вторник, 17 декабря 2013 г.

ნუ შეხვალ ორჯერ სეფაში!

...ერთი წრე რომ შემოუარეს (დაიტირეს, გამოიგლოვეს, სეფაშიც შევიდნენ..) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის "პრაფესორებმა" შექსპირს, მის პიროვნებას, ბიოგრაფიას, შემოქმედებას.... ყველაფერს! გამოიკვლიეს ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო და.... აღმოჩნდა, რომ შექსპიროლოგია დადგა კრახის წინაშე, რადგან ახალს ვეღარაფერს ამბობდა და დღეს-ხვალ არაპრესტიჟული სფერო გახდებოდა ლიტერატურის გარშემო მოწრიალე ათასი ჯურის ავანტიურისტისთვის, ანუ გაკოტრდებოდა უზარმაზარი ლიტერატურული ბიზნესი და ჰა! - სასწაული! რამდენიმე ბრიტანელმა და ამერიკელმა მკვლევარმა შემოაგდო ასეთი (როგორც ახლა იტყვიან - შოკისმომგვრელი!) ზღაპრული ჰიპოთეზა:


შექსპირი, როგორც ცოცხალი არსება და პიროვნება, საერთოდ არ არსებობდა (სხვათა შორის, ასეთივე ჰიპოთეზა რუსი პოეტის ბლოკის შესახებაც არსებობს); ეს არის ვირტუალური ავტორი, რომელიც ორმა პიროვნებამ შეთხზა. ვინ იყვნენ ეს პიროვნებები?
ფრენსის ბეკონი და მისი ძიძიშვილი - ენტონი ბეკონი.
თავისი ეპოქის უდიდესი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი ყოფილა (არც მეტი, არც ნაკლები!) ინგლისის ძლევამოსილი დედოფლის ელისაბედის ვაჟი, რომელიც მას დაუმალავს და დაბადების შემდეგ ბეკონების ოჯახში გაუძიძავებია... ელისაბედი, რომელიც ტიუდორების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო და ოცნებობდა ელემენტარულ ქალურ ბედნიერებაზე, შვილზე, ოჯახზე და ა.შ. (რის გამოც შეიძულა და სიკვდილით დასაჯა მარიამ სტიუარტი, რადგან შურდა მისი, როგორც ქალისა), უცებ საკუთარ შვილზე, ტიუდორების დინასტიის გაგრძელების ერთადერთ იმედზე, ამბობს უარს (....რომელიც მავანი რობერტ დადლისაგან შეეძინა თურმე და გაუგებარია  - რატომ? - მას ერთ-ერთ სატრფიალო სეანსში უთხრა, რომ იგი არასოდეს გათხოვდება, რადგან მისი ერთადერთი და საოცნები საქმრო არის.... ინგლისი (?!)

- ერთი სიტყვით, მან შვილი გააძიძავა... ბეკონების ოჯახში იზრდებოდა კიდევ ერთი ვაჟი, ნამდვილი შვილი თავისი მშობლებისა - ენტონი; ინგლისის ტახტის დამალული მემკვიდრე მასთან ერთად ცხოვრობდა და იღებდა განათლებას.... დედოფალმა თურმე იზრუნა როგორც საკუთარ შვილზე, ასევე ბეკონების ნადვილ ვაჟზე, მისცა ბრწყინვალე სწავლა-განათლების მიღების საშუალება და.... შედეგად მივიღეთ ის, რომ ეს ორი კაცი გახდნენ ფილოსოფოსებიც, პოეტებიც, დრამატურგებიც და მთელი შემოქმედება, რასაც უილიამ შექსპირს მიაწერენ, შექმნეს ამ ძუძუმტეებმა - ფრენსისმა და ენტონიმ - ასეთი განრიგით: ფრენსისი მხოლოდ პიესებს წერდა, ენტონის კი ეკუთვნის ყველა (154) სონეტი, რაც დღეს ჩვენთვის ცნობილია უილიამ შექსპირის სახელით...
ესე იგი შესაპირი საერთოდ არ არსებულა, არც დრამატურგის, არც პოეტის, არც "გლობუსის" თეატრის მსახიობის და არც სტრატფორდში დაბადებულ ადამიანის სახით...
* * *
ერთი სიტყვით, "პრაფესორებმა" შეთხზეს ახალი მითი და მეორედ მოიწადინეს "სეფაში" შესვლა, ოღონდ ის არ იციან, რომ ზოგჯერ მასპინძლები გასვენებაში მისულ აბეზარ მგლოვიარეებს მალულად ზურგზე ჯვარს ასვამენ, რომ მეორედ აღარ მიირთვას პურ-მარილი.

