среда, 13 марта 2013 г.

"ბეზობრაზიე"

მცირე შესავალი

70–80–იან წლებში 120 მანეთიანი სამსახური რომ გეშოვა, ლამის ცკ–ს დონეზე უნდა "ჩაგეწყო" ეს საქმე, ნაირგვარი რედაქციები გაძეძგილი იყო თანამშრომლებით, რომლებიც არ იკლებდნენ ნაირგვარ მივლინებებსა და ექსპედიციებს....შედეგად კი ჩვენ გვაქვს ახლა საცნობარო ლიტერატურა, სადაც ასეთ უზუსტობებს ვხვდებით (მხოლოდ დუშეთის რაიონის – დღეს უკვე მუნიციპალიტეტის – მაგალითზე):

– საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის (ქსე–ს მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1987 წ) თანახმად დუშეთის რაიონში არსებობდა თურმე ორი მთა – მაგაწალნი (გვ. 65) და მაღაწალნი (გვ. 67), ორივე მდებარეობს გუდამაყრის ქედზე და მათ შორის განსხვავებაა მხოლოდ ისაა, რომ ერთი მთაა და მეორე მწვერვალი, სიმაღლე კი (რა საოცარი დამთხვევაა?!) ერთნაირი აქვთ – 2608 მეტრი.... ცხადია, არავინ გადაამოწმა, რომ ვიღაცამ რუსულ რუკაზე არსებული магацални ამოიწერა, მეორე ვიღაცამ კი ქართული წყაროებიდან მოიხსენია "მაღაწალნი", მესამე ვიღაცამ კორექტირება ჩაუტარა ტექსტს, მეოთხემ რედაქტირება, მეხუთემ სტამბაში ააწყო და ა.შ. შედეგად მოხდა ის, რომ საქართველოს "შეემატა" მწვერვალი 'მაგაწალნი". არადა, დარწმუნებულნი ვართ, ამ წიგნს დიდი რედაქცია 3–4 წელი მაინც ამზადებდა გამოსაცემად
– ქსე და ხსენებული ორთოგრაფიული ლექსიკონი ერთი და იგივე სამეცნიერო რედაქციის მიერაა მომზადებული, რომლებსაც თურმე "მრავალფეროვნების მანია" სჭირდათ, ანუ: ერთგან წერია – მდინარე ფოტეხევი, მეორეგან – მდინარე ფოტისხევი, ერთში არის სოფელი "მენესი", მეორეში ამტკიცებენ, რომ ეს არის "მენესო", სიჯანანი და სიჯანაანი და.შ.
* * *
ჩემი თაობის ადამიანებს გეხსომებათ, თუ როგორი პოპულარული იყო მაშინ ფრაზა – "ექსპედიციაში ვიყავი"–ო (ოოოოოოოოოოო!), თურმე და ნუ იტყვი, გასართობად დადიოდნენ იქ.
.....მოდი და ნუ გაგახსენდება ფრაზა ცნობილი ფილმიდან (კომუნისტურ წარსულში გადატანით) – "რა ტყუილად გაჭმევდით პურსა"!

вторник, 12 марта 2013 г.

რა სარგებელი მოაქვს ვირს?

