вторник, 14 мая 2013 г.

რა შეუძლია მაპუტუს, ანუ ასეთია პოეტების ბედი!


დილიდან ამეკვიატა ეს სიტყვა (მაპუტუ – მოზამბიკის დედაქალაქია, რა) და სანამ რაღაც ლექსისმაგვარი არ შვა, თავი არ დამანება; ვერ გეტყვით, რატომ არ დამანება თავი, იწრიალა, იწრიალა და შესაძლო რითმები მომაძებნინა, თანაც ეს ყველაფერი ხდებოდა სადღაც უკანა პლანზე, ჩემ საკეთებელ საქმეს ვაკეთებდი და მის წილ ფიქრსაც ვთვლიდი “პრიორიტეტად”, ეს მაპუტუ კი, ჩვენ რომ ვიცით ხოლმე თქმა, მოგუდულად “ღიღინებდა” გონებაში….

არ გეგონოთ, რომ საკუთარი ნიჭის წარმოჩენას ვცდილობ, მე უბრალოდ აზრი გავადევნე იმ პროცესს, რასაც ლექსის შექმნა ჰქვია, ასევე წრიალებს, ალბათ, ბგერა კომპოზიტორის არსებაში, ფერი მხატვართან და ასე შემდეგ….
მახსოვს ასეთი შემთხვევა: ერთი ძალიან ცნობილი პოეტის გვერდით ვიდექი ხალხმრავალ ადგილზე, ჩვენს გვერდით ქალები იდგნენ, რომლებმაც შენიშნეს, რომ მოშორებით მაშინდელი მერი თბილისისა ვანო ზოდელავა იდგა… ჩვენს უკან კი ვიღაცამ ჩაილაპარაკა – ეს წიგნები თითმერიას გამოცემულია–ო… იმ ცნობილმა პოეტმა კი თავისდა უნებურად, ისე რომ არც კი უფიქრია, ჩაილაპარაკა: “წიგნებს ბეჭდავს თითმერია, თვალს ადევნებს თვით მერია”… მე მგონი, მას, იმ პოეტს ეს ფაქტი აღარც კი ახსოვს, ჩემს მეხსიერებას კი შემორჩა, როგორც ფაქტი ლექსის დაბადებისა…
ჰოდა, “მაპუტუზე” მოგახსენებდით…. ათიოდე წუთის წამების შემდეგ ასე შვა მან ნიმუში “პატრიოტული ლირიკისა”, თავადაც დაისვენა და მეც დამასვენა:
ჩემო თბილისო, ვიდრემდე
დამგვანებიხარ მაპუტუს,
ვიდრემდე ვნახავთ ქართველებს
გაძარცვულსა და გაპუტულს,
ჩვენ თავს მივხედოთ, ნუ ვკივით -
“კაპუტ ენგლიშ” და “კაპუტ რუს”,
თორემ სულ მალე გვეტყვიან:
ლიკვიდუს! მოჭრუს! ამპუტუს!

понедельник, 13 мая 2013 г.

ინტერვიუ, 2012 წლის მარტი

ალექსანდრე ელერდაშვილი
"თეირანში პანიკა არ იგრძნობა"

დღეს ირანი, იქ მიმდინარე პროცესები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე გვესაუბრება აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი ალექსანდრე ელერდაშვილი, რომელიც რამდენიმე კვირაა დაბრუნდა თეირანიდან.

- ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობები მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება. ორ ხალხს შორის პოლიტიკური ურთიერთობა 200 წლის განმავლობაში თითქმის გაწყვეტილი იყო, მაგრამ კულტურული, ადამიანური ურთიერთობები მეტ-ნაკლები ინტენსივობით მაინც გრძელდებოდა. ირანი ყოველთვის დაინტერესებული იყო ამიერკავკასიაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. დღეს ამას ირანელი ტურისტების საქართველოსადმი სულ უფრო მზარდი ინტერესიც დაემატა.
- როგორ შეაფასებთ ირანსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა?
- დადებითად. რატომ არ უნდა იყოს უვიზო მიმოსვლა ჩვენს სახელმწიფოებს შორის? თეირანში ყოფნისას არაერთ ქართველს შევხვდი, რომლებიც იქ ბიზნეს თუ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან. საქართველოში ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება, ისევე როგორც საქართველოს საელჩო თეირანში, ყველაფერს აკეთებს მრავალსაუკუნოვანი ქართულ-სპარსული ურთიერთობების განსამტკიცებლად, აღსადგენად. იგეგმება ქართულ-ირანული ტელესერიალის გადაღება, რამდენიმე დღეში თბილისში გაიმართება ბელა შალვაშვილის წიგნის, ფირდოუსის გენიალური "შაჰნამეს" თარგმანის პრეზენტაცია, რომელიც ირანის საელჩომ გამოსცა.

