вторник, 9 апреля 2013 г.

ჯერჯერობით მე ვიგებ!

…დღეს წურწუმიას ქუჩაზე ამოვიარე, მანქანაში ჩემი შვილიშვილი მიზის, ალექსანდრე–2 (სანდრო), მესამეკლასელია და სიამაყით ამბობს – აი, ჩემო სკოლა!
– ბიჭო, – მე ვუთხარი – შენ სულ სამი წელია სწავლობ, ჩემთვის კიდევ, იცი, რამდენი წელია ეს სკოლა "ჩემია"?
– რამდენი?
...დავიწყე დათვლა:
– 10 წელი მე ვისწავლე + 3 წელი მასწავლებელი ვიყავი + 12 წელი ჩემი შვილები იყვნენ მოსწავლეები + 3 წელი ჩემი შვილიშვილია მოსწავლე... რამდენი გამოვიდა?
– ოცდარვა!
– ზნაჩიტ, ანგარიშია 28: 3 – მე ვიგებ ჯერჯერობით! – და გადმოვუხვიე აეროპორტისკენ გამარჯვებული სახით...


воскресенье, 7 апреля 2013 г.

შემზარავი 90-იანები


მერვე კლასის დამრიგებელი ვიყავი 1–2 წელი, სადღაც 91 წელს, როცა უკვე უშუქობა, შიმშილი და ყველა ვაი–ვაგლახი დაწყებული იყო. ერთხელ მეექვსე გაკვეთილს ვატარებ... ყველანი უკვე დაღლილები ვართ – მასწავლებელ–მოსწავლიანად... ჩავიარე რიგებს შუა და ბოლო მერხთან რომ მივედი, დავინახე, რომ ერთი ბიჭი "ბულკს" ჭამდა და ჩემი მიახლოებისთანავე დამალა ჩანთაში... ხმა არ ამომიღია, ვიდექი და ვუყურებდი... მანაც მიყურა რამდენიმე წამის განმავლობაში და ჩემს თვალებში ამოკითხა, ალბათ, ის, რაც მერე სიტყვებით ჩამჩურჩულა:
– საშა მას, დედაჩემს არ უთხრათ, რომ ვჭამდი გაკვეთილზე და ნახევარ "ბულკს" თქვენ მოგცემთო....
...იმან კარგად იცოდა, რომ არავის არაფერს ვეტყოდი, უბრალოდ ისევე გამეხუმრა, როგორც მე მიყვარდა ხოლმე მათთან ხუმრობა.... თუმცა ისეთი საშინელი დრო იყო, შეიძლება ჩემს თვალებშიც შიმშილი დაინახა...

ვინაა “პრიუტში“ ჩასაბარებელი?!


...ერთი მეზობელი ქალი გვყავდა ჩემს ბავშვობაში... ახლა ვხვდები, რომ ანჩხლი და კაპასი იყო და ამის მიზეზსაც ახლა ვიაზარებ (მარტო ცხოვრობდა, კაცი სათოფედ არ ეკარებოდა); ერთი შვილი ჰყავდა და დღედაღამე მის ცემა–ტყეპაში და წყევლაში ამოსდიოდა სული, თან მალიმალ იმასაც ეუბნებოდა ხოლმე – "პრიუტში ჩაგაბარებო"; ძალიან მაინტერესებდა მაშინ ეს "პრიუტი" რა იყო, იმ ქალის ავყიობიდან გამომდინარე, კარგი რომ არაფერი უნდა ყოფილიყო, ვხვდებოდი, მაგრამ რა?  მილიცია?... ციხე?... ლომბარდი?... თუ რა? (ეს სიტყვა "ლომბარდიც" სულ შიშის ზარს მცემდა, რადგან მთელი ჩვენი სამეზობლო ამ სიტყვას ლამის "ჯოჯოხეთის" სინონიმად იყენებდა... ლომბარდში წასული ყველა ქალი თვალცრემლიანი ბრუნდებოდა, რადგან იქ რაღაც-რაღაცას აბარებდნენ და, როგორც წესი, უკან ვეღარ იბრუნებდნე). ერთი სიტყვით, სანამ რუსული ასე თუ ისე ნორმალურად არ ვისწავლე, "პრიუტ"–ის მნიშვნელობა არ მესმოდა... კი, რა თქმა უნდა, ახლა ვიცი, რომ ეს არის Приют – თავშესაფარი, სადაც ხშირად უპატრონო და ყველასაგან გაწირულ ადამიანებს აბარებენ... ეს ახლა ვიცი, მაგრამ ის ვერაფრით გამიგია, რატომ შემოვიდა ასე ძალიან მოდაში გამოთქმა – უფალს ებარებოდე (?!)... ბოთლი ვარ, ცარიელი ტარა ვარ, მაკულატურა ვარ, ტყვეობაში ჩასავარდნი ვარ თუ რა, რომ "ჩავბარდე"?!
"ბარ" არის ტვირთი... ჩა–ბარ–ება – აზრობრივად სხვა არაფეირა, თუ არა ტვირთისგან გათავისუფლება (მაგალითად, ჩააბარებ გამოცდას და გათავისუფლდები, შვებას იგრძნობ... ჩაბარდები ტყვედ და ერთი იდეოლოგიიდან მეორეში გადასვლისას ცოტა ამოისუნთქებ.... იდეოლოგიურად); დიახ. "ბარ" (بار) სპარსულად არის ტვირთი, ბარგი, ბალასტი... 
ეს მაინც გაიგეთ, რომ "არამართლმადიდებლური" სიტყვაა "ჩა–ბარ–ების" ფუძე და გაუაზრებელი ფრაზით ნუ ეკეკლუცებით ღმერთს!

