суббота, 5 октября 2013 г.

ათიოდე წუთი

ამასწინათ ერთ ღირსეულ პიროვნებას შევხვდი, ვისაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცხოვრებამ ისე ინება, რომ მასთან პირადად ("ლაივში"!) მხოლოდ მეორედ მომიწია ურთიერთობა და ისიც მხოლოდ ათიოდე წუთით... პირველი ასეთი შეხვედრა კი 1997 წელს შედგა, ასევე ათიოდე წუთით... მე იმედით ველოდები დაახლოებით 2029 წელს, როცა (ალბათ!) კვლავ ათიოდე წუთით შევხვდები ამ ადამიანს (...რა თქმა უნდა, თუ ვიცოცხლე იქამდე), მანამდე კი დავდებ აქ ჩემს თარგმანს, რომელიც ხსენებულმა პიროვნებამ თითქმის ზეპირად მითხრა და დაამატა: "ჩემს ხასიათშიც ზუსტად ჯდება"-ო.

შექსპირი, 36-ე სონეტი

გამოგიტყდები - თუმცა გვეთქმის მე და შენ წყვილი,
თუმცა ორივეს სიყვარული ერთად გვეწვია,
ჩვენს ტრფობას ჩემი საძრახისი დააჩნდა წვლილი,
ჩემი აუგი მას უშენოდ შემოეწია.

ჩვენს ორ გრძნობაში ერთი ტრფობის სხივი ციაგებს,
თუმცა ცალ-ცალკე მრუმე ცოდვის გვიწევს მხილება,
რაც ჩვენს სიყვარულს საზიანოს ვერას მიაგებს,
მაგრამ დროდადრო მისგან მაინც მზე ეჩრდილება.

მიტომაც არ მსურს, აგედევნოს სირცხვილი კვალში
და ჩვენი ტრფობა გადეშალოს ყველას მარაოდ,
მიტომაც ვითხზავ შენს ნახვაზე სიძულვილს თვალში,
შენ კი ღიმილსაც ვერ იმეტებ სააშკარაოდ.

დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.

среда, 2 октября 2013 г.

საშინელებადი აზრები

"-ადი" ბოლოსართი თანდათან "უნივერსალური" ხდება და, ჩემი აზრით, გარკვეული დროის შემდეგ საზიზღარ შედეგებს გამოიღებს...
დიახ, ბატონო! - ახლა არავის აწუხებს ისეთი სიტყვები, როგორიცაა: მყოფადი, მსხვრევადი, დნობადი, ზრდადი, კლებადი, ცვლადი... თუმცა ყოველი მათგანის ენაში გამოჩენისა და დამკვიდრების დრო და მომენტი ადვილად შეიძლება დადგინდეს და შესაბამისი მიზეზების წარმოჩენით გაირკვეს, რამდენად სჭირდებოდა რომელიმე მათგანი ქართულ ენას და რამდენად "მავნებლური" წარმოშობისანი არიან ასეთი სიტყვები... ამის მაგალითია, ვთქვათ. სიტყვა "ცნობადი", რომელიც მხოლოდ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან მესმის, ადრე არ მსმენია... დიახ, ბატონო! - ეს ბოლოსართი უკვე ორგანული ნაწილია ამა თუ იმ ლექსიკური ერთეულებისთვის, მაგრამ ნუთუ "ყოვლადია" (ანუ ყველა შემთხვევაში გამოსაყენებელია)?!
დღეს ერთ სერიოზულ ნაშრომში უკვე შემხვდა ასეთი ფრაზა: "ამ მცენარის ნაყოფი ჭამადია"-ო (!)
ახლა რამდენიმე კითხვა უნდა დავსვა:
ვინც ეს სიტყვა ("ჭამადი") შეთხზა, ვთქვათ, რესტორანში მაგიდასთან ზის, სადილობს და მას რაღაც უცნაური რამ დაუდეს წინ, რაც ადრე ნანახი არ ჰქონდა... ჰოდა, საინტერესოა, ეს მთხზველი ადამიანი ამ სიტუაციაში ნუთუ ასე ჰკითხავ ოფიციანტს - ეს ჭამადია?
...თუ ასე ჰკითხა და, ალბათ, პომადით აბრდღვიალებულ მეუღლესაც ეჭვით მიმართავს - შენი ტუჩები კოცნადია?
...არ არის გამორიცხული, რომ ამავე მთხზველმა ადამიანმა  არჩევნებზე რომელიმე კანდიდატის შესახებ იკითხოს - ეს კაცი ხმის მიცემადია?
...სრულიად მოსალოდნელია, რომ მშობლიურ სოფელში ჩავიდეს და, ჭას რომ დაინახავს, ჰამლეტივით ფილოსოფიური აზროვნება მოეძალოს: დასალევადი-არდასალევადი... (Вот в чем вопрос!)...