пятница, 13 декабря 2013 г.

სიზმარი

13 დეკემბერი, 2013 წელი

ჩემმა თანაკლასელმა სიზმარში მთხოვა - ფოტოაპარატი მათხოვეო, აი, ის, ბავშვობაში რომლითაც გვიღებდიო სურათებს - ФЭД-3
მე ვუთხარი - საიდან მოგიტანო-მეთქი ის აპარატი, აჰა, ეს ციფრული ფოტოაპარტი აიღე და წადი ჩემი სიზმრიდან...
- არაო! გინდა თუ არა, ის ძველი აპარატი უნდა მომიძებნოო..
- ვაჰ!
...კიდევ კარგი, გამომეღვიძა, თორემ ვეტყოდი რამე ბემურაზობას - გოგო, შენ! ხომ არაფერი გეშლება?! - და ა.შ.
ლამის 50 წელია ვიცნობ და პირველად ვნახე სიზმარში... იქაც ისეთივე გიჟი ყოფილა, რაც ცხადშია.

დღეს პირველად შემოვედი აქ და დილა მშვიდობისა, ჩემო ფრენდებო! 
თოვლი მოვიდა, ჭაბუა წავიდა... რა არის ჩვენი ცხოვრება?!

четверг, 28 ноября 2013 г.

ქალაქელი თუ მოქალაქე?

ერთხელ, 90-იანებში, როცა ბენზინი სანთლით საძებარი იყო (...თუმცა სანთლით ნაპოვნი ბენზინი კაიდღეს დააყენებს მპოვნელს), თბილისთან ახლოს მდებარე იმ ერთ-ერთი რაიცენტრისკენ ავტობუსით მივდიოდი, ახლა რომ მუნიციპალიტეტის ცენტრი ჰქვია... ოციოდე კილომეტრი იყო დარჩენილი იქამდე და ამ მანძილის გავლას, გზის ხარისხის, რელიეფის და მგზავრთა ადი-ჩადის გათვალისწინებით, ერთი საათი მაინც დასჭირდებოდა... ჰოდა, ჩამთვლიმა და ათიოდე წუთში ხმამაღალმა შეძახილმა გამომაფხიზლა - გააჩერე, მეც ქალაქში მოვდივარო - და ავტობუსში სამოციოდე წლის კაცი ამოვიდა... ალბათ, ძილ-ბურანში ყოფნის გამო დავეჭვდი, თორემ იმ გზას ხუთი თითივით ვიცნობდი და გვერდით მჯდომ ქალბატონს ვკითხე - რა იყო, თბილისისკენ მივბრუნდით-მეთქი?! "არა"-ო - გაიოცა ქალმა და ეჭვის თვალით ამზომ-დამზომა - ემანდ, ვინმე შარიანი არ იყოსო...
ავტობუსი მშვიდობით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე და ის, "ქალაქში" მიმავალი კაცი, სადღაც (როგორც ახლა იტყვიან) "მუნიციპალურ სავაჭრო ცენტრში" (ბაზარში, რა....) გაუჩინარდა.... ესე იგი ის კაცი ქალაქად იმ დასახლებულ პუნქტს მოიხსენებდა, სადაც ერთად ჩავედით "პაზიკით" (...იყო ერთდროს ასეთი ავტობუსი - ПАЗ - და, მგონი, ახლაც შემორჩა ჩვენს მიგრეხილ-მოგრეხილ გზებს...); თავისთავად ის პატარა დაბა მე მეხიკო-ტოკიოს მსგავს 20-მილიონიან მეგაპოლისებს მირჩევნია, მაგრამ მისი "ქალაქად" მოხსენიება მეუხერხულა.... რატომღაც. 
ეს ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა, რომ ამდილას გიზო ნიშნიანიძის წიგნს ვათვალიერებდი, სანამ ბავშვი ფეხბურთში ვარჯიშობდა, და ბატონი გიზოს ნათქვამი ასეთი ფრაზა წავიკითხე - "თბილისელობა ქალაქელობა კი არა, მოქალაქეობაა"-ო... 
ქალაქი ბევრია საქრთველოში და ღმერთმა ამრავლოს, მაგრამ "საკუთარი სამშობლოს მოქალაქეთა" რაოდენობა დღითიდღე იკლებს... რატომღაც.