...ისევ თქვენ დაგსჯით თქვენს მიერ გამოგონილი ღმერთი მასზე ზედმეტი ტვირთ(ებ)ის აკიდებისთვის, თორემ მე რა.... ჩემი გითხარით, საჩემო ღმერთი მე დიდი ხანია მწამს და ზედმეტად არაფრით ვაწუხებ.

суббота, 6 апреля 2013 г.

დოძიიიიიიიიიი!.......


...ერთი ოჯახი ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად: მამა ტიპიური თბილისელი იყო, გაურკვეველი ეროვნებით, ანუ: პასპორტში სომეხი ეწერა, გვარი რაღაც ოსურ ყაიდაზე უჟღერდა, ლაპარაკით კი ნაღდი ქართულით მეტყველებდა; დედა ქართლელი ქალი იყო (ელენე დეიდა), ისეთი ტკბილი და საამო ქართულით საუბრობდა ხოლმე ეს ქალი, რომ ჩემი უბნის ჭრელი ბგერებისაგან ყურის დასასვენებლად (და თუთის და ლეღვის საჭმელადაც) მათს ეზოში ხშირად დავდიოდი. ამ ცოლ–ქმარს ორი უფროსი ქალიშვილი ჰყავდათ. მერე კიდევ ერთი ქალიშვილი (ჩემზე ორი წლით უფროსი),  და ბოლოს ვაჟი, ჩემო მეგობარი და აუტანელი მოქიშპე ნარდსა თუ დომინოში...
ეს ჩემზე ორიოდე წლით უფროსი გოგო ძალიან ამპარტავანი ვინმე გამოდგა, ისე გავატარეთ მთელი ბავშვობა, რომ ერთხელ არ უკადრებია უბნის ბავშვებთან გამოსვლა, ჩემსკენ ხომ საერთოდ არ გამოუხედავს, გეგონება რამე შავი ჭირი მჭირდა... მთელი დღეების განმავლობაში სახლში იჯდა, რაღაც უცხო მუსიკას უსმენდა, სულ სარკეში იყურებოდა და დროდადრო, ჩვენ რომ თუთის ხეზე ვკონწიალობდით, ამ გოგოს ოთახიდან უცხო ენებზე წარმოთქმული სიტყვები გვესმოდა.... ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი! - სახელი ამ უკარება გოგონასი გახლდათ "დოდო", მაგრამ გარკვეულ მომენტში შევნიშნეთ, რომ მისი უმცროსი ძმა მოიხსენიებდა ასე – "დოძი". როგორც ჩანს, მე მაშინვე ვიყავი სიტყვების წარმომავლობით დაავადებული და ძალიან მიკვირდა, რატომ გახდა დოდო – დოძი?! – მაგრამ, აბა, კითხვას როგორ გავბედავდი, შეიძლება ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო თუთაზე აღარ ავეშვი, ამიტომაც ვამბობდი გულში – ეს "დოძი" რა უნდა იყოს–მეთქი.
ერთხელაც ვსხედვართ უბანში, დომინოს თუ ჭადრაკს (თუ ნარდს) ვთამაშობთ, იქვე ქალები ჟღურტულებენ და ზაფხულის გაღაღანებულ საღამოს ფოთლების შრიალიც ალამაზებს და... ელენე დეიდამ თქვა:
– ეს რა უბედურაბაა, გენაცვალეთ, საკუთარი შვილი ხმას არა მცემს, როცა ვეძახი–ო!
 – ვითომა–და რათაო, ქა?! – ჰკითხა კახელმა მაყვალამ, რომელიც სომხის ცოლი იყო და ვამჩნევდი, რომ უკვე ნელნელა სომხურად უქცევდა (ასეთები მოხდარა!)
– რათა და... აჰა, ნახეთ – თქვა ელენე დეიდამ და ხმამაღლა დაიძახა – დოდოოოოოო!!!
...არსაიდან ხმა, არსით პასუხი!
– დოდოოოოოოო!!!!
....ისევ დუმილი.
– ის რაღაცა რადიო ექნება ხმამაღლა ჩართული და იმიტომაც არ ესმის, ქა! – დაამშვიდა მაყვალამ
– რადიო, არა?! აბა ახლა ნახეთ – ეშმაკურად მოჭუტა ელენემ თვალები და ნაზად დაიძახა – დოძიიიი! დოძიიიი!
...და "დოძიმ" აღირსა მშობელ დედას გამოპასუხება – Я занята, мама! (ახლა რომ სამება დგას, მისი კარიბჭის და დიდი კიბეების ადგილზე 98–ე რუსული სკოლა იყო და მთელი უბნის ბავშვები იქ სწავლობდნენ, ჩემს გარდა, რასაკვირველია).
– ზნაჩიტ დოძი?! – ჩაიქირქილა მაყვალამ.
– აჰა, აი, ამ შავ დღეში ვარ, ქალებო! – თქვა და მართლა დარდი ამოაყოლა სათქმელს ელენე დეიდამ.