თქვენი არ ვიცი და, ამ ბოლოსართის "ყოვლადობის" გამო მე ფრიად "შეშინებადი" ვარ... 

суббота, 28 сентября 2013 г.

ფანტასტიური ლიმონათი

...60-70-იან წლებში ვინც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებს ესწრებოდა, ემახსოვრება ვანიონ დარასელის პიესის ("კიკვიძე") მიხედვით დადგმული სპექტაკლი... მე იქიდან ერთი პერსონაჟიც დამამახსოვრდა, პატარა უკრაინელი ბიჭი, რომელიც სულ იმას გაიძახოდა - ლომონათი მაგარი დასალევიაო, მაგრამ როცა კიკვიძემ ჰკითხა - როდის დალიეო? -, უპასუხა: არ დამილევია,
სხვებმა მიამბეს, რომ მაგარიაო...
ჩვენც ასე ვიყავით, ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, ერთმანეთს სულ პელე-გარინჩას ვეძახდით, არადა, არცერთი მათგანი არავის თვალით არ ჰყავდა ნანახი, მხოლოდ გაგონილი გვქონდა უფროსებისგან მათი არსებობის შესახებ, თუმცა იმ უფროსებსაც მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ... აბა, სად უნდა ენახათ?! - ტელევიზიაში მათ არ აჩვენებდნენ და ავლაბარში მოსვლას და ჩვენთან თამაშის სურვილს ნამდვილად არ ამჟღავნებდნენ არც პელე და არც გარინჩა... მართალია, 1966 წელს "დაგვალევინეს ლიმონათი" - ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატიდან პირველი რეპორტაჟები განხორციელდა და ვნახეთ, როგორ გაიტანეს ბულგარელების კარში პელემ და გარინჩამ თითო გოლი, მაგრამ მანამდე ნამდვილად არ გვყავდა ისინი ნანახა, თუმცა არც მის შემდეგ, 1970 წლამდე არ გამოჩენილან ისინი ჩვენს ტელეეკრანებზე.... 1970 წელს კი ვნახეთ პელე მთელი თავისი ბრწყინვალებით მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე... გარინჩას იმ დროს უკვე დანებებული ჰქონდა თავი და აღარსად თამაშობდა... ჰოდა, ახლა, ეს ვიდეო რომ ვიპოვე, ავისრულე ბავშვობის ოცნება და ვნახე ბოლოსდაბოლოს გარინჩას თამაში, მაგრამ რად გინდა რა?! - ახლა მე მაქვს დანებებული თავი და აღარ ვთამაშობ)))) ერთი სიტყვით ერთმანეთს ავცდით დროში... ისე კი უნდა გითხრათ, რომ 60-იან წლებში ჩვენს მაღაზიაში ფანტასტიური ლიმონათი იყიდებოდა... მაგალითად, წითელი ფერის "კრუშონი" (ასე ვეძახდით) - 20 კაპიკი და მაგის ჯანი!

http://www.youtube.com/watch?v=Od6KVVCScto

суббота, 21 сентября 2013 г.

საით მივდივართ?!