პროლოგი
....კაცმა რომ თქვას, მე ისეთივე კახელი ვარ, როგორი კენიელიც ბარაკ ობამაა (ვგულისხმობ იმას, რომ "ისტორიულ სამშობლოში" არც მე დავბადებულვარ და მიცხოვრია და არც ის), მაგრამ როგორც მას მოეძალება ხოლმე ხანდახან "ლომობა" (კენიაში ერთი მასაის ტომია და საკუთარი თავი ლომების შთამომავლებად მიაჩნიათ), მეც ხშირად მახსენდება ხოლმე ასეთი ანდაზები და გამონათქვამები: "ყველა კახელი დღეში სამი წუთი მაინც არის ვირი.... ვირი ორშაბათსაც ვირია და ოთხშაბათსაც.... ვირი გინდა ღობის იქით დააბი და გინდა ღობის აქეთ, მაინც ვირია..."     ჩემი თარგმანებიდან კი ძალიან მომწონს ეს ბეითი საადი შირაზელისა:
იესოს ვირი მექაშიაც რომ წაიყვანო,
დაბრუნდება და ვირი ისევ იქნება ვირი...
დაახლოებით ასეთივე გამონათქვამი აქვს სერვანტესს.... ასე რომ, არც ისეთი  ხელწამოსაკრავი არსებაა სახედარი, რაკიღა ასეთი ტიტანების ყურადღება დაიმსახურა... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვირი საგზაო ინჟინერიის მეტისმეტად "პრადვინუტი" მუშაკია, შეიძლება დავასკვნათ
ა) ვირი სჯობს ლომს. ბ) კახელები სჯობნიან მასაის ტომის წარმომადგენლებს, გ) მე ვჯობივარ ბარაკ ობამას! (გაქვთ რამე საწინააღმდეგო?!)
ჰოდა, იმას ვამბობდი
სანამ პროლოგს ვწერდი, "სამწუთიანმა კახელობამ" გადამიარა და ახლა უფრო დადინჯებით ვიტყვი სათქმელს: ამ სპარსულ–ქართულ ლექსიკონს რომ ვაკეთებ, სპარსული ნაწილის საფუძვლად უზარმაზარ სპარსულ–რუსული ლექსიკონს ვიღებ და ვუწერ მერე ქართულ შესატყვისებს.... ჰოდა, რა იციან ან სად გაიგონებდნენ რუსები ასეთ სიტყვას "ზახრუმა", რომელიც ჩემს უბანში და მის გარშემო, ალბათ, 10 კილომეტრის რადიუსში ყველამ იცის, თუმცა მისი წარმომავლობის ამბავი კი არ სმენიათ: "ზოჰრ" შხამია და "მარ" გველი, ანუ ზოჰრ–ე–მარ – გველის შხამი (წყევლაა, რა, ერთგვარი.... კახეთიდან კი შემოგვრჩა სიტყვა "მურტალი', ამ სიტყვის შესახებ უკვე დავწერე ერთხელ აქ პატარა წერილი).... ერთის სიტყვით, კახელობაც და ძველთბილისელობაც ძალიან მეხმარება  ბევრი აღმოსავლური სიტყვის ცოდნასა თუ გახსენებაში.
ჰოდა, დღეს კახელობა კიდევ ერთ რამეში დამეხმარა: მინდოდა მელაპარაკა ერთი ძალად "VIP"–ის (very important person) შესახებ და მისი სახელის აღმოსავლურ ყაიდაზე წარმოთქმასთან დაკავშირებით (რასაც თავად ხშირად იქმს თავისი განსწავლულობისა და ორიგინალურობის სადემონსტრაციოდ), მინდოდა მეთქვა, რომ მისი სახელის "აღმოსავლური ვარიაციები" არცთუ საამოდ აღიქმება (გარკვეულ ექსკრიმენტებს, შხამთან დაკავშრებულ ცნებას, მომწამლავ სითხეს ნიშნავს), მაგრამ ერთი ანეკდოტი გამახსენდა:
    მიხომა თქვა ერთხელ: წეღან ჩემი ძველი ნაცნობი დავინახე, ერთი კი ვიფიქრე, მივალ, მოვიკითხავ–მეთქი, მაგრამ მერე ვთქვი –ერთი შენი დედაცა და შენი მამკითხველისაც–მეთქი....
    მაინც არ დამიფასებს – რაღა ვირი და რაღა "ვიპი" – თავიანთი "მექიდან თუ მედინიდან" რომ ბრუნდებიან, ჰგონიათ, რომ სხვანაირები გახდენენ.... ეგონოთ, რა.... მე მაგათი მომკითხველი აღარა ვარ.... (არ მინდა საკუთარი თავი ვაიძულო და კახელობის მეორე – საპრემიო! – სამწუთიანი სეანსიც ჩავატარო)
ეპილოგი
ზოგი თავს იფასებს ამ "ფეისბუქშიც" კი, არადა, ძველი, "პაპიჩემის დროინდელი" ნაცნობია და ვითომ არ ახსოვხარ....  რაღა მეტი გავაგრძელე – ზახრუმა, თქვენ! – ნახეთ ზემოთ, ხომ დავამტკიცე, რომ ბარაკ ობამას ვჯობივარ, მეტი რა ვქნა?!   

