014 г.

"ვალენტინობის" დღის ძილისპირული....

მავან ორატორს ვუსმინე ამასწინათ და ასე თქვა: "ვეფხისტყაოსანი" ტრაგიკულად მთავრდება, რადგან ქორწილი ყველაზე დიდი სასჯელიაო მიჯნურთათვის... არის ამაში რაღაც სიმართლე, ალბათ, თუმცა სხვა რამის თქმა მინდოდა:
მოგეხსენებათ, ამჟამად პაპად ვმუშაობ და ორი თანამშრომელი მყავს - მეოთხეკლასელი სანდრო და პირველკლასელი დათუნა... დღეს "სამსახურში" რომ მივდიოდით, უფროსმა მკითხა - რა არის, დღეს ყველა ყვავილებით რატომ დადისო?!... რომ ვუთხარი - შეყვარებულების დღეა და მიტომ დადიან-მეთქი ყვავილებით, ორივეს თვალები აუციმციმდა... დანარჩენი უკვე ჩემს კომპეტენციაში არ შედის - საკლასო ოთახის კარებთან მთავრდება ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობანი...

ტრაგედიაა თუ კომედია, გინდა არ გინდა, უნდა გაძვრე ამ "გვირაბში" რომ შემდეგ პაპა-ბებიის თანამდებობა მიიღო... 
ღმერთმა სულ შეყვარებულები და ბედნიერები გამყოფოთ!...

ეს ლექსიც "დამწვრისაა" - საადი შირაზელის... პიპინიას თქმისა არ იყოს - ხალხი რომ ბნელი იყო, მაშინდელი... 

სასიკვდილო წამის მოსვლა შენზე ფიქრის წამით იყოს,
შენს ქუჩაზე მიწად ქცევის იმედით და ჟამით იყოს.

განკითხვის დღე დადგეს ოდეს, გული სულ შენ მოგძახოდეს,
ბაგე შენთვის დაფრქვეული ცრემლითა და ნამით იყოს.

მოვიშორე გრძნობას კალთა ორთავ ქვეყნის ლამაზ ქალთა,
მე მონა ვარ შენთა თვალთა... სიტკბოც ტრფობის შხამით იყოს.

საუკუნო ძილსა შინა სატანჯველი მქონდეს ბინა,
შენს დალალებს ვიხსენებდე... შვება მხოლოდ ამით იყოს.

სალოცავი გაქრა ვნება... უჩემობით ვარდი ჭკნება....
თვით ფერიას არ აქვს ნება, შენი მსგავსი რამით იყოს.

განა თრობა მინდა ღვინით ან სამოთხის ხილვის ჟინით?!
ჩემთვის თრობა წუთისოფლად სიყვარულის ჯამით იყოს.

ათასობით გზას თუ ვნახავ, ყველას შენთვის გადავლახავ,
რომ საადის გზა და კვალი შენსკენ დღით თუ ღამით იყოს!

ძილი ნებისა!

воскресенье, 2 февраля 2014 г.