არსებობს ძალიან კარგი ელექტრონული ლექსიკონი, რომელიც პირადად მე დიდ დახმარებას მიწევს მუშაობისას.
http://ena.ge/explanatory-online
მაგრამ არანაირად არ მომწონს სახელი იმ დაწესებულებისა, რომელიც ხსენებულ ლექსიკონს ქმნის - "ენის მოდელირების ასოციაცია"; არათუ არ მომწონს, არც მესმის - რა იგულისხმება ენის "მოდელირებაში"?!
ამ ელექტრონული ლექსიკონის თავფურცელის პირველივე წინადადება კი ძალიან სახიფათო და შემაშფოთებელ მოვლენას წარმოაჩენს. თვალსაჩინოებისთვის ეს შესავალი ნაწილი ლექსიკონისა გამოსახულებად ვაქციე, სადაც არაქართული სიტყვები წითლად აღვნიშნე და აღმოჩნდა, რომ ერთ წინადადებაში, სადაც 22 ენობრივი ერთეულია, 6 გახლავთ საკუთარი სახელი ან ნაცვალსახელი თუ კავშირი:
არნოლდ (1), ჩიქობავა (2), შოთა (3), რუსთაველი (4), და (5), იგი (6)... ცხადია, ჩამოთვლილ სიტყვებს უცხოური ერთეულებით ვერ ჩაანაცვლებდნენ.
დარჩენილი 16 სიტყვიდან კი მხოლოდ შვიდია ქართულია და ცხრა -  არაქართული.
* * *
მე ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრი სიტყვა უკვე ისე დამკვიდრდა ქართულ ენაში (...და არა მარტო ქართულში), რომ მათ გარეშე აზრის სრულყოფილად გადმოცემა თითქმის შეუძლებელია (ლექსიკონი, პროექტი, ინსტიტუტი და ა.შ.). მაგრამ მაინც... ეს შეფარდება - ცხრა უცხოური და შვიდი ქართული - უკვე ძალიან სახიფათო მოვლენაა...



არანაირ საყვედურს არ ვამბობ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც, საჭიროებისამებრ თუ კეკლუცობისამებრ, უყვარს და უხდება ე.წ. "პროგრესისასკენ მიმავალ გზაზე" ცხოვრების შესაბამისი თავისებურების დამკვიდრება თუნდაც მეტყველებისას და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ისინიც იგრძნობენ ავისმომასწავებელი  საფრთხის მოახლოებას.... უბრალოდ ვსვამ კითხვას - საით მივდივართ და იქ, "სადღაც" მისვლის შემდეგ რომელ "მოდელირებულ" ენაზე დაველაპარაკებით ერთმანეთს... უფრო სწორად - ჩვენი შთამომავლები რომელ "მოდელირებულ" ენაზე ისაუბრებენ ერთმანეთთან?! ჩვენ ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, საუბრისას "შვიდ-მეთექვსმეტედ" ქართულს მაინც ვიყენებთ...

среда, 11 сентября 2013 г.

პატარა (დიდაქტიკურ-ჰარმონიული) მოგონება

სადღაც მეორე კურსზე ვიყავი, ალბათ, და ჩვენი კათედრის გამგემ, დავით კობიძემ (ფოტოზე - დავით კობიძე), რომელიც კლასიკურ სპარსულ ტექსტებს გვაკითხებდა და გვასწავლიდა, შეიტყო, რომ თარგმნის სურვილი გამჩენოდა და რომ მიმატანინა ერთი ფარატინა 12-ფურცლიანი რვეული და პირველივე თარგმანის ორი სტრიქონი რომ წაიკითხა, მითხრა ის, რაც მთელი შემდგომი საქმიანობის საფუძველი გახდა. 
იქ ეწერა:

ჩვენს გაჩენამდე ქვეყნად იყო ბევრი დღე-ღამე,
დიდხანს აკეთა ამ სამყარომ თავისი საქმე.