суббота, 11 мая 2013 г.

ავადმყოფური მასლაათი სიკვდილის ბუზის თანხლებით


დღეს, მგონი, ვკვდები, დიდი სიცხე მაქვს... 
ჰოდა, გამახსენდა, რომ ამას წინათ ერთმა "ფრენდმა" მითხრა - "ქალიშვილი შენ არ გყავს და მოდი, მიშვილეო" (ძალიან მომეწონა ეს აზრი!)
აი, ახლა, სიკვდილის ბუზი რომ დამაჯდა,  ისევ "ლექსი" დამაწერინა, მაგრამ დავეჭვდი - ბუზი თუ სიკვდილისაა, ალილუია უნდა ჩამძახოს, რა დროს ლექსებია-მეთქი... ერთი სიტყვით, ბუზი ზის და არ იძვრის და სანამ გონზე მოსულა, ამ ლექსს ჩავიწერ:

მგონია, ვკვდები.... ამას  გთხოვ, შენ, შვილობილო კაწიე -
მე ერთი დიდი ტკივილი როგორმე გამიპაწიე;
მეგრელი დედა მე არ მყავს, ცრემლით რომ მითხრას - ვააააა, წიე!
და ვერც ასული დამტირებს - "მამა" ვის ვუთხრა აწი ეეეეეეეეე"
ოთხი ბიჭი მყავს (ქვეყნისთვის, მე მგონი, ჯაფა გავწიე).
ჰოდა, ერთმანეთს ეტყვიან - ე, ბიჭო! კუბო აწიე....
ამიტომაც გთხოვ შვილობილს, ხალხი აქა-იქ  გაწიე -
მე ერთი ცრემლი და ბევრი ღიმილი შემომაწიე.

მგონი, სიკვდილის ბუზი ჯერ ცუდს არაფერს მიპირებს და ამიტომ ერთ მკრეხელურ აზრს კიდევ დავწერ "ვეფხისტყაოსნის" შესახებ და შევეცდები ერთი პერსონაჟის სახელის წარმომავლობა ავხსნა (არაქართულად):
მოგეხსენებათ, რუსთველი ერთ ადგილზე ახსენებს როსტომს ("შაჰნამეს" პერსონაჟს) - "როსტომის მკლავ უგრძესითა"-ო - ამბობს მშვილდის შესახებ; ესე იგი როსტომი და როსტევანი ავტორისთვის სხვადასხვა სახელებია. 
რას უნდა ნიშნავდეს "როსტევან"-ი?
ამასწინათ ვთქვი - "რუსთა/როსთა" ( روستا ) სპარსულად სოფელია და "რუსთაველის" ფსევდონიმიც აქედან მოდის-მეთქი (და ტოპონიმი "რუსთავიც"); მე ასე ვვარაუდობ და რა ვიცი?! ჰოდა, თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ როსთა-ვან (მეორე ვარიანტი - როსთა-ბან) არის ~სოფლის თავკაცი, მპყრობელი, მოსამართლე და მოწყალე -  მეფე... "სოფელი", რა თქმა უნდა, აქ ნიშნავს ქვეყანასაც და საწუთროსაც.... ("ვან/ბან" ბოლოსართი რაღაცის ფლობას აღნიშნავს (გაიხსენეთ "მარზ-ბან/მარზ-პან" - საზღვრის მფლობელი, მცველი). 

აი, ასეთი ამბებია....
მგონი, სიკვდილის ბუზი ამოძრავდა და თუ ხვალ "ფეისბუქში" არ გამოვჩნდი, პანაშვიდის დღეებს გაცნობებენ...