ჩაიპი

ანუ ფიქრები ძილის წინ 12-გრადუსიანი ყინვის ღამეს

რა წესია?! - სკაიპით ელაპარაკები ადამიანს, თან ჩაის სვამ და თანამოსაუბრეს ვერ სთავაზობ ამ ჩაის... თუმცა იმის იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობაც გაჩნდება, ოღონდ 40-50 წელი მოგიწევთ მოცდა... 
ეს დრო ჩემს მიერ შემუშავებული სისტემით გამოვთვალე, რასაც "საოცრების ხარისხის ერთეული" დავარქვი, ანუ: ავიღე იგივე "სკაიპი" ყველა თავისი შესაძლებლობით და დავთვალე - მინიმუმ რამდენი წლის წინ იყო ეს სრული საოცრება... და მივიღე 40-50 წლის წინანდელი დრო, სადღაც 60-იანი წლების დასაწყისი, როცა ჯერ არ იყო საშუალება სხვა ქალაქიდან ტელესიგნალის მიღებისა და შესაბამისად წარმოდგენაც კი არ გვქონდა იმის შესახებ, რომ სადღაც შორს მყოფი ადამიანების და მოვლენების დანახვა შეიძლებოდა... ეს, თუ არ ვცდები, 1965 ან 1966 წელს მოხდა, როცა მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის მიღება გახდა შესაძებელი და ინგლისიდან გადმოცემული მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებიც ვნახეთ (პელე, გარინჩა, ეუსებიაო, ჩარლტონი და ა.შ.); იმ დროიდან უკვე გაჩნდა მოსაზრებები ვიდეოჩანაწერზე, ზოგადად ვიზუალურ-აკუსტიკური ინფორმაციის შორ მანძილზე გადაცემაზე, ე.წ. "ჯიბის ტელევიზორზე", ვიდეოტელეფონზე და ა.შ. ყოველივე ეს დაგვირგვინდა იმით, რომ "მონატრების ეფექტი" პრაქტიკულად გაქრა და შესაძლებელია ადამიანის ხილვა და მასთან საუბარი, სადაც არ უნდა იყოს იგი... ოღონდ ეგ არის - ჩაის ვერ მიაწოდებ... აქაც ჩავრთოთ "საოცრების ხარისხის ერთეული" (ანუ: ჯერ ფანტასტიკაა, მაგრამ მოთხოვნილება უკვე გაჩნდა) და მივიღებთ, რომ ჩემი შვილიშვილი ანი 40-50 წლის შემდეგ თავის ახლობლებს ჩაის დაუსხამს თბილისიდან, ვთქვათ, სტოკჰოლმში და უპრობლემოდ გადასცემს რაიმე პროგრამის საშუალებით... დავარქვათ ამ პროგრამას პირობითად "ჩაიპი" (!)
ძილი ნებისა! 
წავედი სიზმრებში, შესაძლოა, იქ რაიმე ახალი იდეა დამხვდეს... და ხვალ მოგახსენებთ, თუ იდეამ ისე არ დამშოკა, რომ იქ დარჩენა ვარჩიე და გაღვიძება აღარ მოვისურვე.... 

суббота, 25 января 2014 г.

თოჯინებმა გამყიდეს

ერთხელ ერევანში წაგვიყვანეს უნივერსიტეტიდან; იქაურმა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტმა მთელი საბჭოთა კავშირის მასშატაბით აღმოსავლეთმცოდნეების შეკრება მოაწყო და ჩვენც მიგვიწვიეს; როცა მივდიოდით, ჩვენი ჯგუფის წევრებმა მითხრეს - არა თქვა, რომ სომხური იცი, ერთი გაიგე, ჩვენზე რას ლაპარაკობენო... მეც გავჩუმდი, მარტო რუსულად ან სპარსულად (მაშინ ცოტ-ცოტა უკვე ყველამ ვიცოდით სპარსული) ველაპარაკებოდი იქაურებს, თან ვუსმენდი მათს სომხურ ლაპარაკს და უნდა ვთქვა, რომ კარგის მეტი ჩვენზე არაფერი უთქვამთ... ერთხელაც, მესამე-მეოთხე დღეს, რატომღაც თოჯინების თეატრში შეგვიყვანეს, რაღაც ღირსშესანიშნავი შენობა იყო, მგონი, ახლა აღარ მახსოვს და ბარემ (ჰამაც!) დავესწარით სპექტაკლს... ვსხედვართ, ვუყურებთ და მე ყველაფერი მესმის, რასაც ტიკნიკები (სომხურად "ტიკნიკ" თოჯინაა) ლაპარაკობენ. ჰოდა, ერთხელ გამეცინა, მერე მეორედ, მესამედ.... მოდი და ნუ გაიცინებდი სომხურად მოლაპარაკე თოჯინების ყურებისას და მომიბრუნდნენ ჩვენი მასპინძლები:
- არა, დუნ ურემენ ჰაიერენ ჰასკანუმეს ევ წიწაღუმეს?! (ბიჭო, შენ ესე იგი სომხური გესმის და იცინიო?!)
რაღა უნდა მექნა, ვუთხარი - მესმის კიდევაც და თანაც ვლაპარაკობ-მეთქი.

ასე გამყიდეს სომეხმა თოჯინებმა ერევანში...

საერთოდ კი, ერევანში ავლაბრული სომხურით იოლას გახვალთ ყოველდღიურ მეტყველებაში, ქალაქში, ბაზარში და ა.შ., მაგრამ ტელევიზორიდან ნალაპარაკებ ლიტერატურულ სომხურს (ბოდიში მამიხდია და...) ვერ გაიგებთ, თუ სპეციალურად არ ისწავლეთ ის სიტყვები.

среда, 25 декабря 2013 г.