ბატონმა დავითმა დაახლოებით ასე მითხრა: 
"ღამე" და "საქმე" კი მთავრდება ერთსა და იმავე მარცვალზე (-მე), მაგრამ რითმის კეთილხმოვანებას აქ მაინც "ქ" ბგერა განსაზღვრავს და "ღამე-საქმე" ერთმანეთს არამუსიკალურად ერითმებაო...

შარშან ეს რობაი ხელახლა რომ ვთარგმნე კრებულისთვის, ეშმაკობას მივმართე - სარითმო ერთეულის შემდეგ ყურადღების გასანელებლად რედიფი (ყველგან განმეორებადი სიტყვა) "ყოფილა" ჩავსვი, ხოლო "ქ"-ს ეფექტის გასანეიტრალებლად ბოლოში "-ც" ნაწილაკი დავურთე... ის ღამე-საქმე სარითმო ერთეულები ამით მოვიყვანე ჰარმონიაში, ყოველ შემთხვევაში "ქ" უკვე ძალიან აღარ ხვდება ყურს.

აქ ჩვენს  მოსვლამდე დღეც იყო და ღამეც ყოფილა,
ამ ცისქვეშეთში, მგონი, რაღაც საქმეც ყოფილა;
ჩვენს ფეხქვეშ მიწა ლამაზმანის თვალებს მაგონებს,
აქ რომ იყო და, ალბათ, სხვაგან სადმეც ყოფილა.

понедельник, 19 августа 2013 г.

ჩემი უბნის სურათები

...მართალია, თავს ავლაბრელად ვთვლი, რადგან სკოლაც იქ დავამთავრე და ყველა ნათესავი და ბავშვობის უმეტესი მეგობრები კვლავაც იქ ცხოვრობენ, მაგრამ იმდროინდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, ჩუღურეთელი უნდა მერქვას,  რადგან სწორედ ჩვენს ქუჩაზე გადიოდა საზღვარი 26 კომისრის რაიონთან და მე აქეთ, ავლაბრიდან დასავლეთისკენ ვცხოვრობდი, ჩუღურეთის საზღვარზე (მაშინ ოქტომბრის რაიონი კი იყო, მაგრამ ხალხი მაინც ჩუღურეთს ეძახდა). 
ძველ წიგნებში წერია, რომ მე-17 საუკუნის ბოლოდან ჩვენი ქუჩა, რომელიც ურიცკის სახელობის იყო კომუნისტობისას და ახლანდელი პრეზიდენტის სასახლესთან იწყება და არსენალის გვირაბს ებჯინება, მოიხსენიებოდა, როგორც "ზემო გზა" და ეს გზა ავლაბარს დიდუბესთან აერთებდა; აი, ამ ქუჩის მარცხენა მხარეს, სამების ეკლესიის პირდაპირ, არის დიდი, ღრმა ხევი, რომელიც მტკვრამდე ჩადის, სწორედ ამ ხევის ფერდობებზე, რკინიგზის გადმოღმა იყო დასახლება, რომელიც ისტორიულ დოკუმენტებში მე-17 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი სოფელ "ჩუღურეთის" სახელით, მაგრამ ის მანამდეც არსებობდა და თამარის ეპოქის თბილისში შემომავალი ერთ-ერთი კარიბჭე და საბაჟო სწორედ იქ იყო. 