* * *არ ვიცი, ახლა სად არის "მადამ დოძი", მაგრამ ის კი მგონია, რომ დედას მაინც არ უნდა ატკინო გული შენი მეტისმეტად დასავლური ორიენტაციის გამო...

* * *
ის პარტია კი დომინოსი თუ ჭადრაკისა, ალბათ, წავაგე გივისთან, სანამ ქალების ლაპარაკს ვუსმენდი, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რომ ისედაც სულ მიგებდა.

ირანული სათხრობელა - 2


ამბავი იმისა, თუ როგორ ჩავისახლე ხაიამის სული 
და შედეგად დავიპყარი ყაჯართა დინასტიის ტახტი

ირანში მთარგმნელთა საერთაშორისო სემინარზე ძალიან დატვირთლი პროგრამა გვქონდა, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძებებზე დაგვატარებდნენ.
   
იმ დღეს ჯერ მშვიდობის მუზეუმში წაგვიყვანეს, სადაც გამოფენილია მე–20 საუკუნის ომის საშინელებათა ექსპონატები, იქვე დაგვხვდნენ ირან–ერაყის ომის დროის ქიმიური იარაღით დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ დღემდე... მუზეუმი პრაქტიკულად ასახავს ომების ისტორია, მაგრამ ქვეცნობიერად ეს არის მოწოდება იმისკენ, რომ ომი არ უნდა არსებობდეს... დიახ, დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა ამ მუზეუმმა, მაგრამ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის გათვლილი – იქიდან გამოსული კაცი ნამდვილად მშვიდობის მედროშედ იქცევა.... ჰოდა, ასეთი განწყობით ყაჯართა დინასტიის პირველ სასახლეში წაგვიყვანეს...
ჯერ ერთ პატარა ეზოში შეგვიყვანეს... სასახლის კარიბჭის მარჯვნივ და მარცხნივ, მაგიდებზე დიდი რაოდენობით წიგნები იყო დახვავებული... მე მომავასწარი და გადავათვალიერე ზერელედ და შუა ადგილზე ხაიამის რობაიები შევნიშნე... სულ 4–5 ცალი იდო; სულმა წამძლია და გადავშალე – მეცნიერული გამოკვლევით, წინასიტყვაობით, ლექსიკონით, 500–მდე რობაით... ერთი სიტყვით – Мечта переводчика! – და კინაღამ დავიძახე – "აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენა...", მაგრამ უმალ გამოვედი ეიფორიიდან და გამახსენდა, რომ ხაიამის სამშობლოში ვიყავი და პირიქით – მას უნდა ეკითხა ჩემთვის – აქ რამ მოგიყვანაო... ერთი სიტყვით, ეს კაცი (ომარ ხაიამი) მთელი ცხოვრებაა აჩრდილივით თან დამდევს და იმ სასახლეშიც დამხვდა... მივხვდი, რომ ეს წიგნები საჩუქრები იყო და ერთი ეგზემპლარი სხვა, უმნიშვნელო წიგნების ქვეშ გადავმალე, რომ წასვლისას არავის დაესწრო ჩემთვის რობაიების აღება...