გირჩევთ ნახოთ!

თეა ელერდაშვილის, ჩემი ძმისშვილის,
პროფესიით და სულისკვეთებით ბიოლოგის.
ბლოგი,






http://teaele.wordpress.com/116/

понедельник, 11 марта 2013 г.

მიდი, სოსო! გაიმარჯვეეეეეეე!


ჩემმა შვილმა ბავშვობაში ასეთი ლექსი იცოდა:
დილით ადრე გავიღვიძებ, ავდგები,
პირს დავიბან, ფისოს ვეთამაშები....
მეც ჩვევად მექცა – პირველ რიგში "ფისოს" გავეთამაშო და, თუ რამე ფიქრი გამომყვება სიზმრებიდან, აქ დავაფიქსირო.  
ჰოდა, მოგახსენებთ!
მე მომხრე ვარ იმისა, რომ სოსო ნარიმანიძემ მიმდინარე კონკურსში ("ნიჭიერი – 2011) გაიმარჯვოს ორი მიზეზის გამო:
პირველი: ალალი და კარგი ბიჭია, სიმღერით ირჩენს თავს და ხალხს ახარებს.
მეორე: თუ სოსომ გაიმარჯვა, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ არ შეიძლება ყველაფერი "დასავლურის" ბრმად გადმოღება მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ იქ გაამართლა და ჩვენც მათსავით უნდა ვიცხოვროთ.
კარგი ბიჭია–მეთქი სოსო – ვთქვი, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს არ არის ნიჭიერება (მით უმეტეს მეორე სიმღერა "ტრულაილაზე" ძალიან ცუდად იმღერა); ეს გარკვეული და კონკრეტული ვითარებისთვის განკუთვნილი შემოქმედებაა და ამგვარი ნიჭის გამარჯვება იგივე იქნება, სმს–ების საშუალებით ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმი რომ გამოავლინონ და შედეგად მიიღონ – ქართული კინოშედევრი არის "სიყვარული ყველას უნდა", რადგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ – მიმბაძველობა დამღუპველია ყველანაირ დროსა თუ ვითარებაში! ნახეთ ბრიტანული, ამერიკული თუ უკრაინული ვარიანტები ამგვარი კონკურსისა და შენიშნავთ, რომ თვით ჟიურის განწყობაც კი წინასწარაა დაგეგმილი: ნაპირზე უნდა იჯდეს მკაცრი ძია (ინგლისში საიმონი.... გვარი ზუსტად არ მახსოვს, უკრაინაში იგორ კონდრატიუკი), რომლისაც უნდა ეშინოდეთ კონკურსანტებს, შუაში მეტისმეტად ემოციური, მომხიბლავი ქალბატონის ადგილია (ჩვენი შარშანდელი ემოციური მანდილოსნისგან განსხვავებით, წლევანდელს აშკარად დიდი უპირატესობა აქვს ყველა ასპექტში), მესამე მსაჯი კი პუბლიკის "любимчик"–ი უნდა იყოს....  როგორც მითხრეს, ასეთი პროექტების ავტორები (გამყიდველები) სავალდებულო წესით წერენ კონტრაქტში, რომ მიმბაძველებმა (მყიდველებმა) ყველაფერი ზუსტად დაიცვან.... თითქოს–და, რომ არ აიძულონ, ჩვენი "კრეატივშჩიკები" არ მიბაძავენ!

მიმბაძველობა დამღუპველია, რადგან მიბაძვაში თავიდანვეა განსაზღვრული ყველაფერი და ეს თავისთავად გულისხმობს ნიჭის და შთაგონების ანულირებას.
გაიმარჯვოს სოსომ! ალალია მასზე!  ....მაგრამ მიხვდებით, რომ ასეთი წესით ნიჭიერების გამოვლენა არ შეიძლება! 