понедельник, 6 мая 2013 г.

სიჯიუტის დაძლევა მაგიური ფრაზებით

არის ხოლმე შემთხვევები, როცა კამათში ესა თუ ის მხარე გაჯიქდება და სანამ თვითონაც არ გალურჯდება და შენც არ გაგალურჯებს და თავისას არ გაიტანს, ვერ დაშოშმინდება... რუსთველისა არ იყოს – "უცილობლობს ვითა ჯორი" (მე–15 სტროფი); ასეთ შემთხვევაში პირადად მე ვერიდები ხოლმე კამათის სიღრმეებში შესვლას, ვუფრთხილდები საკუთარ ნერვებს, მაგრამ თუ მაინცადამაინც საჭიროა საკუთარი პოზიციის დაცვა, საამისოდ არსებობს ასეთი საშუალება: 


ჯიუტად მოკამათე მხარე (შემდგომში "ჯორი") ასიდან 99 შემთხვევაში ფსიქიკური სტრესის ზეგავლენით მოქმედებს და არანაირად არ უნდა დავის საკითხი გონებრივ რეგისტრებში გადაიტანოს: ანუ – მას აკვიატებულად მიაჩნია, რომ კამათში დამარცხება მის თავმოყვარეობას შელახავს, თუნდაც გრძნობდეს საკუთარი მტკიცებულებების მცდარობას, მაინც არ დანებდება... სიჯიუტე საშიში ფსიქიური ნაკლოვანებაა... 
ამიტომ: ა) უნდა შეძლოთ და პირველ რიგში აღკვეთოთ მის ფსიქიკაში პატივმოყვრეობის აღგზნება და უბრალოდ უთხრათ ასე.... "დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით..." ჯორი რაწამს გაიგებს ამ სიტყვებს, უმალ შეწყვეტს კამათს და დაიწყებს ტკბობას საკუთარი გამარჯვებისა გამო... ბ) თუმცა ხსენებულ ფრაზას ("დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით...") მცირეოდენი პაუზის შემდეგ უნდა მოაყოლოთ ჯადოსნური სიტყვა "მაგრამ" (!)....
"დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით... მაგრამ..."
გ) მოკამათე უმალ დაცქვეტს ყურებს და გაემზადება ახალი შეტევისთვის. თქვენ კი არ უნდა აცალოთ მორიგი აღგზნება და უნდა გააგრძელოთ თქვენს მიერ განსახორციელებელი მკურნალობა შემდეგი სიტყვებით: "...მაგრამ ამ საკითხის შესახებ არსებობს სხვა ჭკვიანური მოსაზრებაც".... ჯორისთვის ეს იქნება გამაოგნებელი დარტყმა, ანუ: მისი მოსაზრება "ჭკვიანურია" თურმე და კიდევ არსებობს ამქვეყნად მისი მსგავსი ჭკვიანი ხალხი (!)... ესე იგი განხორციელდება მარტივი, მაგრამ ძალზედ ეფექტური ოპერაცია: ჯორის ემოციურ აშლილობას (სიჯიუტეს) გადაიყვანთ რაციონალური მსჯელობის სივრცეში და თქვენ უკვე გექნებათ სრული გარანტია იმისა, რომ მოდავე–მოკამათეს დაამარცხებთ, რადგან იგი გონივრულ რეგისტრებში სრულ კრახს განიცდის; მისი იარაღი კამათის დროს არის სიჯიუტე, რაც, როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენ ეშმაკურად მოვიშორეთ თავიდან. 
მაშ ასე, ვიმეორებ ფრაზას მთლიანად:
"დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით... მაგრამ... ამ საკითხის შესახებ არსებობს სხვა ჭკვიანური მოსაზრებაც..." 

პაუზების დარეგულირება ნუ დაგავიწყდებათ და განხორციელებული "მკურნალობის" შემდეგ გამოთქვით თქვენი მოსაზრება თამამად – ჯორი კამათს აღარ გააგრძელებს... 