შევედით ყაჯართა სასახლის სარკეებიან დარბაზში (ამ დარბაზს უნიკალური წიგნების ბიბლიოთეკა ახლდა გვერდით – იხილეთ ფოტო), მოგვართვეს ჩაი, ნაირ–ნაირი ტკბილეული, იატაკიდან გუმბათამდე სარკეებით მოჭიქული დარბაზი სტუმარ–მასპინძელთა კეთილ ღიმილს ირეკლავდა და ათინათებად ბრუნდებოდა ჩვენს სახეებზე... მე ორი მხცოვანი და დარბაისელი პიროვნება მომიახლოვდა, ისინი ხაიამოლოგიის ცნობილი ირანელი წარმომადგენლები აღმოჩნდნენ და მათ ძალზე გაიხარეს, როცა რობიაების ქართული თარგმანები ვაჩვენე, მერე რამდენიმე სიტყვით ვუამბე ქართველთა დიდი ინტერესის შესახებ ხაიამის და საერთოდ სპარსული პოეზიის მიმართ... იქვე ერთი ქალბატონი იდგა, რა თქმა უნდა, ისიც იღიმოდა და ვგრძნობდი, რომ რაღაცის კითხვა უნდოდა.... მეც არ ვიშორებდი ღიმილს სახიდან, რადგან ღიმილი ირანში ურთერთობის ერთ–ერთი აუცილებელი ატრიბუტია, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ამერიკაშია – უშინაარსო და "მენეჯმენტით" თუ სხვა რაღაც ჯანდაბით ნაკარნახები... მერე ტელევიზიები მწვდნენ, 4–5 მიკროფონი მაინც მომიშვირეს, მალაპარაკეს და მალაპარაკეს... მეც ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი და ვფიქრობდი გამაჩერებენ–მეთქი, მაგრამ გაგიგონია?! – ყველანი ღიმილით შემომცქეროდნენ და, როგორც ჩანს, ჩემს მიერ წარმოთქმული სპარსული სიტყვების ჟღერადობა (ქართული აქცენტით) ძალიან ართობდათ და ჩუმად ხითხითებდნენ კიდეც... აი, დაახლოებით ისე, ჩენ რომ ვხალისობთ ხოლმე ასეთი მეტყველების მოსმენისას – "ბაკაკი ცკალში კიკინებს"; ერთი სიტყვით, კარგი განწყობა შევუქმენი ირანელ ტელემაყურებელს და დავუბრუნდი პატივცემულ მეცნიერებს და იმ ქალბატონსაც, რომელმაც აღარ დაახანა და მკითხა – "თქვენ როგორ მიგაჩნიათ – ხაიამი ღვინოს, ლამაზმანს, მერიქიფეს, ქეიფს რომ ახსენებს, ამის მიღმა რა იგულისხმება, რა უზენაესი ცნებებია მეტაფორულად გადმოცემულია?"
...ვაჰ!!! – რა უნდა უპასუხო ასეთ კითხვაზე?!
იმას ხომ არ ვუამბობდი, უნივერსიტეტის მე–5 კორპუსის დერეფნებში რომ გამაჩერებდნენ ხოლმე და მთხოვდნენ – ერთი ის თქვიო, რა, სპარსულად – სულ ლოთობა და ღვინისსმა რომ არისო და მეც დიდხანს რომ არ ვახვეწნინებდი:

მე იმდენ ღვინოს დავლევ, რომ, ღვინის სურნელი მდიოდეს,
და როს მიწაში ჩამფლავენ, მიწიდან ამოდიოდეს;
თუ ჩემს საფლავზე გადივლის ლალისფერ ღვინის მსურველი
ჩემი სურნელი იყნოსოს, დათვრეს და ძლივს დადიოდეს.