вторник, 12 ноября 2013 г.

ვენეციური შთაბეჭდილებები

ყველა ოჯახს თავისი ნავი აქვს - არც ბენზინის პრობლემა აწუხებთ და არც "რაზვალნი ვტულკების"... დავდიოდი და ვფიქრობდი - ვინ ცხოვრობს ახლა ამ სახლებში? მერე გავიგე, რომ ქალაქი იცლება ადგილობრივი მცხოვრებლებისგან რამდენიმე ფაქტორის გამო: საყოფაცხოვრებო პირობების სიმცირის, მეტისმეტი სიძვირის, ტურისტების მოძალების და.... სახლების ჩაძირვის გამო... უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში თითქმის ერთი მეტრით ჩავიდა ყველა კუნძული წყალში, მოსახლეობის რაოდენობა კი 160 ათასიდან 50 ათასამდე შემცირდა... განიხილავენ საკითხს, რომ ტურისტების ყოველდღიურ შეშვებაზე ლიმიტი დაწესდეს, მაგრამ ვაჭრები და მაღაზიების მეპატრონენი ეწინააღმდეგებიან ამას - შემოსავალი შეგვიმცირდებაო... სან-მარკოს მოედანზე, სადაც მე საკმაოდ თბილი სამოსით დავსეირნობდი, დავინახე იაპონიიდან საგანგებო-საქორწილო მიზნით ჩამოსული რამდენიმე წყვილი - პატარძლები მთლად მოშიშვლებული მხრებით პოზიორობდნენ ფოტოგრაფების წინაშე და თან ძაგძაგებდნენ... აბა, წარმოიდგინეთ, მის გასათბობად რამდენი ყავა იქნება საჭირო, რაც იმდენად ძვირია, რომ არ მინდა ხასიათი გაგიფუჭოთ... ასე რომ... ტურისტები ტკეპნიან კუნძულს, ვაჭრები ითვლიან ხეირს, ვენეცია კი იძირება და საბრალოდ ტორტმანობენ წყალზე პატრონებისგან მიტოვებული ნავები...

суббота, 5 октября 2013 г.

ათიოდე წუთი

ამასწინათ ერთ ღირსეულ პიროვნებას შევხვდი, ვისაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცხოვრებამ ისე ინება, რომ მასთან პირადად ("ლაივში"!) მხოლოდ მეორედ მომიწია ურთიერთობა და ისიც მხოლოდ ათიოდე წუთით... პირველი ასეთი შეხვედრა კი 1997 წელს შედგა, ასევე ათიოდე წუთით... მე იმედით ველოდები დაახლოებით 2029 წელს, როცა (ალბათ!) კვლავ ათიოდე წუთით შევხვდები ამ ადამიანს (...რა თქმა უნდა, თუ ვიცოცხლე იქამდე), მანამდე კი დავდებ აქ ჩემს თარგმანს, რომელიც ხსენებულმა პიროვნებამ თითქმის ზეპირად მითხრა და დაამატა: "ჩემს ხასიათშიც ზუსტად ჯდება"-ო.

