вторник, 11 июня 2013 г.

როგორც იქნა, გვეღირსა!

ამ ორიოდე დღის წინ ჩემი ძველი უბნისკენ მივდიოდი მანქანით და ჩემი სკოლელი, ბავშვობის მეგობარი დამემგზავრა... უფრო სწორად, დავინახე, რომ გზაზე იდგა, გავაჩერე მანქანა და წაყვანა შევთავაზე და, როგორც თბილისში ვამბობთ ხოლმე, ერთმანეთის ნახვაც ძაან–ძაან გაგვიხარდა... "სად მიგიყვანო?"–მეთქი, რომ ვკითხე, ისეთი კარგი სახელი მითხრა ჩემი მშობლიური უბნისა, რომ ესეც ძაან–ძაან გამიხარდა...
საქმე იმაშია, რომ ჩემს უბანს (ლაპარაკია სამების დიდი კარიბჭის წინ მდებარე ტერიტორიაზე) თავისი კონკრეტული სახელი არ გააჩნდა... ეს ქუჩა ახლანდელ ისნის (ყოფ. 26 კომისრის) და ჩუღურეთის (ყოფ. ოქტომბრის) რაიონებს ყოფდა ერთმანეთისგან, უფრო მიკროუბნური სახელების გათვალისწინებით კი ხევისუბნის (ჩუღურეთის მხრიდან), კაზარმის (ახლანდელი პრეზიდენტის სასახლის) და ხოჯევანქის (ელიის დასახლების მიმართულებით) გზაგასაყარზე მდებარეობდა და ახლაც მდებარეობს... 60–იანი წლების დასაწყისში სამების ხსენებული ჭიშკრის ადგილზე ოთხსართულიანი 98–ე რუსული სკოლა რომ ააშენეს, თითქოს ცოტათი გვეშველა და "სკოლის უბანი" დაგვერქვა, მაგრამ ასეთი სახელი დაკონკრტებას საჭიროებდა, რადგან იმ უბნებში 77–ე, 79–ე, 84–ე, 86–ე, 88–ე, 90–ე, 122–ე დიდ–პატარა ქართულ–რუსულ–სომხური სკოლები არსებობდა და შესაბამისად "სკოლის უბანიც" ბევრი იყო... 
ჰოდა – შენ ხარ ჩემი ბატონი! – ასე და ამგვარად გვტანჯავდა და ორიენტაციას (გეოგრაფიულს, განა სხვა რომელიმეს...) გვიბნევდა გზაგასაყარზე ცხოვრება... რაღაც მთლიანად საქართველოს მოდელში ვიყავით, რა... ვერც ამ ჩვენი ქვეყნისთვის დაგვიდგენია ორიენტაცია (აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი თუ დასავლეთი?) და ჩემს ხსენებულ უბანსაც იგივე სადარდებელი ჰქონდა...  
და აი, გვეღირსა! დაგვერქვა სახელი!
ჩემმა სკოლისდროინდელმა მეგობარმა მითხრა – "სამების უბანში მიმიყვანეო!" (ვაჰ, შენც გენაცვალე და იმ უბანსაც!)
სახელიც და გზაც ტაძრამდე მივიდა!!!
* * *
ეს უბნელობა და სკოლის მეგობრობა კი "ელჩებივით" მარადიული ცნება ყოფილა – ერთხელ თუ იქ დაიბადე და იქაური მეგობრები გაიჩინე, მერე სადაც გინდა გადასახლდე, მაინ სულ იმ–ძველი–უბნელი გქვია და იქაური მეგობრობაც მარადიული და დაუსრულებელია... და, მგონი, საიქიოშიც გრძელდება...
ესე იგი მე სამების უბნელი ვარ!
რა მაგარია!!!

понедельник, 10 июня 2013 г.

Такие переводчики!...