(ორიგინალსაც დავწერ ბარემ, მეხალისება სპარსულად ბეჭდვა))))... 
ამ რობაისთან კიდევ ერთი ამბავია დაკავშირებული, ოღონდ 1978 წლისა, შუა აზიიდან....

چندان بخورم شراب کاین بوی شراب
آید ز تراب چون روم زیر تراب
گر بر سر خاک من رسد مخموری
از بوی شراب من شود مست و خراب

ჩვენთვის ხაიამის ღვინო ღვინოა, თრობა და ტკბობა – თრობა და ტკბობაა, იქ კი სხვაგვარად ესმით... სუფიზმის თუ სხვა რელიგიური მოძღვრების მიხედვით განიხილავენ ყველაფერს – ყველას თავის შეხედულება და თვალთახედვა აქვს... ამიტომაც დავფიქრდი და არც მეტი არც ნაკლები, ნახევრადმისტიურად ვუპასუხე ქალბატონს – "მე თვითონ ვარ–მეთქი მე–20 საუკუნეში დაბადებული ომარ ხაიამი (ქალბატონს ღიმილი შეაშრა სახეზე), მისი სული ჩასახლდა ჩემში და ვიცი, რომ რობაიების ყოველი სიტყვა ღმერთის ნაკარნახებია და მათში არანაირი ორაზროვნება არ დევს – ყველაფერი უნდა გავიგოთ ისე, როგორც წერია!" იმ ქალბატონმა აღარაფერი მითხრა –  მე მგონი, ჩამთვალა  უფრო გიჟად (პოეტებს და მათს მთარგმნელებს რას გაუგებ?!), ვიდრე ხაიამის სულის საჭურჭლედ და ღიმილით გამშორდა...
* * *
...გაცნობითი და წარდგენითი ნაწილის შემდეგ ჩვენ მეორე სართულზე, უზარმაზარ დარბაზში მიგვიწვიეს და გვითხრეს, რომ ჩვენ–ჩვენი ქვეყნის დროშა მოგვეძებნა იქ დავმსხდარიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ მაგიდასთან საქართველოს დროშა არ აღმოჩნდა, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მასპინძლებმა ბოდიში მომიხადეს და სტუმართა შორის ყველაზე საპატიო ადგილი მომიჩინეს. ეს იყო სამეჯლისო დარბაზი... რაო? გგონიათ, საცეკვაოდ მიგვიწვიეს? არა, ბატონო, ეს ქართულ ენაშია "მეჯლისი" ცეკვასთან  ასოცირებული თორემ აღმოსავლურ ენებში, ყოველგვარ სხდომებთან ერთად, პარლამენტსაც კი აღნიშნავს (მაგალითად, "მილი მეჯლის" – ეროვნული ყრილობა აზერბაიჯანში). პრეზიდიუმში ისხდნენ სახელმწიფოს მმართველი ორგანოს წარმომადგენლებიც და ცნობილი ირანელი მეცნიერებიც – ფილოლოგები და ისტორიკოსები, რომლებმაც საინტერესოდ ისაუბრეს სპარსული ენის მნიშვნელობაზე მეზობელი ქვეყნების წარსულ თუ თანამედროვე ცხოვრებაში.... მერე ჩვენც გადმოგვცეს სიტყვა...
ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო და ის კითხვა ამეკვიატა – ჩვენთან თუ იწვევენ ქართული ლიტერატურის უცხოელ მთარგმნელებს და თუ უმასპინძლდებიან ასე თუნდაც მადლობის ნიშნად, რომ ამ ხალხს საქართველოს კულტურა გააქვთ მთელ მსოფლიოში? – არ ვიცი! მე ამგვარი ღონისძიებების შესახებ არაფერი მსმენია...