ქართული მიმბაძველობის ისტორიას კი ცალკე დიდი გამოკვლევის დაწერა სჭირედება; ის სათავეს სადღაც მე–20 საუკუნის 70–იანი წლების შუახანებში იღებს, კულმინაციას 21–ე საუკუნის დამდეგს მიაღწია, ახლა კი აგონიის დრო დაუდგა.... მადლობა ღმერთს! 

ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემი ფისო "ფეისბუქია".... აბა, თქვენ რა გეგონათ?!

ჩვენი უბნის თოჯინა

ერთი მეზობელი გვყავდა უბანში, იმხანად უკვე მოხუცი ქალი იყო, უბნის დიდ–პატარანი, ქალიან–კაციანად ყველა ემდუროდა – ანჩხლი და კაპასი ადამიანიაო. კიდევ ის მახსოვს, რომ ჩვენი ეზოს მოპირდაპირე მხარეს, გზისგადაღმა ორსართულიანი სახლის არც ეზოში და არც კიბეებზე ბავშვებს არ მიგვესუნინებოდა იმ ქალის რიდით… ეზოების და კიბეების მეტი რა იყო გარშემო, მაგრამ ყველას მაინც იქითი გვიწევდა გული, ვერ–კი შევდიოდით – გვეშინოდა დაცაცხანების…. ჰოდა, სახელიც უცნაური ერქვა – Арусяк…. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა სიტყვების მნიშვნელობის მიმართ, მაგრამ, აბა, მაშინ რას გავარკვევდი, თუ რატომ ერქვა ასეთი განსხვავებული სახელი…. სამეზობლოში ზოგი “მარუსიაკას” ეძახდა ( სომეხი კი იყო, მაგრამ რუსულად გაზრდილი) და ამაზე ძალიან ჯავრობდა ის ავი დედაკაცი, თუმცა–კი ახლა ვხვდები, რომ თავადაც ნამდვილად არ ეცოდინებოდა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდა მის სახელს…
არუსعروس არაბულად პატარძალია.  “არუს–აქ” – პატარა პატარძალი ანუ თოჯინა.  ეს “აქ” კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია სპარსულში: “მიხ” (ლურსმანი) – “მიხ–აქ” (პატარა ლურსმანი ანუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ყვავილი მიხაკი). რაღა შორს წავიდეთ, ეს ბოლოსართი ქართულ სიტყვებსაც ერთვის: წიგნი – წიგნაკი, აგარა – აგარაკი, მილი – მილაკი….
ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა აღარც ის ჩვენი უბანი არსებობს (ახლა იქ სამების ტაძარია) და აღარც ის აშარი ქალი თავისი დაგრეხილი კიბით, ახლაღა გავიგე, რომ, სახელიდან გამომდინარე, “არუსიაკ–ბაბო” ჩვენი უბნის “თოჯინა” ყოფილა…. გაგიგია?!
* * * ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ “არუს”–ს (პატარძალს) რუსეთში რაღა ესაქმება?! ვითომ გვარი Аросьева ამ სიტყვიდან მოდის? 
გეხსომებათ ეს მსახიობი – ოლგა აროსევა (იხილეთ ფოტო) – იგივე პანი მონიკა იუმორისტული გადაცემიდან “13 სკამი”…. (ბოდიშს ვითხოვ, რუსული თემატიკის შემოტანისთვის, ჩემი ბრალი არ არის, რომ იმ ეპოქაში დავიბადე…. ამ ეპოქაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, არც არუსიაკა მეცოდინებოდა, არც აროსევა და არც სპარსელი პატარძლები…. თუმცა ვინ იცის?! – ირანი ძალიან აქტიურად ბრუნდება კავკასიაში, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და მე მასთან უმძრახად გახლავართ…. ირანთან კი არა, – პოლიტიკასთან).

воскресенье, 10 марта 2013 г.