ფოტოგრაფიის საგა

ერთსაც დავწერ და წავალ იქ, საიდანაც დილით ბრუნდებიან...
გამიჩნდა სურვილი, რომ ახლანდელი მცირე ასაკის და მომავალი თაობებისთვის აღვწერო ის პროცესი, თუ როგორ იქმნებოდა ჩვენს ბავშვობაში ფოტოსურათები...

   ჯერ ვყიდულობდი ფოტოფირს, რომელიც იყო დახვეული და ჩადებული ე.წ. ვერცხლის ქაღალდSი და ზემოდან სქელი შავი სინათლეგაუმტარი ქაღალდიც ჰქონდა. როგორც წესი, ვყიდულობდა 65 მგრძნობიარობის ფირს, ეს საშუალო და ოპტიმალური იყო, არსებობდა ასევე 32 და 130 მგრძნობიარობის.
   ფირი ბევრგან იყიდებოდა და შორს წასვლა არ მჭირდებოდა, წავიღებდი, ჩავჯდებოდი სიბნელეში ან ხელეbს შევყოფდი რამდენიმე საბნის ქვეშ და იქ ფირს ჩავახვევდი ე.წ. კასეტაში ისე, რომ საგანგებოდ გამოჭრილი წვერი გარეთ დარჩენოდა... ფირი შედგებოდა 36 კადრისგან და როცა დატენილ კასეტას აპარატში ჩავდებდი და ერთ საკონტროლო გადახვევას გავაკეთებდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ფირი კასეტიდან გამოდის და მეორე მხარის "კატუშკას" ეხვევა, კადრების აღმრიცხველ რგოლს ნულზე დავაყენებდი... კარგია! წავედით სკოლაში, აპარატი ჩანთაში დავმალეთ და გაკვეთილების შემდეგ გადავუღებ ჩემს კლასელებს... (კარგი ბავშვები არიან, თქვენც მოგეწონებათ).
   ფოტოგადაღების საუკეთესო დრო 12–დან 2–3 საათამდე იყო, როცა მზე ზენიტშია და მაქსიმალური სინათლე იფრქვევა, თუმცა იდეალური პირობებისთვის საჭიროა ღრუბლებიც, რათა მზის სხივები თანაბრად გაიფანტოს და სინათლისა და ჩრდილების მეტ–ნაკლები განფენილობა იყოს .... ერთი სიტყვით, გადავიღებდი 36 კადრს და წავიდოდი მარჯანიშვილის მოედანზე, სადაც სპეციალური ფოტომაღაზია იყო... ერთი ასეთი მაღაზია ვაჟა–ფშაველაზეც იყო, მაგრამ იქ ძალიან იშვიათად დავდიოდი...     საჭირო იყო ორი წამალი – Проявитель და Фиксаж...
   აპარატს ჰქონდა უკან გადახვევის საშუალება და გადაღებულ ფოტოფირს ისევ კასეტაში ვაბრუნებდი... მერე დავამზადებდი წამლებს... ჯერ Проявитель – ნელთბილ წყალში იხსნებოდა თავიდან პატარა პაკეტი და მერე მთლიანი ფხვნილი... აჭანჭყარება და მაგის ჯანი... ასევე Фиксаж – ოღონდ პატარა პაკეტი ძირითადი ფხვნილის შემდეგ უნდა ჩამეყარა ხსნარში...
   წავედით ისევ სიბნელეში ან ხელები საბნების ქვეშ – ფოტოფირი "ბაჩოკში" უნდა ჩავახვიოთ, სადაც მერე ჩავასხამთ ჯერ Проявитель–ს, დავაცლით 5–7 წუთს, მერე გადმოვასხამთ წამალს (არ გადაღვაროთ, სურათების დასაბეჭდად დაგვჭირდება), მერე კარგად გავავლებდით წყალში "ბაჩოკის" გაუხსნელად და ბოლოს Фиксаж – 15–20 წუთი და.... გადმოვღვრიდით წყალს (ამასაც ვინახავთ ბოთლში ფოტოქაღალდების დასაბეჭდად) და გულისფანცქალით ვათვალიერებთ ნეგატივის სახით გამჟღავნებულ ფოტოფირს და გამოცდილება გვკარნახობს, თუ რომელი კადრიდან როგორი სურათი დაიბეჭდება....
   რომ დაღამდება, ჩავიკეტებით სამზარეულოში, ავანთებთ წითელ სინათლეს და დავიწყებთ ბეჭდვას... თუ გაინტერესებთ, გიამბობთ ქაღალდზე გადატანის პროცესსაც... 
   * * *
   ერთი კახელი კაცი დასავლეთში ჩავიდა და ხეზე გასული ყურძენი იზაბელა (ადესა) დაინახა... ადგილობრივებმა უამბეს, რომ ამას არც გაფუქრჩქვნა სჭირდება, არც გასხვლა და არც შეწამლვა... მხოლოდ დაკრიფავ და დაწურავო...
   – მერე–და მაგის ღვინოს რა ნამუსითა სვამთ, უშრომელად რომ წურავთო?! – გაიკვირვა კახელმა...