ამ შეხვედრის მესამე ნაწილის გასამართად ისევ პირველ სართულზე ჩაგვიყვანეს და ყაჯართა დინასტიის მთავარ მისაღებ დარმაზში მიგვიწვიეს, სადაც მდიდრული ვახშამი გველოდა... ერთი კი უნდა ვთქვა –  დაახლოებით 16–17 წლის წინ ვიყავი უკანასკნელად ირანში და მაშინ იქ ბრინჯის ნასახიც არ გვჭამია, განვლილი პერიოდის განმავლობაში კი ძალიამ შეჰყვარებიათ ეს პროდუქტი ირანელებს... ხსენებულ ვახშამზე ფლავების და ბრინჯიანი სადილების ნაირსახეობა დაგვახვედრეს, იყო სხვადასხვა ბოსტნეულიც... მეც გადმოვიღე ჩემთვის სასურველი ფლავი თეფშზე, მიმოვიხედე და ცოტა მოშორებით, სიღრმეში ერთი განცალკეებული ტახტი შევნიშნე... ზოგადად ხალხმრავლობა არ მიყვარს და ვიფიქრე, იმ ტახტზე ჩემთვის მშვიდად დავჯდები და შევჭამ–მეთქი ჩემს ფლავს... გავიფიქრე და წავედი, ყურადღების ცენტრს მოვშორდი, დავჯექი და მშვიდად დავიწყე ჭამა... მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?!  - ცოტა ხანში შევნიშნე, რომ ჩემსკენ მრავალი თვალი იყურებოდა და უხერხულად იშმუშნებოდნენ... ვაჰ?! რას მერჩიან, კაცო?! – ჩემთვის ვზივარ, ფლავსა ვჭამ... ესენი კიდევ მიყურებენ და განწყობა ეცვლებათ თვალებში.... ვაჰ! 2–3 წუთის შემდეგ ერთი ჩვენი გოგონა (თურქი ზეინაბი) მომიგზავნეს და მან მითხრა – "აღა ალექსანდერ! აქ ჯდომა არ შეიძლება... აქ მუზეუმია... ყაჯარების ტახტია!..."
ვააააააააააააააააააააჰ! – აღა ალექსანდერი აღა–მაჰმად–ხანის ტახტზე დამჯდარა!....
ჩემი პატარა შვილიშვილი ასე იტყოდა – დადიდონიათ ასეთი ამბავი?! (გ–ს ვერ ამბობს: დადიდონია ანუ გაგიგონია).
ჰოდა, მე თქვენ გეკითხებით – ოდესმე დადიდონიათ, რომ ქართველი კაცი ირანის ტახტზე ასულიყოს... ფლავის საჭმელად?!
აბა! ასეთებიც ხდება! სად იყო ჩემი ცოლის თვალები – ერთი დავენახე, რა, მონარქის სტატუსით... მაგრამ.... უცებ დამცეცხლა! – გარეთ ეზოში, წიგნების გროვაში ხაიამის კრებული მქონდა გადამალული... რა ტახტი, რის გვირგვინი.... რა ფლავი და რის კომბოსტო?  – ყველაფერი მივატოვე და გავიქეცი ეზოში.... მადლობა ღმერთს! – სხვა ეგზემპლარები უკვე წაეღოთ, ჩემი კი მშვიდად მელოდა სხვა ტომეულების ქვეშ... ამოვაძვრინე.... გადავაშრიალე და მშვიდად ვაპირებდი ჩანთაში ჩადებას, რომ ჩემთან ბელორუსი ОЛЕЧКА მოვიდა ნაღვლიანი თვალებით –  Я тоже хочу сборник Хайяма, но не нашла-ო... ცოტაცა, ცოტაცა და ცრემლები გადმოსცვივდებოდა....  ისიც მითხრა – დიდი ხანია ერთი რობაის დედანს ვეძებ და ვერსად ვნახეო.... აი, ეს რობაი აინტერესებდა ОЛЕЧКА–ს:
    Чтоб мудро жить знать надобно немало.
    Два важных правила запомни для начала:
    Ты лучше голодай, чем что попало есть,
    И лучше будь один, чем вместе с кем попало.
აბა, მე, მე–20 საუკუნეში დაბადებული ხაიამი და მონარქის ტახტზე ათიოდე წუთით ფლავნაჭამი კაცი ამ პატარა გოგოს ცრემლებს გავუძლებდი?!... ავიღე წიგნი, წავაწერე – "От автора –მეთქი'" – და თვალებგაბრწყინებულ ОЛЕЧКА–ს გადავეცი....
აი, ასეთი ამბავი დამემართა იმ საღამოს.... მეორე დღეს კი იმამის საავადმყოფოში წამიყვანეს.
* * *
ოთხი დღის შემდეგ დავბრუნდი ჩვენს "ხაბ–გაჰ"–ში (ხაბ – ძილი, გაჰ – ადგილი).
ჩემს საწოლზე იდო პატარა ამანათი და ბარათი – Я улетела 9-го числа! Желаю вам здоровья! Пишите на мейл. Оля.... ამანათში ომარ ხაიამის რობაიები იდო... სხვა... მაღაზიაში ნაყიდი...