ოფიციალური ინფორმაციით სოფელი ჩუღურეთი 1820 წელს გახდა თბილისის სრულუფლებიანი ნაწილი, მანამდე კი სოფელი იყო ხევში... 
დიახ, "ჩუღურ" ღრმა ხევს ნიშნავს თურქულად და მთელი ჩემი ბავშვობა ამ ხევის გარდიგარდმო ხეტიალს "შეეწირა"... (იქ იყო წყალსაქაჩი სადგური, რომელსაც "წყაროს" ვეძახდით და სადაც ბეტონის  მცირე აუზი იყო და ჩვენთვის ის, მალიბუს თუ არა, ბულგარეთის ოქროს ქვიშებზე უკეთესი პლაჟი ნამდვილად იყო). "ჩუღურ/ჩოღორ" რომ ხევი და უსწორმასწორო ადგილია, ეს ფაქტი სხვა სიტყვაშიც შემოგვრჩა - ოღრო-ჩოღრო...  
ეს ყველაფერი ამასწინათ ბატონ საიდ მულიანის (მულიაშვილს), ფერეიდნელ ქართველს, ისფაჰანის უნივერსიტეტის პროფესორს ვუამბე და ვაჩვენე "ჩუღურეთად" წოდებული უბანი, რადგან იგი წარმოშობით ფერეიდანში მდებარე სოფელ "ჩუღურეთიდან/ჩუღრუთიდან" გახლავთ და ჩვენს საუბარში ასეთი ჰიპოთეზა წარმოიშვა - გარეკახელების (ახლანდელი საგარეჯოს რაიონი) გარდა, შაჰ-აბასის მიერ ირანში გადასახლებულთა შორის იყვნენ, აგრეთვე, სოფელ ჩუღურეთიდან გადასახლებული ქართველებიც; საქმე იმაშია, რომ სიტყვა "ჩუღურ" სპარსულში არ არსებობს და ფერეიდანში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, რომ არა იქ ჩასახლებული ქართველების სურვილი, შეენარჩუნებინათ მშობლიური სოფლის სახელი (....ისევე როგორც მარტყოფი).
ასეა თუ ისე, ჩუღურეთი თბილისს შეუერთდა, ოღონდ უკვე არაქართული მოსახლეობით. მე იქ ვიცხოვრე 30 წელი და ვიცი, რომ იმ ხევში არაქართული მოსახლეობის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი არაქართველია და, როგორც ჩანს, ამასაც თავისი გამართლება აქვს: თუ ჩვენს ჰიპოთეზას დავუჯერებთ, მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ჩუღურეთი ქართველებისგან მთლიანად დაიცალა და მომდევნო ათწლეულებში იქ დასახლდნენ სხვა ეროვნების ადამიანები, ძირითადად სომხები, ქურთები და იეზიდები და საკმაოდ მრავალფეროვანი ინდუსტრიული ქსელიც შექმნეს (ციტატა): "1823 წლის საქართველოს სტატისტიკური აღწერის შედეგად ჩუღურეთში იყო: ათი აგურის ქარხანა, ოთხი სამეურნეო ქარხანა, რვა სამღებრო, სამი სამჭედლო, ერთი საპნის ქარხანა, ერთი სადალაქო, ორი დუქანი, ორი გაჯის ქარხანა, ლუდსახარში, ერთი თონე"...
ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ჩუღურეთიც ორი ნაწილისგან შედგება: ავლაბრის მხარეს უფრო სომხები ცხოვრობენ, ხოლო ბუხაიძის ქუჩიდან დაახლოებით საბჭოს მოედნამდე (არ ვიცი, ახლა რა ჰქვია) - ქურთების და იეზიდების სიმრავლე შეინიშნება... კარგად მახსოვს, ერთხელ სამხედრო კომისარიატში გამომიძახეს (მარჯანიშვილის ქუჩაზე, კორტებთან) და იქ აღმოჩნდა, რომ სამედიცინო კომისიის გასავლელ ოთახში ორმოცდაათამდე წვევამდელი  ვიყავით და მათ შორის მხოლოდ მე აღმოვჩნდი ქართველი, რაც უყურადღებოდ არ დარჩენია ერთ რუს ოფიცერს, როგორც საინტერესო ფაქტი. 
საერთოდ კი, ჩვენი თბილისური ფესვები გუთნის ქუჩას უკავშირდება (სასტუმრო "მეტეხის" უკან), იქიდან მამაჩემი ომის შემდეგ გადასახლდა ჩუღურეთში თავის ცოლ-შვილთან ერთად... გუთნის ქუჩაზე და იქ მცხოვრებ იეთიმ გურჯიზე კი სხვა დროს ვილაპარაკოთ...