შექსპირი, 36-ე სონეტი

გამოგიტყდები - თუმცა გვეთქმის მე და შენ წყვილი,
თუმცა ორივეს სიყვარული ერთად გვეწვია,
ჩვენს ტრფობას ჩემი საძრახისი დააჩნდა წვლილი,
ჩემი აუგი მას უშენოდ შემოეწია.

ჩვენს ორ გრძნობაში ერთი ტრფობის სხივი ციაგებს,
თუმცა ცალ-ცალკე მრუმე ცოდვის გვიწევს მხილება,
რაც ჩვენს სიყვარულს საზიანოს ვერას მიაგებს,
მაგრამ დროდადრო მისგან მაინც მზე ეჩრდილება.

მიტომაც არ მსურს, აგედევნოს სირცხვილი კვალში
და ჩვენი ტრფობა გადეშალოს ყველას მარაოდ,
მიტომაც ვითხზავ შენს ნახვაზე სიძულვილს თვალში,
შენ კი ღიმილსაც ვერ იმეტებ სააშკარაოდ.

დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.

среда, 2 октября 2013 г.

საშინელებადი აზრები

"-ადი" ბოლოსართი თანდათან "უნივერსალური" ხდება და, ჩემი აზრით, გარკვეული დროის შემდეგ საზიზღარ შედეგებს გამოიღებს...
დიახ, ბატონო! - ახლა არავის აწუხებს ისეთი სიტყვები, როგორიცაა: მყოფადი, მსხვრევადი, დნობადი, ზრდადი, კლებადი, ცვლადი... თუმცა ყოველი მათგანის ენაში გამოჩენისა და დამკვიდრების დრო და მომენტი ადვილად შეიძლება დადგინდეს და შესაბამისი მიზეზების წარმოჩენით გაირკვეს, რამდენად სჭირდებოდა რომელიმე მათგანი ქართულ ენას და რამდენად "მავნებლური" წარმოშობისანი არიან ასეთი სიტყვები... ამის მაგალითია, ვთქვათ. სიტყვა "ცნობადი", რომელიც მხოლოდ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან მესმის, ადრე არ მსმენია... დიახ, ბატონო! - ეს ბოლოსართი უკვე ორგანული ნაწილია ამა თუ იმ ლექსიკური ერთეულებისთვის, მაგრამ ნუთუ "ყოვლადია" (ანუ ყველა შემთხვევაში გამოსაყენებელია)?!
დღეს ერთ სერიოზულ ნაშრომში უკვე შემხვდა ასეთი ფრაზა: "ამ მცენარის ნაყოფი ჭამადია"-ო (!)
ახლა რამდენიმე კითხვა უნდა დავსვა:
ვინც ეს სიტყვა ("ჭამადი") შეთხზა, ვთქვათ, რესტორანში მაგიდასთან ზის, სადილობს და მას რაღაც უცნაური რამ დაუდეს წინ, რაც ადრე ნანახი არ ჰქონდა... ჰოდა, საინტერესოა, ეს მთხზველი ადამიანი ამ სიტუაციაში ნუთუ ასე ჰკითხავ ოფიციანტს - ეს ჭამადია?
...თუ ასე ჰკითხა და, ალბათ, პომადით აბრდღვიალებულ მეუღლესაც ეჭვით მიმართავს - შენი ტუჩები კოცნადია?
...არ არის გამორიცხული, რომ ამავე მთხზველმა ადამიანმა  არჩევნებზე რომელიმე კანდიდატის შესახებ იკითხოს - ეს კაცი ხმის მიცემადია?
...სრულიად მოსალოდნელია, რომ მშობლიურ სოფელში ჩავიდეს და, ჭას რომ დაინახავს, ჰამლეტივით ფილოსოფიური აზროვნება მოეძალოს: დასალევადი-არდასალევადი... (Вот в чем вопрос!)...

თქვენი არ ვიცი და, ამ ბოლოსართის "ყოვლადობის" გამო მე ფრიად "შეშინებადი" ვარ...