    მერე ხალხს უკვირს – გული რატომ სტკივაო კაცს?!...
   ...თუ არ გეტკინა, შეიძლება სიცოცხლის ფასიც ვერ გაიგო თურმე.

пятница, 5 апреля 2013 г.

Тайна Белого Ангела


...ანა გერმანი კარგად მახსოვს ბავშვობიდან... მისი ტრაგიკული ბედის ამბავიც მქონდა გაგონილი, მაგრამ ახლა ვნახე ეს სერიალი - Анна Герман, "Тайна Белого Ангела"... ყველაფერი კარგია: დრამატურგია, რეჟისურა, მსახიობები, მუსიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ფილმი იქმნება არა ვინმეს საამებლად ან პოლიტიკური კონიუნქტურის სამატრაბაზოდ, არც უბრალოდ დროის გასაფლანგად და პოპ-კორნის საჭმელად... ბევრი რამ გამახსენდა, ბევრი რამ გავიგე და საბოლოო დავრწმუნდი იმაში, თუ რა ბოროტება იყო "საბჭოთა კავშირი"... ოღონდ არა იქ მცხოვრები ხალხით, არამედ პოლიტიკური მიზნებით აღჭურვილი ნაძირალებით, რომლებიც ანგრევდნენ, ანადგურებდნენ, სპობდნენ იმ ხალხის ცხოვრებას, ვისაც სურდა უბრალოდ ეცხოვრა და ჰყოლოდა შვილები, ჰყვარებოდა თავისი ახლობელი ადამიანები... ეს არარაობები იშველიებდნენ "დიად მიზნებს" საკუთარი ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად... 70 წელი ირგვლივ წამლავდნენ ყველას და ყველაფერს და გვაჯერებდნენ, რომ ჩვენი ბედნიერებისთვის იღწვოდნენ და შედეგად მიიღეს აწეწილ-დაწეწილი ცხოვრება დედამიწის ერთ მეექვსედზე და კიდევ მეტზე... 
...და ყველაზე დიდი საშნელება ის არის, რომ ილუზორულ "დიად მიზნებს" კიდევ თხზავენ და, ალბათ, კვლავაც შეთხზავენ ნაძირალები... 

უსმინეთ ანა გერმანის სიმღერას... იმ ჩვენი ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ეს ერთი "გაბმული და დაუსრულებელი ტკივილია"


вторник, 2 апреля 2013 г.

ირანული სათხრობელა-1

ამბავი იმისა, თუ როგორ ვიძიე შური შაჰ-აბასის იმპერიაზე!