თბილისელი შურიკა

  • თბილისელ დრამატურგს გაბრიელ სუნდუკიანს აქვს პიესა - "ხათაბალა"; შესაძლოა, მან თავადაც არ იცოდა, რომ ეს ორი სიტყვისგან შედგენილი კომპოზიტია "ხათ"+"ბალა" (ორივეს ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს – უბედურება – ოღონდ ერთი არაბულია და მეორე სპარსული); გუშინ ვნახე ამ პიესის მიხედვით გადაღებული ფილმი (1971 წ), რომელიც მთლიანად თბილისშია გადაღებული, ამ ფილმს თურმე ტელევიზიით არ აჩვენებდნენ რატომღაც და ამიტომაც არ მქონდა თავის დროზე ნანახი; მერე youtube-ზე მის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმიც ვნახე ამ ფილმში თამაშობენ სომხური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები (სოს სარქისიანი, ფრუნზე მკრტიჩიანი), ასევე ჩვენი შესანიშნავი არტისტები: მარინე თბილელი, იპოლიტე ხვიჩია, ბუბა კიკაბიძე, ეკატერინე ვერულეიშვილი და სხვები... ძალიან ბევრი რამ გავიგე და გავიხსენე  თბილისის შესახებ, როგორც ფილმიდან ასევე მის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალიდან (მაგალითად, სიმართლე 1971 წლის ქოლერის მძვინვარების შესახებ, რასაც მაშინ საგულდაგულოდ მალავდნენ კომუნისტები და მეც ბევრი არაფერი ვიცოდი თურმე).
  • ამ "შენიშვნის" დაწერა კი ფილმის (პიესის) ერთმა ეპიზოდმა მომასურვა:
  • თბილისელი ქალები ლოტოს თამაშობენ და თან ჭორაობენ (ოოოოოო, ეს საქმე ნამდვილად დიდებულად ეხერხებათ მათ!.... ლოტო კია არა, ჭორაობა), ჰოდა, ჭორაობენ ვიღაც შუშანას შესახებ, რომელიც თურმე მეტისმეტად არის გატაცებული ევროპით და რადგან ძნელად ესმით მისი სახელი ევროპელებს, სთხოვა ყველას, რომ "შუშანა" კი არა, "შურიკა" დამიძახეთო... დააკვირდით, 1866 წელს, როცა დაწერა ეს პიესა  სუნდუკიანმა, თბილისის ბინადრებს თურმე იგივე "პრობლემა" აწუხებდათ ევროპასა და საკუთარ სახელთან მიმართებაში... თუმცა გააჩნია – ვისთვის ეს პრობლემაა და ვისთვის კიდევ სიბრიყვე. 

აზიზ–ჯანის სმაილიკები

  • დღეს პარიკმახერთან დავჯექი თუ არა, მობილურზე დაურეკეს – ხარაშო აზიზ–ჯანო უთხრა ორ–სამჯერ, გათიშა მობილური და მე შემომჩივლა – "ამ ოდნოებმა ბანკროტი გამაკეთეს, რა.... ცოლი ყოველდღე მეუნება – ხუთი ლარი ჩარიცხე, სმაილიკები უნდა ვიყიდოო, ვაჰ...."  ვუსმენდი მის მონოლოგს, თავს ვუქნევდი და ჩემთვის ვფიქრობდი – რა გარანტია აქვს ახლა ამ კაცს, რომ მე ვიცი, რა არის "ოდნოები"?! – და დასკვნაც მაშინვე გამოიკვანძა – ესე იგი ეს სოციალური ქსელები ისეთივე მასობრივ მოვლენადაა უკვე მიჩნეული, როგორც ბევრი სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხი....
  • პარიკმახერმა მონოლოგიც და გაკრეჭაც ერთად დაამთავრა, გამომართვა ხუთი ლარი და მე კიდევ ერთხელ შევწირე მადლობა ღმერთს, რომ თმა ისევ იმ რაოდენობით მეზრდება, როგორც მთელ განვლილ ცხოვრებაში იყო!.... რომ არა ჩემი თმა, ვინ გადაუხდიდა "აზიზ–ჯანს" სმაილიკების ფულს?! 
  • და ბოლოს, ტრადიციული "იცით თუ არა რომ" – დიახ, "აზიზ" عزیز სპარსული სიტყვაა და "ძვირფასს, სათნოს, სათუთს" ნიშნავს.