თუ კამათში შეგეფეთა უცილობლად ვინმე ჯორი,
სარეზერვოდ უნდა გქონდეს შენ "ნერვები" ერთი–ორი...
ჯორს ვერაფერს დააჯერებ, თუნდაც ურტყა ლომის ტორი...
დამშვიდდი და ჭკუისაკენ გაუკვალე ჯორს გზა შორი.

воскресенье, 5 мая 2013 г.

საშობაო დიალოგი

შობის საღამოს ჩემი შვილიშვილი ინტერნეტის სიახლეების გაცნობაში ხელს მიშლის, ლეკვი "პიტოს" ამბებს მიყვება, რომელიც ბაკურიანში ჰყავს, თავის დედულეთში, და რომ აღარ მანებებს თავს, ვეუბნები:
– დათი, მოდი ერთ რამეს გეტყვი, ოღონდ არ გეწყინოს.
– აბა, მითხარი!
– შენი პიტოს თავზეც გავიარ–გამოვიარე... გეწყინა?
– მეწყინა!
– თუ გეწყინა, წადი და ცივი წყალი დალიე!
– ე, ბიჭო, არ იცი, რომ ზამთარია და ცივი წყალი რომ დავლიო, ავად გავხდები?

...მართალია ეს ბავშვი – შობაა და ზამთარია, ინტერნეტში კი საშობაო სითბო და სიყვარული იღვრება... მეც რაღა მეთქმის, გლოცავთ და გეუბნებით: ისე იცხოვრეთ, რომ "ცივი წყალი" იშვიათად დაგჭირდეთ წყენის განსაქარვებლად!

суббота, 4 мая 2013 г.

მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ.... აფრიკელი?!

October 9, 2010 at 15:39

უკვე მეორე წელია დიდი სიამოვნებით ვუყურებ დიდბრიტანულ x factor–ს, ყველაფერი მომწონს ამ კონკურსისა: პროფესიონალიზმიც, სითბოც ურთიერთდამოკიდებულებაც და ხალხიც. საინტერესოა ისიც, რომ ფერადკანიანთა რაოდენობა დიდი ბრიტანეთის პუბლიკაშიც და კონკურსანტებშიც თითქმის ნახევარია, აი, წელს ჟიურიშიც კი გამოჩნდა მშვენიერი ფერადკანიანი ქალბატონი.
მე ნამდვილად არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია ადამიანის კანის ფერისადმი, პატივს ვცემ განურჩევლად ყველას, მაგრამ ერთი რამ მაკვირვებს – თუკი დიდი ბრიტანეთის (ჰოლანდიის, დანიის – დანიურ x factor–შიც ფერადკანიანი ზის ჟიურიში – საფრანგეთის, შვედეთის თუ ნორვეგიის) მოსახლეობაში 50% არაევროპული წარმოშობისაა და, როგორც ჩანს, ეს შეფარდება მალე აფრიკელთა სასარგებლოდ გაიზრდება კიდეც, თუკი ევროპას "გაფერადება" ასე ძალიან უხდება და ამშვენებს, ჩვენ რატომ მივისწრაფვით იქით?! – აგერ არ არიან ეს "ჩვენი" არაბები, ინდოელები თუ ზოგადად აფრიკელები? განა დიდი ბრიტანეთის გავლით უნდა "დავბრუნდეთ" აფრიკაში" ?!
....მახსოვს, ერთი ჩემზე ბევრად უფროსი პიროვნება, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, სამსახურიდან სახლში "ჩერეზ ვაკე" დადიოდა, რათა მის თანამშრომლებს ენახათ, რომ იგი სამსახურიდან პრესტიჟულ უბანში ბრუნდებოდა "დასაძინებლად".... მგონი, ჩვენც ასე გვემართება, როცა "ევროპა–ევროპას" გავიძახით და იქ კი ჩვენი პატივცემული ფერადკანიანები გველიან.
არადა, ოდესღაც ავთანდილმა ბევრად უფრო მოკლე გზა იპოვა აფრიკისკენ და, მოგეხსენებათ, რა ამბებიც გარდახდა მას იქ. შესაძლოა ფატმან–ხათუნი სწორედ ასეთი მშვენიერი ქალბატონი იყო, რომელიც x factor–ის ჟიურიდან გვიღმის!.