   მეც ასეთი აზრები მიჩნდება, დღევანდელ ფოტოებს რომ ვუყურებ... ეკრანზე.

суббота, 21 декабря 2013 г.

"მხოლოდ სულია უსასრულოდ მოასპარეზე"

ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილიც და ბატონი ჯემალ აჯიაშვილიც თავისი ძირითადი პროფესიით ირანისტები არიან; მოგეხსენებათ, მეც ამ პროფესიის გახლავართ და 1981 წლამდე, სანამ ჩემს ცხოვრებას ავღანეთის ომი დაასახიჩრებდა, ორივე მათგანთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, ასე ვთქვათ, თამაშ–თამაშით თარგმნასაც მასწავლიდნენ, თანაც ერთმანეთზე ხუმრობდნენ (იუმორის გარეშე ვერცერთს ვერ წარმოედგინა ცხოვრება), თუმცა ამ ხუმრობაში ბევრი სიმართლეც ერია... ვახუშტიმ მითხრა ერთხელ – (ჩვენში დარჩესო და....) ჯემალი კი არ თარგმნის, საკუთარ ლექსებს წერს და იქ ხან მოშე იბნ ეზრას მიაწერს და ხანაც ფრანჩესკო პეტრარკასო...
* * *
პეტრარკას პოეზიით არასოდეს ვყოფილვარ დაინტერესებული, ახლა კი მხოლოდ მის ლექსებზე ვფიქრობ და ვეძებ ყველაფერს მის შესახებ... როგორც იქნა ბატონი ჯემალის თარმანებიც გადმოვიწერე და ჩავუღრმავდი და ვახუშტის ნათქვამი გამახსენდა; დიახ, ეს ყველაფერი საკმაოდ შორსაა ორიგინალისგან, მაგრამ იმდენად დიდებული პოეზიაა, რომ ადამიანს დაამუნჯებს კარგა ხნით, ფიქრებში ჩაძირავს... მეც განვაგრძობ ახლა ჩაძირვას, მანამდე კი უბრალოდ მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ეს მოგონებაც და უდიდესი ქართველი პოეტის, ჯემალ აჯიაშვილის ლექსიც...
ჰო, ესეც უნდა ვთქვა – იქ რომ წავალ, იმ ცოდვას მოვინანიებ ბატონი ვახუშტის წინაშე, რომ "ჩვენში ნათქვამი" საჯარო გავხადე...  ჯემალიც ხომ იქ არის და პირსუკან ლაპარაკი არ გამომივა.

მოვა ჟამი და დაგვიძახებს ბინდი ვრცეული
და ჩვენი ყოფა - მისი ხატი, მისი ფერწერა
არარაობის სათვალავში ჩაიძერწება
და გაცუდდება ყველა ნივთი და განძეული.

და მიდის, მიდის, მიირწევა ჩემი სხეული,
ხოლო თრობა და სიყვარული - ოქროს ლერწებად
შეზრდია სულს და ღამეს მისდევს და ილეწება
დრო - წარმავლობის მოციქულად გადაქცეული.

მიდის ცხოვრება, მიიჩქარის, მაგრამ იმავ დროს
ვეჭვ, ხელოვნებამ აღსასრული გადამივადოს,
მხოლოდ სულია უსასრულოდ მოასპარეზე

და დრო, რომელსაც იმორჩილებს მხატვრის გონება:
ხან არენაზე წარმოჩნდება გრძნობის გარეშე,
ხან ყოველივეს მგრძნობელობით ეპატრონება...

ფანტასტიურია!

მოვა ჟამი და დაგვიძახებს ბინდი ვრცეული...