1982 წელს შვებულებით ვიყავი ჩამოსული ჯარიდან და ჩემი 2 წლის შვილი გავასეირნე... საბაგიროში ჩავჯექი რუსთაველზე და ფუნიკულიორზე ავდიოდი... კაბინაში ჩვენთან ერთად ორი ჯგუფი იყო უცხოელებისა: ერთი ჯგუფი ძალიან შავები და მეორე – მათთან შედარებით ნაკლებად შავები... ეს უკანასკნელები ავღანელები აღმოჩნდნენ, ძალიან შავები კიდევ – ინდოელები... ავღანელებმა ჩემთვის ძალიან გასაგებ ენაზე ჩაილაპარაკეს – "ეს შავი ხალხი ამ ქვეყანაში საიდან აღმოჩნდნენო" – და რატომღაც ჩვენსკენ გამოიხედეს... არადა, მე და ჩემი შვილი, სკანდინავიელებთან შედარებით კი ვართ შავები, მაგრამ იმ ავღანელ–ინდოელთა შუაში თოვლივით ფითქინა თეთრები ვჩანდით... ჰოდა, ვითომ ვერ გავიგე, რომ ინდოელებს გულისხმობდნენ "შავებში" და ავღანელებს მათსავე ენაზე ვუთხარი – ჩვენთან ინდოეთში სულ ასეთი თეთრები ვართ და ეს შავები (მივუთითე ინდოელებზე), ალბათ, საქართველოდან ჩამოვიდნენ–მეთქი.... სანამ იმ ორმა ავღანელმა პირი დააფჩინა და გაშტერებული მიყურებდნენ, კაბინა გაჩერდა და მე და ჩემი შვილი ვახო გადავედით ფუნიკულიორის ბაქანზე...
იდგნენ ერთხანს ასე გაოგნებულები ის ავღანელები და ვერ გაერკვიათ – იმწუთს რომელ ქვეყანაში იმყოფებოდნენ... ეს საკითხი, ალბათ, ადვილად გაარკვიეს, მაგრამ ამ გამოცანას მაინც ვერ ამოხსნიდნენ – საიდან იცოდა მათთან ერთად კაბინაში მოხვედრილმა ბავშვიანმა კაცმა მათი ენა... თანაც სპარსული ენის ზუსტად ის დიალექტი, რაზედაც ავღანელები ლაპარაკობენ...
შავმა ინდოელებმა მშვიდად გაისეირნეს ფუნიკულიორის ბილიკებზე, მეც გავისეირნე შვილთან ერთად, მაგრამ ორიოდე დღეში დამიმთავრდა შვებულება და დავუბრუნდი სამხედრო ნაწილს, სადაც ჩემი ნაცნობი ავღანელები (...და რუსებიც) გულისფანცქალით მელოდნენ, რადგან, მიმინოს თქმისა არ იყოს – Такие переводчики на улице не валяются–ო!

თეირანის მთვარე




суббота, 8 июня 2013 г.

იუმორის მნიშვნელობა

იუმორი გრძნობის ქონა–არქონა და ამ ფაქტორის ზეგავლენა ურთიერთობებზე

  ა) იუმორის გრძნობა არ აქვს არც ქალს და არც კაცს:
   ასეთი წყვილები შეიძლება ცხოვრობენ ერთად დიდხანს და ჰყავთ ბევრი შვილები, მაგრამ ეს არის მხოლოდ სოციალურ–ფიზილოგიური მოვალეობის მოხდა და არა ურთიერთობა. 

  ბ) იუმორის გრძნობა აქვს ქალსაც და კაცსაც
   ფანტასტიური, ფეერიული სასიყვარულო ურთიერთობა, ზოგჯერ ლეგენდად ქცეული.... მაგრამ ძალიან მცირე ხანგრძლივობის და იშვიათად შთამომავლობაში ასახული.... მოგონება რჩება კარგი, მაგრამ მიმდინარე პროცესებში ერთმანეთი სძულთ.

  გ) იუმორის გრძნობა აქვს ქალს და არ აქვს კაცს
    რაიმე ურთიერთობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია... და თუ მოხდა დაკავშირება, დამყარდება სრული მატრიარქატი.... ერთმანეთის გაძლებაზე. 

  დ) იუმორის გრძნობა არ აქვს ქალს და აქვს კაცს
    ღმერთმა დიდხანს და სიამტკბილობით გაცხოვროთ ერთად დიდხანს! გააბედნიერეთ საკუთარი თავიც და ყველა ახლობელიც თქვენი არსებობით. 

среда, 5 июня 2013 г.