....თეირანის სამხრეთით, 4–5 საათის სავალზე, არის ქალაქი ქაშანი, რომელიც ირანის პირობებზე არცთუ დიდი დასახლებაა, ჩვენთვის კი საკმაოდ დიდი რეგიონული ცენტრი იქნებოდა. ძირითადად ერთორსართულიანი სახლებითაა მოფენილი ეს "მარქაზი" (ცენტრი) უდაბნოსპირა "ოსტანისა" (ოლქისა... ტერ.–ადმ.ერთეულისა....). ჩვენს წარსულს შემორჩა სიტყვა "ქაშანური", რაც საუკეთესო ხარისხის თიხის ჭურჭელთან არის დაკავშირებული; არ ვიცი, დღეს რა ტრადიციები აქვს ამ ქალაქს საჭურჭლო წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბრინჯის მორიგი ულუფა (დედაქალაქთან შედარებით) მართლაც უფრო გემრიელი იყო... სადილის შემდეგ კი ქალაქის მრავალრიცხოვან ისტორიულ ძეგლებს ფოტოაპარატებით შევესიეთ 11 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მთარგმნელთარჯიმანი სპარსული ლიტერატურული თუ რელიგიური ძეგლებისა... ბოლოს ქალაქგარეთ მდებარე ერთ ბაღს ვესტუმრეთ, სახელი ზუსტად არ მახსოვს ("ბაღ-ე ფინ" - ასე ჟღერდა სპარსულად, მგონი) და არც აქვს ამას არსებითი მნიშვნელობაბაღი თითქმის ტრიალი და უკაცრიელი უდაბნოს შუაში, მაღალი გალავნით შემოზღუდულ დიდ ტერიტორიაზეა გაშენებული.... შეხვალთ უზარმაზარ ჭიშკარში და შიგნით დაგხვდებათ ათასწლოვანი ხეებით დაჩრდილული ბილიკები და ამ ბილიკებსშუა მოჩუხჩუხე წყაროები... სიღრმეში სამსართულიანი სასახლე დგას, ძვირფასად მორთული დარბაზებით, მარცხენა მხარეს "ჰამამ" (აბანო) გახლავთ, მის გაყოლებაზე – "ქეთაბხანე" (ბიბლიოთეკა)... უდაბნოდან ასეთ გარემოში რომ მოხვდები, დანაშაულიც კია, ლექსი რომ არ დაწერო, მაგრამ! – მთარგმნელებს ერთი რკინისებრი კანონი გვაქვს – "ჩვენ არ ვწერთ ლექსებს", ჩვენ მხოლოდ ვთარგმნით! – ჰოდა, როგორ უნდა დამერღვია ეს კანონი, როცა ჩემს ირგვლივ კიდევ 19 ჩემისთანა "ელემენტი" მოაბიჯებდა... ამიტომაც ლექსის შეთხვაზე უმალ ვთქვი უარი და გავუძეხი ჩემს კოლეგებს წყაროებით შუაზე გაპობილ ბილიკებზე (თქვენი მონამორჩილი, ამ სტრიქონების ავტორი, თავისი ასაკის გამო განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა და პირველი ნაბიჯის გადადგმა სწორედ მე მიწევდა ხოლმე ამა თუ იმ ღონისძიებაზე). 
ეს ბაღი მე–15 საუკუნეში გაუშენებია ერთერთი ადგილობრივ მმართველს, მერე ირანის ლომად წოდებული შაჰაბასის ბრძანებით სამეფო რეზიდენციად გადაკეთებულა და ჩვენამდე სწორედ ხსენებული "ლომის" გემოვნების შესაბამისად მოუღწევია... რა ვქნა?! – შაჰაბასის ხსენებაზე უმალ ის ასი ათასობით ქართველი მახსენდება, ვინც გარეკახეთიდან იძულებით გადაასახლეს შაჰ აბასის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში; ეგებ ამ საქციელს იმდროინდელი იმპერიის მმართველნი დიდ წყალობადაც კი თვლიდნენ ქართველთათვის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ (თითოოროლა უსულგულოურჯულოს გამოკლებით), მაშინაც და ახლაც ქართველისთვის სამშობლოსთან განშორება მარადიულ ტკივილთან არის დაკავშირებული... ჰოდა, ამ ფიქრებით რომ მივუძღვოდი წინ მდიდრული სასახლისკენ "მთარგმნელთა ფარას", ალბათ, ამიტომაც მომივიდა ეს აზრი! – თუნდაც სიმბოლურად მეძია შური "ლომზე".... გადავხედე ჩემს კოლეგებს და ფრიად საინტერესო დაჯგუფებები შევნიშნე, თუმცა მანამდე ჩამოგითვლით ქვეყნებს: რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სირია, ლიბანი, ეგვიპტე, პაკისტანი, ბანგლადეში.... ენები? საერთაშორისო ენასპარსული (ინგლისურის ჭაჭანებაც კი არ იყო ამ რანგში), ორი დიდი ჯგუფის საერთო ენები: არაბული და რუსული, რეგიონალური ენები: ურდუ, უზბეკურ-ყაზახური ნარევი, სომხური (მე და ალბერტიკა ვლაპარაკობდით ზოგჯერ სომხურად). ჰოდა, ეს ყველაფერიენები და ქვეყნები და იმპერიებიერთ ფოკუსში რომ მოექცა, ვინებე და აღმოვთქვი ჩემი იდეა: ერთ მხარეს ყოფილი სსრკ წარმომადგნელები დავალაგე და გადავუღე ფოტო, მეორე მხარეს არაბთა ხალიფატში შემავალი ქვეყნების შვილები დავსხი და ისინიც ავსახე ფოტოობიქტივზე და აჰა! აღსრულდა შურისძება! – შაჰ-აბასს მისსავე საყვარელ ბაღში ორიოდე წუთში დავუშალე ის იმპერია, რომლის გაძლიერებაგანაშენიანებასაც ასი ათასობით ქართველის სამშობლოსთან განშორება შეეწირა ოდესღაც...



...სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! – თუმცა ზოგადად "შურისძიება" კარგი საქციელი არ არის.