"ლავუაზიეს კანონი"- 2

... ოთხმოცდაათიანი წლების თბილისში

("ფანტაზია" #45(71), 1997 წ... 2013 წლის რედაქტირებით და წამატებებით)

OUVERTURE - "ბატონი აზარტი"
ადამიანი, ყველა სხვა ღვთიურ-ეშმაკეული "აღჭურვილობის" გარდა, უხვადაა დაჯილდოებული იმ შუქ-ჩრდილებით, რასაც მთლიანობაში ჟინი ჰქვია... თავისი ავი თუ კარგი შეფერილობით.
რაღას არ იგონებს ხოლმე ადამის ძე, რომ როგორმე შეებრძოლოს მოზღვავებულ ერთფეროვნებას და მასზედ გამარჯვებით წამით მაინც გადმოხედოს "არწივის საფრენი" სიმაღლიდან ყოფიერებას.
"ფორტუნა" თუ ქალბატონად აღიქმება და მისი კეთილგანწყობაც, ქალური სიმპათიისა არ იყოს, ძნელადმოსაპოვებელია, "აზარტი" უდავოდ "ბატონია", მთელი თავისი სიძლიერითა და მიმზიდველი სიტლანქით.
აბა, რომ არა აზარტის მიზიდულობის ძალა, განა გაბედავდა ბატონი რამაზი 150-ვატიანი ნათურის მწვადის ნაჭერივით გაქანებას პირისკენ და... თუმცა სჯობს, შორიდან მოვუაროთ და სათქმელიც ნელინელ შემოგთავაზოთ. 
...ჰოდა, იმას ვამბობდი:

вторник, 4 июня 2013 г.

გაუმარჯოს! ამინ!

ბიცოლაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა - "კარგი თიანეთის ხაჭო მომენატრაო"; შევუსწორე ერთხელ - "კარგი" არის ხაჭო და არა თიანეთი-მეთქი და ასე უნდა თქვა - "თიანეთის კარგი ხაჭო მომენატრა".
იწყინა - "მაშ, თიანეთი არ არისო კარგი?!"
ვერ შევედავე... თიანეთზე ამოსდიოდა მზე და მთვარე... ღულელებიდან დაწყებული ჟებოტა-არტნით დამთავრებული ყველას იცნობდა, უმისოდ ქელეხი და ორმოცი არ ჩაივლიდა... "Большая Тианетская Энциклопедия" დავარქვი და ბოლოს შევთანხმდით, რომ ასე ეთქვა - "კარგი თიანეთის კარგი ხაჭო... (კარგი ერბო... კარგი ლობიო... და ა.შ.) 
* * *
ამასწინათ კიდევ ერთ ნაცნობს შევუსწორე - "ყველა საქართველოს მოქალაქეს გაუმარჯოს" კი არ უნდა თქვა, არამედ - "საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუმარჯოს".
- არა, მე ეგრე მინდაო - ყველა საქართველოს მოქალაქე!
- მაინც რომელი "ყველა"?! რამდენი საქართველო არსებობს?
- რამდენი და... თავად საქართველო, მერე ფერეიდანი, მერე საინგილო... ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი... ბალშაია-მალაია გრუზინსკაია მოსკოვში... ლევილი საფრანგეთში... ამერიკის ქართველები და ასე შემდეგ... 

ვერ შევედავე და აქაც შევთანხმდით, რომ ამის შემდეგ გვეთქვა ასე:
ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუმარჯოს!

ამინ!

воскресенье, 2 июня 2013 г.

კესანე! - 4 პუნქტით...

პირველი: დღეის ამას იქით, თუ კიდევ შევეხე მავანთა სათაყვანებელ კერპებს, ივნისის ხუთ დღეში მოვკვდე და დავიმარხო  (ყველაფერი მოესწრება: 2 დღე ოჯახური გლოვა, 2 დღე პანაშვიდები და ერთიც – Поездка только туда)

მეორე: აფორიზმი – ბრიყვებს და ჯიუტებს წაქეზება არ სჭირდებათ, სიბრიყვე და სიჯიუტე თავად გაუმწარებს სიცოცხლეს.

მესამე: გუშინ სიტყვა "კესანეს" წარმომავლობას ვეძებდი, ინგლისურად Forget-me-not ყოფილა, რუსულად – Незабудка.... სპარსულად -   فراموش مرا مکن....
მერე ამეკვიატა ეს სიტყვა და არ მომასვენა

მეოთხე: ამდენი კარგი მეგობრის პატრონმა, მავანთა კერპთაყვანისმცემლობის გამო რატომ უნდა ვინაღვლო ბარემ კესანეც მომეშველა და დავუწერე ეს პატარა ლექსი ქალბატონს.... ვის? – ვინც თავის თავზე მიიღებს, მისი იყოს!


კესანე, ჩემო კესანე,
მამხედე, შენი კვნესა მე!
ნიავს რომ ებიბინები,
არ მამწონს, რა ვქნა, ესა მე!
ერთი მეც გამეთამაშე, –
რად გვინდა ვიღაც მესამე?!